არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით შვილები

დაიცავით შვილები

დაიცავით შვილები

„ისევ და ისევ მშობლებმა უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა ნარკოტიკებისგან თავიანთი შვილების დაცვაში. მათ მაგალითიც უნდა მისცენ შვილებს და ინფორმაციაც უნდა მიაწოდონ“ (დონა შალალა, აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი).

ნარკომანიასთან ბრძოლაში თქვენ, მშობლებო, წინა ხაზზე დგახართ. სამწუხაროდ, ყველა მშობელს არ ესმის, რა მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ ბრძოლაში. „მამაჩემს არასოდეს არ ეცალა, — იხსენებს ბრაზილიელი ახალგაზრდა, სახელად ირენეუ. — ჩვენთან სასაუბროდ ის დიდ დროს არ ხარჯავდა. ნარკოტიკების მავნებლობაზე მას არაფერი უთქვამს“.

ახლა კი ვნახოთ საპირისპირო მაგალითი. აი, რას იხსენებს სხვა ბრაზილიელი ახალგაზრდა, ალექსანდროსი: „როდესაც ტელევიზიით ნარკომანიის შესახებ გადაცემები გადიოდა, მამა ყოველთვის გვეძახდა მე და ჩემს ძმებს მათ საყურებლად. მას უნდოდა ჩვენი თვალით დაგვენახა, რა საშინელ მდგომარეობამდე მიდიოდნენ ნარკომანები ამ დამღუპველი ჩვევის გამო. მამა ზოგჯერ გვეკითხებოდა, ხომ არ გვყავდა შემჩნეული სკოლაში ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკებს იღებდნენ. აი, ასე გვაფრთხილებდა ის ნარკოტიკებით გატაცების საშიშროების შესახებ“.

გიმსჯელიათ შვილებთან ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე? ასეთი საუბრების წამოსაწყებად საჭიროა, თავადვე კარგად ერკვეოდეთ ამ საკითხში. ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დაანახვონ შვილებს, რომ ნარკოტიკების მიღება მათ სულიერობას ავნებს. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ თავი ყოველგვარი, ფიზიკური თუ სულიერი, სიბილწისგან დავიცვათ (2 კორინთელთა 7:1). შვილებთან ბიბლიის რეგულარული შესწავლა შეიძლება მძლავრი იარაღი აღმოჩნდეს მათ დასაცავად *.

„სანდო მეგობარი“

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ შვილებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა დაამყაროთ. თავისი მიწიერი შვილებისთვის იეჰოვა „სანდო მეგობარია“ (იერემია 3:4, აქ). ხართ სანდო მეგობარი თქვენი შვილისთვის? ნამდვილად უსმენთ მას? შეუძლია თუ არა თქვენს შვილს თავისუფლად გაგიზიაროთ საკუთარი პრობლემები? მათი დადანაშაულება უფრო ადვილად გამოგდით თუ შექება? გამოყავით დრო იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ საკუთარი შვილი. ჰყავს მას მეგობრები? ვინ არიან ისინი? მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ ბიბლიაში მოცემული გაფრთხილება: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ნუ შეგეშინდებათ შვილებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დადგენა და მათი სიყვარულით დარიგება. ბიბლიაში ნათქვამია: „დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს“ (იგავები 29:17).

გარდა ამისა, ნუ ჩათვლით უმნიშვნელოდ იმ საფრთხეს, რომელიც თქვენს შვილს ემუქრება. ზოგი მშობელი შეიძლება თავდაჯერებულად ფიქრობდეს, რომ რაკი მათი შვილები ღირსეული ოჯახიდან არიან, წარმოუდგენელია, ნარკოტიკების მიღება დაიწყონ. მაგრამ აი, რას ამბობს დ–რი ჟუზე ენრიკე სილვეირა: „ნარკოტიკებით მოვაჭრეებს უყვართ გავლენიანი პირების შვილებთან დამეგობრება, რადგან მათ ხარჯზე კარგად ითბობენ ხელს“. და როცა ასეთ ახალგაზრდას იტაცებს ნარკოტიკები, ხშირად მას ბევრი ჰბაძავს.

