უჩვეულო წარსულის მქონე ოქროს ნაყოფი
უჩვეულო წარსულის მქონე ოქროს ნაყოფი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფიჯიდან
დგას 1789 წელი. 7 მეტრის სიგრძის ნავი, რომელშიც რამდენიმე კაცი იმყოფება, არც კი ჩანს ვრცელ ოკეანეში. მგზავრები შიმშილისგან დასუსტებული და ქანცგაწყვეტილი არიან, რადგან რამდენიმე დღე ნავიდან წყალს ხაპავდნენ და აზვირთებულ ტალღებსა და ძლიერ ქარს უმკლავდებოდნენ. წინ, ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ 5 000-კილომეტრიანი უცნობი გზა, რომელზეც ნაოსნობისთვის სახიფათო მარჯნის რიფებია ჩამალული. საკვებიც თითქმის შემოელიათ; თითოეული 30 გრამი პურითა და ცოტაოდენი წყლით უნდა დაკმაყოფილდეს. მათი გადარჩენის შანსი თითქმის, არ არსებობს.
როგორ აღმოჩნდნენ ისინი ნავში? გემზე, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, ამბოხება მოხდა, რაც დაახლოებით კვირაზე ცოტა მეტ ხანს გრძელდებოდა. აჯანყებულებმა დამარცხებულები მაშველ ნავში გადმოსხეს, რის შემდეგაც მალევე ერთ-ერთი მათგანი აბორიგენებმა მოკლეს. ამის გარდა, მათ საშინელი შტორმის გადატანაც მოუწიათ და ძლივს გაექცნენ კანოეებით დადევნებულ
მაშინდელ კანიბალის კუნძულებზე მცხოვრებ აბორიგენებს.რამ წამოიყვანა ეს მამაკაცები ინგლისიდან ასე შორს, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ამ შორეული და სახიფათო მიწებისკენ? მათ ხომ იქ მშვენიერი წალკოტები დატოვეს? მიზეზი ასე ნანატრი პურის ხე იყო. ნება გვიბოძეთ, გიამბოთ, როგორ ითამაშა მთავარი როლი ამ მშვენიერმა ხემ და მისმა ნაყოფმა როგორც ამ ისტორიაში, ასევე ზოგიერთ ადრეულ საგმირო საზღვაო ექსპედიციაში.
შესაძლოა მიხვდით კიდეც, ვინ არიან ზემოხსენებულ ნავში მჯდომი მამაკაცები, რომლებიც გემ „ბაუნტიზე“ მომხდარ სამარცხვინო ამბოხებას გადაურჩნენ. 215 ტონიანი ბრიტანეთის სამხედრო გემი, „ბაუნტი“, კაპიტან უილიამ ბლაის ხელმძღვანელობით ინგლისიდან ტაიტისკენ მიცურავდა. ტაიტიდან კაპიტან ბლაის საკმაოდ უჩვეულო „მგზავრები“ — დაახლოებით 1 000 პურის ხის ნერგი — უნდა „წამოეყვანა“. როდესაც ქოთნებში ჩარგულ ამ ნერგებს კარიბის კუნძულებზე — ბრიტანეთის კოლონიაში — ახალ სამშობლოს მიუჩენდნენ, მათ მიერ გამოღებულ ნოყიერ „ოქროს ნაყოფს“ მთლიანად შეეძლო ექსპედიციის ხარჯების დაფარვა.
ბრიტანეთის მთავრობას, რომელიც იმ დროს შაქრის ლერწმის პლანტაციებში მომუშავე მონებისთვის ახალ საკვებს ეძებდა, ჯოზეფ *. ორივემ — ბენკსმაც და კუკმაც — წინასწარ განჭვრიტა პურის ხის უდიდესი პოტენციალი.
