არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ტერორიზმი მე 15 წლის ვარ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ 2002 წლის 8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიების სერიისთვის „ლოცვები მშვიდობისათვის — შეაჩერებს ტერორიზმს?“. 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შოკიდან ვერ გამოვსულვარ. ეს რაღაც კოშმარი იყო. მოუთმენლად მოველი იმ დღეს, როდესაც იესო, მშვიდობის მთავარი, ყველას დაგვიცავს. ამ იმედით შეგვიძლია ვინუგეშოთ.

ე. მ. (შეერთებული შტატები).

ცეპელინის დირიჟაბლები 2002 წლის 8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ „ცეპელინის დირიჟაბლები — ცაში მოსრიალე უჩვეულო გიგანტები“ ძალიან დიდი ინტერესი აღმიძრა და ბავშვობის წლები გამახსენა. სკოლის პერიოდში ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვცხოვრობდით. ერთხელ (მაშინ ათი წლის ვიყავი) ფანჯრიდან გავიხედე და ცაში ნელ-ნელა მოსრიალე ერთი ასეთი უშველებელი დირიჟაბლი დავინახე. მთელი კლასი ეზოში გამოვცვივდით, ეს მოწიწების მომგვრელი სანახაობა რომ გვეხილა. ეს იყო ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ. თქვენმა სტატიამ მოგონებები წამომიშალა.

რ. რ. (ინგლისი).

მამაჩემი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რბილკარკასიანი დირიჟაბლის პილოტი იყო. თავად მე ორჯერ ვიმგზავრე დირიჟაბლით და ყოველთვის მაინტერესებდა ამ საჰაერო ხომალდების ისტორია. გამიხარდა, როდესაც ვნახე, რომ დირიჟაბლებთან დაკავშირებულ ტერმინებს სწორად იყენებდით.

რ. პ. (შეერთებული შტატები).

შიმშილობა ირლანდიაში გმადლობთ შინაარსიანი სტატიისთვის „დიდი შიმშილობა ირლანდიაში — სიკვდილიანობისა და ემიგრაციის წლები“ (8 ოქტომბერი, 2002). შიმშილობის პერიოდში ბევრი ირლანდიელი ემიგრანტი გემით ჩავიდა კანადაში. ბევრი გარდაიცვალა ქოლერის, ტიფის თუ სხვა დაავადებების გამო. უამრავი ბავშვი დაობლდა, ზოგი ფრანგთა ოჯახებმა იშვილეს და ფრანგული გვარები მისცეს. დროთა განმავლობაში ბევრში ირლანდიული წარმოშობის კვალი წაიშალა.

კ. ს. (კანადა).

მობილური ტელეფონები დიდად დამეხმარა სტატია „ნამდვილად მჭირდება მობილური ტელეფონი?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ნოემბერი, 2002). სანამ სტატიას წავიკითხავდი, ვერაფრით ვიძინებდი, თუ არ ვუპასუხებდი ტექსტურ შეტყობინებებს. ახლა კი, თქვენი წყალობით, დავინახე ამ მოწყობილობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კ. ა. (ფილიპინები).

ჩემს სკოლაში ბავშვების უმრავლესობას აქვს მობილური ტელეფონი და ვფიქრობდი, რომ ის მეც უნდა მქონოდა. ახლა, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერს კარგად ავწონდავწონი და ვიფიქრებ იმაზე, ნამდვილად შევძლებ თუ არა მის გონივრულად გამოყენებას. ვფიქრობ, იეჰოვამ ეს სტატია სწორედ ჩემთვის მოამზადა.

მ. ფ. (იაპონია).

მობილური ტელეფონით ერთ ბიჭთან მიწერ–მოწერა მქონდა. პირადი პრობლემების შესახებ ვუყვებოდით ხოლმე ერთმანეთს. მიხაროდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც გავანდობდი ჩემს აზრებსა და გრძნობებს. რაღაც დროის შემდეგ მან შეწყვიტა წერილების გამოგზავნა, რამაც ძალიან გამაღიზიანა. მაგრამ სტატიამ დამანახვა, რომ ვინმესთან ელექტრონული ფოსტით მიწერ–მოწერა შეიძლება მასთან რომანტიკული ურთიერთობის ტოლფასი იყოს. ვფიქრობ, რომ ის ბიჭიც მიხვდა ამას. ახლა, მხოლოდ იმ ადამიანებს ვაძლევ ჩემს ელექტრონულ მისამართს, ვინც მართლა უნდა იცოდეს ის.

ი. მ. (იაპონია).

დეპრესიაში მყოფი მოზარდები მე 17 წლის ვარ. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალები. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, დერეფანში მოთავსებულ სტენდზე ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ის მთელი დასტა დავინახე. გავიგე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ჰქონია სახელი — იეჰოვა. განსაკუთრებით მომეწონა სტატიების სერია „დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის“ (8 სექტემბერი, 2001). ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო ამ სტატიების წაკითხვა. ისინი დამეხმარა ჩემს პრობლემებთან გამკლავებაში, ვინაიდან იმ დროს დეპრესიაში ვიყავი. გმადლობთ ასეთი შესანიშნავი და შინაარსიანი ჟურნალებისთვის. მადლობელი ვარ, რომ არსებობს თქვენნაირი ხალხი.

გ. ზ. (რუსეთი).