არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შთამბეჭდავი მოგზაურობა №1 მაგისტრალზე

შთამბეჭდავი მოგზაურობა №1 მაგისტრალზე

შთამბეჭდავი მოგზაურობა №1 მაგისტრალზე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ნორვეგიიდან

ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბერგენიდან ყოველ საღამოს ჩრდილოეთის მიმართულებით, წლის ნებისმიერ დროს, გადის გემი, რომელიც 11 დღიან კრუიზს ასრულებს და, საერთო ჯამში, 4 500 კილომეტრს ფარავს. გემი ათასობით კუნძულს, ფიორდსა და პატარა უბეს შორის მიიკვლევს გზას; ჩერდება ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ნორვეგიის შეჭრილ-შემოჭრილ, თვალწარმტაც, სანაპირო ზოლზეა ჩამწკრივებული.

ბევრი ფიქრობს, რომ ნორვეგიის სანაპირო ექსპრესის საზღვაო მარშრუტი მსოფლიოში ყველაზე განუმეორებელია, მაგრამ მას სხვა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს — გემს დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე, ჩრდილოეთის პოლარული წრის შიგნით საკმაოდ ღრმად მდებარე ქალაქ კირკენესამდე, გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი და ფოსტა.

საინტერესოა, როგორ მოძრაობენ გემები პოლარულ წყლებში — განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა არქტიკის უდიდესი ნაწილი ყინულით არის შებორკილი? გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ნორვეგია თბილი ჩრდილოატლანტიკური დინებისა და დასავლეთის ზომიერი ქარების გავლენაში ექცევა. სწორედ ეს გარემოება არბილებს ნორვეგიის კლიმატს, რომელიც, ხშირად, გაცილებით მკაცრია ჩრდილოეთის ამ განედებში. ამიტომაა, რომ ნორვეგიის პორტებში, ფაქტობრივად, ზამთარშიც კი არ არის ყინული.

როგორ იშვა საზღვაო მაგისტრალი

XIX საუკუნის ბოლოს ფიქრი დაიწყეს იმაზე, თუ რით დაეკავშირებინათ ერთმანეთისთვის ქვეყნის სანაპირო ზოლზე მდებარე დასახლებული პუნქტები — სახმელეთო გზით, რკინიგზით თუ საზღვაო მარშრუტით. ბოლოს არჩევანი სანაოსნო გზაზე შეაჩერეს. მაგრამ იმ ხანად ზღვით მგზავრობა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: მიუხედავად იმისა, რომ ზღვა არ იყინებოდა, ღამით და ცუდ ამინდში ნაოსნობა მაინც ძალიან სახიფათო იყო.

კაპიტან რიკარტ ვიტის გამომგონებლობის უნარისა და შეუპოვრობის წყალობით 1893 წლის 2 ივლისს რეგულარული საზღვაო ხაზი გაიხსნა. იმ დღეს ტრონჰეიმიდან პირველი სანაპირო ექსპრესი გაემართა ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰამერფესტისკენ. პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, საზღვაო მიმოსვლა წარმატებული გამოდგა. დროთა განმავლობაში მარშრუტი უფრო გაფართოვდა და დღეს იგი ბერგენიდან კირკენესამდე მთლიანობაში 34 პორტს მოიცავს. ამ საზღვაო მარშრუტის წარმატებასა და პრაქტიკულ ღირებულებაზე ყველაზე უკეთ, ალბათ, მოწმობს მისი არაოფიციალური სახელწოდება — №1 მაგისტრალი — რომელიც სანაპირო რეგიონებში მცხოვრებმა ხალხმა უწოდა მას.

დღესდღეობით №1 მაგისტრალს 11 თანამედროვე ხომალდისგან შემდგარი ფლოტი ემსახურება. გემები 24-საათიანი ინტერვალით კურსირებენ პორტებს შორის. სარკინიგზო და საავტომობილო ქსელის გაუმჯობესების გამო, რომელიც მრავალ სანაპირო ქალაქს აკავშირებს ერთმანეთთან, სანაპირო ექსპრესი, დროთა განმავლობაში, უფრო ტურისტული გემის დანიშნულებას იძენს, რაც მის დიზაინსა და კონსტრუქციაშიც აისახება.