ბენკსმა პურის ხეების შემოტანის იდეა შესთავაზა. ამ წინადადებას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ჯოზეფ ბენკსმა, რომელიც ლონდონთან ახლოს არსებულ სამეფო ბოტანიკურ ბაღში, „კიუ-გარდენში“, კონსულტანტად მუშაობდა, ადრე კაპიტან ჯეიმზ კუკთან ერთად წყნარი ოკეანის რეგიონში კვლევით ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობამართალია, ბენკსი ექსპედიციაში თან არ ახლდა ბლაის, მაგრამ გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოევლოთ გემზე მცენარეებისთვის ამ შორეული მოგზაურობის დროს, სწორედ მან შეიმუშავა. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ იმისათვის, რომ ნერგებისთვის სასმელად ვარგისი წყალი დაესხათ. ზოგი მწერალი ვარაუდობს, რომ მცენარეების გულუხვმა დარწყულებამ ისედაც უკმაყოფილო ეკიპაჟი კიდევ უფრო გაახელა და ამბოხებისკენ უბიძგა. 1789 წლის 28 აპრილს, ალიონზე, ტონგის სანაპიროსთან ახლოს, კაპიტანი ბლაი და მისი 18 ერთგული თანამგზავრი დაშნების მუქარით ღია ზღვაში გადმოსვეს. მათი უჩვეულო „მგზავრები“ — პურის ხის ნერგები — კი აჯანყებულებმა, როგორც ჩანს, სიხარულით მოისროლეს წყალში და სამუდამოდ დაასამარეს ზღვაში.
მაგრამ ბლაი ის კაცი არ იყო, რომელიც ფარ-ხმალს ასე ადვილად დაყრიდა. მან ახალი მოგზაურობა წამოიწყო, რომელსაც „უგემბანო ხომალდით ნაოსნობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოგზაურობა“ ეწოდა. ამ პატარა ხომალდით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მან დაახლოებით 5 800 კილომეტრი გაცურა, რასაც შვიდი მძიმე კვირა მოანდომა: ჩაუარა ახლანდელ ფიჯის კუნძულებს, შემდეგ ახალი ჰოლანდიის (ასე უწოდებდნენ წინათ ავსტრალიას) აღმოსავლეთ სანაპიროს და ბოლოს კუნძულ ტიმორზე სამშვიდობოს გავიდა.
როდესაც კაპიტანი ბლაი ინგლისში დაბრუნდა, ბრძანება მიიღო, კიდევ ორი გემი მოემზადებინა და პურის
ხეების წამოსაღებად ხელახლა გაბრუნებულიყო ტაიტიზე. ეს მოხდა 1792 წელს. ამჯერად მან წარმატებით ჩამოიტანა ქოთანში ჩარგული 700 ნერგი და ვესტინდოეთში, სენტ-ვინსენტის კუნძულსა და იამაიკაზე, გაავრცელა. დღეს ამ კუნძულებზე შესანიშნავად ხარობს პურის ხე და მისი ხასხასა მწვანე, ფოთლოვანი ტოტები უხვად იძლევა ოქროს ნაყოფს.თუმცა ბლაის ეს მოგზაურობა თავგადასავლებითა და აღმოჩენებით იყო სავსე, ის მხოლოდ ბოლო ფურცელია პურის ხის ისტორიაში. პურის ხეს რომ ლაპარაკი შეძლებოდა, ვინ იცის, რას არ მოგვითხრობდა ათასობით წლის წინათ მომხდარ მოვლენებზე, როდესაც უძველეს მეზღვაურებს თან დაჰყვებოდა დიდებულ საზღვაო ექსპედიციებში!
პურის ხის ადრეული მოგზაურობები
არქეოლოგები ფიქრობენ, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე მასობრივი მიგრაცია მოხდა, რომელთაგან უკანასკნელი დაახლოებით ძვ. წ. 1500 წლიდან დაიწყო *. იმ დიდი დროიდან ლაპიტელებმა, ორკორპუსიანი კანოეებით აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან ინდონეზიაში, ახალ გვინეაში, ახალ კალედონიაში, ვანუატუსა და ფიჯის კუნძულებზე დაიწყეს გადასახლება და წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილსაც კი გასცდნენ. ეს მოგზაურობები ნამდვილად საოცარ საზღვაო მიღწევებთან იყო დაკავშირებული, რადგან კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა ზოგჯერ ასობით კილომეტრის გადაცურვას მოითხოვდა უკიდეგანო ოკეანეში.
