წართმეული ბავშვობა
წართმეული ბავშვობა
მოქუფრული ცის ქვეშ მომცრო, ერთძრავიანი თვითმფრინავის გრუხუნი ისმის. იგი სიჩქარეს ავითარებს და მალე ასაფრენ ბილიკს სწყდება. აქვე მასმედიის წარმომადგენლები შეკრებილან. ფოტოკორესპონდენტები თავიანთ ფოტოაპარატებს წამითაც არ აძლევენ მოსვენებას, აღფრთოვანებული ჟურნალისტებისგან კი უწყვეტ ნაკადად მოედინება კითხვები და კომპლიმენტები. საინტერესოა, ვინ იყო ყურადღების ცენტრში? არა, ეს აჟიოტაჟი არ გამოუწვევია თვითმფრინავში მყოფ ერთადერთ უფლებამოსილ პილოტს და არც მის ერთადერთ მგზავრს — უკვე მოწიფულ მამაკაცს. ცნობისმოყვარეობის ობიექტი მგზავრის შვიდი წლის გოგონა იყო.
სწორედ ამ პატარა გოგონას უნდა ემართა თვითმფრინავი. მისი მიზანი არსებული რეკორდის მოხსნა და ახლის დამყარება იყო, თანაც ზუსტად უნდა მიჰყოლოდა წინასწარ დადგენილ განრიგს. ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს უნდა გადაენაცვლათ იმ ადგილებზე, სადაც კი თვითმფრინავის მორიგი დაშვება იყო დაგეგმილი. ცუდი ამინდის მიუხედავად პილოტმა, გოგონამ და მისმა მამამ მხნედ ააბიჯეს თვითმფრინავში. ბავშვს ბალიში დაუდეს, რათა ხელსაწყოთა დაფას მხედველობის არე არ დაეფარა; ფეხებზე კი სპეციალური მოწყობილობა მიაბეს, პედლებს თავისუფლად რომ მისწვდომოდა.
სამწუხაროდ, ფრენა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ჰაერის მძლავრ ტურბულენტურ ნაკადში მოულოდნელად მოხვედრილმა თვითმფრინავმა მიმართულება იცვალა, დაკარგა ამწევი ძალა და მიწას დაასკდა. სამივე ადამიანი დაიღუპა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ხოტბა-დიდებას თავი ანებეს და უმალ მომხდარი ტრაგედიის გაშუქება დაიწყეს. მასმედიამაც ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი ამ უბედურების დატრიალებაში? სწორედ ასეთი შეშფოთება გამოთქვა ზოგიერთმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა. ბევრმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ბავშვებისთვის საერთოდ აეკრძალათ თვითმფრინავის მართვა. შეერთებულ შტატებში მიიღეს რამდენიმე კანონი, რომელთა თანახმადაც არასრულწლოვნებს მეტად აღარ ჰქონდათ თვითმფრინავის მართვის უფლება. მაგრამ ამ სენსაციური ამბისა და, ერთი შეხედვით, ასე ადვილად მოგვარებული პრობლემის უკან გაცილებით ღრმა შინაარსის საკითხები იმალება.
ამ ტრაგედიამ ზოგი სერიოზულად დააფიქრა ჩვენი დღეებისთვის დამახასიათებელ ერთ ტენდენციაზე: ბავშვებს ხშირად უფროსები ართმევენ ბავშვობას; ისინი ადრეულ
ასაკშივე ჰკიდებენ მათ იმ ტვირთს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანები ატარებენ. რა თქმა უნდა, შედეგები ყოველთვის არ არის ისე ტრაგიკული, როგორც ზემოთ მოხსენიებულ შემთხვევაში, მაგრამ მათ სერიოზული და ხანგრძლივი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ახლა კონკრეტულად ვნახოთ, რანაირად ართმევენ უფროსები ბავშვებს ბავშვობას.განათლება ჩქაროსნული მეთოდით
გასაგებია, რომ მშობლებს ყოველთვის ძალიან ახარებთ შვილების წარმატება. მაგრამ, თუ შვილის წარმატებაზე ფიქრი მათ მოსვენებას უკარგავს, მშობლებმა შეიძლება მეტისმეტად დატვირთონ ბავშვები და ძალიან ადრეულ ასაკში უზომოდ დიდი მოთხოვნები წაუყენონ მათ. თავიდან შეიძლება ყველაფერს უწყინარი სახე ჰქონდეს. მაგალითად, ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ მშობელს უჩნდება იმის სურვილი, რომ მათი შვილები გაკვეთილების შემდეგ სპორტულ წრეებზე ან მუსიკალურ სკოლებსა და ცეკვის სტუდიებში დადიოდნენ. ხშირად კი ამას კერძო მასწავლებლის გაკვეთილებიც ემატება.
რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ ბავშვს ხელი შევუწყოთ შესაძლებლობებისა თუ ნიჭის უკეთ გამოვლენაში, მაგრამ ამ დროს გადამეტებული გულმოდგინების გამოჩენის საშიშროებაც არსებობს. ამის მაგალითია ზოგი ბავშვი, რომლებსაც უფროსებზე არანაკლები საზრუნავი აქვთ და მათსავით უწევთ ცხოვრების ჭაპნის ზიდვა. ჟურნალ „ტაიმში“ ვკითხულობთ: «იყო დრო, როცა ბავშვებს მართლაც ჰქონდათ ბავშვობა, ახლა კი იძულებული არიან, მკაცრად განსაზღვრულ განრიგს მისდიონ. ბავშვები, რომლებიც ბავშვური სილაღით უნდა ანცობდნენ და ცელქობდნენ, ახლა მუშა ფუტკრებივით ირჯებიან და „დიადი“ მიზნებისკენ ისწრაფვიან».
ზოგი მშობელი მოელის, რომ მათი შვილები თავის დროზე ცნობილი სპორტსმენები, მუსიკოსები ან კინოვარსკვლავები გახდებიან. ზოგჯერ პატარები ჯერ კიდევ დედის მუცელში არიან, როცა მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წერენ მათ იმ იმედით, რომ მომავალში წარმატების უფრო მეტი შანსი ექნებათ. გარდა ამისა, ზოგი მომავალი დედა ეწერება ეგრეთ წოდებულ „მშობიარობამდელ უნივერსიტეტებში“, სადაც ჯერ არშობილი პატარების მუსიკალურ განათლებაზე ზრუნავენ. მიზანი ჩვილის გონებრივი შესაძლებლობების სტიმულირებაა.
ზოგიერთ ქვეყანაში ექვს წლამდე ასაკის ბავშვების კითხვის უნარისა და მათემატიკური ნიჭის შეფასებას ახდენენ. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი პრაქტიკა ემოციურ ზიანს აყენებს პატარებს. მაგალითად, რა დაემართება იმ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში „ჩაიჭრება“? როგორც წიგნ „დაჩქარებული ბავშვობის“ ავტორი, დეივიდ ელკაინდი, შენიშნავს, მოსწავლეებს სკოლები ნაჩქარევად და ძალიან ადრეულ ასაკში ყოფენ გარკვეულ კატეგორიებად. ელკაინდის აზრით, ამით სკოლები იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ სწავლება უფრო ეფექტური გახადონ, არამედ თვითონ იადვილებენ სამუშაოს.
როგორ ფიქრობთ, მოაქვს თუ არა უარყოფითი შედეგები ზრდადასრულებული ადამიანის უღელში ბავშვების ნაადრევად შებმას? ელკაინდი შეშფოთებულია დღევანდელ საზოგადოებაში არსებული ტენდენციით, სადაც მიღებულია დიდი ადამიანების საზრუნავით პატარების გადატვირთვა. იგი ამბობს: «ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ უკვე „ნორმალურ მოვლენად“ მიგვაჩნია, თუკი მოზარდებს თანამედროვე ცხოვრების სულ უფრო მზარდ და გაუსაძლის სტრესებს მოვახვევთ თავს». წარმოდგენები იმის შესახებ,
თუ რა არის ნორმალური და მისაღები ბავშვებისთვის, მართლაც ძალიან სწრაფად იცვლება.გამარჯვების მანია
ბევრ მშობელს, როგორც ჩანს, ნორმალურად და სასურველადაც კი მიაჩნია შვილებისთვის იმის ჩაგონება, რომ მოგება — განსაკუთრებით სპორტულ ღონისძიებებში — უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ცხოვრებაში. ოლიმპიური მედლის მოპოვება დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მიზნად დასახული. მომავალში რამდენიმე წამით დიდების მწვერვალზე ყოფნისა და კარგი ცხოვრებით უზრუნველყოფის მიზნით ზოგ ბავშვს თითქმის, ან საერთოდ, არ აცდიან ბავშვობით გახარებას.
ავიღოთ, მაგალითად, ტანმოვარჯიშე გოგონები. ისინი ადრეული ასაკიდანვე მკაცრ რეჟიმში არიან და მათი ნაზი ორგანიზმი ძლივს უძლებს უზარმაზარ ფიზიკურ დატვირთვას. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსასვლელად ისინი წლების განმავლობაში გადიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას. გამარჯვებას კი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთეულები მოიპოვებენ. საინტერესოა, რა დასკვნამდე მივლენ ისინი, რომლებიც წაგებულთა შორის აღმოჩნდებიან — ჩათვლიან თუ არა, რომ მართლაც ღირდა ამ ყველაფრისთვის ბავშვობისა და მოზარდობის წლების შეწირვა? არათუ დამარცხებულებს, დროთა განმავლობაში შეიძლება გამარჯვებულებსაც გაუჩნდეთ ეჭვები ამასთან დაკავშირებით.
ამ პატარა გოგონებს ბავშვობით გახარებას არ აცდიან; მთელი მათი გონებრივი შესაძლებლობები მხოლოდ ერთი რამისკენ არის მიმართული: მათგან სპორტის სუპერვარსკვლავი უნდა გამოვიდეს. ამასობაში კი, მათი ფიზიკური განვითარება შეიძლება შეფერხდეს გადამეტებული ვარჯიშის გამო. ზოგ გოგონას ძვლების ნორმალური განვითარებაც კი უფერხდება. არც კვების მოშლილობა წარმოადგენს იშვიათ მოვლენას. არის შემთხვევები, როცა სქესობრივი მოწიფულობაც იგვიანებს (ზოგჯერ რამდენიმე წლითაც კი). მაგრამ ბევრი გოგონა დღეს სრულიად საწინააღმდეგო პრობლემის წინაშე დგას: ისინი ნაადრევად მწიფდებიან სქესობრივად (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).
ბავშვები, რომლებსაც ბავშვობის გარდა ყველაფერი აქვთ
როგორც გართობის ინდუსტრია ირწმუნება, თუ გვინდა, რომ შვილებს იდეალური ბავშვობა ვაჩუქოთ, ისინი ფუფუნებაში უნდა ვაცხოვროთ და ყოველმხრივ უნდა გავანებივროთ. ზოგჯერ მშობლები თავდაუზოგავად მუშაობენ, ოღონდ კი თავიანთ შვილებს ყველანაირი კომფორტი შეუქმნან — აცხოვრონ „სასახლეში“, ჩააცვან მდიდრულად და გასართობი არ მოაკლონ.