თვალწარმტაცი პანორამა

სანაოსნო მარშრუტი ძირითადად წყნარ წყლებზე გადის. ამიტომ მგზავრებს საშუალება ეძლევათ, მთელი 11 დღის განმავლობაში დატკბნენ ნორვეგიის საუცხოო ხედებით — ეს შეიძლება იყოს ლორთქო ბალახით დაფარულ საძოვრებზე მიმობნეული მცირე დასახლებები, ზედ წყალთან მიყუჟული მებადურთა სახლები, მყინვარები, ფიორდები, დათოვლილი მთები, ზღვის ფრინველებით დახუნძლული ფრიალო კლდეები, დიდებული ჩანჩქერები და თვით ვეშაპებიც კი.

დამატებით ხიბლს მოგზაურობას ისიც მატებს, რომ ნავსადგომში გემის დგომისას მგზავრებს ნაპირზე გადასვლა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც შეუძლიათ. მაგალითად, ქალაქ მოლდედან რუმსდალის მთების 87 დათოვლილი მწვერვალის უნიკალური ხედი მოჩანს. ქალაქ ოლესუნსა და ტრონჰეიმში ტურისტებს შეიძლება მოკლე ექსკურსიაზე წასვლის საშუალებაც კი მიეცეთ. ექსკურსიის დროს მათ შეუძლიათ ქუჩებში გაისეირნონ და დაათვალიერონ ნაგებობები, რომლებსაც ადგილობრივი არქიტექტურის აშკარა კვალი ატყვია. ზოგიერთ ქალაქში მგზავრები მანქანას ქირაობენ და გემით მოგზაურობას მარშრუტით გათვალისწინებული შემდეგი პორტიდან განაგრძობენ.

ქალაქ ბუდედან გამოსვლის შემდეგ სანაპირო ექსპრესი ვესტ-ფიორდის გავლით მიემართება ლოფოტენის კუნძულებისკენ — ეს არის 175 კილომეტრზე გადაჭიმული არქიპელაგი, რომელზეც მთათა უამრავი მწვერვალისა და მებადურთა კოხტა სოფლების ნახვა შეიძლება. ლოფოტენის არქიპელაგის ყველაზე დაშორებული კუნძულებიდან ზოგი უბრალოდ რიფი, პატარა კლდოვანი კუნძული ან ოკეანიდან ამოშვერილი ფრიალო კლდეა. ზოგიერთ მათგანზე შუქურაა დადგმული. გარდა ამისა, არქიპელაგის კუნძულებზე ზღვის ფრინველთა ზოგიერთი სახეობის ყველაზე დიდი კოლონიები ბინადრობენ. მათ შორის: თოლიები, თევზიყლაპიები, სუსხურები, ცულთავები, წვრილნისკარტა კაირები, დიდი ჩვამები, სამთითა მეთოვლიები და ალკები. ზოგჯერ აქ ქარიშხალებიც გვხვდებიან. ფრინველების რიცხვი რამდენიმე მილიონს აღწევს.

ყოველ ზამთარს ზღვაში, რომელიც ლოფოტენის კუნძულებს აკრავს გარს, გამოცოცხლება შეინიშნება. მებადურები ნავებით გადიან ზღვაში ვირთევზაზე სათევზაოდ, რომელსაც ადგილობრივი ხალხი „სკრეის“ უწოდებს. ამ მხარეში ვეშაპებიც გვხვდება. მგზავრები აღტაცებაში მოდიან, როცა გემიდან ამ უშველებელი ძუძუმწოვრების ამოყვინთვასა და მათ მიერ ამოტყორცნილ შადრევანს აკვირდებიან.

ზაფხულობით სანაპირო ექსპრესი მთავარი მარშრუტიდან უხვევს და ტროლ-ფიორდში შედის. ციცაბო კლდეებს შორის მოქცეული ამ ფიორდის შესასვლელი იმდენად ვიწროა, რომ გეგონება, კლდის ზედაპირს მისწვდებიო, თუკი ხელს გადაჰყოფ გემბანიდან. მესაჭე აქ საყვირსაც კი არ აყვირებს იმის შიშით, რომ ამან კლდის ჩამოშლა არ გამოიწვიოს. ამ ადგილას, სადაც ფონს დათოვლილი მწვერვალები ქმნიან, იმდენად შთამბეჭდავი ხედები იშლება, რომ მათ გადაღებას ნებისმიერი ფოტოგრაფი ინატრებდა!

სხვა რამდენიმე ქალაქსა და მებადურთა სოფლებში შეჩერების შემდეგ, გემები აღმოსავლეთისკენ უხვევენ და სანაპირო ზოლის იმ მონაკვეთს მიუყვებიან, რომელსაც ბევრი მგზავრი მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ადგილად თვლის. მაგალითად, საპორტო ქალაქ ჰონინგსვოგიდან მგზავრებს კონცხ ნორდკაპზე შეუძლიათ ექსკურსიის მოწყობა, სადაც მათ დაუვიწყარი სანახაობა ელით — ეს არის თითქმის 300-მეტრიანი ციცაბო კლდე, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანედან თითქმის ვერტიკალურადაა ამომართული.

