არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაშვილებთა პრობლემები — როგორ გავუმკლავდე მათ?

ნაშვილებთა პრობლემები — როგორ გავუმკლავდე მათ?

ახალგაზრდების შეკითხვები

ნაშვილებთა პრობლემები — როგორ გავუმკლავდე მათ?

„ჩემი ნამდვილი მშობლების შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცი და ეს ძალიან მაწუხებს“ (16 წლის ბარბარა).

„წარმოდგენაც კი არა მაქვს, სად დავიბადე ან ვინ არიან ჩემი მშობლები. ზოგჯერ ამაზე ღამ-ღამობით ვფიქრობ ხოლმე“ (9 წლის მეთიუ).

„დედობილ-მამობილთან კამათის დროს მიფიქრია: ალბათ, ჩემი ნამდვილი მშობლები უფრო გამიგებდნენ-მეთქი. ასეთი აზრები ძალიან მთრგუნავს. ამის შესახებ არასდროს ვსაუბრობ მათთან“ (16 წლის კინტანა).

ეჭვგარეშეა, რომ აყვანილ ბავშვს ცხოვრებაში შეიძლება თავისებური პრობლემები წამოეჭრას. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ებრძვის ისეთ გრძნობებს, რომლებიც ზემოთ იყო აღნიშნული. ბევრი თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ვინ არიან მისი ნამდვილი მშობლები. სხვები ფიქრობენ, რომ ნამდვილ მშობლებთან რომ ეცხოვრათ, უფრო ბედნიერები იქნებოდნენ. აყვანილ ბავშვთა პრობლემები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

ამ სერიის წინა სტატიაში ვმსჯელობდით რამდენიმე უარყოფით შეხედულებაზე, რომლებიც ზოგმა აყვანილმა ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავის შესახებ შეიქმნას *. ცხოვრებით რომ გაიხაროს, აყვანილი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დამთრგუნველ აზრებთან ბრძოლა. მაგრამ, კიდევ რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას და რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით შეიძლება მათთან გამკლავება?

არიან კი ისინი ჩემი „ნამდვილი“ მშობლები?

ცამეტი წლის ჯეიკი ამბობს, რომ თავიდან ვერ იშორებს ფიქრებს ნამდვილი დედის შესახებ. ამის გამო მას გარკვეული პრობლემები შეექმნა დედობილ-მამობილთან. ის იხსენებს: «გავბრაზდებოდი თუ არა, მაშინვე პირში ვახლიდი ხოლმე დედობილს, „შენ არა ხარ ჩემი ნამდვილი დედა — უფლება არა გაქვს, ასე დამსაჯო!“».

როგორც ჩანს, ჯეიკს აწუხებდა სერიოზული კითხვა: ვინ იყო მისი „ნამდვილი“ დედა? თუკი აყვანილი ხარ, შესაძლოა, შენც არ გასვენებს იგივე კითხვა; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობ, რომ შენი ნამდვილი მშობლები დედობილ-მამობილზე უკეთესად მოგეპყრობოდნენ. მაგრამ, განა მხოლოდ იმიტომ შეიძლება დაერქვას ორ ადამიანს „ნამდვილი“ მშობელი, რომ მათ სიცოცხლე გაჩუქეს?

ჯეიკის დედობილი ასე არ ფიქრობს. ჯეიკი ამბობს: «დედა მეუბნება ხოლმე: „მე ვარ შენი ნამდვილი დედა. მიუხედავად იმისა, რომ სხვამ გშობა, ახლა მე ვარ შენი ნამდვილი დედა“». როდესაც ორ ზრდასრულ ადამიანს მოჰყავს სახლში ბავშვი და თანახმა არიან, აცხოვრონ ის თავისთან, იზრუნონ მის მოთხოვნილებებზე, მის კვებასა და აღზრდაზე, ისინი მართლაც მისი ნამდვილი მშობლები ხდებიან (1 ტიმოთე 5:8). ალბათ, ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვითაც ასე ითვლება, მაგრამ როგორ უყურებს მშვილებლებს ღმერთი?

მოდი დავფიქრდეთ შვილად აყვანის, ალბათ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ შემთხვევაზე — იესო ქრისტეს შვილებაზე. იესო არ ყოფილა დურგალი იოსების ღვიძლი შვილი, მაგრამ მან იშვილა ჩვილი ბავშვი (მათე 1:24, 25). როდესაც იესო წამოიზარდა, განა აუჯანყდა ის იოსებს, როგორც მამობილს? პირიქით, იესოს ესმოდა, რა იყო ღვთის ნება — ის უნდა დამორჩილებოდა თავის მამობილს. იესომ კარგად იცოდა კანონი, რომელიც იეჰოვამ მისცა ისრაელში მცხოვრებ ბავშვებს. რა კანონი იყო ეს?

პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს

საღვთო წერილი ახალგაზრდებს ეუბნება: „პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს“ (მეორე რჯული 5:16). სიტყვა „პატივი“ ბიბლიაში ხშირად პატივისცემისა და ყურადღებიანობის აღსანიშნავად გამოიყენება. ასე რომ, პატივისცემით მოეპყარი შენს დედობილ-მამობილს: თბილად მოექეცი მათ, პატივი ეცი, გაიგე მათი თვალსაზრისი და მზად იყავი, შეასრულო ყველა ის გონივრული დავალება, რის გაკეთებასაც ისინი გთხოვენ.

როგორ უნდა მოიქცე, თუკი ამჩნევ, რომ დედობილ-მამობილი არაგონივრულად გექცევიან? ასეთი რამ შეიძლება მართლაც მოხდეს. ყველა მშობელი არასრულყოფილია, ღვიძლია ის თუ არა. მათი ნაკლოვანი მხარეების გამო შეიძლება უფრო ძნელი იყოს მათ მიმართ მორჩილების გამოვლენა. და გასაკვირი არაა, თუ ასეთ დროს ძალაუნებურად იმაზე გადაგაქვს ყურადღება, რომ აყვანილი ხარ და ფიქრობ, რომ ამის გამო ნაკლებად ხარ ვალდებული, მათ დაემორჩილო. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში?

ამ მხრივ, იესოს მდგომარეობაზე დაფიქრება დაგეხმარება. გახსოვდეს, ის სრულყოფილი იყო, მისი მამობილი და მშობელი დედა კი — არა (ებრაელთა 4:15; 1 პეტრე 2:22). ალბათ, იქმნებოდა ხოლმე სიტუაციები, როდესაც იესო თავისი მშობლების არასწორ ქცევებს ხედავდა. წავიდა ის იოსების არასრულყოფილი ხელმძღვანელობის ან მარიამის დედობრივი დარიგების წინააღმდეგ, რომელშიც ნაკლი მაინც იქნებოდა? არა. ბიბლია გვეუბნება, რომ იესო იზრდებოდა და „კვლავაც ემორჩილებოდა“ თავის მშობლებს (ლუკა 2:51, აქ).

როდესაც შენი და შენი დედობილ-მამობილის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, შეიძლება დარწმუნებული ხარ, რომ ისინი ტყუიან. მაგრამ უნდა აღიარო, რომ შენც არასრულყოფილი ხარ, ამიტომაც ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ შენ ტყუოდე. ასეა თუ ისე, განა უკეთესი არაა, მიჰყვე იესოს მაგალითს? (1 პეტრე 2:21). მისი მიბაძვა გაგიადვილებს მშობლებისადმი მორჩილებას. ამასთანავე, არსებობს უფრო საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაემორჩილო მშობლებს.

ბიბლიაში ნათქვამია: „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“ (კოლასელთა 3:20). დიახ, შენი მორჩილების ხილვა ახარებს შენს ზეციერ მამას (იგავები 27:11). მას კიდევ იმიტომ სურს, ისწავლო მორჩილება, რომ შენც გაიხარო. მორჩილებისკენ მოწოდების გარდა ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესელთა 6:3).

განამტკიცე კავშირი შენს დედობილ-მამობილთან

დედობილ-მამობილთან კარგი ურთიერთობა რომ გქონდეს, მხოლოდ პატივისცემა და მორჩილება არაა საკმარისი. ამისთვის გაცილებით მეტი რამ არის საჭირო. ალბათ გსურს, რომ ოჯახში თბილი და სიყვარულით აღსავსე ატმოსფერო სუფევდეს. ასეთი ატმოსფეროს შექმნაზე პასუხისმგებლები შენი მშობლები არიან, მაგრამ შენც შეგიძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. როგორ?

უპირველეს ყოვლისა, ეცადე უფრო დაუახლოვდე მშობლებს. შეეკითხე მათ თავიანთი წარსულის, ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ. თუკი რაღაც პრობლემა გაწუხებს, ჰკითხე რჩევა და ამისათვის ისეთი დრო შეარჩიე, როდესაც ისინი უფრო დასვენებული და მოსასმენად განწყობილი იქნებიან (იგავები 20:5). ამასთანავე, ეცადე შენი წვლილი შეიტანო საოჯახო საქმეების შესრულებაში: შეგიძლია, მაგალითად, მითითებისა და დაძალების გარეშე დაალაგო სახლი და სხვა მსგავსი საქმეები შეასრულო.

რის თქმა შეიძლება შენს ღვიძლ მშობლებზე? თუკი მათ მოძებნას გადაწყვეტ ან თუ ისინი მოგძებნიან, ნიშნავს ეს იმას, რომ დედობილ-მამობილთან კავშირი უნდა შეასუსტო? წარსულში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უარს ამბობდნენ გაშვილებული ბავშვის შესახებ მისი ღვიძლი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ან პირიქით. დღესდღეობით ზოგ ქვეყანაში ასეთი ორგანოები იძლევიან ინფორმაციას, რისი მეშვეობითაც ბევრი აყვანილი ბავშვი პირისპირ შეხვდა თავის ღვიძლ მშობლებს, რომლებიც მას საერთოდ აღარ ახსოვდა. ცხადია, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, შეიძლება ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა იყოს.

დაიწყებ თუ არა ღვიძლი მშობლების ძებნას, ნებისმიერ შემთხვევაში შენი პირადი გადასაწყვეტია; ამ გადაწყვეტილების მიღება კი ადვილი არ არის. ამის გამო ნაშვილებ ახალგაზრდებს განსხვავებული გრძნობები ეუფლებათ. ზოგს მთელი გულით სწადია, მოძებნოს თავისი მშობლები, სხვები კი მტკიცე უარს აცხადებენ ამაზე. როგორც უნდა იყოს, იცოდე, რომ ბევრ ნაშვილებ ახალგაზრდას, რომელმაც გაიცნო ღვიძლი მშობლები, თავის მშვილებლებთან ახლო ურთიერთობა არ დაუკარგავს.

ჰკითხე რჩევა დედობილ-მამობილს, და თუ გინდა მოწიფულ და-ძმებსაც ქრისტიანულ კრებაში (იგავები 15:22). საგულდაგულოდ აწონ-დაწონე შენი გადაწყვეტილება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე სერიოზულად დაფიქრდი. როგორც იგავების 14:15-შია ნათქვამი, „გონიერი აკვირდება თავის ნაბიჯს“.

თუკი გადაწყვიტე ღვიძლ მშობლებთან კონტაქტის დამყარება, აუცილებლად დაარწმუნე დედობილ-მამობილი შენს მუდმივ სიყვარულსა და პატივისცემაში. ამის წყალობით, როდესაც თანდათანობით დაუახლოვდები შენს ღვიძლ მშობლებს, რომლებმაც დიდი ხნის წინათ გაგაშვილეს, შეინარჩუნებ მტკიცე კავშირს მშობლებთან, რომლებმაც აღგზარდეს და გზაზე დაგაყენეს.

განამტკიცე ურთიერთობა შენს ზეციერ მამასთან

ბევრ აყვანილ ახალგაზრდას ეშინია, რომ არ მიატოვონ და ისევე არ დაკარგოს მიმღები ოჯახი, როგორც ერთ დროს თავისი ნამდვილი ოჯახი დაკარგა. ეს შიში გასაგებია. და მაინც, გახსოვდეს ბრძნული სიტყვები: „სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს“ (1 იოანე 4:18). ნუ დაემონები საყვარელი ადამიანების დაკარგვის ავადმყოფურ შიშს. ნაცვლად ამისა, განავითარე სიყვარული სხვებისადმი, მათ შორის, შენი ოჯახის თითოეული წევრისადმი. უპირველეს ყოვლისა კი, განავითარე სიყვარული შენი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთისადმი. ის აბსოლუტურად სანდოა და არასოდეს ტოვებს თავის ერთგულ შვილებს. მას შეუძლია დაგეხმაროს კიდეც შიშის დაძლევაში (ფილიპელთა 4:6, 7).

კატრინა, რომელიც პატარაობისას იშვილეს, ამბობს, რომ ბიბლიის კითხვა ძალიან დაეხმარა მას ღმერთთან დაახლოებაში. ამის შედეგად მას ბედნიერი, აზრიანი ცხოვრება აქვს. ის ამბობს, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა „ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ზეციერ მამას ესმის ჩვენი გრძნობები“. კატრინას საყვარელი მუხლია ფსალმუნების 26:10, სადაც წერია: «რადგან დამაგდო [„თუნდაც დამაგდოს“, აქ] ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე».

[სქოლიო]

^ აბზ. 7 იხილე 2003 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია „რატომ უნდა ვიყო ნაშვილები?“.

[სურათი 28 გვერდზე]

ეცადე უფრო დაუახლოვდე დედობილ-მამობილს.