არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიაბეტი „ფარული მკვლელი“

დიაბეტი „ფარული მკვლელი“

დიაბეტი „ფარული მკვლელი“

კენი 21 წლის იყო, როდესაც საგონებელში ჩააგდო ერთმა გარემოებამ — მას დაუოკებელი წყურვილი სტანჯავდა. ამას დაერთო მომატებული შარდვაც (თითქმის ყოველ 20 წუთში). მალე კენს კიდურებში სიმძიმის შეგრძნება გაუჩნდა, საერთო სისუსტე დასჩემდა და მხედველობა დაებინდა.

ამ თავსატეხს მაშინ მოეძებნა ახსნა, როცა კენს გრიპის ვირუსი შეეყარა და ექიმს მიაკითხა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას არა მარტო გრიპი, არამედ I ტიპის შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა. ამ დაავადების მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა, რაც, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს ორგანიზმში: იგი ვეღარ ითვისებს გარკვეულ მასაზრდოებელ ნივთიერებებს — უმთავრესად კი სისხლში არსებულ შაქარს, რომელსაც გლუკოზა ეწოდება. კენი ექვსი კვირა იწვა საავადმყოფოში, რათა სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში ჩამდგარიყო.

ეს იყო 50-ზე მეტი წლის წინათ. მართალია, ამ ხნის განმავლობაში დიაბეტის მკურნალობის მეთოდები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ კენსა და სხვა მრავალ ადამიანს კვლავაც სტანჯავს ეს ავადმყოფობა. როგორც გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, მთელ მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, 2025 წლისთვის ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს. სპეციალისტები შეშფოთებული არიან დიაბეტის გავრცელების მასშტაბებით. „ვშიშობ, ეს მზარდი ციფრები ეპიდემიის დაწყებას არ მოასწავებდეს“, — ამბობს აშშ-ის დიაბეტის ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი რობინ გოლანდი.

ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ავსტრალია. როგორც ავსტრალიაში არსებული დიაბეტის საერთაშორისო ინსტიტუტი იტყობინება, „დიაბეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ძნელად განკურნებადი დაავადებაა“.

ინდოეთი. დიაბეტით სულ მცირე 30 მილიონი ადამიანია დაავადებული. „15 წლის წინათ 40 წლამდე ასაკის პაციენტები თითქმის არ გვყავდა, — ამბობს ერთი ექიმი. — დღეს კი ყოველი მეორე ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება“.

სინგაპური. დიაბეტი მოსახლეობის (30-დან 69 წლამდე) თითქმის მესამედს აქვს. დაავადება აღმოაჩნდა მრავალ ბავშვსაც, რომელთაგან ზოგი მხოლოდ ათი წლისაა.

შეერთებული შტატები. დიაბეტი 16 მილიონ ადამიანს აწუხებს. ყოველწლიურად დაავადების 800 000 ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს სნეულება მილიონობით სხვა ადამიანსაც სჭირს, მაგრამ მათ ჯერ არ იციან ამის შესახებ.

დიაბეტის მკურნალობას ისიც ართულებს, რომ დიაგნოზის დადგენამდე პაციენტი შეიძლება დიდხანს ცხოვრობდეს ამ სნეულებით და ეჭვი არაფერზე მიჰქონდეს. „რადგან ადრეული კლინიკური სიმპტომები შედარებით იოლ ფორმებში ვლინდება, დიაბეტი ხშირად ფარულად მიმდინარეობს“, — ვკითხულობთ ჟურნალ „ეიშაუიკში“. სწორედ ამიტომ, დიაბეტს ფარული მკვლელი უწოდეს.

იმის გამო, რომ დიაბეტი ასე ფართოდ ვრცელდება და მას სერიოზული გართულებები მოსდევს, მომდევნო სტატიებში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

● რა იწვევს დიაბეტს?

● როგორ შეიძლება ამ დაავადებით ცხოვრება?

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

რატომ ეწოდა შაქრიანი დიაბეტი

ტერმინი „დიაბეტი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც „სითხის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმას“ ნიშნავს. ასეთი სახელწოდება მართლაც რომ ზედგამოჭრილია, და აი, რატომ: დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში სითხე დიდხანს ვერ ჩერდება. პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ ის სწრაფად გადადის შარდსადენში და გარეთ გამოიყოფა. გამოყოფილი შარდი კი შაქარს შეიცავს. დიაბეტს სწორედ ამიტომ უწოდეს „შაქრიანი“. დიაგნოსტიკის უფრო თანამედროვე მეთოდების გამოგონებამდე, ძველად დიაბეტის გამოვლენის ერთ საინტერესო ხერხს მიმართავდნენ: პაციენტის შარდს ჭიანჭველების ბუდესთან ღვრიდნენ. თუ შარდი მწერებს მიიზიდავდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის შაქარს შეიცავდა.