როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მწერებისგან? რამდენიმე რჩევა
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი მწერებისგან? რამდენიმე რჩევა
ბოლო დროს ძალიან გახშირდა ისეთი დაავადებები, რომლებიც მწერებს გადააქვთ. იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ჯანმრთელობის შენარჩუნება ისეთ რეგიონებში, სადაც მოდებულია მწერები და გავრცელებულია ასეთი დაავადებები, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი გაესაუბრა იქ მცხოვრებ ადამიანებს. შესაძლოა, მათი რჩევები თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს.
სისუფთავე — თავდაცვის უპირველესი ფაქტორი
▪ დაიცავით სახლში სისუფთავე
„ჭურჭელი, სადაც საჭმელს ინახავთ, თავდახურული გქონდეთ. სუფრაზე მიტანამდე მზა კერძი დახურულ ჭურჭელში მოათავსეთ. ნამცეცები ან დაღვრილი სითხე მაშინვე მოწმინდეთ. გასარეცხი ჭურჭელი დილამდე არ დატოვოთ. საჭმლის ნარჩენებს სახლის გარეთ მდგარ ურნაში ნუ ჩაყრით, თუკი მხოლოდ დილით აპირებთ მის გადაყრას; რამე გადააფარეთ ან ჩამარხეთ, ვინაიდან მწერები და მღრღნელები სწორედ ღამე გამოდიან საჭმლის საძებრად. მიწურ იატაკზე ბეტონის თხელი ფენის დასხმაც უფრო გაგიადვილებთ სახლის დასუფთავებასა და მის დაცვას მწერებისგან“ (აფრიკა).
„ნუ შეინახავთ სახლში ხილსა და ნებისმიერ ისეთ რამეს, რასაც მწერების მიზიდვა შეუძლია. შინაური ცხოველები და ფრინველები — მაგალითად თხა, ღორი, ქათამი — სახლიდან მოშორებით დააბინავეთ. ეზოსა თუ ქუჩაში მდებარე საპირფარეშოებში ხვრელებს თავსახურები გაუკეთეთ. ბუზების მოშორების მიზნით ცხოველების ექსკრემენტები მალევე ჩამარხეთ ან მიწა გადააყარეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მეზობლები ასე არ იქცევიან, თქვენ მაინც გარკვეულწილად დაიცავთ თავს მწერებისგან, თანაც სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემთ“ (სამხრეთი ამერიკა).
[სურათი]
კერძს ან ნაგავს თუ თავახდილს დატოვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მწერებს სადილზე ეპატიჟებით.
▪ პირადი ჰიგიენა
„საპონი ძვირი არ არის, ასე რომ ხშირად დაიბანეთ ხელები და გაირეცხეთ ტანსაცმელი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ადამიანებთან ან ცხოველებთან გქონდათ შეხება. თუ შესაძლებელია, ნუ მიეკარებით მკვდარ პირუტყვს. შეეცადეთ, არ შეეხოთ ხელებით საკუთარ პირს, ცხვირსა და თვალებს. ტანსაცმელი ხშირ-ხშირად რეცხეთ, თუნდაც ის სუფთად გამოიყურებოდეს. ვინაიდან ზოგი სუნი მწერებს იზიდავს, უმჯობესია, მოერიდოთ არომატულ საპნებსა და ჰიგიენურ საშუალებებს“ (აფრიკა).
პროფილაქტიკური ზომები
▪ არ დაუშვათ კოღოების გამრავლება
წყლით სავსე ბაკებსა და ტაშტებს რამე გადააფარეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლის გარეთ დატოვებულ ჭურჭელში წყალი არ გროვდებოდეს ან მათ რამე გადააფარეთ. ოთახის ყვავილებს ისე ნუ მორწყავთ, რომ მათში წყალი ჩაგუბდეს. თუ წყალი სადმე ოთხ დღეზე მეტხანს გუბდება, იქ შეიძლება კოღოები გამრავლდნენ (აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები).
▪ მაქსიმალურად მოერიდეთ მწერებს
მოერიდეთ მწერების საყვარელ „საბანკეტო“ ადგილებს. ეცადეთ არ მოხვდეთ ასეთ ადგილებში იმ დროს, როდესაც ისინი „სასუსნავს“ დაეძებენ. ტროპიკებში მზე ადრე ჩადის, ამიტომაც ბევრი ადამიანი მუშაობას სიბნელეში განაგრძობს, როდესაც მწერები უფრო აქტიურდებიან. თუკი თქვენს მხარეში გავრცელებულია ისეთი
დაავადებები, რომლებიც მწერებს გადააქვთ, ერიდეთ გარეთ ჯდომასა და ძილს –– ეს სარისკოა (აფრიკა).[სურათი]
თუ გსურთ, რომ კოღოებმა თქვენით „ისადილონ“, შეგიძლიათ გარეთ დაიძინოთ იმ ქვეყანაში, სადაც კოღოებია მოდებული.
