მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ნაგავი უღრმესი მადლობა დროული სტატიების სერიისთვის „ნაგავი — არსებობს გამოსავალი?“ (8 ოქტომბერი, 2002). როდესაც განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობ, ადვილია, აჰყვე «„მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულებას». თქვენმა სტატიამ დამაფიქრა იმაზე, თუ რა საშიშროება მოჰყვება ასეთ აზროვნებას. ამიერიდან, სანამ რამის გადაგდებას დავაპირებ, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი.
ჯ. ბ. (შეერთებული შტატები).
დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატიები ნაგვის პრობლემის შესახებ. კარგა ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი დიდ კორპუსში, რომელსაც რამდენიმე დიდი სანაგვე ურნა ჰქონდა. ერთხელ, გარეთ სეირნობისას, სავსე ურნის თავზე სრულიად ახალთახალი ყავის ასადუღებელი შევნიშნე. მანამდე კი, ორ ბიჭს სანაგვეში ოქროს საათი უპოვია. გავოგნდი, თურმე რას არ იპოვიდი ამ ნაგვის ყუთებში! ახლა ამ ურნებზე გაკეთებულია გამაფრთხილებელი წარწერა: „ნაგავში ქექვა აკრძალულია“.
ბ. ქ. (შეერთებული შტატები).
პლასტიკური ოპერაცია მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „გავიკეთო პლასტიკური ოპერაცია?“ (8 სექტემბერი, 2002), რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“. მე 14 წლის ვარ. სკოლაში ზოგი მოსწავლე დამცინის ჩემი გარეგნობის გამო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გარეგნობა აუცილებლად უნდა შემეცვალა. ეს სტატია დამეხმარა ჩემი ნამდვილი აღძვრების გაანალიზებაში და იმის გაგებაში, რომ არასწორად ვუყურებდი ამ საკითხს. იეჰოვასთვის ხომ ჩვენი შინაგანი სილამაზეა მნიშვნელოვანი!
კ. ტ. (საფრანგეთი).
ორიოდე თვის წინ მე და ჩემი თანამშრომელი საუბრისას პლასტიკურ ოპერაციებს შევეხეთ. მან აღნიშნა, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მიუღებელი უნდა ყოფილიყო იმის გამო, რომ ამით ადამიანი შემოქმედისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა. იმ დროისთვის კონკრეტულად ეს საკითხი ჯერ არ ყოფილა გაშუქებული ჩვენს პუბლიკაციებში, მაგრამ თანამშრომელს ვუთხარი, რა ბიბლიური პრინციპების გამოყენება შეიძლებოდა ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ვნახე, რომ ეს პრინციპები ამ სტატიაში მოიხსენიებოდა. როდესაც სტატია მას ვუჩვენე, ძალიან გაუხარდა.
მ. რ. (შეერთებული შტატები).
საღებავი მას მერე, რაც წავიკითხე სტატია „შეალამაზეთ სახლი ახალი საღებავით“ (8 სექტემბერი, 2002), უფრო გამიადვილდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ სახლი შემეღება. ჩემთან ერთად ჩემი ბიუჯეტიც „გემადლიერებათ“ ამ სტატიისთვის!
რ. მ. (შეერთებული შტატები).
მიმზიდველობა მე 21 წლის ვარ. განუწყვეტლივ ვებრძვი იმ აზრს, რომ შეუხედავი ვარ. ჩემს განცდებს საუკეთესოდ აღწერს ტაილერი, რომლის სიტყვებიც მოყვანილია რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „როგორ გავხდე უფრო მიმზიდველი?“ (8 აგვისტო, 2002). ამ სტატიაში მოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული პრაქტიკული რჩევები ჩემთვის სწორედ რომ მისწრება იყო. გმადლობთ ამ და სხვა პუბლიკაციებისთვის — მათში თქვენ ყოველთვის სთავაზობთ დახმარებას ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საზარელ ქვეყნიერებაში უამრავ პრობლემას აწყდებიან. ჩემგან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ მივყვე ამ რჩევებს.
პ. ლ. (ზამბია).
ლოცვა მინდა მთელი გულით გადაგიხადოთ მადლობა სტატიისთვის „ლოცვები, რომლებსაც ღმერთი ისმენს“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 სექტემბერი, 2002). იმ დღეს, როდესაც ეს სტატია წავიკითხე, ძალიან გულდამძიმებული ვიყავი. ნამდვილად შემმატა ძალები ესაიას 41:10-ში ჩაწერილმა სიტყვებმა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ იეჰოვა მაძლიერებს არა მხოლოდ მე, არამედ სხვებსაც და ესმის ჩვენი ყველა ლოცვა, ჩვენი ფიქრებიც კი! 20 წელია, რაც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ვცხოვრობ. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ 30 წელზე მეტია ქრონიკული დაავადებით ვიტანჯები. უღრმესი მადლობა ამ შესანიშნავი ჟურნალებისთვის. ისინი ძალას მმატებს, რომ განვაგრძო არჩეული გზით სვლა.
დ. გ. (გერმანია).