რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
მიბაძვის დიდოსტატი
როგორც ამბობენ, შოშიები 40-ზე მეტი სხვადასხვა ჩიტის ჟღურტულს ჰბაძავენ. მაგრამ მათი ნიჭიერება ამით არ შემოიფარგლება. შემჩნეულია, რომ ჩვეულებრივ შოშიას ავტობუსის, სირენის, ჯაჭვური ხერხის, ავტომობილის სიგნალიზაციის, ცხვრის ბღავილისა და ცხენის ჭიხვინის გამოჯავრებაც შეუძლია. ამ ბოლო დროს კი თავიანთი რეპერტუარი ახალი შედევრით — მობილური ტელეფონის ზარით — გაამდიდრეს. ასე რომ, «როდესაც ქუჩაში მობილური ტელეფონის ზარის ხმას გაიგონებთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ეს „ტელეფონი“ ბუმბულით იქნება შემოსილი», — ვკითხულობთ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“. ჟურნალში შემდეგ ნათქვამია: „რადგან მობილური ტელეფონები სწრაფად მრავლდება, მოსალოდნელია, რომ შოშიებს არც კაჭკაჭები, მაინები და სხვა მიმბაძველი ფრინველები დაუდებენ ტოლს და ისინიც შეიტანენ სიახლეს თავიანთ შემოქმედებაში“.
მკვლელი სმოგი
„დიდ ქალაქებში ფილტვის კიბოთი, რომელსაც მიკროსკოპული ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი იწვევს, ყოველი მეხუთე ადამიანი კვდება. ეს ნაწილაკები, უმთავრესად, ავტომობილების გამონაბოლქვიდან ხვდება ატმოსფეროში“, — გვატყობინებს ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. ამერიკელი და კანადელი სპეციალისტები 16 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ნახევარ მილიონამდე ამერიკელს და თან მხედველობაში იღებდნენ ისეთ რისკ-ფაქტორებსაც, როგორიცაა ასაკი, სქესი, გენეტიკური ფაქტორი, სიგარეტის წევა, კვების რაციონი, ალკოჰოლის მოხმარება და მავნე ნივთიერებების ზემოქმედება სამსახურში. „ნიუ საიენტისტში“ ვკითხულობთ: „სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღებით ის ნაწილაკები შეისწავლეს, რომელთა დიამეტრიც 2,5 მიკრომეტრს არ აღემატებოდა“. რატომ? იმიტომ, რომ „როგორც ვარაუდობენ, სიკვდილის მიზეზი ხდება სწორედ ეს მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც ღრმად ჯდებიან ფილტვის ქსოვილებში“. გამოკვლევამ გამოააშკარავა, რომ სმოგით გაჟღენთილ ზოგიერთ ქალაქში ცხოვრება „თითქმის ისეთივე რისკთან არის დაკავშირებული, როგორი რისკის წინაშეც დგანან დიდი ხნის პასიური მწეველები“, — ასკვნის ჟურნალი.
დაბადების მოწმობა აუცილებელია
„ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტი ახალშობილი არ ტარდება რეგისტრაციაში, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შობილთა 40 პროცენტზე მეტს შეადგენს, — იტყობინება გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდი (იუნისეფი). — 39 ქვეყანაში ახალშობილთა, სულ მცირე, 30 პროცენტი არ იყო რეგისტრაციაში გატარებული, ხოლო სხვა 19 ქვეყანაში იგივე მაჩვენებელი, სულ მცირე, 60 პროცენტს შეადგენდა“. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ დაბადების მოწმობის გარეშე, იურიდიული თვალსაზრისით, ბავშვი არარსებულად ითვლება. ეს კი მას ხელს შეუშლის სოციალური მომსახურების ძირითადი სფეროებით სარგებლობაში. „დაბადების რეგისტრირება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რაც მას გზას უხსნის სხვა ისეთი უფლებებით სარგებლობისკენ, როგორიცაა განათლების მიღება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა . . . აგრეთვე დისკრიმინაციისგან, ცუდად მოპყრობისა და ექსპლუატაციისგან დაცვა“, — ნათქვამია იუნისეფის ანგარიშში. დაბადების მოწმობის უქონლობა მხოლოდ ბავშვებს როდი უქმნის პრობლემებს. „მოზრდილმა ადამიანმა, რომლის დაბადებაც რეგისტრაციაში არ არის გატარებული, შეიძლება . . . კანონიერად დაქორწინების უფლება ვერ მიიღოს“, — ვკითხულობთ იმავე ანგარიშში.
დედამიწის მარაგი იწურება
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ დედამიწის ბუნებრივი რესურსების მოხმარება ახლანდელი ტემპით გაგრძელდება, „მაშინ მზად უნდა ვიყოთ ეკოლოგიური კრახისთვის“, — იუწყება კანადაში გამომავალი გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“. გამოკვლევის შედეგებში, რომელიც პირველად ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ გაანგარიშების თანახმად, 1961 წლისთვის „ადამიანები დედამიწის მთელი ბიოლოგიური პოტენციალის 70 პროცენტს იყენებდნენ. 1999 წლისთვის ეს მაჩვენებელი 120 პროცენტს უტოლდებოდა, დღეს კი თითქმის 125-მდე ავიდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწას 15 თვე სჭირდება „იმ ბუნებრივი მარაგის აღსადგენად, რომელსაც კაცობრიობა ამჟამად მოიხმარს სხვადასხვა სახით“. მოხმარების ამ სფეროებში შედის მეთევზეობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სამთო მრეწველობა და ბუნებრივი სათბობის ყოველწლიური მოპოვება. „სიტუაციის ასე უცბად და ასე ძალიან გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი პლანეტის ბიოლოგიური მწარმოებლურობის შემცირებაა, რაც, თავის მხრივ, მოუსავლიანი მიწების ზრდითაა განპირობებული. უფრო უარესი კი ის არის, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნილებაც დედამიწის ბიოლოგიურ პროდუქტიულობაზე“, — ნათქვამია გაზეთში.