არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

პოლიცია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიების სერიისთვის „რატომ გვჭირდება პოლიცია?“ (8 ივლისი, 2002). მამაჩემი სამი წლის წინათ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს ტრაგიკული ამბავი ადგილობრივმა პოლიციელებმა გვაცნობეს, მოგვისამძიმრეს და დახმარება შემოგვთავაზეს. ერთ-ერთმა აქვითინებულ დედას ხელიც კი მოხვია და ამშვიდებდა. დარწმუნებული ვარ, პოლიციელებისთვის ძალიან რთულია ასეთი მძიმე მისიის შესრულება, მაგრამ მათ გარეშე ნეტავ რა გვეშველებოდა?

დ. ე. (შეერთებული შტატები).

პოლიციასთან დაკავშირებული სტატიების სერიის კითხვისას ასეთი კითხვა გამიჩნდა: მისაღებია თუ არა, რომ იეჰოვას მოწმემ ასეთი პროფესია აირჩიოს? მე ვფიქრობ, თუ ჩხუბი ატყდება, ალბათ, მოგიწევს იარაღის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვინმე მოკლა კიდეც.

ჯ. ს. (ავსტრალია).

„გამოიღვიძეთ“-ის პასუხი: ამ სტატიებით, უბრალოდ, გაცნობეთ ის ზოგი სასარგებლო საქმე, რომელსაც პოლიციელები წესრიგის დაცვითა და სხვადასხვა აუცილებელი მომსახურებით ეწევიან. იეჰოვას მოწმეების უმეტესობა ერიდება ისეთ სამსახურს, სადაც იარაღის ტარება მოითხოვება, რადგან მათ არ უნდათ, რომ ვინმეს მოკვლით სისხლისღვრაში დაედოთ ბრალი (გამოსვლა 20:13; მათე 26:51, 52). მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ადამიანი ისეთ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს, სადაც იარაღის ტარება არ მოითხოვება. ამასთან, ზოგ ქვეყანაში პოლიციელების უმეტესობა იარაღს არ ატარებს.

ახლახან წავიკითხე სტატიები იმაზე, თუ რატომ გვჭირდება პოლიცია. სტატიები საკმაოდ კარგად იყო დაწერილი და დადებითად მოიხსენიებდა იმ რთულ სამუშაოს, რომელსაც პოლიციელები ამ ქაოსურ მსოფლიოში წესრიგის დასაცავად ეწევიან. მე და ჩემი მეუღლე 70-იან წლებში მიმოსვლით მსახურებაში ვიყავით და როდესაც ქალაქის ძველ, ცენტრალურ უბანში მდებარე კრებაში ვმსახურობდით, ძველი სამეფო დარბაზის სარდაფში ვცხოვრობდით. ცხელოდა, ამიტომ ფანჯარას ოდნავ ვაღებდით ხოლმე. ღამის ორ საათზე ცოლმა გამაღვიძა, რადგან ფანჯარასთან ორი მამაკაცის ხმა შემოესმა. მათ საუბარს მოვუსმინე. ერთი ამბობდა, რომ ფანჯარა ყოველთვის დაკეტილი იყო. მეორემ კი უპასუხა, რომ შიგნით ალბათ ვიღაც იყო, რადგან ავტოსადგომში მანქანა ეყენა. ისინი პოლიციელები იყვნენ და, როგორც ჩანს, რეგულარულად ამოწმებდნენ სამეფო დარბაზის უსაფრთხოებას. ამის შემდეგ უფრო მშვიდად გვეძინა.

პ. ს. (შეერთებული შტატები).

სტატიები პოლიციის შესახებ ნამდვილად დროული იყო, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. იმედია, უდიდეს მადლიერებას ვავლენთ პოლიციის, სახანძრო სამსახურისა და სხვების მიმართ, რომლებსაც ევალებათ მოქალაქეებისა და კერძო საკუთრების დაცვა არა მარტო ტერორიზმისგან, არამედ ნებისმიერი სახის დამნაშავეობისგან.

ჰ. ბ. (შეერთებული შტატები).

თანამობინადრე. ასეთი შინაარსის სტატიას დიდი ხანია ველოდებოდი. როდესაც წავიკითხე სტატია „ვისთან ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ?“ (8 ივნისი, 2002), რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“, გამიკვირდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად არ მიაჩნიათ, თანამობინადრის საუკეთესო მეგობარი გახდნენ ან ყველგან მასთან ერთად წავიდნენ. თურმე ეს ნორმალური ყოფილა. ამავე დროს, თანამობინადრე დიდ დახმარებას გიწევს საოჯახო საქმეებსა და საფინანსო საკითხებში. გმადლობთ, რომ დამეხმარეთ გაწონასწორებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში.

შ. მ. (იაპონია).

ორ კვირაში დრეზდენში თანაქრისტიანთან ერთ ჭერქვეშ დავიწყებ ცხოვრებას. უნდა გითხრათ, რომ თანამობინადრესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შესახებ კარგი რჩევები იყო მოცემული 2002 წლის 8 მაისის, 8 ივნისისა და 8 ივლისის გამოცემებში. მათში ბევრი წვრილმანი იყო გაშუქებული. ეს სტატიები ჩემთვის ნამდვილად დროული იყო. კვლავაც განაგრძეთ ასეთი შესანიშნავი სტატიების ბეჭდვა!

რ. პ. (გერმანია).