არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლაშქარი მოდის!

ლაშქარი მოდის!

ლაშქარი მოდის!

«ჩვენ ბელიზის ერთ მშენებარე სოფელში ვცხოვრობთ, რომელიც მწვანეშია ჩაფლული. ერთ დილას, დაახლოებით ცხრა საათზე, ჩვენს სახლს ჯარი შემოესია. კარის ქვემოდან და ყველა ღრიჭოდან ნადავლის მაძიებელი ჭიანჭველების ნაკადი მოედინებოდა. მეტი არა დაგვრჩენოდა რა, გარდა იმისა, რომ სახლი ერთი-ორი საათით „სტუმრებისთვის“ დაგვეთმო. როდესაც დავბრუნდით, სახლი პირწმინდად იყო გასუფთავებული ყოველგვარი მწერისგან».

მათთვის, ვინც ბელიზის მსგავს ტროპიკულ ქვეყნებში ცხოვრობს, ასეთი იერიში ჩვეულებრივი მოვლენაა და არცთუ უსიამოვნო. ესაა ტარაკნებისა და სხვა მისთანა მავნებელი მწერებისგან სახლის გასუფთავების კარგი საშუალება, თანაც სახლი ისევ წესრიგშია.

საინტერესოა, რომ აქ მოხსენიებულ ჭიანჭველებს ეწოდებათ მებრძოლი ჭიანჭველები იმის გამო, რომ მათი ცხოვრების წესი საჯარისო შენაერთების მოქმედებას წააგავს *. ბუდეების აგების ნაცვლად ასიათასობით „მომთაბარე მებრძოლისგან“ შემდგარი ეს ჯარი „იშენებს“ დროებით „ბანაკებს“, ანუ ცოცხალ საფარს (მას ქმნის ფეხებით გადაბმული უამრავი ჭიანჭველა) თავიანთი „დედოფლისა“ და მისი მატლებისთვის. საკვების საძებრად ამ სადგომიდან გადიან გრძელ კოლონებად ჩამწკრივებული „მზვერავთა რაზმები“, რომლებიც დაეძებენ მწერებსა და პატარ-პატარა არსებებს, როგორიცაა მაგალითად ხვლიკი. საკბილოს მონადირების მიზნით „მზვერავთა რაზმების“ მეთაურები ხელქვეითებს თავისდა უნებურად ფლანგებად დაყოფის ბრძანებასაც აძლევენ. როდესაც მეთაურები ატყობენ, რომ კვალს კარგავენ, ვერ იგებენ, საითკენ აიღონ გეზი და მსვლელობას წყვეტენ. ამ დროს, ზურგში მყოფი ჭიანჭველები ვეღარ „ამუხრუჭებენ“ და თავიანთი წინსვლის შედეგად ისე ქუჩდებიან, რომ წინა ხაზის სხვადასხვა ნაწილში ამობურცულობებს ქმნიან. ამ ამობურცულობებიდან გამოქცეული „მეომრები“ კი, ძალაუნებურად ფლანგებად მწკრივდებიან და „მარშით სვლას“ განაგრძობენ.

მებრძოლი ჭიანჭველები მოქმედებენ 36-დღიანი ციკლით. აქედან დაახლოებით 16 დღე ისინი „მარშით დადიან“, 20 დღე კი ერთ ადგილას არიან „დაბანაკებული“; ამ დროს დებს „დედოფალი“ კვერცხებს. ამის შემდეგ შიმშილი კვლავ აიძულებს კოლონიას, რომ სვლა განაგრძოს. მათ მოლაშქრე კოლონებს, რომლებიც სიგანეში დაახლოებით 10 მეტრს აღწევს, თავ-პირის მტვრევით გაურბიან ობობები, მორიელები, ხოჭოები, ბაყაყები და ხვლიკები. ფრინველები კი, რომლებიც ამ მსვლელობას „კორტეჟით“ აცილებენ, გაქცეულებზე ნადირობენ, მაგრამ ჭიანჭველებს არას ერჩიან.

ჭიანჭველები, რომლებსაც ბიბლიაში, კერძოდ კი იგავების 30:24, 25-ში, „ინსტინქტურად ბრძენნი“ (აქ) ეწოდებათ, შემოქმედების ერთ-ერთი საოცრებაა.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 სტატია ეხება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ჭიანჭველების ერთ-ერთ სახეობას — ესიტონებს.

[სურათი 29 გვერდზე]

მებრძოლი ჭიანჭველები.

[საავტორო უფლება]

© Frederick D. Atwood

[სურათი 29 გვერდზე]

ხიდის „მშენებლობა“ ერთმანეთში გადახლართული ფეხებით.

[საავტორო უფლება]

© Tim Brown/www.infiniteworld.org