ატარეთ დახურული ტანსაცმელი, განსაკუთრებით კი ტყეში ყოფნისას. ტანსაცმელსა და კანზე წაისვით ან მიისხურეთ მწერსაწინააღმდეგო საშუალება, ოღონდ ყოველთვის ზუსტად დაიცავით მოცემული მითითებები. შინ დაბრუნებისას შეამოწმეთ, თქვენ ან თქვენს ბავშვებს ტკიპები ხომ არ აგეკიდათ. იზრუნეთ შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე და ისინიც დაიცავით მწერებისგან (ჩრდილოეთი ამერიკა).
მინიმუმამდე დაიყვანეთ შინაურ პირუტყვთან კონტაქტი, ვინაიდან მწერებმა შეიძლება მათი დაავადებები შეგყარონ (ცენტრალური აზია).
კარგი იქნება, თუკი ოჯახის თითოეული წევრი გამოიყენებს კოღოების საწინააღმდეგო ბადეს. უმჯობესია, რომ ეს ბადე ინსექტიციდებით იყოს გაჟღენთილი. ფანჯრებსაც გაუკეთეთ შესაფერისი ბადე და თუკი ის სადმე გაირღვევა, ყოველთვის შეაკეთეთ. ამოავსეთ ნებისმიერი ნაპრალი, საიდანაც მწერები შეიძლება შემოიპარონ. მართალია, ასეთი პროფილაქტიკური ზომების მიღებას გარკვეული თანხა სჭირდება, მაგრამ ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა ან ოჯახის მარჩენლის ავადმყოფობა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ (აფრიკა).
[სურათი]
კოღოების საწინააღმდეგო, ინსექტიციდებით გაჟღენთილი ბადეები უფრო იაფია, ვიდრე წამლები და საავადმყოფოში მკურნალობა.
დაამუშავეთ ყველა ის ადგილი სახლში, სადაც შეიძლება მწერები იმალებოდნენ. მოაბათქაშეთ კედლები და ჭერი და ამოქოლეთ ნაპრალები და ხვრელები. ნამჯის ჭერს ქვემოდან მწერგამძლე ქსოვილი მიაკარით. უწესრიგოდ ნუ დაახვავებთ ქაღალდებს ან ქსოვილებს და კედლებსაც ნუ გადატვირთავთ სურათებით, ვინაიდან მწერებს ამ ადგილებში შეუძლიათ დამალვა (სამხრეთი ამერიკა).
ზოგი ისე იქცევა, თითქოს მწერები და მღრღნელები მათი საპატიო სტუმრები ყოფილიყვნენ. არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნიოთ ისინი ასეთებად! მოუჭერით მათ ყველა გზა. გამოიყენეთ მწერსაწინააღმდეგო საშუალებები და ინსექტიციდები, ოღონდ მითითებებისამებრ, ასევე ბუზსაჭერები და ბუზების სახოცები. მოუხმეთ ფანტაზიას: ერთმა ქალმა ქსოვილის ნაჭრისგან შეკერა წვრილი „მუთაქა“, ამოავსო ის ქვიშით და მწერებისათვის შემოსასვლელის გადასაკეტად კარის ზღურბლთან დადო (აფრიკა).
[სურათი]
მწერები საპატიო სტუმრები არ არიან. გაყარეთ ისინი!
▪ პროფილაქტიკური მკურნალობა
გაიძლიერეთ ორგანიზმი სათანადო კვებით, დასვენებითა და ვარჯიშით. შეამცირეთ სტრესი (აფრიკა).
თუ გამგზავრებას აპირებთ: წინასწარ გაარკვიეთ, გავრცელებულია თუ არა იმ რეგიონში, სადაც მიემგზავრებით, ისეთი დაავადებები, რომლებიც მწერებს გადააქვთ. ამ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჯანდაცვის დეპარტამენტებიდან ან მთავრობის ოფიციალური საიტებიდან ინტერნეტში. გამგზავრებამდე ჩაიტარეთ შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობა.
თუ თავს ცუდად გრძნობთ
▪ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს
დაავადებების უმეტესობისგან განკურნება გაცილებით ადვილია მაშინ, როდესაც ისინი დროზეა დადგენილი.
▪ არასწორი დიაგნოზი რომ არ დაგისვან. . .
მიდით ისეთ ექიმებთან, რომლებისთვისაც ცნობილია ტროპიკული დაავადებები (თუკი ტროპიკულ სარტყელში იყავით) ან ისეთი დაავადებები, რომლებიც მწერებს გადააქვთ. მოუყევით ექიმს ყველა სიმპტომის შესახებ, ისიც უხსენეთ, თუ სად იმოგზაურეთ, თუნდაც დიდი ხნის წინათ. ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ. თუ ექიმმა მკურნალობა დაგინიშნათ, კურსი ბოლომდე მიიყვანეთ.
[სურათი]
დაავადებები, რომლებიც მწერებს გადააქვთ, შეიძლება სხვა სნეულებებს წააგავდეს. ექიმს სრულად აღუწერეთ ყველაფერი.
[საავტორო უფლება]
Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.