არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ!

კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ!

კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ!

თითქმის ყველა სულმოუთქმელად ელის მას და იგი ხშირად მთელი კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცევა ხოლმე. ზოგი ამ დროს მოგზაურობას გეგმავს, ზოგი — სასიამოვნო და ჯანსაღ გართობას; სხვები თაყვანისცემის ადგილებში დადიან; არიან ისეთებიც, რომლებიც სახლში დარჩენასა და გამოძინებას ამჯობინებენ.

ჩვენ დროის იმ შუალედზე ვსაუბრობთ, რომელიც მოქცეულია ერთი სამუშაო (ან სასწავლო) კვირის დასასრულსა და მომდევნოს დასაწყისს შორის — ეს არის შაბათ-კვირა (დასავლურ სამყაროში მას უიკენდს უწოდებენ). დასავლეთში უიკენდი პარასკევ საღამოს იწყება და კვირას მთავრდება. საიდან წარმოიშვა უიკენდის იდეა? როგორ შეგიძლიათ შაბათ-კვირის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარება, თუ იმ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ხუთდღიანი სამუშაო კვირის განრიგია მიღებული?

დასვენების დღიდან უიკენდამდე

დაახლოებით 3 500 წლის წინათ ისრაელ ერს შაბათის კანონი მიეცა: „ექვსი დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენებაა უფლისა, წმიდაა უფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს“ (გამოსვლა 31:15). შაბათი ქრისტიან მშობლებს იმის საშუალებასაც აძლევდა, რომ ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე ეზრუნათ.

იუდეველთა შაბათი პარასკევს, მზის ჩასვლიდან იწყებოდა და შაბათს, მზის ჩასვლით მთავრდებოდა. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ქრისტიანულმა სამყარომ კი [შაბათის ნაცვლად] კვირა დღე აქცია განსაკუთრებული თაყვანისცემის დღედ, რადგან სწამდათ, რომ იესო ამ დღეს აღდგა მკვდრეთით. ევროპაში ახ. წ. 300 წლისთვის როგორც ეკლესიამ, ისე სახელმწიფომ კვირა ოფიციალურ დასვენების დღედ გამოაცხადა“.

საინტერესოა, რომ ერთდღიანი დასვენების გახანგრძლივება ახლო წარსულში მოხდა. 1870-იანი წლებიდან დიდ ბრიტანეთში სამუშაო კვირა შაბათს ნაშუადღევისთვის მთავრდებოდა. შაბათის ნახევარდღიანი დასვენება კვირა დღეს დაემატა და ასე ჩაეყარა საფუძველი უიკენდს. შაბათს, ნაშუადღევს, მთელი ოჯახი ერთად სადილობდა, რის შემდეგაც, ჟურნალ „ეტლენტიკ მანთლის“ თანახმად, „ხშირად აბანოში მიდიოდნენ ხოლმე“.

შეერთებულ შტატებში უიკენდი კიდევ უფრო — ორ დღემდე — გაზარდეს. ერთი წყაროს თანახმად, ხუთდღიანი სამუშაო კვირა 1908 წელს შემოიღეს ახალი ინგლისის ერთ ფაბრიკაში. ეს ცვლილება მისაღები იყო როგორც ებრაელი, ისე ქრისტიანი მუშებისთვის, რადგან ორივე ჯგუფს საკუთარი დასვენების დღე ექნებოდა: ებრაელებს შაბათი, ქრისტიანებს კი — კვირა. ხუთდღიანი სამუშაო კვირა სხვა საწარმოებსა თუ დაწესებულებებშიც სწრაფად დამკვიდრდა. ავტომობილის მწარმოებელი ჰენრი ფორდი მხარს უჭერდა მუშაობის ასეთ განრიგს, რადგანაც გონივრულად განჭვრიტა, რომ თუ შაბათ-კვირას ოჯახები ქალაქგარეთ გაისეირნებდნენ, ამით ავტომანქანებზე მოთხოვნილება გაიზრდებოდა.

რა გაქვთ დაგეგმილი ამ შაბათ-კვირისთვის?

დღესდღეობით დასავლურ სამყაროში ორდღიანი უიკენდი მყარად არის დამკვიდრებული. თუ უიკენდი თქვენთანაც მიღებულია, სრულიად ბუნებრივია, რომ სამუშაო კვირის დასასრულს თანამშრომლებმა გკითხონ: „რა გაქვს დაგეგმილი ამ შაბათ-კვირისთვის?“. მართლაც რომ ბევრი საინტერესო რამის დაგეგმვა შეიძლება ამ დროისთვის.

თუ თქვენს დროს მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში დამსაქმებელი აკონტროლებდა, შაბათ-კვირა საშუალებას გაძლევთ, კვლავ თქვენ იყოთ საკუთარი თავის „ბატონ-პატრონი“. ის შესაძლებლობას გაძლევთ, ყოველდღიურ ერთფეროვნებას მოსწყდეთ და დაისვენოთ ან საყვარელ ადამიანებთან დაჰყოთ. ასევე შეგიძლიათ, შაბათ-კვირის „ყველაზე პოპულარული გასართობით“ — მაღაზიებში სიარულით — შეიქციოთ თავი. „მაღაზიებში სიარული ნამდვილად თავშესაქცევი რამ არის“, — ამბობს ბრიგიტა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.

გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ ბევრი თავისუფალ დროს სახლში დარჩენას ამჯობინებს. ასეთი „შინამჯდომიებისთვის“ გართობის ბევრი საშუალება არსებობს: სახლში თუ ეზოში მებაღეობითა და ყვავილების მოვლით არიან დაკავებული, აგროვებენ მარკებს, უსმენენ მუსიკას ან უკრავენ რაიმე ინსტრუმენტზე, უყურებენ ვიდეოფილმებს, ფუსფუსებენ სამზარეულოში, წერენ წერილებს, კითხულობენ, ხატავენ, კერავენ, ქსოვენ ან ვარჯიშობენ. აი მცირე ჩამონათვალი იმისა, რითაც ისინი სახლში თავს იქცევენ. ზოგი ისეთ გასართობებს ამჯობინებს, რომლებიც შვილებთან და მეუღლესთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. მაგალითად, ერთად აწყობენ ასაწყობ სურათებს ან მაგიდის თამაშებით ერთობიან *.

განსჯის ბიბლია დროის, ერთი შეხედვით, უსარგებლოდ გამოყენებას? სრულებითაც არა. სოლომონმა დაწერა: „სჯობს სიმშვიდით სავსე ერთი მუჭა ტანჯვით სავსე პეშვებს და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). უეჭველია, რომ ზომიერ გართობა-დასვენებას სათანადო ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში.

უკიდურესობაში გადავარდნა

მეორე მხრივ, თვით რაღაც კარგისა და სასიამოვნოს გადამეტებულმა კეთებამაც კი შეიძლება ადამიანზე უარყოფითად და საზიანოდ იმოქმედოს. მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა (1 ტიმოთე 4:8). მაგრამ შაბათ-კვირას ზოგი ლამის რელიგიური თავგამოდებითა და ენთუზიაზმით უძღვნის თავს სპორტს. მოგების მანიით შეპყრობილი ზოგი ადამიანი ტექნიკის დასაუფლებლად უამრავ დროსა და ფულს ხარჯავს ვარჯიშებსა და სპორტულ ინვენტარში.

გადამეტებულმა ვარჯიშმა შეიძლება ჯანმრთელობაც კი შეგვირყიოს, თუ ჩვენი სხეული ვარჯიშს არ არის მიჩვეული. ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ შუახნის თავგამოდებულ „უიკენდის სპორტსმენებს“, რომლებსაც ახალგაზრდობის დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი, ვარჯიშისას შესაძლოა მყესები დაეჭიმოთ, კიდურები ეღრძოთ, ან შეიძლება სხვა სახის დაზიანებები მიიღონ. სხვები სპორტის სახიფათო სახეობებში მონაწილეობით სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლესაც კი *. ბიბლია „ზომიერებისკენ“ მოგვიწოდებს და ეს რჩევა მართლაც რომ სასარგებლოა (ტიტე 2:2, აქ). ვარჯიში გამომაცოცხლებელი უნდა იყოს და არა დამქანცველი ან საზიანო.

ამიტომაც,ზოგი სპორტის ისეთ სახეობებს ირჩევს, რომლებიც ნაკლებად დამღლელია. მაგალითად, სპორტული სიარული და ლაშქრობები საკმაოდ პოპულარულია გერმანიაში. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გართობად ითვლება სწრაფი სიარული. ამ დროს ვინმეს კი არა, უბრალოდ, დროს ეჯიბრები. სპორტის ამ სახეობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებმა ქალაქგარეთ შერჩეული სპეციალური მარშრუტი განსაზღვრულ დროში უნდა გაიარონ. ეს ნამდვილად სასიამოვნო ვარჯიშია, რომლის დროსაც შესანიშნავი პეიზაჟებითაც ტკბები! ასეთ აქტიურ დასვენებაში მთელ ოჯახს შეუძლია ჩაბმა.

გადატვირთული უიკენდები

ხანდახან ადამიანები შაბათ-კვირისთვის იმდენ რამეს გეგმავენ, რომ ძალიან ცოტას, ან თითქმის ვერაფერს, ასწრებენ. შედეგად, ახალი სამუშაო კვირის დასაწყისისთვის ისინი დასვენებული კი არა, ძალიან დაღლილები არიან. გერმანული გაზეთი „ფოკუსი“ იტყობინებოდა ერთი გამოკვლევის შედეგების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 27 პროცენტმა თქვა, რომ მათი უიკენდები ძალიან დაძაბული და სტრესულია.

„დასვენება შრომისუნარიანობის გარანტია“, — ნათქვამია ჟურნალ „ტაიმზში“. იესო ქრისტეს ესმოდა, რომ ჩვენ დასვენება და განმუხტვა გვჭირდება. მარკოზის 6:31-ში ის თავის მოწაფეებს ეუბნება: «„წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ». ამიტომ, თუმცა ვარჯიშს, საყიდლებზე სიარულსა და სხვა მსგავს საქმეებს თავისი ადგილი აქვს, კარგი დასვენებისთვის უფრო მნიშვნელოვანია გასართობად კითხვა, განტვირთვა და ძილი. მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც, რაც ნებისმიერ უიკენდს უფრო მეტ ხიბლს მატებს.

