ტყე-ველების მკვიდრი ეკლიანი „ჯავშნოსანი“
ტყე-ველების მკვიდრი ეკლიანი „ჯავშნოსანი“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან
ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში მოჩუხჩუხე მდინარე ტაინის ხეობას თეთრი ნისლი ჩამოაწვა. მდუმარე ცაში შორს გაისმის ჭილყვავების ჩხავილი. ტყიან ადგილას გაკვალულ ბილიკს მივუყვებოდი, როდესაც ჩამოცვენილი წითელ-ყვითელ-ყავისფერი ფოთლების თვალისმომჭრელ ტრიოში რაღაცამ გაიფაჩუნა და ჩემი ყურადღება მიიპყრო. თვალი მოვკარი ორ პაწაწინა მოკლე უკანა ფეხს — ისინი გაუჩინარდა მშრალ ნაპრალში ნაკადულის ახლოს, რომელიც ბილიკის გასწვრივ მიედინებოდა.
ეს ადგილი უფრო ახლოს შევათვალიერე და დავინახე ზღარბუნია, რომელიც საგულდაგულოდ იმზადებდა „აპარტამენტებს“ — პატარა სოროს, რომელსაც ზამთრის ძილის დროს თავს შეაფარებს. მას უკვე დაუფენია აქ ფოთლები, ხმელი ბალახი და გვიმრები. სუსხიან ზამთარში ის ამ თბილ „საწოლში“ იქნება მოყუჩებული.
არ შევმცდარვარ — ეს მართლაც ბორცვების, მინდვრებისა და ტყიანი ადგილების მკვიდრი საყვარელი პატარა ზღარბია. მისი თავი და ყელი უხეში მოყავისფრო-მოთეთრო ბალნითაა დაფარული. მაგრამ მას სხვა უჩვეულო სამოსიც აქვს — ესაა ყვითელწვეტებიანი ეკლების დამცავი „ჯავშანი“. ჯგუფ-ჯგუფად გაერთიანებული დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი ბასრი ეკლები სხივების მსგავსად არის ამოშვერილი უხეში ბეწვიდან და მის სხეულს ფარავს. ყოველ ეკალზე, რომელიც თითქმის სხეულის პარალელურად ეზრდება, 22-დან 24-მდე გასწვრივი ღარია. ყოველი ეკალი ფუძესთან ახლოს უფრო ვიწროა და მკვეთრად იხრება. ამ თავისებურების წყალობით, სიმაღლიდან ძირს დაცემის შემთხვევაში, ზღარბი უვნებელი დარჩება, რადგან ეკლები ზუსტად ისე აქვს დახრილი, რომ არ შეერჭოს. რა შესანიშნავად არის მოფიქრებული!
თუ ზღარბი რაღაცამ შეაშფოთა, ის თავდაცვით პოზიციაში დგება — ბურთივით იკუნტება. ძლიერი მუსკულატურა, ტყავის რბილ ჩანთაში გაყრილი ზონრის მსგავსად, მის ეკლიან საფარველს
ყველა მხრიდან ჭიმავს. ეს დამცავი „ჯავშანი“ ფარავს მის თავს, კუდს, ფეხებსა და მუცელს. ამ თავდაცვით პოზიციაში ცხოველს კარგა ხნის განმავლობაში შეუძლია დარჩენა.როცა ბინდდება, ზღარბი, ჩვეულებრივ, სასუსნავს ეძებს. მწერებისა და მატლების გარდა მის ვახშმის მენიუში შეიძლება შედიოდეს თაგვები, ბაყაყები, ვირთხები, ხვლიკები და, შიგადაშიგ, თხილი და კენკროვანები. ზღარბს მახვილი სმენა აქვს. ის კარგი ყნოსვითაც გამოირჩევა, რაზეც მეტყველებს მისი წაწვეტებული დინგი და სველი ნესტოები.
მტრები — „შინაური“ და „გარეული“
თუ არ ჩავთვლით მელიებსა და მაჩვებს, ბუნებაში ზღარბებს ძალიან ცოტა მტერი ჰყავთ. მაჩვს ადვილად შეუძლია, გაშალოს ზღარბი თავისი ძლიერი კლანჭებით ისე, რომ ეკლები ვერას ავნებს. რამდენჯერმე მინახავს ზღარბის ტყავი — როგორც ჩანს, ვახშმობისას მაჩვმა მხოლოდ მასზე თქვა უარი. მელას კი, რაკი არ შეუძლია ეკლიან „ჯავშანთან“ შერკინება, ცდილობს წყალში ჩააგოროს ზღარბი, სადაც ის თუ არ გაიშლება, დაიხრჩობა. მაგრამ ზღარბი კარგი მოცურავეა და იმის დიდი შანსი აქვს, რომ მელას დაუძვრეს და ცურვა-ცურვით ნაპირს მიაღწიოს, სადაც ქვებს შორის ან სადმე სოროში შეაფარებს თავს.
