არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერიდეთ გულსატკენ სიტყვებს

ერიდეთ გულსატკენ სიტყვებს

ბიბლიის თვალსაზრისი

ერიდეთ გულსატკენ სიტყვებს

„ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო“ (იაკობი 3:10)

მეტყველების უნარით მხოლოდ ჩვენ, ადამიანები, ვართ დაჯილდოებული, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს. სამწუხაროდ, ზოგი არასწორად იყენებს ამ ძვირფას უნარს. შეურაცხმყოფელი და სალანძღავი სიტყვები, ბილწსიტყვაობა, მკრეხელური, ვულგარული და უწმაწური ენა იმდენად მტკივნეულია, რომ მისით გამოწვეული ტკივილი ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილსაც კი აღემატება. „ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 12:18).

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეჩვევა ლანძღვა-გინებას. სკოლებში ბავშვებმა საოცრად უმატეს ბილწსიტყვაობას. ზოგი თვლის კიდეც, რომ შეურაცხმყოფელი ენა სასარგებლოა, როდესაც ემოციური განტვირთვისთვის გამოიყენება. პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ერთი სტუდენტი წერდა: „ბილწსიტყვაობა ის ძლიერი იარაღია, რომელსაც უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ენით სრულად ვერ გადმოვცემთ ჩვენს გრძნობებს“. უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებსაც ასეთი შემწყნარებლური დამოკიდებულება უშვერი ენის მიმართ? რას ფიქრობს ამაზე ღმერთი?

შეიძულე უწმაწური ხუმრობა

უწმაწური ენა მხოლოდ თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. გაგიკვირდებოდათ იმის გაგება, რომ მოციქულების დროს, დაახლოებით 2000 წლის წინათ, ხალხი უხამსი ენით ლაპარაკობდა? მაგალითად: როგორც ჩანს, კოლასეს კრების ზოგი წევრი ცხელ გულზე უშვერ სიტყვებს ისროდა. შესაძლოა, ისინი განზრახ იქცეოდნენ ასე, სხვები რომ გაემწარებინათ ან მათთვის გული ეტკინებინათ. გამორიცხული არაა, რომ ისინი ამას სამაგიეროს გადახდის მიზნითაც აკეთებდნენ. დღესაც მსგავსი მდგომარეობაა: ბევრი ადამიანი განრისხებას შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატავს. ამიტომაც, პავლეს მიერ კოლასელთა მიმართ მიწერილ წერილს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. პავლე წერდა: „ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“ (კოლასელთა 3:8). ცხადია, ქრისტიანები უნდა მოერიდონ რისხვის გამოვლენასა და მის ხშირ „თანამგზავრს“ — უწმაწურ ენას.

მართალია, ბევრი ისე ილანძღება, რომ სულაც არა აქვს განზრახული ვინმეს ვნება ან გულისტკენა. უწმაწურ სიტყვებსაც უმეტეს შემთხვევაში დაუფიქრებლად ისვრიან ხოლმე. ამიტომაც, ბილწსიტყვაობა ყოველდღიური საუბრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ზოგს ვერც კი წარმოუდგენია ლაპარაკი სალანძღავი სიტყვების გარეშე. უწმაწურ ენას ხშირად გასაცინებლადაც კი იყენებენ. მაგრამ უნდა ჩავთვალოთ ასეთი უწმაწური ხუმრობა ნაკლებად სერიოზულ, შედარებით დასაშვებ, მანკიერებად? აბა დავფიქრდეთ.

უწმაწური ხუმრობა სხვების გასამხიარულებლად გამიზნული უხამსი საშუალებაა. თავისი შინაარსით დღესდღეობით ის, ძირითადად, სექსის გარშემო ტრიალებს. და ბევრი მათგანი, ვინც თავს წესიერ ადამიანად თვლის, ასეთ მეტყველებას გასართობად მიიჩნევს (რომაელთა 1:28—32). არც ისაა გასაკვირი, რომ ბუნებრივი თუ გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრება ბევრი პროფესიონალი კომიკოსის გამოსვლებში მთავარ თემად არის ქცეული. ბევრი კინოფილმია „დამშვენებული“ უწმაწური ხუმრობებით, ისევე როგორც სატელევიზიო გადაცემები თუ რადიოპროგრამები.

ბიბლია არ დუმს უწმაწურ ხუმრობებთან დაკავშირებით. პავლე მოციქული ეფესელ ქრისტიანებს სწერდა: «ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა [„უწმაწური ხუმრობა“, აქ] არ შეგფერით» (ეფესელთა 5:3, 4). ცხადია, ღვთისთვის საძულველია უწმაწური ენა, იმისდა მიუხედავად, ვინმეს გასაღიზიანებლად არის ის გამიზნული თუ არა. ეს არის საძრახისი რამ. ესაა ენა, რომელსაც მხოლოდ ტკივილი მოაქვს.

გულსაკლავი სიტყვები, რომლებიც სძულს ღმერთს

გულსატკენი ენა უწმაწურ ლაპარაკზე გაცილებით მეტს მოიცავს. შეურაცხყოფამ, სარკაზმმა, დაცინვამ და დაუნდობელმა კრიტიკამ შეიძლება ღრმა ჭრილობა დაუტოვოს ადამიანს. ფაქტია, რომ ენით ყველანი ვცოდავთ, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სარკაზმითა და ცილისწამებით გაჟღენთილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ (იაკობი 3:2). მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიღონ სხვებისგან უდარდელი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელი ენის მიმართ. ბიბლია აშკარად აცხადებს, რომ იეჰოვა ღმერთს ყველანაირი გულსატკენი ლაპარაკი სძულს.

