არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი განუმეორებელი თვისებები

ჩვენი განუმეორებელი თვისებები

ჩვენი განუმეორებელი თვისებები

„მეცნიერი იკვლევს ბუნებას, ვინაიდან მოხიბლულია მისით, ხოლო მოხიბლულია იმიტომ, რომ ის მშვენიერია“ (ჟიულ ანრი პუანკარე, ფრანგი მეცნიერი და მათემატიკოსი [1854—1912]).

პუანკარე აღტაცებული იყო ბუნების მშვენიერებით, განსაკუთრებით კი იმ „დიდი სილამაზით“, რომელიც ჰარმონიულობასა და წესრიგში გამოსჭვივის და მეცნიერთა ყურადღებას იპყრობს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ გარშემო არსებული სილამაზე და წესრიგი დააფასო, სულაც არ არის აუცილებელი, მეცნიერი იყო. დაახლოებით 3 000 წლის წინათ ფსალმუნმომღერალი დავითი დიდ აღტაცებას გამოხატავდა იმის გამო, თუ როგორ იყო შექმნილი სამყარო, განსაკუთრებით კი — ადამიანის სხეული. ის ლოცულობდა: „გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნები 138:14).

ღრმა მოწიწებისა და გაოცების ასეთი გრძნობები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს — მსგავსი რამ ყველაზე გონიერი ცხოველისთვისაც კი უცხოა. მაგრამ გარემომცველი სამყაროსადმი ჩვენი ინტერესი მარტო ამით არ შემოიფარგლება. ნებისმიერი ასაკის დაკვირვებულ ადამიანებს უჩნდებათ კითხვები: საიდან გაჩნდნენ ეს საოცარი ცოცხალი არსებები? საერთოდ, რატომ არსებობენ ისინი? და თავად ჩვენ რა ადგილი გვიკავია სამყაროში? მეცნიერებასა და თვითდაკვირვებაზე დაფუძნებულ მსჯელობას არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ბიბლია კი, რომელიც ღვთის შთაგონებითაა დაწერილი, ნამდვილად დამაკმაყოფილებელ პასუხებს იძლევა (2 პეტრე 1:20, 21).

როგორც ეს უძველესი წმინდა წიგნი გვიხსნის, ის თვისებები, რომლებითაც მხოლოდ ჩვენ, ადამიანები, გამოვირჩევით, იმიტომ გაგვაჩნია, რომ ღმერთმა „თავის ხატად“ შეგვქმნა — რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ავირეკლოთ (თუმცა კი, არასრულად) ჩვენი შემოქმედის თვისებები (დაბადება 1:27). მართალია, არწივის თვალები არა გვაქვს, მაგრამ შორსმჭვრეტელური სიბრძნის გამოვლენა შეგვიძლია. ჩვენი სმენა ვერც კი შეედრება ღამურის სმენას, სამაგიეროდ, უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს საუბარი, მუსიკა თუ ბუნების სასიამოვნო ხმები. და თუმცა, შინაგანი კომპასი არ გაგვაჩნია, როდესაც ღვთის სიტყვას, წმინდა ბიბლიას, მივმართავთ, ცხოვრებაში საუკეთესო ხელმძღვანელობას ვიღებთ (იგავები 3:5, 6).

ადამიანები ღვთის ხატად ვართ შექმნილი და სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს სულიერი მოთხოვნილება. „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, — თქვა იესომ, — არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). კითხულობ ბიბლიას და იკვებები რეგულარულად ამ მაცოცხლებელი სიტყვებით?

თუკი სათანადოდ ვიკვებებით ღვთის სიტყვით, ჩვენმა სულიერობამ შეიძლება იმდენად განგვივითაროს წვდომისა და აღქმის უნარი, რომ ფიზიკური შეგრძნებების ზღვარსაც კი გავცდეთ, რაც რწმენის გაზრდითაა შესაძლებელი. ბიბლიაზე დაფუძნებული ნამდვილი რწმენის მეშვეობით ჩვენც ისევე ‘დავინახავთ’ უხილავ ღმერთს, როგორც მოსემ დაინახა და მის სამომავლო განზრახვებსაც ჩავწვდებით (ებრაელთა 11:1, 27).

ღვთის ‘მხილველთა’ დიდებული მომავალი

ბიბლია გვასწავლის, რომ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, უყვარს დედამიწა და მასზე დამკვიდრებული ყველა ქმნილება, განსაკუთრებით კი — ღვთისმოშიში ადამიანები. ამიტომ ის გვპირდება, რომ მოსპობს ყველა ბოროტს მათი ჩათვლით, ვინც უმოწყალოდ ‘სპობს დედამიწას’ (გამოცხადება 11:18; ფსალმუნები 36:10, 11; 2 თესალონიკელთა 1:8). ამის შემდეგ, ის მარადიული სიცოცხლით დაასაჩუქრებს თავის მოყვარულ და მორჩილ ხალხს. გარდა ამისა, ეს ხალხი მთელ პლანეტაზე სამოთხეს გააშენებს. ნამდვილად შესანიშნავი პერსპექტივაა! (ლუკა 23:43).

წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთება ან აღმოჩენა იქნება შესაძლებელი, როდესაც უსასრულო სიცოცხლე და კარგი ჯანმრთელობა გექნებათ! „ბუნებაში, — ამბობს ერთი მეცნიერი, — ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო სიახლე, სიმდიდრე და სილამაზე. მათ ვერასოდეს ამოწურავ“. ბიბლია ამას ასე გამოხატავს: „[ღმერთმა] ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი“ (ეკლესიასტე 3:11).

როგორ შეგიძლიათ ბიბლიაში აღწერილ სამოთხეში დამკვიდრება? როგორ და, შეისწავლეთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — თქვა იესომ, — რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

[სურათი 10 გვერდზე]

გამოიყენეთ თქვენი შეგრძნებები იმისათვის, რომ შემოქმედისადმი მადლიერების გრძნობა განივითაროთ.

[სურათი 11 გვერდზე]

ბიბლიის კითხვა შემოქმედის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა.