არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ხეები ამცირებენ ურბანიზაციით გამოწვეულ დაბინძურებას

„ახლახან მეცნიერებმა პირველად მოახერხეს იმის განსაზღვრა, თუ როგორ ამცირებს ამა თუ იმ სახეობის ხე ატმოსფეროს დაბინძურებას“ — ნათქვამია ლონდონში გამომავალ „სანდი ტაიმზში“. დასავლეთ მიდლენდში ინგლისელი და შოტლანდიელი მეცნიერები სამი წლის მანძილზე 32 000 სხვადასხვა ხის ძირას აღებულ ნიადაგის ნიმუშებს იკვლევდნენ, რათა გამოერკვიათ, რომელი სახეობის ხე შთანთქავდა უფრო მეტად ატმოსფეროში არსებულ მავნე ნაწილაკებს. სწავლულებმა აგრეთვე გაზომეს ატმოსფეროში მავნე ნაწილაკების შემცველობა და შეისწავლეს ოზონის შრის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ იფანი, ლარიქსი და ფიჭვი ყველაზე მეტად შთანთქავს ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებს; შედარებით ნაკლებად შთანთქავს მუხა, ტირიფი და ალვის ხე. გამოკვლევამ ცხადყო, რომ „ხეები ატმოსფეროს სამჯერ უკეთესად წმენდს, ვიდრე ბალახოვანი საფარი“. კომპიუტერული ანალიზის შედეგების თანახმად, დასავლეთ მიდლენდის მინდორ-ველის ნახევარზე მაინც რომ ყოფილიყო ხეები დარგული, ჰაერის დაბინძურება 20 პროცენტით ნაკლები იქნებოდა.

საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობა მძაფრდება

„დღეს აქ, მდინარის მახლობლად, იეჰოვას მოწმეები საზაფხულო კონგრესის ჩატარებას გეგმავდნენ, მაგრამ წუხელ ფანატიკოსების ბრბო მოადგა აქაურობას, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. — მართლმადიდებლური ჯვრებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული ადამიანი ავტობუსით ჩამოვიდა და ტერიტორიის მესაკუთრის, უშანგი ბუნტურის, სახლი დაარბია. მათ ეზოში გამოიტანეს ბიბლიები, სხვა რელიგიური ლიტერატურა, უშანგი ბუნტურის პირადი ქონება და დაწვეს. . . ნათლობისთვის განკუთვნილ აუზში საწვავი ჩაასხეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, და მათ შორის პოლიციის უფროსიც, მივიდა. . . მათ არავინ დაუპატიმრებიათ. . . ყველაფერი წინასწარ დაგეგმილს უფრო ჰგავდა“. რელიგიური შეუწყნარებლობა „ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც, და მათ შორის რუსეთშიც შეინიშნება, — დასძენს „ტაიმზი“, — მაგრამ ამ ფონზე საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის გამძაფრებით; აგრეთვე, როგორც ჩანს, თავდასხმებში ოფიციალური პირებიც არიან გარეული. საქართველოს პოსტსაბჭოური კონსტიტუცია მოქალაქეებს რწმენის თავისუფლებას აღუთქვამს, მაგრამ დღემდე ამ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის, მათი საკუთრების დაწვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული“.

ახალგაზრდები ეკლესიაში გასართობად მიდიან

ერთმა გერმანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ახალგაზრდები უარს არ ამბობენ ეკლესიაში გასართობად მისვლაზე“. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ჰესენისა და ნასოს პროტესტანტულმა ეკლესიებმა პირველი ახალგაზრდული ფესტივალი მოაწყვეს ეკლესიაში (Nassauische Neue Presse). ფესტივალს, რომელიც ხუთი დღე გრძელდებოდა, დაახლოებით 4 400 ახალგაზრდა დაესწრო. პროგრამაში ჩართული იყო სემინარები, ჯგუფური დისკუსიები, საღამოს ღვთისმსახურება სანთლების შუქზე და საგალობლების თანხლებით, მრავალი სპორტული ღონისძიება, გამასპინძლება და ცოცხალი მუსიკა. „220–ზე მეტი ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ ტრადიციული საკლესიო მსახურება და ბიბლიის სწავლება არ ჩატარებულა“, — აღნიშნულია გაზეთში. ერთი ახალგაზრდა პასტორი ძალიან გააოცა იმ ფაქტმა, რომ „ზოგი ახალგაზრდა დაინტერესებული იყო ბიბლიის შესწავლით, რასაც ახალგაზრდულ წრეებში , ჩვეულებრივ, მოსაწყენ თემად მიიჩნევენ“. ერთმა მოზარდმა თქვა: „ფაქტობრივად, ამ პროგრამაში ეკლესიური არაფერია, მაგრამ ატმოსფერო შესანიშნავია“.

რელიგია და ომი

„დღეს ყველაზე სისხლისმღვრელი და სისასტიკით გამორჩეული კონფლიქტები. . . რელიგიურ ნიადაგზე ხდება“, — ვკითხულობთ გაზეთ „იუ–ეს–ეი ტუდეიში“. ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება ძალიან რთულია. „ნაცადი დიპლომატიური მეთოდების — მაგალითად, დაპირისპირებულთა მხრიდან კომპრომისზე წასასვლელად მზადყოფნისა და ძველი წყენის პატიების — გამოყენება გაცილებით რთულია მაშინ, როდესაც ორივე მხარე აცხადებს, რომ ღმერთი მათთან არის, — აგრძელებს გაზეთი. — იმავეს თქმა შეიძლება იმ შემთხვევებთან დაკავშირებითაც, როდესაც რელიგია უშუალოდ კონფლიქტის გამღვივებელი არ არის, მაგრამ მისი მეშვეობით ძალთა მობილიზაციას ახდენენ ტერიტორიებისა და ძალაუფლების გასაყოფად წამოწყებულ ბრძოლებში“. რელიგიური სხვაობა დაპირისპირებული მხარეების დროებით დაზავებასაც კი ართულებს. ამის მაგალითია არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი კოსოვოს კონფლიქტი. ფიქრობდნენ, რომ სააღდგომოდ დროებით შეეწყვიტათ ცეცხლი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ კათოლიკეები და მართლმადიდებლები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ ამ რელიგიურ დღესასწაულს. „საბოლოოდ, ეს დროებითი შერიგება არ შედგა“, — აღნიშნავს „იუ–ეს–ეი ტუდეი“.