რამდენი გრძნობა გვაქვს სინამდვილეში?
რამდენი გრძნობა გვაქვს სინამდვილეში?
„იმდენად ადვილად და ეფექტურად შევდივართ კონტაქტში გარე სამყაროსთან, რომ ერთ რამეს ვერც კი ვაანალიზებთ — უმარტივეს სენსორულ აღქმასაც კი აურაცხელი ოპერაცია უდევს საფუძვლად“ („სენსორული ეგზოტიკა — სამყარო ადამიანის აღქმის მიღმა“).
წარმოიდგინეთ, რომ სოფლის წყნარ შარაგზას ველოსიპედით მიუყვებით. ამ დროს, ფეხებში განლაგებული რეცეპტორები ზუსტად იმ ძალით გაჭერინებთ ფეხს პედალზე, რაც სიჩქარის შესანარჩუნებლად არის საჭირო; წონასწორობის აპარატი ვერტიკალურ მდგომარეობას გინარჩუნებთ; თქვენი ნესტოები სურნელებას შეიგრძნობს; თვალები წინ გადაშლილ ხედს აფიქსირებს; ყურებს კი ჩიტების ჭიკჭიკი ჩაესმის. მოგწყურდათ და თქვენს თითებში არსებული შეხების რეცეპტორების მეშვეობით ბოთლს ავლებთ ხელს. გემოვნების დვრილები და სიცხესიცივის შემგრძნობი რეცეპტორები სითხის გემოსა და ტემპერატურას გატყობინებთ. თქვენს კანსა და სხეულის თმიან საფარველთან დაკავშირებული რეცეპტორები გამცნობთ, რამდენად ძლიერია პირქარი და თვალებთან ერთად იმასაც გატყობინებთ, თუ რა სისწრაფით მოძრაობთ. კანი ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებაც გაწვდით ინფორმაციას, ხოლო დროის შეგრძნების წყალობით იგებთ, დაახლოებით რამდენი ხანი ხართ გზაში. ბოლოს, შინაგანი შეგრძნებები გაიძულებთ, რომ დაისვენოთ და წაიხემსოთ. დიახ, სიცოცხლე მართლაც რომ შეგრძნებების დიდებული სიმფონიაა!
მხოლოდ ხუთი გრძნობა?
რამდენი გრძნობა იყო ამოქმედებული ველოსიპედით გასეირნებისას? მხოლოდ ტრადიციული ხუთი — მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება? როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკაშია“ ნათქვამი, ეს ხუთი გრძნობა ჩამოუთვლია ძველ ფილოსოფოსს, არისტოტელეს, რომლის „გავლენაც იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ხალხი ჯერაც ხუთ გრძნობაზე ლაპარაკობს, თითქოს ადამიანს მეტი არ ჰქონდეს“.
მაგრამ, როგორც ზემოხსენებულ ენციკლოპედიაშია ნათქვამი, ჯერ მარტო კანის მგრძნობელობის გამოკვლევაც საკმარისია „იმის აღმოსაჩენად, რომ ადამიანს ხუთზე მეტი შეგრძნება აქვს“. ეს როგორ? გარკვეული ფუნქციები, რომლებსაც ერთ დროს შეხების შეგრძნებას უკავშირებდნენ, ამჯერად უკვე ცალკეულ, დამოუკიდებელ შეგრძნებებად ითვლება. მაგალითად, ტკივილის რეცეპტორები რეაგირებს მექანიკურ, თერმულ და ქიმიურ გამაღიზიანებლებზე და თითოეულს ერთმანეთისგან განასხვავებს. სხვა რეცეპტორები ღიზიანდება ქავილზე. როგორც ფაქტები ამტკიცებს, ჩვენ გვაქვს, სულ მცირე, ორი სახის რეცეპტორები, რომლებიც რეაგირებს
სხვადასხვა ძალის ზეწოლაზე — ერთი რეაგირებს სუსტ ზეწოლაზე, მეორე კი — ძლიერზე. ჩვენს ორგანიზმს უამრავი შინაგანი შეგრძნებაც აქვს. რა როლს ასრულებენ ისინი?შინაგანი შეგრძნებები
შინაგანი ანუ ორგანული შეგრძნებები ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ისინი გვატყობინებენ, რომ გვშია, გვწყურია, დავიღალეთ ან შინაგანი ტკივილი გვაწუხებს. ისინი სუნთქვისა თუ სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობასაც გვკარნახობენ. ბიოლოგიურ საათთან ერთად, შინაგანი შეგრძნების რეცეპტორები დღის ბოლოს თავს დაღლილად გვაგრძნობინებს, ხოლო თუ თვითმფრინავით რამდენიმე სასაათო ზოლზე გადავფრინდით, ორგანიზმის დღეღამური რიტმის დარღვევას გვაუწყებს. და რადგან ჩვენ, ადამიანები, დროის სვლას გაცნობიერებულად შევიგრძნობთ, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეგრძნებათა სიისთვის დროში ორიენტირების უნარიც დაემატებინათ.