სამწუხაროდ, ამ „მეთოდით“ აღზრდილი არაერთი ბავშვი მისძალებია ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკებს და აგრესიული, დაუმორჩილებელი გამხდარა. რატომ? ბევრ მათგანს გულისწყრომით ევსება გული იმის გამო, რომ თავს უარყოფილად გრძნობს. ბავშვები მშობლის სიყვარულსა და მზრუნველობას საჭიროებენ. მშობლები, რომლებიც სწორედ საამისოდ ვერ იცლიან, შეიძლება თავს ასე ინუგეშებდნენ: „ჩვენ ხომ იმიტომ ვმუშაობთ და იმას ვახმართ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ“. სინამდვილეში კი, ამით ისინი, შეიძლება, სრულიად საპირისპიროს აკეთებდნენ.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, ჯუდით პაპაზი ამბობს, ზოგ „ოჯახში, რომლებიც საზოგადოების მაღალ და შეძლებულ
ფენას განეკუთვნება, დედაც მუშაობს და მამაც“ და ხშირად ასეთი მშობლები «„იძულებული“ არიან, შვილები გაანებივრონ, რადგან სადღაც გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ მატერიალურ კეთილდღეობას ისინი სწორედ ოჯახური ურთიერთობების უგულებელყოფის ხარჯზე აღწევენ». ჯუდითის აზრით, ასეთი მოქმედებით მშობლები „თავიანთი მოვალეობებისგან თავის გამოსყიდვას ანუ გამოხსნას“ ცდილობენ.როგორც წესი, მსგავსი მიდგომით გამოწვეულ შედეგებს ბავშვები იმკიან. მათ შეიძლება სავსე ჰქონდეთ ოთახი ათასგვარი სათამაშოთი და სხვა ნივთებით, მაგრამ აკლდეთ ის, რაც ყველაზე აუცილებელია ბედნიერი ბავშვობისთვის — მშობლის მზრუნველობა და სიყვარული. დედ-მამის ხელმძღვანელობისა და დარიგებების გარეშე, მათ ძალიან ადრეულ ასაკში, თითქმის მოუმზადებლებს, უწევთ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რომლებიც მოწიფულობას მოითხოვს: მივიღო თუ არა ნარკოტიკები? დავიწყო თუ არა სქესობრივი ცხოვრება? მივმართო ძალადობას, როცა გაბრაზებული ვარ? მოსალოდნელია, რომ ამ საკითხებში ისინი უფრო თანატოლებს მიბაძავენ ან ტელეგადაცემებსა და კინოფილმებში ნანახს გადმოიღებენ. რა მოსდევს ასეთ საქციელს ხშირად? ის, რომ ბავშვობა მოულოდნელად, და ზოგჯერ ტრაგიკულადაც, მთავრდება.
ბავშვი მშობლის როლში
ბავშვები ძალიან განიცდიან, როდესაც გაყრის, განცალკევებული ცხოვრების ან სიკვდილის გამო ოჯახს ერთ-ერთი მშობელი აკლდება. მრავალი მარტოხელა მშობელი, ცხადია, შესანიშნავად ართმევს თავს შექმნილ ვითარებას, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პატარებს დიდების საქმის კეთება უწევთ და მათ თვალსა და ხელს შუა უქრებათ ბავშვობა.
გასაგებია, რომ მარტოხელა მშობელს ზოგჯერ მარტოობა ტანჯავს და ამან ზოგი მათგანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ მეორე მშობლის მოვალეობები რომელიმე — როგორც ხშირად ხდება, ყველაზე უფროს — შვილს გადააბაროს. დეპრესიაში მყოფმა მშობელმა შეიძლება თავის პატარა ვაჟს ან ქალიშვილს გადაუშალოს გული და შვილები იმ პრობლემებით დატვირთოს, რომელთა სატარებლადაც ისინი ჯერ არ არიან მზად. ზოგი მარტოხელა მშობელი ემოციურად მეტისმეტად დამოკიდებული ხდება ბავშვზე.
სხვები კი მშობლის პასუხისმგებლობაზე საერთოდ უარს ამბობენ და შვილებს აიძულებენ, დიდების გასაკეთებელი მთლიანად აიღონ თავიანთ თავზე. კარმენი და მისი და, რომლებიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, სწორედ იმიტომ წავიდნენ სახლიდან, რომ ამ მძიმე მდგომარეობას გასცლოდნენ. მათ თავიანთი პატარა და-ძმების მოვლა ჰქონდათ დავალებული მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. ამ ტვირთის ტარება მათ ძალებს აღემატებოდა.
ეჭვგარეშეა, ბავშვებისთვის ბავშვობის წართმევას ძალიან არასასურველი შედეგები მოაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. აქვე გვინდა გახაროთ, რომ საქმე არც თუ ისე ცუდად არის — სინამდვილეში, მშობლებს ნამდვილად შეუძლიათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რითაც თავიანთ შვილებს ლამაზ ბავშვობას აჩუქებენ. რა ნაბიჯებია ესენი? ამ კითხვაზე არსებობს პასუხები, რომელთა უტყუარობაც დრომ გამოსცადა. მოდი ვნახოთ ისინი.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ნაადრევი მოწიფულობით გამოწვეული სირთულეები
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ გოგონები დღეს ნაადრევად მწიფდებიან სქესობრივად? ამ საკითხზე მეცნიერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი ამბობს, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში გოგონებს, საშუალოდ, 17 წლის ასაკში ეწყებოდათ სქესობრივი მომწიფება, დღეს კი ეს მაჩვენებელი 13 წლამდე ჩამოვიდა. 1997 წელს შეერთებულ შტატებში 17 000 გოგონა გამოიკვლიეს. გამოირკვა, რომ თეთრკანიანი გოგონების 15 პროცენტსა და შავკანიანების 50 პროცენტს მომწიფების ნიშნები უკვე რვა წლის ასაკში შეენიშნებათ! ზოგი ექიმი ეჭვქვეშ აყენებს ამ გამოკვლევის შედეგებს და მშობლებს დაბეჯითებით სთხოვენ, მეტისმეტად ნაადრევ მომწიფებას ნუ მიიჩნევენ, უბრალოდ, „ნორმალურ მოვლენად“.
ასეა თუ ისე, ნაადრევი მომწიფება სირთულეებს უქმნის როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს. ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამი იყო: „ნაადრევი სქესობრივი მომწიფება არა მარტო ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს სხეულში, არამედ, რაც უფრო საგანგაშოა, ის გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე — ბავშვისა, რომელიც წესით ზღაპრებს უნდა კითხულობდეს, მაგრამ იძულებულია, დონჟუანები მოიგერიოს . . . ბავშვობა ხომ ისედაც ხანმოკლეა“. ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით სტატიაში დამაფიქრებელი კითხვა იყო დასმული: „თუ გოგონებს სხეული სრულწლოვანი ადამიანის ცხოვრებისკენ უბიძგებს, მაშინ როცა გულითა და გონებით ისინი ჯერ კიდევ ბავშვები არიან, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მათ სამუდამოდ დაკარგონ?“.
ის, რაც სამუდამოდ იკარგება, ხშირად უმანკოებაა — გოგონები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდებიან. ერთი დედა პირდაპირ ამბობს: „იმ გოგონებს, რომლებსაც ასაკთან შედარებით უფრო დიდი შეხედულება აქვთ, ბიჭები ბუზებივით ეხვევიან“. ვინც ვერ უძლებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლას და სქესობრივ ცხოვრებას ნაადრევად იწყებს, სავალალო შედეგებს იმკის. გოგონა შეიძლება უღირსობის გრძნობამ და სინდისის ქენჯნამ შეაწუხოს. ასეთმა საქციელმა შეიძლება ჯანმრთელობასაც მიაყენოს ზიანი და ღრმა ემოციური ჭრილობები გამოიწვიოს.
[სურათი 5 გვერდზე]
გადატვირთულმა განრიგმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას ბავშვს.
[სურათი 7 გვერდზე]
თუ ბავშვს ჩავაგონებთ, რომ მოგება უმთავრესია, ამან შეიძლება სპორტული ღონისძიებები და თამაშები ბრძოლის ველს დაამსგავსოს.
[სურათი 7 გვერდზე]
მატერიალური ნივთები ვერ შეცვლის მშობლის მზრუნველობასა და სიყვარულს.