არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა ვიყენებდეთ არჩევნის თავისუფლებას?

როგორ უნდა ვიყენებდეთ არჩევნის თავისუფლებას?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ უნდა ვიყენებდეთ არჩევნის თავისუფლებას?

პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, ღმერთმა არჩევნის გაკეთების უნარი უბოძა. ადამს მან ედემის ბაღის მოვლა-პატრონობა დაავალა. მის მოვალეობაში ცხოველებისთვის სახელების შერჩევაც შედიოდა (დაბადება 2:15, 19). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადამსა და ევას შეეძლოთ, თავად გადაეწყვიტათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს (დაბადება 2:17, 18).

იმ დროიდან მოყოლებული, საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა მილიარდობით გადაწყვეტილება მიიღეს; მათგან ბევრი გონივრული იყო, ბევრიც — არაგონივრული, ზოგს კი ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. ადამიანების მიერ გაკეთებულმა ზოგმა არაგონივრულმა არჩევანმა დამღუპველი შედეგები მოიტანა. მიუხედავად ამისა, ღმერთს ჩვენთვის არასდროს შეუზღუდავს არჩევნის გაკეთების უფლება. როგორც მოსიყვარულე მამა, იგი ბიბლიის მეშვეობით გვეხმარება კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთანავე გვაფრთხილებს, თუ რას მოგვიტანს მცდარი არჩევანი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ რასაც დავთესავთ, იმასვე მოვიმკით (გალატელთა 6:7).

პირადული გადაწყვეტილებები

ზოგ საკითხთან დაკავშირებით ღმერთი პირდაპირ გვიმხელს თავის ნება-სურვილს და კონკრეტულ მითითებებს გვაძლევს. მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში ბიბლია კონკრეტულ წესებს არ გვიდგენს და არ ცდილობს ჩვენს პირად ცხოვრებაში ყველაფრის გაკონტროლებას. ნაცვლად ამისა, ის ზოგადი ხელმძღვანელობით უზრუნველგვყოფს და პირადი გემოვნებისა და სურვილებისთვისაც გვიტოვებს ადგილს. მაგალითისთვის, მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია გართობა-დასვენების შესახებ.

საღვთო წერილი იეჰოვას „ბედნიერ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმოთე 1:11, აქ). მასში, ისიც არის ნათქვამი, რომ არსებობს „ჟამი სიცილისა“ და „ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4). დავით მეფე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა და სხვებს აამებდა (1 მეფეთა 16:16—18, 23). ქორწილში დაპატიჟებულმა იესომ წყალი ღვინოდ გადააქცია, რითაც თავისი წვლილი შეიტანა საერთო მხიარულებაში (იოანე 2:1—10).

მეორე მხრივ, ბიბლია მართებულად გვაფრთხილებს: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება (იგავები 13:20). ღმერთს სძულს „უწმაწური ხუმრობა“ (აქ) და უზნეობა და თუ ვინმე მსგავს საქციელს არ განერიდება, ურთიერთობას გაიფუჭებს მასთან (ეფესელთა 5:3—5). თუ წვეულებების დროს ალკოჰოლის რაოდენობა შეზღუდული არ არის, შეიძლება, სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი (იგავები 23:29—35; ესაია 5:11, 12). იეჰოვა ღმერთს ძალადობაც სძულს (ფსალმუნები 10:5; იგავები 3:31).

ამ ბიბლიური მუხლების დახმარებით ჩვენც ისეთივე შეხედულება გვექმნება გართობა-დასვენებაზე, როგორიც ღმერთს აქვს. არჩევნის გაკეთებისას ქრისტიანები ბიბლიურ პრინციპებს უნდა იღებდნენ მხედველობაში. ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევნის შედეგები — კარგი იქნება ისინი თუ ცუდი — ცხადია, ყოველთვის წინ დაგვხვდება (გალატელთა 6:7—10).

ქრისტიანებმა ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ისეთ საკითხებთან დაკავშირებითაც, როგორიცაა ჩაცმულობა, ქორწინება, ბავშვების აღზრდა და საქმიანი ურთიერთობები. ამ საკითხებთან დაკავშირებული ზოგი ნიუანსი კონკრეტულად არ არის წმინდა წერილებში მოხსენიებული, მაგრამ მასში მოცემულია პრინციპები, რომელთა დახმარებითაც ღვთისმოშიშ ადამიანებს სინდისიერი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ (რომაელთა 2:14, 15). ქრისტიანს ნებისმიერი პირადული გადაწყვეტილების მიღებისას გამოადგება შემდეგი პრინციპი: „ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31).

