არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებს

ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებს

ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებს

დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავშეკავება და დადებითი განწყობა. მაგრამ ამ თვისებების გამოვლენა რომ შეძლონ, მათ მხარში დგომა ესაჭიროებათ. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიაბეტიან ადამიანს არ უნდა დააძალონ ისეთი რამის ჭამა, რასაც მისთვის ზიანი მოაქვს. ისინი უნდა მოერიდონ მსგავს სიტყვებს: ერთხელ რომ შეჭამო, ამით არაფერი დაშავდება. „ცოლი ძალიან მეხმარება, — ამბობს ჰარი, რომელსაც II ტიპის დიაბეტი აქვს და თან გული აწუხებს. — სახლში ის არასოდეს ინახავს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც არ მეჭმება, მაგრამ ზოგი ვერ ხვდება ამას და არ იცის, ზოგჯერ რა ძნელია თავის შეკავება“.

თუ თქვენ ურთიერთობა გაქვთ დიაბეტიან ადამიანთან, ყოველთვის გახსოვდეთ ორი შესანიშნავი ბიბლიური პრინციპი: „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ და „სიყვარული . . . თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 10:24; 13:4, 5).

საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველ ნებისმიერ ადამიანს — იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა დიაბეტი — ჭამაში ზომიერება მართებს. ბიბლია ამ მხრივ კარგ დახმარებას გვიწევს. მასში ნათქვამია, რომ თავშეკავების სწავლა ყველასთვის აუცილებელია. გაქვთ თუ არა მიზნად დასახული ამ თვისების განვითარება? (გალატელთა 5:22, 23). გარდა ამისა, თქვენთვის ნუგეშისა და გამხნევების წყარო იქნება სხვადასხვა ბიბლიური მაგალითი თუ შემთხვევა. ავიღოთ, მაგალითად, მოციქულ პავლეს ცხოვრება. „მას ეკალი ჰქონდა სხეულში, მაგრამ მაინც ერთგულად და მთელი შემართებით ემსახურებოდა ღმერთს, — ამბობს ერთი დიაბეტიანი ავადმყოფი. — გამოდის, რომ მეც შემიძლია იგივე“.

დიახ, პავლე შეეგუა „ეკალს სხეულში“ ანუ ფიზიკურ უძლურებას, რის შეცვლაც შეუძლებელი იყო, და წარმატებით განაგრძო მისიონერული მსახურება (2 კორინთელთა 12:7—9). დასტინი, რომელიც ამჟამად 18 წლისაა, დაბადებიდანვე ბრმაა, ხოლო 12 წლის ასაკიდან დიაბეტი აქვს. მან მოგვწერა: „ვიცი, რომ დღევანდელ მსოფლიოში იდეალური ცხოვრება არავის აქვს. მოუთმენლად ველი ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც დიაბეტი აღარ მექნება. ამ ავადმყოფობას ისე ვუყურებ, როგორც რაღაც დროებითს. მან შეიძლება გაციებასა და გრიპზე დიდხანს გასტანოს, მაგრამ ბოლოს აუცილებლად დასრულდება“.

ამ სიტყვების დაწერისას დასტინს მხედველობაში ჰქონდა ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი, რომლის თანახმადაც, ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე, სამოთხეში მცხოვრებ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ (გამოცხადება 21:3, 4). ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვპირდება, რომ ამ ზეციერი სამეფოს მმართველობისას არავინ იტყვის, „ავადა ვარ“ (ესაია 33:24; მათე 6:9, 10). გსურთ მეტი გაიგოთ ბიბლიაზე დაფუძნებული ამ იმედის შესახებ? თუ დიახ, დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს, ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს მე–5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

[სურათი 12 გვერდზე]

თავშეკავება და დადებითი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.