ასე რომ, სინამდვილეს თვალი გაუსწორეთ. ეცადეთ, ამოიცნოთ პირველივე საეჭვო ნიშნები. ხომ არ ატყობთ თქვენს ბავშვს, რომ მოულოდნელად ის გულჩათხრობილი, დათრგუნული ან აგრესიული გახდა და გაგირბით? ხომ არ ჩამოშორდა უმიზეზოდ ძველ მეგობრებს ან ოჯახის წევრებისგანაც შორს ხომ არ იჭერს თავს? თუ ასეა, ნამდვილად გმართებთ დაფიქრება.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მშობლების თავდაუზოგავი ძალისხმევის მიუხედავად, ზოგი ახალგაზრდა მაინც ექცევა სხვების გავლენის ქვეშ და იწყებს ნარკოტიკების მიღებას. როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ეს თქვენს შვილს დაემართა?

თუ თქვენი შვილი ნარკომანია...

„ჩემი ძმა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა ნარკოტიკებს, როდესაც მშობლებმა ეს აღმოაჩინეს, — ამბობს ირენეუ. — მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მსგავსი რამ ოდესმე მათ შვილს შეიძლებოდა დამართოდა. ეს მათთვის თავზარდამცემი იყო. მამაჩემი თავიდან მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა, როგორ დაესაჯა ჩემი ძმა მკაცრად“.

როდესაც მშობლები იგებენ, რომ მათი შვილი ნარკომანია, თავიდან რისხდებიან. ამასთანავე, იმედგაცრუება ეუფლებათ და თავსაც იდანაშაულებენ. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა რჩევა იყო მოცემული ამასთან დაკავშირებით აშშ–ის განათლების სამინისტროს მიერ გამოცემულ საინფორმაციო ბიულეტენში: „ნუ ჩავარდებით პანიკაში! თავსაც ნუ დაიდანაშაულებთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დამშვიდდეთ და იმაზე იფიქროთ, თუ როგორ მოიქცეთ შექმნილ სიტუაციაში. . . ნარკოტიკებისთვის თავის დანებება შესაძლებელია. ნარკომანია განკურნებადია“.

ასე რომ, გამოიჩინეთ სიმტკიცე და ოპტიმისტურად განეწყვეთ, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. ზედმეტი სიბრაზისა თუ უკმაყოფილების გამოხატვით შეიძლება ხელი შეუშალოთ თქვენი ბავშვის განკურნებას. ხომ გინდათ, რომ თქვენი შვილი იქცეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდად, რომელსაც შეეძლება საკუთარი გონებით ხელმძღვანელობა. ამიტომაც, გამონახეთ დრო და გულახდილად დაელაპარაკეთ მას, რათა დაეხმაროთ იმის შეგნებაში, თუ რამდენად უკეთესია ნარკოტიკების გარეშე ცხოვრება. ეცადეთ, ჩასწვდეთ, რა ხდება გზასაცდენილი ბავშვის გულში და მზად იყავით მის მოსასმენად (იგავები 20:5).

ირენეუ განაგრძობს: „მოგვიანებით ჩემმა მშობლებმა ტაქტიკა შეცვალეს: ისინი რჩევა–დარიგებებს აძლევდნენ ჩემს ძმას, დაუდგინეს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეეძლო წასვლა და სად — არა. სხვა კლასში გადაიყვანეს, რათა ყოველდღე ყოფილ თანაკლასელებს არ გადაჰყროდა. იმის გაკონტროლებაც დაიწყეს, თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და როგორც მას, ისევე ოჯახის სხვა წევრებსაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ“.

ვნახოთ, როგორ მოიქცნენ სხვა მშობლები, როდესაც გაიგეს, რომ მათი შვილები ნარკოტიკებს იღებდნენ, და როგორ დაეხმარნენ მათ ამ მანკიერების დაძლევაში.

