არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ყველაზე დამრეცი ქუჩა“?

„ყველაზე დამრეცი ქუჩა“?

„ყველაზე დამრეცი ქუჩა“?

▪ რით არის განსაკუთრებული ქალაქ დანიდინის (ახალი ზელანდია) ქუჩა „ბოლდუინ-სტრიტი“? დანიდინში დიდი ხანია თვლიან, რომ ეს ქუჩა მსოფლიოს ყველაზე დამრეცი ქუჩაა. და თუმცა ამ განაცხადს ზოგიერთები ეჭვქვეშ აყენებენ, ერთი რამ ცხადია: „ბოლდუინ-სტრიტი“ საოცრად დამრეცია.

ეს ცნობილი ქუჩა დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მნახველებს. არა, სულაც არ არის საჭირო, იყოთ მთამსვლელი, ქუჩის ბოლოში რომ აღმოჩნდეთ. შეგიძლიათ ფეხით აუყვეთ ამ 359-მეტრიან ქუჩას, მაგრამ მძღოლებს (მათ შორის მოტოციკლისტებსაც) არ ურჩევენ ამ ქუჩაზე ასვლას.

შემოგვიერთდით „მწვერვალის დაპყრობაში“!

ერთ მშვენიერ მზიან დღეს მე და ჩემმა ორმა თანამგზავრმა შევათვალიერეთ ჩვენ წინ აღმართული ქუჩა. შევუდექით თუ არა აღმასვლას, წონასწორობის შესანარჩუნებლად წინ გადავიხარეთ და ღრმად სუნთქვა დავიწყეთ. „თითქოს ბეტონის კედელზე ავდიოდეთ“, — ქოშინ-ქოშინით აღმოხდა რომელიღაცას. ცოტა ხანში შევნიშნეთ სკამი, რომელსაც სწორედ რომ სულზე მივასწარით და შესასვენებლად ჩამოვსხედით.

ჩვენი აღმასვლა გრძელდება და მალევე ვაღწევთ კიდეც ქუჩის ბოლოს, სადაც, როგორც იქნა, სულს ვითქვამთ. აქედან თვალწინ შესანიშნავი პანორამა გვეშლება. ჩვენ დაბლა კოხტად ჩამწკრივებულან ლამაზი სახლები თავისი ეზო-ბაღებით. ჰორიზონტზე მოჩანს აბიბინებული საძოვრების გასწვრივ მოარშიებული მუქი მწვანე ბუჩქნარები. მთელი ეს სილამაზე ლაჟვარდისფერი ცის ფონზე იხატება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აღმასვლით სიჩქარის რეკორდი ვერ დავამყარეთ, ჩამოსვლისას ერთხანს შევყოვნდით, რათა ჩვენ მიერ „დაპყრობილი მწვერვალი“ გადაგვეღო და, როგორც „დამსახურებულ მთამსვლელებს“, მოგვეთხოვა ქალაქის მიერ დაწესებული სერტიფიკატი, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ „დავიპყარით“ „მსოფლიოს ყველაზე დამრეცი ქუჩა“ (გამოგზავნილია).