მაგალითად, ბიბლიაში, „მეოთხე მეფეთა წიგნში“ ვკითხულობთ ბიჭების ჯგუფის შესახებ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ელისე წინასწარმეტყველს. ამ წიგნში წერია, რომ ისინი «დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!“». იეჰოვამ, რომელსაც ამ ბავშვების გულების ამოკითხვა და მათი ბოროტი განზრახვის დანახვა შეეძლო, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ძალიან სერიოზულად შეაფასა. წიგნში ნათქვამია, რომ ღმერთმა ეს 42 ბიჭი სიკვდილით დასაჯა მათი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო (4 მეფეთა 2:23, 24).

ისრაელები „აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (2 ნეშტთა 36:16). და თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას რისხვა, ძირითადად, ხალხის კერპთაყვანისმცემლობითა და დაუმორჩილებლობით იყო გამოწვეული, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მოიხსენიება ღვთის წინასწარმეტყველთა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. აქედან კარგად ჩანს ღვთის აშკარა სიძულვილი ასეთი ქმედებისადმი.

ამის შესაბამისად, ბიბლია ურჩევს ქრისტიანებს: „ნუ შერისხავ ბერიკაცს“ (1 ტიმოთე 5:1). ეს პრინციპი შეიძლება ყველასთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ. ბიბლია მოგვიწოდებს, ‘არავინ დავძრახოთ, არ ვიყოთ ჩხუბის ამტეხნი, არამედ კეთილგონიერნი, ყველასთან რბილი ხასიათი გამოვავლინოთ’ (ტიტე 3:2, აქ).

შევაკავოთ საკუთარი ბაგეები

ზოგჯერ ძნელია ხოლმე თავის მოთოკვა, ვინმეს სიტყვიერად რომ არ შეუტიო. ადამიანს, რომელიც უსამართლოდ შეურაცხყვეს, შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეს, რომ მწყენინებელს ან პირში მიახალოს გულსატკენი და უხეში სიტყვები, ან ზურგს უკან გალანძღოს. მაგრამ ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან ასეთ სურვილებს. იგავების 10:19-ში ნათქვამია: „ბევრი ლაპარაკით არ დაყოვნდება დანაშაული, ის კი, ვინც აკავებს თავის ბაგეებს, ჭკვიანია“.

კარგ მაგალითს გვაძლევენ ღვთის ანგელოზები. ისინი ადამიანების მიერ ჩადენილ ყველა ბოროტმოქმედებას ხედავენ და თუმცა ძალითა და ძლევამოსილებით მათზე გაცილებით მაღლა დგანან, „იეჰოვასადმი პატივისცემის გამო“ არ ადანაშაულებენ მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით (2 პეტრე 2:11, აქ). ანგელოზებს ესმით, რომ ღმერთმა შესანიშნავად იცის თითოეული ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული და ყველაფრის გამოსწორებაც შეუძლია; ამიტომაც „აკავებენ“ თავიანთ ბაგეებს. მთავარანგელოზმა მიქაელმა ეშმაკის მიმართაც კი არ წარმოთქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები (იუდა 9).

ქრისტიანებიც ცდილობენ ანგელოზების მიბაძვას. ისინი ყურად იღებენ ბიბლიაში მოცემულ გაფრთხილებას: «ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“» (რომაელთა 12:17—19).

ისიც საგულისხმოა, რომ ჩვენი სიტყვები კიდევ უფრო მტკივნეულად ჟღერს, როდესაც მათ ხმის ტონითა და სიმაღლით გამოვკვეთთ. მეუღლეები არცთუ იშვიათად გულს ტკენენ ერთმანეთს ოჯახური კონფლიქტების დროს. ბევრი მშობელი ხშირად უყვირის შვილს. არადა, ჩვენი გრძნობების გამოსახატავად სულაც არ არის საჭირო ყვირილი. ბიბლია გვირჩევს: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ“ (ეფესელთა 4:31). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ „მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ წყნარი უნდა იყოს ყველას მიმართ“ (2 ტიმოთე 2:24).

სიტყვები, რომლებიც მალამოსავით ედება გულს

დღევანდელ საზოგადოებას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი სალანძღავი და უწმაწური ენა, ამიტომაც ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მის საზიანო გავლენას. ბიბლია ამისათვის კარგ საშუალებას გვთავაზობს — ის გვირჩევს, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი (მათე 7:12; ლუკა 10:27). მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული და ზრუნვა ყოველთვის იმისკენ აღგვძრავს, რომ ისეთი სიტყვები შევარჩიოთ, რომლებიც გულს მალამოსავით ედება. ბიბლიაში ნათქვამია: „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესელთა 4:29).

ჩვენს გონებაში ღვთის სიტყვის ჩანერგვაც დაგვეხმარება, რომ არავის ვატკინოთ გული ჩვენი სიტყვებით. საღვთო წერილის კითხვა და მასზე დაფიქრება შეგვაძლებინებს ‘ყოველგვარი უწმიდურების მოშორებას’ (იაკობი 1:21). დიახ, ღვთის სიტყვას შეუძლია ჩვენი აზროვნების გამოსწორება.