არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?

ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?

ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?

ზოგისთვის ძილი დროის ფუჭი ხარჯვაა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ათასგვარი საქმიანობითა და გართობით გადატვირთულ გრაფიკს და ძილს მხოლოდ მაშინ ეძლევიან, როდესაც უკვე აღარაფრის თავი არა აქვთ. სხვები კი, რომლებიც ღამეებს თეთრად ათენებენ და ლამის დილამდე წრიალებენ ლოგინში, რას არ გაიღებდნენ, ოღონდ კი ერთი გემრიელად გამოეძინათ.

რატომ უჭირს ზოგს დაძინება, მაშინ როცა სხვები ყველანაირად აჭიანურებენ ამას? რა არის ძილი — ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რა ხდება, როდესაც გვძინავს.

ჩაძინების საიდუმლო

ზუსტად არავინ იცის, რატომ ეთიშება ადამიანი გარე სამყაროს და იძინებს. მკვლევარებისთვის ერთი რამ კი ცხადია: ძილი არის რთული პროცესი, რომელსაც არეგულირებს ტვინი და რომელიც 24-საათიან ბიოლოგიურ რიტმს ექვემდებარება.

როდესაც ვიზრდებით, ძილის პროცესში ცვლილებები ხდება. ახალშობილს ხანმოკლე ძილი აქვს, მაგრამ დღე-ღამეში ის ბევრჯერ იძინებს და, მთლიანობაში, 18-საათიანი ძილი გამოსდის. როგორც სომნოლოგები (ძილის პრობლემების მკვლევარები) იტყობინებიან, მაშინ როცა ზოგ ზრდასრულ ადამიანს სრულიად აკმაყოფილებს სამსაათიანი ძილი, სხვებს გამოსაძინებლად ათი საათი სჭირდებათ.

ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ბიოლოგიურ საათში მომხდარი ცვლილებებითაც შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ უჭირს ზოგ მოზარდს დილით ადგომა. როგორც ჩანს, სქესობრივი მომწიფების დროს ბიოლოგიური საათი წინ იწევს, რის გამოც მოზარდებს უფრო გვიან უნდათ დაწოლა და, შესაბამისად, ადგომაც. ძილის ამგვარი გადავადება გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს და, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ქრება.

ჩვენს ბიოლოგიურ საათს არეგულირებს ქიმიური ნივთიერებები, რომელთაგანაც ბევრის „ვინაობა“ უკვე დადგენილია. ამ ნივთიერებებიდან ერთ-ერთია ჰორმონი მელატონინი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, „საძილე საშუალების“ როლს ასრულებს. მელატონინი გამომუშავდება თავის ტვინში. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს ჰორმონი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც წინ უსწრებს დაძინებას. მელატონინის გამოყოფის დროს სხეულის ტემპერატურა ეცემა, სისხლით ტვინის მომარაგება კლებულობს და კუნთები თანდათანობით დუნდება. რა ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი იდუმალებით მოცულ ძილის სამყაროში მიემგზავრება?

‘ბუნების მსაზრდოებელი’

ჩაძინებიდან დაახლოებით ორ საათში ჩვენი თვალები იწყებს სწრაფ მოძრაობას. ამ მოვლენაზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა ძილი ორ ძირითად ფაზად დაყვეს: სწრაფი ძილი (როდესაც თვალები სწრაფად მოძრაობს) და ნელი ძილი. ნელი ძილი კი, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს ოთხ ფაზად, რომელთა გავლითაც ადამიანი თანდათანობით უფრო და უფრო ღრმა ძილში გადადის. ღამის ჯანსაღი ძილის დროს სწრაფი ძილის ფაზა რამდენჯერმე აღმოცენდება და ისევ ნელ ძილს ენაცვლება.

სიზმრების ნახვა, უმეტესწილად, სწრაფი ძილის დროს ხდება. ამ დროს კუნთები მაქსიმალურად მოდუნებულია, რის წყალობითაც ადამიანი დასვენებული და ძალაგანახლებული იღვიძებს. გარდა ამისა, ზოგი მკვლევარი თვლის, რომ სწორედ ამ ფაზის დროს იბეჭდება ახალშეძენილი ინფორმაცია ჩვენს გრძელვადიან მეხსიერებაში.

ღრმა ძილის დროს (ნელი ძილის მე-3 და მე-4 ფაზებში) არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე მაქსიმალურად ეცემა, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემას დასვენების საშუალებას აძლევს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს. ამასთანავე, ნელი ძილის დროს ხდება ზრდის ჰორმონის ყველაზე დიდი რაოდენობით გამომუშავება — ღამით ზოგი მოზარდის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი 50-ჯერ მეტი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე დღის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ძილი ჩვენს მადაზეც ახდენს გავლენას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილი, როგორც შექსპირმა თქვა, მართლაც „ამ ცხოვრების მონადიმეთა მსაზრდოებელია“. ძილის ნაკლებობას ჩვენი ტვინი აღიქვამს ისე, როგორც საკვების ნაკლებობას. ძილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც, ჩვეულებრივ, ტვინს დანაყრების შესახებ აცნობებს. როდესაც საჭიროზე მეტხანს გვღვიძავს, ორგანიზმში ნაკლები რაოდენობით ლეპტინი წარმოიქმნება და, შედეგად, ნახშირწყლების მიღების დიდი მოთხოვნილება გვიჩნდება. ამგვარად, ძილის ნაკლებობის გამო შეიძლება საჭიროზე მეტი რაოდენობით ნახშირწყლები მივიღოთ და, საბოლოო ჯამში, გავსუქდეთ კიდეც (იხილეთ ჩარჩო „რატომ გვერევა შუადღისას ძილი“, მე-14 გვერდზე).