ლაპიტელების მიერ გაკეთებული „ოკეანემკვეთი“ ორკორპუსიანი კანოეების მეშვეობით დიდი რაოდენობით ხალხის, ასევე შინაური ცხოველების, საკვების, მცენარეული თესლების, კალმებისა და ქოთანში ჩარგული მცენარეების ტრანსპორტირება შეიძლებოდა. რადგან ლაპიტელებმა წყნარი ოკეანისკენ აიღეს გეზი, მათ აღმოაჩინეს ისეთი კუნძულები, როგორიცაა მელანეზია და პოლინეზია, აგრეთვე მიკრონეზიის ჩრდილოეთ და ახალი ზელანდიის სამხრეთი ნაწილები და დასახლდნენ იქ. ისინი ზღვის ტალღებივით „ვრცელდებოდნენ“ და საბოლოოდ შორეულ აღდგომისა და ჰავაის კუნძულებამდე მიაღწიეს *. სადაც უნდა გადასულიყვნენ, თავიანთი განსაკუთრებული „მგზავრები“ — ყინვაგამძლე პურის ხეები — ყოველთვის თან მიჰყავდათ.
ნოყიერი და უნივერსალური საკვები
დღესდღეობით ფიჯიში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დიდად ფასობს პურის ხე, როგორც ნოყიერი და იაფი საკვები. მცენარის ზოგიერთი ნაირსახეობა ყინვაგამძლეობითა და ნაყოფიერებით გამოირჩევა. ეს ხე 50 წლამდე ცოცხლობს და, ამინდისდა მიუხედავად, წელიწადში სამჯერ იძლევა ნაყოფს. ნაყოფი მოყვანილობით პურს მოგვაგონებს და სხვადასხვა სახეობა განსხვავებული გემოთი ხასიათდება. აქვს ნაწილობრივ პურისა და ნაწილობრივ კარტოფილის გემო. შეიძლება მისი მოხარშვა, ორთქლზე მომზადება, გამოცხობა ან შეწვა. მისგან ხშირად დესერტსაც ამზადებენ. ასევე შეიძლება ნაყოფის გამოშრობა და დაფქვა. თუ კანშემოცლილ ნაყოფს დაამჟავებენ, ის წლების განმავლობაში ინარჩუნებს საკვებად ვარგის თვისებებს.
პურის ხის ფოთოლში გადახვეული თევზი ან ქათამი მომზადებისას წვენსა და გემოს ინარჩუნებს. საჭმელად ვარგისია აგრეთვე გაფცქვნილი თესლიც, რომელსაც თხილის გემო აქვს. ზოგჯერ აგროვებენ ნაყოფის ბლანტ მასას, რომელიც ბავშვებს საღეჭი რეზინის მაგივრობას უწევს. მართლაც, რა მრავალმხრივი გამოყენება აქვს პურის ხეს! ახლა უკვე რთული არ არის იმის გაგება, თუ რატომ უყვართ ასე ძალიან პურის ხე წყნარი ოკეანის მკვიდრთ.
ლედუა, რომელიც ფიჯის კუნძულებზე ცხოვრობს, გვეუბნება, რომ პურის ხე უღვიძებს ბავშვობის მოგონებებს, რომელთაგან ზოგი სასიამოვნოა, ზოგი — არა. მის ოჯახს ხუთი დიდი პურის ხე ედგა. ლედუას ჩამოცვენილი ფოთლების მოხვეტა ევალებოდა, რაც ძალიან ეჯავრებოდა. მეორე მხრივ, ხშირად სკოლის შემდეგ ის და მისი და-ძმები ნაყოფს კრეფდნენ და კარდაკარ იმდენს ყიდდნენ, რამდენიც შეეძლოთ. აღებული ფულით კი მშობლები ქრისტიანულ კონგრესებზე დასასწრებად მგზავრობის ხარჯებსაც ფარავდნენ და, ამასთანავე, საკვებსაც და ფეხსაცმელსაც ყიდულობდნენ.