კარგი იქნება, თუ არჩევნის გაკეთებისას და გადაწყვეტილების მიღებისას სხვა პრინციპიც გვემახსოვრება: ‘აკეთეთ თქვენი საქმე’ (1 თესალონიკელთა 4:11). ქრისტიანები ხშირად დგანან რამდენიმე არჩევნის წინაშე, რომლებიც ღვთის ნება-სურვილს არ ეწინააღმდეგება. ამ დროს, ერთი პიროვნება შეიძლება ერთ რამეს ანიჭებდეს უპირატესობას, მეორე კი — მეორეს. ღმერთს არ მოეწონებოდა, მის მსახურებს ამის გამო ერთმანეთის განსჯა რომ დაეწყოთ (იაკობი 4:11, 12). ბიბლია გონივრულ რჩევას გვაძლევს: „არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც . . . სხვის საქმეში ჩამრევს“ (1 პეტრე 4:15).

ღვთისადმი მსახურება — პირადი გადაწყვეტილება

თუმცა ბიბლია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ღვთისადმი მორჩილების სასიკეთო შედეგებზე, ღმერთი არავის აიძულებს, მისი თაყვანისმცემელი გახდეს. იგი გულთბილად სთავაზობს თავის შექმნილ ადამიანებს, რომ თაყვანი სცენ მას. მაგალითად, ბიბლიაში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი: „მოდით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე!“ (ფსალმუნები 94:6).

ძველ ისრაელ ერსაც ამგვარად შესთავაზა ღმერთმა მორჩილება. 3 500-ზე მეტი წლის წინათ, სინაის მთასთან თავმოყრილ მილიონობით ისრაელს მან მოსეს რჯულით წარმოდგენილი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სისტემა გააცნო. მათ კი, თავის მხრივ, არჩევანი უნდა გაეკეთებინათ: აირჩევდნენ თუ არა ღვთისადმი მსახურებას? რა იყო მათი პასუხი? ხალხმა ერთსულოვნად თქვა: „ყოველივეს, რაც უფალმა თქვა, გავაკეთებთ და ვიქნებით მორჩილნი“ (გამოსვლა 24:7). მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის.

პირველ საუკუნეში იესომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო (მათე 4:17; 24:14). იგი არასდროს არავის ატანდა ძალას, რომ ამ საქმიანობაში შეერთებოდა; უბრალოდ, გულთბილად იწვევდა ადამიანებს და ეუბნებოდა: „გამომყევი“ (მარკოზი 2:14; 10:21). მის მოწვევას ბევრი გამოეხმაურა და მასთან ერთად დაიწყეს ქადაგება (ლუკა 10:1—9). გარკვეული დროის შემდეგ ზოგმა იესოს მიტოვება არჩია. იუდამ კი მისი გაცემა გადაწყვიტა (იოანე 6:66; საქმეები 1:25). მოგვიანებით, მოციქულების ხელმძღვანელობით კიდევ უფრო ბევრი გახდა ქრისტიანი მოწაფე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მახვილით ემუქრებოდნენ — ეს ნაბიჯი მათი ნების თავისუფლების გამოხატულება იყო. ისინი „განწყობილი“ (აქ) იყვნენ საამისოდ და ამიტომაც „ირწმუნეს“ (საქმეები 13:48; 17:34). ჭეშმარიტი ქრისტიანები დღესაც სიხარულით ემორჩილებიან ღვთის სიტყვას და იესოს მოძღვრების თანახმად ცხოვრობენ.

ნათელია, ღმერთს სურს, რომ არჩევნის გაკეთების უნარს ვიყენებდეთ. იგი ბიბლიის მეშვეობით გვხელმძღვანელობს და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება (ფსალმუნები 24:12). ვიდრე პირადულ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ქრისტიანი ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს ღვთის მიერ მოცემულ პრინციპებზე. მხოლოდ ასე შევძლებთ ღვთისთვის „გონივრულ მსახურებას“ (რომაელთა 12:1, აფ).