ძილი და ჯანმრთელობა

ძილის „დამსახურებები“ მხოლოდ ამით როდი ამოიწურება. ძილი ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ უფრო ადვილად გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები — მოლეკულები, რომლებიც, როგორც ცნობილია, უჯრედების დაბერებასა და კიბოს გაჩენასაც კი იწვევს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ამასწინანდელი გამოკვლევის დროს 11 ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცს ექვსი დღის განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა. ექვსი დღის შემდეგ მათი სხეულის უჯრედები 60 წლის ადამიანის უჯრედებივით ფუნქციონირებდა, ხოლო სისხლში ინსულინის დონის მაჩვენებელი ისეთივე იყო, როგორიც დიაბეტით დაავადებულებს აქვთ! ძილის ნაკლებობას სისხლის თეთრი უჯრედებისა და ჰორმონ ჰიდროკორტიზონის წარმოქმნის შეზღუდვაც შეუძლია, რის გამოც ადამიანი შეიძლება ადვილად დაინფიცირდეს ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დასნეულდეს.

ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ძილი აუცილებელია სხეულისა თუ გონების სიჯანსაღისთვის. სტანფორდის (აშშ) უნივერსიტეტთან არსებული ძილის შემსწავლელი პირველი ცენტრის დამაარსებელი, მკვლევარი უილიამ დემენტი თვლის, რომ „ძილი, როგორც ჩანს, უმთავრესი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი“. სან-პაულუში (ბრაზილია) არსებული სომნოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, მკვლევარი დებორა სუშეკი, ამბობს: „ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა ემართება ძილნაკლულ ორგანიზმს, მოერიდებოდნენ იმის თქმას, რომ ძილი — დროის ფუჭი ხარჯვაა ან სიზარმაცის ნიშანი“ (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).

და მაინც, ჩნდება კითხვები: ყოველთვის აღადგენს ძილი ძალებს? რატომ ხდება, რომ ზოგს მთელი ღამე სძინავს, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებს? მომდევნო სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა სახისაა ძილის ზოგი ძირითადი დარღვევა და როგორ შეგიძლიათ ძილის გაუმჯობესება.

[ჩარჩო/სურათი 14 გვერდზე]

გამოუძინებლობის შედეგები

ხანმოკლე შედეგები

▪ თვლემა

▪ გუნების მოულოდნელი ცვლილებები

▪ მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება

▪ შემოქმედებითი თუ სხვადასხვაგვარი საქმის შესრულების, აგრეთვე დაგეგმვის უნარის დაქვეითება

▪ ყურადღების გაფანტვა

ხანგრძლივი შედეგები

▪ გასუქება

▪ ნაადრევი დაბერება

▪ ქრონიკული დაღლილობა

▪ ინფექციებით, დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დასნეულების საფრთხის ზრდა

▪ მეხსიერების ქრონიკული დაქვეითება

[ჩარჩო 14 გვერდზე]

რატომ გვერევა შუადღისას ძილი?

მოგრევიათ ოდესმე უსაშველოდ ძილი სადილობის შემდეგ? ეს ყოველთვის გამოუძინებლობის ბრალი არ არის. თუ შუადღისას გრძნობთ, რომ გეძინებათ, ამაში უჩვეულო არაფერია, ვინაიდან ამ დროს სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად ეცემა. ამასთანავე, მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს ცილა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ძილ-ღვიძილზე. ეს ცილა, რომელსაც უწოდეს ჰიპოკრეტინი, ანუ ორექსინი, წარმოიქმნება ტვინში და ხელს უწყობს ჩვენს მღვიძარე მდგომარეობაში ყოფნას. რა კავშირია ჰიპოკრეტინსა და საკვების მიღებას შორის?

ჭამის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ჰორმონი ლეპტინი, რომელიც დანაყრების გრძნობას გვიქმნის და აკავებს ჰიპოკრეტინის წარმოქმნის პროცესს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტია ჩვენს ტვინში ლეპტინი, მით უფრო ნაკლებია ჰიპოკრეტინი და, შესაბამისად, ძილიც უფრო ადვილად გვერევა. ალბათ, ამით აიხსნება ის, რომ ზოგ ქვეყანაში სამუშაო დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სიესტა — შუადღის შესვენებისას, სადილის შემდეგ, თანამშრომლები ცოტა ხნით იძინებენ.

[სქემა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გამარტივებული დიაგრამა

ძილის ფაზები

ღვიძილი

სწრაფი ძილი

ნელი ძილი

ზერელე ძილი 1

2

3

ღრმა ძილი 4

1 2 3 4 5 6 7 8

ძილის საათები

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

გამოძინება აუცილებელია სხეულისა თუ გონების სიჯანსაღისთვის.

[სურათი 13 გვერდზე]

ძილის დროს ხდება ზრდის ჰორმონის ყველაზე დიდი რაოდენობით გამომუშავება.