არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარულის გამოვლენა განსაცდელის ჟამს

სიყვარულის გამოვლენა განსაცდელის ჟამს

სიყვარულის გამოვლენა განსაცდელის ჟამს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ნიგერიიდან

ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში 2002 წლის 27 იანვარს „შავი კვირადღე“ უწოდეს. იარაღის მიწისქვეშა საწყობში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ საღამოს ცა გაანათა და მთელ ქალაქს თავზარი დასცა. რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქს აფეთქებული საარტილერიო ჭურვები და იარაღის ნამსხვრევები სამი კილომეტრის რადიუსში აწვიმდა; ხალხი პანიკამ მოიცვა.

საშინელი ხმები დაირხა, რაც უფრო და უფრო აღვივებდა შიშს. თავზარდაცემული ხალხი სახლებიდან ქუჩებში გამოცვივდა; მათ არც ის იცოდნენ, რას გაურბოდნენ და არც ის, სად გაქცეულიყვნენ. სიბნელეში ასობით ადამიანი, მათ შორის პანიკით მოცული მრავალი ბავშვი, არხში გამავალ მღვრიე წყალში შევარდა და დაიხრჩო. საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების დანგრევისა თუ სერიოზული დაზიანების გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ და უმუშევრად დარჩა. როგორც ვარაუდობდნენ, ამ ტრაგედიის დროს 1 000 ადამიანი დაიღუპა. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალი იყო.

მოგვიანებით, იმ საცხოვრებელი რაიონებიდან, რომლებიც აფეთქებების ეპიცენტრის — სამხედრო ობიექტების გარშემო მდებარეობდა, ამოიღეს 1 350-მდე ბომბი, რეაქტიული ჭურვი და ხელყუმბარა, რომლებიც არ აფეთქებულა. ერთმა მამაკაცმა თავის ოთახში აღმოაჩინა ლითონის გაურკვეველი საგანი, მოჰკიდა ხელი ისე, რომ არც კი იცოდა, თუ ყუმბარასთან ჰქონდა საქმე, ჩადო ის თავისი მანქანის საბარგულში და უფლებამოსილ პირებს ჩააბარა.

როდესაც ნიგერიაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში ლაგოსში მომხდარი აფეთქებების შესახებ შეიტყვეს, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ერთ-ერთ უხუცესს ლაგოსში და, გარდა ამისა, იქ მცხოვრები 36 000 მოწმის მდგომარეობის გასარკვევად 16 მიმომსვლელი ზედამხედველი გაგზავნეს. ფილიალმა ერთი მილიონი ნაირა (დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი) გამოყო დაზარალებულთა დასახმარებლად; ამასთანავე, მოწმეებს გაუგზავნეს მითითებები, თუ როგორ შეექმნათ დახმარების კომიტეტი, რომელიც ამ საქმეს გაუძღვებოდა.

მოწმეთაგან ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა საარტილერიო ჭურვით; სამწუხაროდ, ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ორი სამეფო დარბაზი და 45 საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

საბრძოლო მასალების აფეთქებიდან სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, 2002 წლის 2 თებერვალს, ქალაქის სხვა ნაწილში ეთნიკურმა შუღლმა იფეთქა. როგორც წითელი ჯვრის ორგანიზაცია იტყობინებოდა, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი, დაშავდა 430, ხოლო 3 000 იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა; ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე გახელებულმა მოქიშპეებმა 50 სახლი დაწვეს. დახმარების კომიტეტი, რომელიც „შავი კვირადღის“ მსხვერპლთა საჭიროებებზე ზრუნავდა, სასწრაფოდ დაუკავშირდა იმ რეგიონში მცხოვრებ ქრისტიან ძმებს.

ამ შეტაკებების დროს არც ერთი მოწმე არ დაღუპულა, რადგან მათი უმრავლესობა ამ მოვლენების დაწყების დროს შორს იყო და სარაიონო კონგრესს ესწრებოდა. მაგრამ, ხუთი კრების ბევრ წევრს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სახლების დაკარგვის გამო უკან დასაბრუნებელი გზა მოეჭრათ. ქრისტიანმა ძმებმა ისინი სიხარულით შეიფარეს. ერთმა ექიმმა ძმამ და მისმა მეუღლემ 27 გამოქცეული ადამიანი მიიღეს.

ლაგოსელი მოწმეები, რომლებიც აფეთქებებსა და ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებულ შეტაკებებს გადაურჩნენ, დაზარალებულთათვის უხვად სწირავდნენ საკვებს, ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ერთი ძმა, რომელიც საქალაქო ზედამხედველად მსახურობს, იტყობინებოდა: „ლაგოსელმა ძმებმა საჭიროზე ბევრად მეტი შემოგვწირეს“. ფილიალმა საჭიროდ ჩათვალა კრებებისთვის წერილის მიწერა თხოვნით, რომ თავი შეეკავებინათ შემდგომი შემოწირულობებისგან. მორჩენილი ნივთებით სამი სატვირთო მანქანა გაავსეს და შესანახად ფილიალის საწყობში გაგზავნეს.

კრების უხუცესებმა ბევრ დაზარალებულს მიაკითხეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც მოინახულეს, რათა ყველანი ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ. დახმარების კომიტეტმა ორგანიზება გაუწია დაზიანებული სახლების შეკეთებას. მათ საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს ორივე უბედურებისგან დაზარალებულები, სახლებიდან იძულებით გამოქცეულებს კი საიმედო თავშესაფარი მოუნახეს. მთლიანობაში, ეს კომიტეტი 90 ოჯახსა და ცალკეულ პირს დაეხმარა.

ასეთმა უანგარო დახმარებამ ბევრი დაზარალებული გულის სიღრმემდე შეძრა. ერთმა მოწმემ ასე მიმართა დახმარების კომიტეტს: «სანამ ცოცხალი ვარ, იეჰოვა იქნება ჩემი „მფარველი და ძალა“!» (ფსალმუნები 45:2, 3).

გარეშეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ ზრუნავდნენ იეჰოვას მოწმეები ერთმანეთზე ამ კრიზისულ დროს. ერთ-ერთი დაღუპული მოწმის ბიძამ იმ კრების უხუცესებს, სადაც მისი დისშვილი მსახურობდა, უთხრა: „მე კიდევ მოვალ თქვენთან, რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და უფრო მეტი გავიგო თქვენ შესახებ“; თავისი ოჯახის წევრებს კი უთხრა: „იმან, რაც ჩემმა თვალებმა ლაგოსში ნახა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნათესავებსაც კი არ გაუკეთებიათ იმდენი, რაც ამ ხალხმა გააკეთა“.

[სურათი 28 გვერდზე]

დაზარალებულთა დასახმარებლად გაგზავნილი ნივთებით სავსე სატვირთო მანქანა.

[სურათი 28 გვერდზე]

ზოგი დაზარალებული, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს.

[სურათი 29 გვერდზე]

ამ წყვილმა უსახლკაროდ დარჩენილი 27 ადამიანი შეიფარა.

[სურათი 29 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები დაზიანებული სახლის შეკეთებაზე მუშაობენ.

[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]

Top: Sam Olusegun - The Guardian