ბოშები და ზოგიერთი სოფლის მკვიდრნი ჭამენ თიხაში შემწვარ ზღარბებს. როდესაც თიხა შეგრილდება და მას აშორებენ, ეკლები თიხას მიყვება და რჩება შემწვარი ხორცი — „საუცხოო დელიკატესი“, როგორც ამას აღწერს ჟან-პოლ კლებერი თავის წიგნში „ბოშები“. დღეს ხშირად შეიძლება ერთობ სამწუხარო სურათის ხილვა: ზღარბებისა, რომლებიც მანქანებით არიან გატანილი. ამ ცხოველების ვნება განსაკუთრებით ადვილია მაშინ, როცა ისინი ზამთრის
ძილისგან იღვიძებენ, რადგან ამ დროს საკვების ძიებაში არიან. თუკი ზღარბი ყველა თავის მტერს, „შინაურს“ თუ „გარეულს“, გადაურჩა, მას შეუძლია ექვს წლამდე იცოცხლოს და სიგრძეში 25 სანტიმეტრამდე გაიზარდოს.გამრავლება, ზამთრის ძილი და საკვების ძიება
მამრი და მდედრი ზღარბები მაისსა და ივლისს შორის წყვილდებიან და ამ პერიოდის ბოლოს მეორეჯერაც ასწრებენ „დაქორწინებას“. ზღარბი ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში მაკეობს და შემდეგ შობს სამ-ოთხ ნაშიერს, რომელთა წონა 30 გრამზე ნაკლებია. პირველი ორი კვირის განმავლობაში ბრმა და ყრუ ზღარბუნიები განსაკუთრებით უმწეოები არიან. შემდეგ, მათი რბილი ბალანი თანდათანობით ეკლებით იცვლება. მათ უკვე მთლიანად დაგორგოლავებაც შეუძლიათ. მანამდე კი, სანამ ყველა ამ ხელოვნებას დაეუფლებიან, თუკი რაღაც საშიშროებას იგრძნობენ, მოულოდნელად ჰაერში ხტებიან და სისინის მსგავს მკვეთრ ხმას გამოსცემენ. ეს უცაბედი მანევრი ბევრ მტაცებელს აშინებს.
თბილ თვეებში კვების დროს დაგროვილი ცხიმი ზღარბს ზამთრის ძილის პერიოდში გამოადგება. ამ დროს მისი სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და სუნთქვაც იმდენად უნელდება, რომ ძნელად შესამჩნევი ხდება. ზღარბს აქვს სპეციალური ჯირკვალი, რომელიც ძილქუშის დროს სხეულის ტემპერატურას უკონტროლებს. თუკი ძილის დროს სხეულის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, ეს ჯირკვალი ხელს უწყობს სხეულის გათბობას, რათა ზღარბმა გაიღვიძოს და უფრო თბილი და მყუდრო ბინა იპოვოს. ზამთრის ძილის დროს ზღარბი ბოლომდე არ ეთიშება გარე სამყაროს. თუკი მის მახლობლად რამე გაისმა, ის იჭერს ამ ხმას და საპასუხოდ ცოტათი ინძრევა.
თუკი ზღარბი ბაღში მომწყვდეული აღმოჩნდა, კედელზე, ღობეზე ან თუნდაც წყალსადინარის მილზე აძვრება, ოღონდაც კი თავი დააღწიოს იქაურობას, რადგან საკვების საძიებლად მას დიდი არემარე სჭირდება. ამიტომაც, ის გარეულ ცხოველად რჩება და მისი მოშინაურება ძნელია. მისთვის ბუნებაში ყოფნა კიდევ იმიტომაც ჯობია, რომ ბევრი რწყილი ჰყავს. ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ეს სიმპათიური მოგზაურები დიდი ბრიტანეთის ბუნებას თავისებურ სილამაზეს სძენენ, რის გამოც მე ყოველთვის ვმადლობ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს.
[სურათი 15 გვერდზე]
დაგორგოლავებული ზღარბი.
[სურათი 16 გვერდზე]
ილუსტრაცია ბეატრიქს პოტერის საბავშვო წიგნიდან „ამბავი მისის ტიგი-უინკლისა“, რომელიც 1905 წელს გამოიცა.
[სურათი 16 გვერდზე]
ერთი კვირის ზღარბი (ჩვეულებრივი).
[სურათები 17 გვერდზე]
სამხრეთ-აფრიკული ზღარბი (Atelerix albiventris)