მონდომებას წარმატება მოაქვს

„ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე დაგვმართვია, — იხსენებს სან–პაულუში (ბრაზილია) მცხოვრები მამაკაცი, სახელად მარსელუ. — მე და ჩემს ცოლს ჩვენი ორი ვაჟიშვილის ქცევაში უჩვეულო არაფერი შეგვიმჩნევია. ხშირად ისინი რესტორნებში სადილობდნენ ხოლმე სხვა ახალგაზრდებთან ერთად, რომლებსაც, როგორც გვეგონა, კარგად ვიცნობდით. საშინელება იყო, როდესაც მეგობარმა გვითხრა, თქვენი ბიჭები მარიხუანას ეწევიანო. როცა ბიჭები გამოვკითხეთ, მაშინვე აღიარეს, რომ ეს სიმართლე იყო“.

როგორ მოიქცა მარსელუ ასეთ ვითარებაში? „მე და ჩემს მეუღლეს არ შეგვეძლო ჩვენი შეძრწუნების დამალვა, — აღიარებს ის, — მაგრამ როცა შვილებს ნარკომანიის მავნებლობაზე ვესაუბრებოდით, თავად მათი ღირსების გრძნობას არ ვეხებოდით. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი მიზანი ის იყო, რომ შვილებს როგორმე ნარკომანიის კლანჭებიდან თავდახსნაში დავხმარებოდით. გულწრფელად ვუთხარით მათ ამის შესახებ. ისინიც დაგვთანხმდნენ ჩვენ მიერ წაყენებულ პირობებზე. მათ უნდა გაეგრძელებინათ სწავლა და, პარალელურად, მუშაობა. აღარ ჰქონდათ უფლება, რომ მეგობრებთან შესახვედრად ან გასართობად მარტო წასულიყვნენ. ჩვენ ყოველდღიურად, და არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამოვხატავდით სიყვარულს მათდამი. პროფესიით მშენებელი ვარ და როგორც კი საშუალება მომეცემოდა, ბიჭები ჩემთან მიმყავდა ხოლმე სამუშაოდ. უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად მომავალზე საუბრებში, ვერთობოდით, ვლაპარაკობდით იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ღირსეული მიზნების დასახვა“. ამგვარად, მარსელუმ და მისმა ცოლმა შეძლეს თავიანთი ბიჭების დახსნა ამ დაუნდობელი სენისგან, ნარკომანიისგან.

ახლა სხვა ბრაზილიელი მამის შემთხვევაზე დავფიქრდეთ. მისი შვილი, რობერტუ, იხსენებს: „როდესაც მამამ გაიგო, რომ ჩემი ძმა ნარკოტიკებს იღებდა, მკაცრი გაკიცხვის და ჭკუის სწავლების ნაცვლად, მეგობარივით ამოუდგა მხარში, რითაც ჩემი ძმის ნდობა მოიპოვა. მამამ გაიცნო მისი მეგობრები, ნახა ის ადგილები, სადაც ის ხშირად დადიოდა და დაარწმუნა, რომ არც ნარკოტიკები და არც ასეთი მეგობრები კარგს არაფერს მოუტანდა. უთხრა, რომ არ სურდა ღამეების გატეხვა მის ძებნაში“. მთელი იმ ხნის განმავლობაში, როდესაც მამა გზასაცდენილი შვილის დახმარებას ცდილობდა, მას მხარში ედგა მეუღლე (ბავშვის დედინაცვალი). ორივე იმ აზრისა იყო, რომ წუთიც არ უნდა დაეკარგათ და რის გაკეთებაც შეეძლოთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ (იხილეთ ჩარჩო „დახმარების აღმოჩენა“).

ნუ დაყრით ფარ-ხმალს!

ოჯახზე ზრუნვა ამ „საზარელ ჟამს“ ძალიან რთული და დამღლელია (2 ტიმოთე 3:1). არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ აუცილებელია საკუთარ ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა (მათე 5:3). მართლაც რომ ჭეშმარიტია იგავების 24:10–ში ჩაწერილი სიტყვები: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“ (სსგ). დიდ ძალას შეგმატებთ ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ურთიერთობა. იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში ჩატარებულ შეხვედრებზე მხარდაჭერას იგრძნობთ და გამხნევდებით (ებრაელთა 10:24, 25).

ნარკომანიისგან ოჯახის დაცვის საუკეთესო საშუალება კი ისაა, რომ ოჯახის თითოეულ წევრს დაეხმაროთ ღვთისადმი რწმენის განვითარებაში. რასაკვირველია, ღმერთი არ აიძულებს ახალგაზრდებს, რომ ცხოვრების განსაზღვრულ გზას დაადგნენ, მაგრამ გონივრულ რჩევას აძლევს მათ. როგორც ფსალმუნების 31:8–ში წერია, ღმერთი ამბობს: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“. ღმერთი მოყვარული ზეციერი მამაა და სურს დაიცვას ახალგაზრდები ემოციური, ფიზიკური თუ სულიერი ზიანისგან (იგავები 2:10—12). დარწმუნებული იყავით, რომ ის დაეხმარება და მხარში ამოუდგება მშობლებსაც, რომელთაც სურთ აღზარდონ შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).

და მაინც, შვილების აღზრდამ დღევანდელ პირობებში ხანდახან შეიძლება ქანცი გაგიწყვიტოთ. არსებობს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან?

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოქვეყნებულ ლიტერატურაში არის საკმაო ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც მშობლებს შეუძლიათ იმსჯელონ შვილებთან ნარკოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ 33-ე და 34-ე თავები წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„ნარკოტიკებისთვის თავის დანებება შესაძლებელია. ნარკომანია განკურნებადია“ (აშშ–ის განათლების სამინისტრო).

[ჩარჩო 6 გვერდზე]

დახმარების აღმოჩენა

ზოგი მშობელი თვლის, რომ მათი შვილისთვის უკეთესი იქნებოდა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა იმ პერიოდში, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება. ის, თუ მკურნალობის რა მეთოდს აირჩევენ მშობლები, მათი პირადი გადასაწყვეტია. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში მომსახურების დონე განსხვავებულია, კარგი იქნებოდა, მკურნალობის კურსზე თანხმობის გაცხადებამდე მშობლებს ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონათ. როგორც სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი არტურ გუერა დი ანდრადი ამბობს, პროფილაქტიკურ დაწესებულებებში ნამკურნალები პაციენტებისგან მხოლოდ 30 პროცენტი იკურნება ნარკომანიისგან. ასე რომ, მშობლები აქტიურად უნდა ჩაებნენ თავიანთი შვილების გამოჯანმრთელების პროცესში, თუნდაც მათ გამოცდილი მედიკოსები მეთვალყურეობდნენ.

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

დახმარება მათთვის, ვინც თავს ანებებს ნარკოტიკებს

ცდილობთ ნარკოტიკებისგან გათავისუფლებას? თუ ასეა, ამ ბრძოლაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ბიბლიის კითხვა და წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება. ალბათ, განსაკუთრებით დაგეხმარებათ ფსალმუნების წიგნის წაკითხვა, ვინაიდან მასში ბევრი ისეთი მტკივნეული გრძნობაა გამოხატული, რომლებსაც, შესაძლოა, ამჟამად თქვენც განიცდით. ასევე დაგეხმარებათ ღვთისადმი გულწრფელი ლოცვა, რომელშიც მას თქვენს გულისნადებს გაუზიარებთ (ფილიპელთა 4:6, 7). თქვენ იგრძნობთ, რომ ის ნამდვილად ზრუნავს თქვენზე და სურს, რომ დაამარცხოთ თქვენი სისუსტე. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ: ღმერთი არავის აიძულებს საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლას, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად ნამდვილად გინდოდეთ ნარკოტიკებისგან გათავისუფლება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა, რომელმაც ბევრჯერ გამოსცადა ღვთის მხარდაჭერა, თქვა: „მტკიცედ ვესავდი უფალს, ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები“ (ფსალმუნები 39:2, 3). ღმერთი დღესაც ასევე უდგას მხარში მათ, ვისაც უწმინდური ჩვევების მიტოვება და მისი მსახურება სურს.

[სურათი 5 გვერდზე]

„მამაჩემი საშიშროების შესახებ გვაფრთხილებდა“ (ალექსანდროსი).

[სურათი 8 გვერდზე]

გამოყავით დრო და გააფრთხილეთ შვილები ნარკოტიკებით გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ზიანის შესახებ.

[სურათი 8 გვერდზე]

დაინტერესდით, ვისთან აქვს თქვენს ბავშვს ურთიერთობა.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ამით თავიდან აირიდებთ მდგომარეობის გამწვავებას.