ჩვენ აგრეთვე გვაქვს ვესტიბულური, ანუ წონასწორობის შეგრძნება. ვესტიბულური აპარატი მდებარეობს ჩვენს შიგნითა ყურში. ის რეაგირებს მიზიდულობის ძალაზე, აჩქარებასა და ბრუნვაზე. დასასრულ, ჩვენ გვაქვს კინესთეზური შეგრძნება, რომლის წყალობითაც კუნთის შეკუმშვა-მოდუნებას შევიგრძნობთ და, თუნდაც თვალები დახუჭული გვქონდეს, სხეულის კიდურების მოძრაობასა და მდებარეობას აღვიქვამთ.
რასაკვირველია, სენსორული აღქმით მხოლოდ ადამიანი არ გამოირჩევა. ცხოველებიც არიან დაჯილდოებული უამრავი შეგრძნებით, მათ შორის, პირდაპირ გამაოგნებლებითაც — ისეთებით, რომლებიც ჩვენ არა გვაქვს. მომდევნო სტატიაში შევჩერდებით ზოგ მათგანზე. ასევე, უფრო მეტს გავიგებთ საკუთარ თავსა და იმ განუმეორებელ თავისებურებებზე, რომელთა გამოც დედამიწის ცოცხალ არსებათა შორის ადამიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
[ჩარჩო⁄სურათები 4 გვერდზე]
შეხების საოცრება
შეხების შეგრძნება განსაკუთრებულად ვლინდება ადამიანის ხელში. როგორც ჟურნალ „სმითსონიენშია“ ნათქვამი, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენს ხელს სამ მიკრომეტრ სიმაღლეზე ამობურცული წერტილის აღქმაც კი შეუძლია (ადამიანის თმის ღერის დიამეტრი 50-დან 100 მიკრომეტრამდეა). მაგრამ, „როდესაც მკვლევარებმა წერტილოვანი ამობურცულობის ნაცვლად ქსოვილის ნაჭერზე ჩაატარეს ცდა, დაადგინეს, რომ ხელს სულ რაღაც 75 ნანომეტრის სიმაღლის არაგლუვი ზედაპირის დაფიქსირება შეუძლია“ — ნანომეტრი კი მიკრომეტრის მეათასედი ნაწილია! ასეთი საოცარი მგრძნობელობა ყოველი თითის წვერში თავმოყრილი თითქმის 2 000 შეხების რეცეპტორის დამსახურებაა.
ამასთანავე, შეხების შეგრძნება უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. „როდესაც ადამიანს ეფერებიან, მის ორგანიზმში გამომუშავდება ტკივილშემამსუბუქებელი ჰორმონები, რომლებიც აგრეთვე ხელს უწყობს ნათლად აზროვნებას“, — ნათქვამია „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“. ზოგის აზრით, როდესაც ბავშვს არ ეფერებიან, „მისი ზრდა-განვითარება ფერხდება“.
[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]
Eye: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck; ear and inner ear: © 1997 Visual Language; hand: The Anatomy of Humane Bodies, with figures drawn after the life by some of the best masters in Europe. . . Oxford, 1698, William Cowper