არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

დაბინძურება დიდ ქალაქებში

„მეხიკო, კარაკასი, ბოგოტა და ჰავანა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება“, — იუწყება მეხიკოში გამომავალი გაზეთი „უნივერსალი“. ამ დასკვნამდე მივიდნენ შრომითი რესურსების საკონსულტაციო საზოგადოება „მერსერის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ, რომლის შედეგებიც ლონდონში გამოქვეყნდა. მკვლევარებმა, რომლებიც სწავლობდნენ, თუ რა გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქზე, მხედველობაში მიიღეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების დონე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოშორება და გატანა, უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობები, განათლება, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება. როგორც გამოირკვა, ევროპის ქალაქებს შორის ციურიხსა და ვენაში, საერთო ჯამში, ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პირობებია. მსოფლიოს ყველაზე სუფთა ქალაქების „სტატუსი“ კალგარისა და ჰონოლულუს მიენიჭა, ხოლო სან-ხუანი და პუერტო-რიკო საცხოვრებლად ყველაზე სასიამოვნო ქალაქებად მიიჩნიეს.

თვითმკვლელობა — სიცოცხლის განზრახ მოსპობის ყველაზე გავრცელებული ფორმა

„მთელ მსოფლიოში ძალმომრეობითი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი თვითმკვლელობაა“, — გვატყობინებს ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“. სტატიაში, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშს ეყრდნობოდა, აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ 2000 წელს 1,6 მილიონი ადამიანი გახდა ძალმომრეობითი სიკვდილის მსხვერპლი: მათგან 815 000-მა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, 520 000 მკვლელობის მსხვერპლი გახდა, 310 000 კი ომებსა და კონფლიქტებში დაიღუპა. 2000 წელს სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა „განვითარებად ქვეყნებში დაფიქსირდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა“, — ვკითხულობთ გაზეთში. ბელარუსში, ესტონეთსა და ლიტვაში ოთხჯერ მეტი თვითმკვლელობა მოხდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. აფრიკასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მკვლელობათა შემთხვევებმა ორჯერ გადაამეტა თვითმკვლელობების რიცხვს, ხოლო ავსტრალიაში, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში კი საწინააღმდეგო შეინიშნა — თვითმკვლელობები ორჯერ ჭარბობდა მკვლელობებს.

ბავშვების გამოუძინებლობა

როგორც ჟურნალი „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“ იუწყება, ძილის ნაკლებობა უდიდეს ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. ძილნაკლული ბავშვები ცუდად სწავლობენ სკოლაში და მათ სხვებთან დამეგობრებაც უჭირთ. „ბავშვებს, რომლებსაც ძილი აკლდებათ, ადვილად ეფანტებათ ყურადღება და ღიზიანდებიან, ისინი მოუსვენრები და მოუთმენლები ხდებიან“, — ვკითხულობთ ჟურნალში. ექიმები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ხშირად მშობლები არიან დამნაშავე ამ პრობლემების შექმნაში. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ბარბარა ბრაუნ-მაკდონალდი ამბობს: „თუ ბავშვს საღამოს 11 საათამდე არ უშვებთ დასაძინებლად, რათა მან ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, მაშინ დღის განრიგში აუცილებლად უნდა მოახდინოთ ცვლილებები“. მშობლებს ურჩევენ, რომ შვილები კვირის ნებისმიერ დღეს — თუნდაც შაბათ-კვირას — ერთი და იმავე დროს დაწოლასა და ადგომას მიაჩვიონ. ეს მათ ძილის სწორი რეჟიმის გამომუშავებაში დაეხმარება. აი, სხვა პრაქტიკული რჩევაც: კარგი იქნება, თუ ძილის წინ ბავშვები ერთი და იმავე „საქმით“ იქნებიან დაკავებული. ეს შეიძლება იყოს ბანაობა, მოსიყვარულე მშობლის ალერსი ან პატარისთვის რაიმე საინტერესოს წაკითხვა. დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში ბავშვებმა, უმჯობესია, არ უყურონ ტელევიზორს და არც კომპიუტერით ისარგებლონ.

რომის პაპის სუვენირები უწინდებურად ვეღარ საღდება

როგორც ჟურნალ „ნიუსუიკის“ პოლონურ გამოცემაში ვკითხულობთ, „[პოლონეთში] რელიგიური სუვენირებით ვაჭრობა მომგებიანი და საიმედო ბიზნესი იყო“ წლების განმავლობაში. ამ ბოლო დროს კი „წმინდა“ კერპებით ვაჭრობაში „კრიზისი“ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპის მიერ 2002 წელს პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მოსახლეობა კარგად იყო ინფორმირებული, მოთხოვნილება ისეთ ტრადიციულ რელიგიურ სუვენირებზე, როგორიცაა ძეწკვები და ნახატები, ძალიან დაბალი იყო. „გასაყიდად პაპის გამოსახულებიანი მილიონობით თაბაშირისა და ლითონის ბიუსტი, ნოხი, ნახატი და სტატუეტი გამოიტანეს, მაგრამ ამ ნივთებს ხალხი საკმაოდ გულგრილად შეხვდა“, — ნათქვამია ჟურნალში. ერთმა სუვენირმა კი მართლაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს არის პლასტიკური ბარათი, რომლის ერთ მხარეზეც „წმინდანებია“ გამოსახული, მეორეზე კი „ოქროსგან ჩამოსხმული კრიალოსნის მარცვლებია შედნობილი“. ეს «„ბარათ-კრიალოსნები“ პაპის უახლეს და ყველაზე პოპულარულ სუვენირად იქცა», — ნათქვამია პოლონეთში გამომავალ გაზეთ „ვპროსტში“.