არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის მატერიალიზმი?

რა არის მატერიალიზმი?

ბიბლიის თვალსაზრისი

რა არის მატერიალიზმი?

ადამიანი დაბადებიდანვე ილტვის სულიერისაკენ. მას თანდაყოლილი აქვს ღვთის თაყვანისცემის სურვილი. მეორე მხრივ, რადგან ღმერთმა ადამიანი მატერიისგან შექმნა, მას ფიზიკური მოთხოვნილებებიც აქვს და მატერიალურით ტკბობის უნარითაც არის დაჯილდოებული. ზოგი ქრისტიანი დიდ მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს. არის თუ არა ეს, თავისთავად, იმის მაჩვენებელი, რომ ისინი მატერიალისტები არიან * და სულიერად მოიკოჭლებენ? ან ნიშნავს კი სიღარიბე აუცილებლად იმას, რომ ადამიანი არ არის მატერიალისტი და სულიერად მდიდარია?

ალბათ, თქვენც იმავე აზრს იზიარებთ, რომ მატერიალიზმი მხოლოდ ქონების სიუხვით არ განისაზღვრება. განვიხილოთ ბიბლიური მაგალითები, რომლებიც ცხადყოფს, რა არის სინამდვილეში მატერიალიზმი და რომლებიც დაგვანახვებს, როგორ ავირიდოთ სულიერი საფრთხე, რომელსაც ის უქმნის ადამიანს.

მათ ჰქონდათ სიმდიდრე და დიდება

ბიბლიურ დროში ღვთის ერთგულ მსახურთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც არც სიმდიდრე აკლდათ და არც დიდება. მაგალითად, აბრაამი „ძალზე მდიდარი იყო საქონლის ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით“ (დაბადება 13:2). იობი „ყველაზე დიდი იყო . . . აღმოსავლეთის ძეთა შორის“, რადგან უამრავი შინაური ცხოველი და მრავალი მსახური ჰყავდა (იობი 1:3). ისრაელის მეფეებიც, მაგალითად დავითი და სოლომონი, აურაცხელ სიმდიდრეს ფლობდნენ (1 ნეშტთა 29:1—5; 2 ნეშტთა 1:11, 12; ეკლესიასტე 2:4—9).

მდიდარი ქრისტიანები პირველი საუკუნის კრებებშიც იყვნენ (1 ტიმოთე 6:17). ლიდია „ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიშ“ თიატირელ ქალად არის მოხსენიებული (საქმეები 16:14). ძოწეული საღებავი და ამ საღებავით შეღებილი სამოსელი ძვირად ფასობდა და მისი ყიდვა, ჩვეულებრივ, მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ლიდიაც საკმაოდ შეძლებული იყო.

ამის საპირისპიროდ, იეჰოვას ზოგი ერთგული თაყვანისმცემელი ძალიან ღარიბი იყო. სტიქიური უბედურების, ტრაგიკული შემთხვევისა თუ მარჩენალის სიკვდილის გამო ზოგი ოჯახი სიღარიბეში ვარდებოდა (ეკლესიასტე 9:11, 12). სიღარიბეში ამგვარად ჩაცვენილებისთვის, ალბათ, საკმაოდ რთული იქნებოდა სხვისი სიმდიდრისა და კეთილდღეობისთვის მხოლოდ შორიდან ყურება. მიუხედავად ამისა, არასწორი იქნებოდა, თუ ისინი მდიდრებს განსჯიდნენ და მათ მატერიალისტებს უწოდებდნენ; ან თუ დაასკვნიდნენ, რომ უქონლები ღმერთს უფრო კარგად ემსახურებოდნენ. რატომ? განვიხილოთ, რა იწვევს, ძირითადად, მატერიალიზმის განვითარებას.

ფულის სიყვარული

ერთი ლექსიკონი მატერიალიზმს ასე განმარტავს: „ინტელექტუალური და სულიერი საკითხებით დაინტერესების ნაცვლად, მთელი ყურადღების მატერიალურზე გადატანა“. ამგვარად, მატერიალიზმის ფესვები ჩვენს სურვილებში, ცხოვრებისეულ მისწრაფებებსა და პრიორიტეტებში უნდა ვეძებოთ. ამაზე ნათლად მეტყველებს შემდეგი ორი ბიბლიური მაგალითი.

იერემია წინასწარმეტყველის დამხმარე, ბარუქი, იეჰოვამ მკაცრად გააფრთხილა. ბარუქი ღარიბი იყო. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იერუსალიმში შექმნილი მდგომარეობა და ის, რომ მას ხალხის მიერ ათვალწუნებულ იერემიასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. ასე იყო თუ ისე, იეჰოვამ მას უთხრა: „დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ“. შეიძლება ბარუქმა ზედმეტი ინტერესის გამოვლენა დაიწყო სხვების სიმდიდრის ან მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. იეჰოვამ ბარუქს შეახსენა, რომ იერუსალიმის განადგურების დროს თავად მას გადაარჩენდა, მაგრამ ქონებას არ შეუნარჩუნებდა (იერემია 45:4, 5).

იესომ მოიყვანა ერთი მამაკაცის მაგალითი, რომელიც, ბარუქის მსგავსად, მატერიალური ქონებისკენ ილტვოდა. ეს კაცი სიმდიდრეს დაჰკანკალებდა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საბადებელი ღვთის მსახურებაში გამოეყენებინა. მან თქვა: „ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და . . . ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის: მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე“. იესო დასძენს: „მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“ (ლუკა 12:16—21).

რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? ისინი იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ადამიანს მატერიალისტს ის კი არ ხდის, რომ სიმდიდრე აქვს, არამედ ის, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე მატერიალურს აყენებს. მოციქულმა პავლემ თქვა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). როგორც ვხედავთ, პრობლემების სათავე გამდიდრების სურვილი და მატერიალური ქონების სიყვარულია.

საჭიროა საკუთარი თავის გამოკვლევა

ქრისტიანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ — თავისი ეკონომიკური მდგომარეობისდა მიუხედავად — მატერიალიზმის მახეში არ გაებას. სიმდიდრეს მაცდუნებელი ძალა აქვს და ადამიანის სულიერად მოშთობა ანუ განადგურება შეუძლია (მათე 13:22). სულიერი საკითხებიდან ყურადღების მატერიალურზე გადატანამ შეიძლება ჩვენდა შეუმჩნევლად იმოქმედოს უარყოფითად და სამწუხარო შედეგებამდე მიგვიყვანოს (იგავები 28:20; ეკლესიასტე 5:10).

ამიტომ ქრისტიანმა უნდა გააანალიზოს, ცხოვრებაში რას ანიჭებს უპირატესობას და რაზე აქვს მთელი ყურადღება გადატანილი. მატერიალურად მდიდარია თუ ღარიბი, ნებისმიერ შემთხვევაში, სულიერად მოწიფული ადამიანი ეცდება პავლეს რჩევის გათვალისწინებას და მიენდობა არა „მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17—19).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში საუბარი არ არის ფილოსოფიურ მატერიალიზმზე.