სულიერი მოთხოვნილებები

მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: «ნეტარ არიან სულით ღარიბნი [„სულიერს მოწყურებულნი“, აქ]» (მათე 5:3) ძველად შაბათის შემოღების ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ხალხს სულიერი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. დღესაც შეიძლება შაბათ-კვირის ამ მიზნით გამოყენება? განვიხილოთ იეჰოვას მოწმეების მაგალითი. იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობა ძირითად ქრისტიანულ შეხვედრებს შაბათს ან კვირას ატარებს. შაბათ-კვირაობით უფრო დიდი ღონისძიებებიც — კონგრესებიც — იმართება. იეჰოვას მრავალი მოწმე ხშირად შაბათ-კვირას კარდაკარ ქადაგებს და ხალხს ბიბლიის შესახებ ესაუბრება.

რასაკვირველია, როგორც ყველა, იეჰოვას მოწმეებიც მუშაობენ. მათაც აქვთ ოჯახები, რომლებზეც ზრუნავენ. ამიტომ, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, თავისუფალ დროს ისინიც გეგმავენ დასვენებას და ოჯახთან ერთად ატარებენ დროს. უპირატესობას კი მაინც სულიერ საკითხებს ანიჭებენ. ნუთუ ეს მათთვის მძიმე ტვირთია? მოდი გავეცნოთ რამდენიმე ქრისტიანის შემთხვევას.

სანამ იეჰოვას მოწმეები გახდებოდნენ, იურგენი და დორისი, გერმანელი წყვილი, შაბათ-კვირას სპორტულ კლუბში ატარებდნენ და ინტენსიურად ვარჯიშობდნენ. მელე და ჰელენა სამხატვრო გალერეების ხშირი სტუმრები იყვნენ. ჰელმუთი შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გადიოდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა. სილვია კი დისკოთეკებს არ აცდენდა. როდესაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ, მათ მთლიანად შეცვალეს გართობისადმი თავიანთი დამოკიდებულება.

იურგენი და დორისი ამბობენ: „გვინდოდა გართობების ხარჯზე მოწყენილობა გაგვეფანტა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენს ცხოვრებას ალამაზებდა. დღეს კი სხვებს ბიბლიის გაგებაში ვეხმარებით, რაც არა მარტო მათ ცხოვრებას სძენს აზრს, არამედ ჩვენსაც“. მელი და ჰელენა ამბობენ: „ბიბლია ცხოვრების საუკეთესო გზას გვიჩვენებს და როდესაც სხვებს ამის შესახებ ვესაუბრებით, უდიდეს სიხარულს განვიცდით“. რატომ არის ჰელმუთი დღეს ცხოვრებით უფრო კმაყოფილი? „ვიცი, რომ ჩემი მსახურება იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია“, — ამბობს ის. სილვია შენიშნავს: „ქადაგება ადამიანებთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, რასაც ხშირად საინტერესო საუბრებიც მოჰყვება ხოლმე. ეს კი ძალიან მსიამოვნებს“.

იქნებ გესაუბრათ იეჰოვას მოწმეებთან, როდესაც შემდეგში მოგაკითხავენ. თუნდაც რამდენიმე წუთი მათთან ბიბლიაზე მსჯელობა შეიძლება თქვენთვის უფრო აზრიანი მომავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს. ასეთი სახით, თქვენი ცხოვრება არა მარტო შაბათ-კვირას იქნება საინტერესო და სიხარულით აღსავსე, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს!

რის გაკეთებაც არ უნდა გიყვარდეთ თავისუფალ დროს, ეცადეთ, შაბათ-კვირა ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ გერმანულად ლაპარაკობთ, გისურვებთ: schönes Wochenende, თუ ესპანურად — ¡Buen fin de semana, ხოლო თუ უკრაინულად — Бажаю вам приємно провести вихідні. სადაც უნდა ცხოვრობდეთ და რასაც უნდა აკეთებდეთ, კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგი ელექტრონული თამაში სახიფათოა, იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 1996 წლის ოქტომბერ-დეკემბრის ნომერი, რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“, სტატია „უნდა ვითამაშო თუ არა კომპიუტერული ან ვიდეო თამაშები?“; ასევე 2002 წლის 22 დეკემბრის ნომერი, სტატიების სერია „ელექტრონული თამაშები — სახიფათოა თუ არა“ (რუს.).

^ აბზ. 16 იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 ოქტომბრის ნომერი, რუბრიკა „ბიბლიის თვალსაზრისი“, სტატია „სახიფათო სპორტი — უნდა გარისკო?“; ასევე 2002 წლის 8 ოქტომბრის გამოშვება, სტატია „მძაფრი შეგრძნებების მაძიებლები — რატომ ეთამაშებიან სიკვდილს?“ (რუს.).

[ჩანართი 21 გვერდზე]

შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება ნიშნავს ჯანსაღ გართობა-დასვენებასა და სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფას.