არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ბავშვობა

ბედნიერი ბავშვობა

ბედნიერი ბავშვობა

ბედნიერი ბავშვობა, უმთავრესად, სწორ აღზრდაზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რა იგულისხმება სწორად აღზრდაში? ამ საკითხზე, ალბათ, არაერთი რჩევა გსმენიათ — გამოუყავით შვილებს დრო; ყურადღებით მოუსმინეთ; მიეცით საღი და გონივრული რჩევები; თანაუგრძნეთ, გაიზიარეთ მათი სიხარული და ტკივილი; იყავით ნამდვილი მეგობრები და, ამავდროულად, როგორც მშობელი, ნურც ავტორიტეტს დაკარგავთ მათ თვალში. ამ კარგად ნაცნობი რჩევების გათვალისწინება, რასაკვირველია, დიდ სამსახურს გაუწევს მშობლებს, მაგრამ ყოველივე ამის გარდა, არის რაღაც კიდევ უფრო არსებითი და მნიშვნელოვანი — ის, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მილიონობით მშობელი საკუთარმა გამოცდილებამ ერთ რამეში დაარწმუნა: თუ გვინდა, რომ ბავშვი სწორად აღვზარდოთ, აუცილებელია ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა. რატომ? იმიტომ, რომ ოჯახს თვითონ ბიბლიის ბრძენმა ავტორმა, იეჰოვა ღმერთმა, ჩაუყარა საფუძველი (დაბადება 1:27, 28; 2:18—24; ეფესელთა 3:15). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია დავასკვნათ, რომ მისი შთაგონებით დაწერილი წიგნი საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგვიწევს ბავშვების აღზრდის საკითხში. ნუთუ შეუძლია საუკუნეების წინათ დაწერილ წიგნს, ბიბლიას, დაგვეხმაროს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ისეთი პრობლემის გადაჭრაში, როგორიცაა ბავშვებისთვის ბავშვობის წართმევა? განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.

„ბავშვთა სვლით“

ისაკის ძე, იაკობი, მრავალი შვილის მამა იყო. ბიბლიამ შემოგვინახა მის მიერ წარმოთქმული გონივრული სიტყვები; როცა ოჯახთან ერთად გრძელ გზას უნდა დასდგომოდა, მან თქვა: „ბავშვები სათუთნი არიან . . . იაროს ჩემმა ბატონმა [ესავმა, იაკობის უფროსმა ძმამ] თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა . . . ბავშვთა სვლით“ (დაბადება 33:13, 14).

იაკობმა იცოდა, რომ მისი შვილები უფროსებს ვერ გაუტოლდებოდნენ. ისინი სათუთნი ანუ უფრო პატარები და სუსტები იყვნენ და უფრო მეტ მზრუნველობას საჭიროებდნენ. მან შვილებს კი არ დააძალა, უფრო ჩქარა ევლოთ, არამედ თვითონ შეანელა სვლა. იაკობის ასეთი საქციელი ღვთის მიერ თავისი მიწიერი შვილებისადმი გამოვლენილი სიბრძნისა და გულისხმიერების ანარეკლი იყო. ჩვენს ზეციერ მამას ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. იგი არასდროს ითხოვს ისეთი რამის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება (ფსალმუნები 102:13, 14).

მსგავს სიბრძნეს ზოგი ცხოველიც კი ირეკლავს, რაც იმით აიხსნება, რომ ღმერთმა მათში „ინსტინქტური სიბრძნე“ ჩადო (იგავები 30:24, აქ). მაგალითად, ნატურალისტებმა შენიშნეს, რომ სპილოების მთელი ჯოგი ანელებს სვლას, თუ მათ შორის „ბავშვი-სპილო“ იმყოფება, და ყველა მის პატარა ნაბიჯებს უწყობს ფეხს, რათა იგი უფროსებს არ ჩამორჩეს.

თანამედროვე საზოგადოებაში ზოგი საერთოდ არ ცნობს ღვთიურ სიბრძნეს, მაგრამ თქვენ ნუ მიჰბაძავთ მათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი „სათუთია“ და უფროსივით არ შეუძლია დიდი პასუხისმგებლობებისა თუ საზრუნავის ტვირთვა. მაგალითად, თუ მარტოხელა მშობელი ხართ და რთული პირადული პრობლემების წინაშე დგახართ, ხომ არ მიგიწევთ გული შვილისკენ, რათა მას გაანდოთ საწუხარი? თუ ასეა, ყველანაირად ეცადეთ, რომ სძლიოთ ამ სურვილს. უმჯობესია, გულისტკივილი გაუზიაროთ სრულასაკოვან, მოწიფულ მეგობარს — სასურველია მას, ვინც ბიბლიის გონივრული რჩევების გამოყენებაში დაგეხმარებათ (იგავები 17:17).

გარდა ამისა, ყურადღება იმასაც მიაქციეთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრების ტემპი თავბრუდამხვევი არ გახდეს ან მისი დღის განრიგი იმდენად გადატვირთული და ზედმიწევნით დაგეგმილი არ იყოს, რომ მას დრო აღარ რჩებოდეს ბავშვური გართობებისთვის. ნუ აიძულებთ ბავშვს, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს აჰყვეს. ნაცვლად ამისა, დაეხმარეთ მისთვის მიზანშეწონილი ტემპის შერჩევაში. ბიბლია ბრძნულ რჩევას გვაძლევს: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომაელთა 12:2, ფილიპსის თარგმანი).

ყოველივეს თავისი დრო აქვს

ბიბლიაში სხვა ბრძნული პრინციპიც არის მოცემული: „ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ“. რა თქმა უნდა, სამუშაოსა და სხვადასხვა საქმესაც თავისი დრო აქვს. ბავშვებსაც ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი — იქნება ეს საშინაო დავალებების შესრულება, საოჯახო საქმეები თუ სულიერ საქმიანობებში მონაწილეობა. მაგრამ ბიბლიიდან ზემოთ ციტირებული მონაკვეთი ამით როდი მთავრდება. იქვე ნათქვამია, რომ ‘სიცილისა და ცეკვის’ ჟამიც არსებობს (ეკლესიასტე 3:1, 4).

ბავშვებს თამაშისა და სიცილის განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ. მათ სურთ, მართლაც რომ ბავშვური უზრუნველობით დახარჯონ მოზღვავებული ენერგია. თუ მათი დღის განრიგი მხოლოდ სკოლით, გაკვეთილების შემდგომი საქმიანობებითა და სხვა სერიოზული დავალებებით შემოიფარგლება, ისინი ვერ დაიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებას. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გააღიზიანოს და უზომოდაც კი დაადარდიანოს ისინი (კოლასელთა 3:21).

ზემოთ მოყვანილი ბიბლიური პრინციპი სხვა კუთხითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვობა ბავშვად ყოფნის დროა? თქვენ, ალბათ, იზიარებთ ამ მოსაზრებას, მაგრამ თქვენი შვილები შეიძლება ყოველთვის არ დაეთანხმონ ამ აზრს. პატარა ბიჭები და გოგონები, ხშირად, უფროსებს ჰბაძავენ. გოგონებს ზოგჯერ ძალიან უნდათ დიდი ქალებივით ეცვათ და გამოიყურებოდნენ. ნაადრევმა სქესობრივმა მომწიფებამ ბავშვს შეიძლება კიდევ უფრო გაუძლიეროს იმის სურვილი, რომ დიდი ადამიანივით გამოიყურებოდეს.

გონიერ მშობლებს ესმით, რომ ეს სახიფათო ტენდენციაა. ჩვენს დეგრადირებულ მსოფლიოში ზოგი სარეკლამო რგოლი და გასართობი პროგრამა ბავშვების ისე წარმოჩენას ცდილობს, თითქოს ისინი ნაადრევად ჩამოყალიბებული არიან და უკვე გაღვიძებული აქვთ სექსუალური გრძნობები. მაკიაჟი, სამკაულები და გამომწვევი ჩაცმულობა დღეს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პატარებში. მაგრამ ნუთუ გონივრულია, რომ ჩვენი შვილები უფრო თვალში მოსახვედრები გავხადოთ იმ გაუკუღმართებული ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიწიერი ვნებების დასაკმაყოფილებლად ბავშვებზე ნადირობენ? როდესაც მშობლები ეხმარებიან შვილებს იმაში, რომ თავიანთი ასაკის შესაფერისად ჩაიცვან, ამით ისინი სხვა ბიბლიურ პრინციპსაც იცავენ: „გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება, ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან“ (იგავები 27:12).

მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი: თუ ბავშვს ნებას დავრთავთ, რომ სპორტი მისთვის უმთავრეს მისწრაფებად იქცეს, მისმა ცხოვრებამ შეიძლება ქაოსური ხასიათი მიიღოს და ვეღარ შეძლოს ‘ყველაფრისთვის თავისი დროის’ გამოყოფა. ბიბლიაში გონივრული შეგონებაა ჩაწერილი: «ხორციელი წვრთნა ნაკლებად [„მეტ-ნაკლებად“, აქ] სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც» (1 ტიმოთე 4:8).

ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბავშვს არ დაუმახინჯდეს აზროვნება ასეთი შეხედულებით: „მოგება უმთავრესია“. მრავალი მშობელი შვილებს შეჯიბრების დაუოკებელ ჟინს უღვივებს და ჩააგონებს, რომ მათ ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვონ. ამის გამო სპორტული ღონისძიებები და თამაშები ბრძოლის ველს უფრო ემსგავსება, ვიდრე გართობას. გამარჯვების მანიით შეპყრობილი ზოგი ბავშვი ტყუილსაც არ თაკილობს და შეიძლება სხვა მოთამაშეებიც დააშავოს. ასეთ გამარჯვებას ნამდვილად არა აქვს ფასი!

დაეხმარეთ მოთმინების სწავლაში

ბავშვებისთვის ხშირად საკმაოდ რთულია იმის სწავლა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც მათ რაიმე უნდათ, ძალიან უჭირთ მოთმინებით ლოდინი. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს დღევანდელ საზოგადოებაში არსებული სხვა ტენდენციაც: ადამიანებს ყველა სურვილის მომენტალურად დაკმაყოფილება სურთ. გართობის ინდუსტრია ხშირად ასეთი იდეით კვებავს ხალხის გონებას: „თუ რამე გულით გინდა, ნუ მოიცდი — ნურაფერს მოიკლებ!“.

ნუ გაებმებით ასეთი პროპაგანდის მახეში — ნუ გაანებივრებთ და ნუ გარყვნით შვილებს! „თუ ადამიანს ესმის, რომ რაიმე სურვილის დაკმაყოფილებას დრო და მოთმინება სჭირდება, ეს მისი ემოციური მოწიფულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, — ვკითხულობთ წიგნში „ბავშვი და კომპიუტერული სამყარო“. იქვე აღნიშნულია: „თვითდისციპლინა და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი — ეს არის სკოლაში თუ მის გარეთ ბავშვებს შორის არსებულ მზარდ ძალადობასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება“. ბიბლიაში ერთი მეტად სასარგებლო პრინციპია ჩაწერილი: «ვინც თავის მონას [„მსახურს“, აქ] ანებივრებს სიყმაწვილიდან, საბოლოოდ ის მონა პატრონად იქცევა [„უმადური გახდება“, აქ]» (იგავები 29:21). თუმცა ეს ბიბლიური მუხლი ახალგაზრდა მსახურებისადმი ბატონის მოპყრობაზე საუბრობს, მრავალი მშობელი თავად დარწმუნდა, რომ ამ პრინციპის გამოყენება ძალიან სასარგებლოა შვილებთან მიმართებაშიც.

სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელია ბავშვის აღზრდა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). სიყვარულით დარიგება ბავშვებს თავშეკავებულობისა და მოთმინების გამომუშავებაში დაეხმარება. ეს თვისებები კი მათ გაუადვილებს ცხოვრებაში ბედნიერებისა და კმაყოფილების პოვნას.

ბედნიერ ბავშვობას მალე ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს

ჩვენი განხილვის შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვა დაგებადოთ: ნუთუ ბრძენ და მოსიყვარულე ღმერთს, რომელმაც ეს სასარგებლო პრინციპები მოგვცა, სურდა, რომ ასეთ მსოფლიოში გვეცხოვრა? ნუთუ მას უნდოდა, რომ ბავშვები გაზრდილიყვნენ გარემოში, რომელიც ხშირად არათუ ხელს უწყობს კარგ ადამიანებად მათ ჩამოყალიბებას, არამედ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ათასგვარ ხიფათს უმზადებს? ალბათ, ნუგეშს მოგგვრით იმის გაგება, რომ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს, ძალიან უყვართ ადამიანები, მათ შორის ნებისმიერი ასაკის ბავშვი. მალე ისინი ყოველგვარ ბოროტებას აღმოფხვრიან დედამიწაზე (ფსალმუნები 36:10, 11).

როგორ წარმოგიდგენიათ ეს მშვიდობიანი და ბედნიერი დრო? მოდი გონებაში წარმოვისახოთ ბიბლიაში ლამაზი ენით დახატული ეს სურათი: „მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6). დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც ხშირად ასე უმოწყალოდ უმსხვრევს და ართმევს პატარებს ბავშვობის ლამაზ წლებს, დიდი ნუგეში მოაქვს ღვთის დანაპირებს, რომლის თანახმადაც ადამიანებს შესანიშნავი მომავალი ელით დედამიწაზე! ცხადია, ჩვენს შემოქმედს არ სურს, რომ პატარებს თვალსა და ხელს შუა უქრებოდეთ ბავშვობა და არც ის უნდა, რომ უფროსები ართმევდნენ მას. მისი განზრახვაა, ბავშვობა სიცოცხლის ბედნიერი და მხიარული წლები იყოს.

[სურათი 8 გვერდზე]

ნუ დატვირთავთ შვილს თქვენი პირადი პრობლემებით; უმჯობესია, მოწიფულ მეგობარს გაუზიაროთ საწუხარი.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ბავშვებს თამაშის მოთხოვნილება აქვთ.