შეიძლება იმ მხარეში ცხოვრობთ, სადაც დღესაც ხარობს ეს ცხრა მთა გამოვლილი „მოგზაური“, რომლის ლათინური სახელიც შთამბეჭდავად ჟღერს: Artocarpus altilis. უწინ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს საუცხოო მცენარე ასე ძვირფასი და სასარგებლო იყო. მაგრამ პურის ხის ხსენებაზე წყნარი ოკეანის კუნძულებზე ბევრს ლაპიტელებისა და კაპიტან ბლაის უდიდესი საზღვაო მიღწევები და აღმოჩენები ამოუტივტივდებათ ხოლმე გონებაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 იხილეთ 1989 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, სტატია „კიუ-გარდენი — მსოფლიო სანერგე ცენტრი“ (ინგლ.).
^ აბზ. 13 ცხადია, ეს თარიღი მხოლოდ არქეოლოგიურ გამოთვლებს ეფუძნება და ბიბლიურ ქრონოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო.
^ აბზ. 14 ზოგი ისტორიკოსის აზრით, ძველად წყნარ ოკეანეში მოგზაურთა მცირე ნაწილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტამდე, პერუს სანაპირომდეც კი მიაღწია და უკან დაბრუნებისას წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამხრეთ ამერიკული ბატატი (ტკბილი კარტოფილი) ჩაიტანა. თუ ეს მოსაზრება სწორია, გამოდის, რომ ბატატი კუნძულ-კუნძულ, პურის ხის გავრცელების საწინააღმდეგო მიმართულებით ვრცელდებოდა და, საბოლოოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე — პურის ხის სამშობლომდე — მიუღწევია.
[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]
ხე, რომელიც ბევრ საჩუქარს იძლევა
პურის ხე ულამაზესი მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო მალაიზიაა. პურის ხე თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ენათესავება ლეღვს, თუთასა და ინდურ პურის ხეს. ის 12 მეტრამდე იზრდება, შესაძლებელია მისი ყლორტების მოჭრა და გადარგვა. პურის ხეს მდედრობითი და მამრობითი ყვავილები ცალ-ცალკე ყვავილედებად გამოაქვს. ასეთი ყვავილები, რომელთა დამტვერვა და თესლის მიმობნევა ხილიჭამია ღამურების მეშვეობით ხდება, დიდ მრგვალ ან ოვალური ფორმის ნაყოფს იძლევა. ნაყოფი ზომით პატარა ნესვისოდენაა, რომელიც გარედან მწვანეა, შიგნიდან კი კრემისფერ-მოყვითალო.
პურის ხეს დიდი, პრიალა, მუქი მწვანე ფოთლები აქვს, რომლის ჩრდილქვეშ ტროპიკულ სიცხეში სასიამოვნოა თავის შეფარება. პურის ხის რბილი, მსუბუქი ხე-მასალისგან ავეჯსა და კანოეებს აკეთებენ, ხოლო მცენარის ხის ქერქისგან ზოგჯერ ამზადებენ ტანსაცმელს, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტაპას სახელით არის ცნობილი. რძეწვენს ანუ ლატექსს წყალგაუმტარ საშუალებად იყენებენ. ზოგან ლატექსი ძვლების მოტეხილობის დროს თაბაშირის როლს ასრულებს. მას წებოდაც კი იყენებენ ფრინველების დასაჭერად.
[სურათი 16 გვერდზე]
რობერტ დოდის ნახატი, სადაც ასახულია გემ „ბაუნტიზე“ მომხდარი ამბოხება.
[საავტორო უფლება]
National Library of Australia, Canberra, Australia/Bridgeman Art Library
[სურათები 18 გვერდზე]
პურის ხის ნაყოფს მრავალმხრივ იყენებენ კულინარიაში.