არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები და ნარკოტიკები

ახალგაზრდები და ნარკოტიკები

ახალგაზრდები და ნარკოტიკები

„ნუთუ ისინი სასიკვდილოდ იყვნენ განწირული?“

ასეთი კითხვა გამოჩნდა ბრაზილიური ჟურნალის, „ვეჟას“, გარეკანზე. ამ სიტყვებს თან ახლდა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდების ფოტოსურათები, რომლებიც ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების გამო დაიღუპნენ.

თუმცა კარგად იციან, რა საფრთხესთან არის ნარკომანია დაკავშირებული, ბევრი მაინც განაგრძობს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას და თავს იღუპავს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ნარკომანების მკურნალობა, აგრეთვე ნარკომანიით გამოწვეული შრომის ნაყოფიერების შემცირება, შემოსავლის წყაროს დაკარგვა და დამნაშავეობა წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით აზარალებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე საშინელ შედეგებს ამის გამო ახალგაზრდები იმკიან. ბრაზილიაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, რომლის შესახებაც გაზეთი „ჟორნალ და ტარდე“ იუწყებოდა, ბრაზილიის ათ დიდ ქალაქში მცხოვრები 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 24,7 პროცენტს უკვე გასინჯული აქვს რომელიმე სახის ნარკოტიკი.

გასულ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქოს შემცირდა ნარკოტიკების მომხმარებელი მოზარდების რიცხვი, მაგრამ შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კვლავაც მიძალებულია ამ ნივთიერებებს. ამას ცხადყოფს უფროსკლასელების მაგალითი. ერთი გამოკვლევის თანახმად, მათგან 37 პროცენტმა განვლილ წელს მარიხუანას, სულ მცირე, ერთხელ მაინც გაუსინჯა გემო; გასულ თვეში (გამოკვლევამდე) უფროსკლასელებისგან ამ ნარკოტიკს ყოველი მეხუთე მოიხმარდა. თითქმის ყოველმა მეათემ გასულ წელს ნარკოტიკი „ექსტაზი“ გასინჯა, 6 პროცენტზე მეტმა კი ნარკოტიკი ლსდ მიიღო.

ამ პრობლემის თაობაზე მთელი მსოფლიოდან მოწოდებული ცნობები მართლაც რომ საგანგაშოა. როგორც დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიურო იტყობინება, „გასულ წელს 11-დან 15 წლამდე მოსწავლეების 12 პროცენტი იღებდა ნარკოტიკებს. . . ყველაზე დიდი პოპულარობით ნარკოტიკი კანაფი სარგებლობდა“. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ „მოსწავლეთა მესამედზე მეტს (35 პროცენტს) ერთი ან უფრო მეტი სახის ნარკოტიკის გასინჯვა შესთავაზეს“.

გარდა ამისა, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული სხვა გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს შორის „ლოთობა უფრო და უფრო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება“. ცნობაში, რომელიც ამ გამოკვლევას ეძღვნებოდა, აგრეთვე ნათქვამია, რომ „ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღებას დაუყოვნებლივ მოსდევს საზიანო შედეგები — ალკოჰოლს მიძალებული ადამიანი შეიძლება ავარიაში მოყვეს, მოიწამლოს, ან შესაძლოა მან ძალადობას მიმართოს. უფრო მეტიც, შესაძლოა მისი გონებრივი თუ ფიზიკური განვითარება შეფერხდეს და მას გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები შეექმნას“. იაპონიიდან მოწოდებული ცნობის თანახმად, „იაპონელი მოზარდები უმეტესწილად ორგანულ გამხსნელებს ხმარობენ ნარკოტიკებად, რამაც შეიძლება სხვა სახის ნარკოტიკების გამოყენებამდე მიიყვანოს ისინი“.

თუ ამ ყოველივეს მხედველობაში მივიღებთ, არ გაგვაკვირვებს გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის, სიტყვები: „ნარკომანია ანადგურებს საზოგადოებას, ხელს უწყობს დამნაშავეობასა და ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა შიდს-ი, სპობს ჩვენს ახალგაზრდობას და ძირს უთხრის ჩვენს მომავალს“. ხშირად ნარკომანებს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებში მიუძღვით ბრალი, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა და მკვლელობა. გარდა ამისა, ნარკოტიკების მიღების გამო უამრავი ადამიანი ძალადობის მსხვერპლი ხდება ან სახიფათო და შემთხვევით სქესობრივ კავშირს ამყარებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახი ამ პრობლემისგან დაზღვეულია, ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ამერიკის შეერთებული შტატების ერთი სამთავრობო ანგარიშიდან: „ნარკომანია მხოლოდ ღარიბების, უმცირესობის ან დიდ ქალაქებში მცხოვრებლების პრობლემა არ არის. . . ნარკომანებს შორის შეხვდებით ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლებს და ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. ნარკომანია ყველაზე ახდენს გავლენას“.

ხშირად მშობლები ვერ ამჩნევენ საფრთხეს და მხოლოდ მაშინ ხვდებიან ყველაფერს, როცა უკვე ძალიან გვიანია. მოდი დავფიქრდეთ ერთი ბრაზილიელი გოგონას შემთხვევაზე. „მას უყვარდა ალკოჰოლური სასმელები, — ყვება მისი და, რეჯინა *. — ჩვენს ოჯახში ფიქრობდნენ, რომ ეს უწყინარი გართობა იყო, მაგრამ ამან ჩემი და იქამდე მიიყვანა, რომ თავის მეგობარ ბიჭებთან ერთად ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. რადგან მშობლები ჩემს დას თავზე ხელს უსვამდნენ, თითქოსდა ცუდს არაფერს აკეთებდა, მისი თავაშვებულობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა. რამდენჯერმე ის გაუჩინარდა და სახლში არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ყოველთვის, როცა ახალგაზრდა ქალის გვამს პოულობდნენ, პოლიციის თანამშრომლები მამას ურეკავდნენ, რათა გაერკვიათ, მისი ქალიშვილი ხომ არ იყო მიცვალებული. ეს დიდ ტკივილს აყენებდა ჩვენს ოჯახს“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს ხუთ ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც ახალგაზრდა შეიძლება მიეძალოს ნარკოტიკებს:

სურვილი იმისა, რომ. . .

1) სრულწლოვანად იგრძნოს თავი და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

2) არაფერში ჩამორჩეს თანატოლებს.

3) განიმუხტოს და კარგ განწყობაზე დადგეს.

4) რისკზე წავიდეს და დაუმორჩილებლობა გამოავლინოს.

5) ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.

რადგან ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია და თანატოლების გავლენაც დიდია, მატულობს იმის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ამ დამღუპველ გზას დაადგეს. „ჩემს მშობლებს არასდროს არაფერი უთქვამთ ნარკოტიკების შესახებ. მასწავლებლები კი მოიხსენიებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ დაწვრილებით არც ისინი ამბობდნენ რამეს“, — ამბობს ბრაზილიელი ახალგაზრდა, ლუიზ ანტონიო. თანაკლასელების წაქეზებით მან 14 წლის ასაკში დაიწყო ნარკოტიკების მიღება. მოგვიანებით, როცა ის ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას ცდილობდა, მისი „ძმაბიჭები“, რომლებიც მას ნარკოტიკებით ამარაგებდნენ, დანით ემუქრებოდნენ, რომ არ მიეტოვებინა ეს ჩვევა.

აცნობიერებთ თუ არა, რომ შეიძლება თქვენი შვილებიც აღმოჩნდნენ მსგავსი საფრთხის წინაშე? რა გააკეთეთ იმისათვის, რომ ისინი ნარკომანიისგან დაგეცვათ? მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, როგორ შეუძლიათ მშობლებს თავიანთი შვილების დაცვა.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 4 გვერდზე]

„ნარკომანია ანადგურებს საზოგადოებას, ხელს უწყობს დამნაშავეობასა და ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა შიდს-ი, სპობს ჩვენს ახალგაზრდობას და ძირს უთხრის ჩვენს მომავალს“ (კოფი ანანი, გაეროს გენერალური მდივანი).

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

© Veja, Editora Abril, May 27, 1998