სანაპირო ექსპრესი სულ რაღაც რამდენიმე საათით ჩერდება კირკენესში — კრუიზის საბოლოო და უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში — რის შემდეგაც კვლავ უკან, ბერგენისკენ იღებს კურსს. სამხრეთისკენ მგზავრობისას ტურისტებს იმ პეიზაჟების ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ, რომლებიც მათ, შესაძლოა, ჩრდილოეთისკენ მოგზაურობისას გამოტოვეს იმის გამო, რომ ეძინათ. მაგალითად, ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან მოჩანს სვარტისენის უზარმაზარი მყინვარი, რომელსაც 370 კვადრატული კილომეტრი უკავია. ამის შემდეგ გემი ჯერ შვიდ დობილად წოდებულ ლამაზ მთაგრეხილს ჩაუვლის, მერე კი — ჯმუხ და გუმბათისებრ ტორგჰატენის მთას. ამ მთას დიდი ბუნებრივი გვირაბი კვეთს, რის გამოც ის გახვრეტილ ქუდს წააგავს. ქალაქ მოლეისა და ფლურეს შორის ექსპრესი გვერდს უვლის 860 მეტრი სიმაღლის ჰორნელენის მთას, რომელიც ზღვიდან იმდენად ციცაბოდაა ამომართული, რომ მესაჭე აქაც არ აყვირებს საყვირს იმის შიშით, რომ მთიდან ქვა-ღორღი არ ჩამოიშალოს.

შუაღამის მზე და პოლარული ღამე

ტურისტებს, რომლებიც ზაფხულში გადაწყვეტენ მოგზაურობას, პრაქტიკულად მთელი კრუიზის განმავლობაში შეეძლებათ დღის სინათლით თვალის გახარება. № 1 მაგისტრალის უდიდესი მონაკვეთი პოლარული წრის ჩრდილოეთით — ანუ როგორც ზოგი უწოდებს, „შუაღამის მზის ქვეყანაში“ — მდებარეობს. ზაფხულობით მზე აქ მთელი ღამის განმავლობაში ანათებს. საინტერესოა, რომ ნორდკაპის კონცხზე მზე თითქმის 12 კვირის განმავლობაში არ ჩადის!

მათ კი, ვინც ზამთარში გადაწყვეტს მოგზაურობას, წინ გრძელი პოლარული ღამე ელოდებათ. ზამთარს თავისი განუმეორებელი სილამაზე აქვს. ამ დროს მზე ხშირად ჰორიზონტზე ამოწვერვას ცდილობს, მაგრამ ვერ „ახერხებს“, რის გამოც გარინდებული ცა, ოკეანე, მთები და თოვლი გარიჟრაჟის ნაზი ფერებით იღებება. გარდა ამისა, ზამთრის ცა შესანიშნავი ფონია დიდებული კოსმიური სპექტაკლის — ჩრდილოეთის ციალის — სანახავად. როდესაც მზიდან გამოტყორცნილი, ელექტრობით დამუხტული ნაწილაკები პოლარული წრის ატმოსფეროში იჭრება, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცაზე ზოგჯერ წითელში გარდამავალი მწვანე და მოყვითალო–მომწვანო სინათლე იწყებს ცეკვას. ეს უჩვეულო სინათლე, რომელიც ხან ზონრებად და ხანაც ფარდებად ეკიდება ცის კამარას, მართლაც რომ განუმეორებელი კოსმიური რიტმით იკლაკნება, კრთის და ცახცახებს.

ამ მშვენიერი პეიზაჟების ხილვა, რა თქმა უნდა, სანაპირო ექსპრესით მგზავრობის გარეშეც შეიძლება. გაფართოებული საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების წყალობით, ნორვეგიის დიდი ნაწილის დათვალიერება მანქანისა და მატარებლის ფანჯრიდანაც შეიძლება. მათთვის, ვისაც ჯიბე გასაქანს არ აძლევს, გადაადგილების ეს საშუალებები უფრო ხელსაყრელი იქნება. და მაინც, რა მარშრუტიც უნდა აირჩიოთ, ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თქვენ არასოდეს მოგწყინდებათ ნორვეგიის სანაპირო ზოლის თვალწარმტაცი ხედები, რომლებიც ყოველ კილომეტრზე ენაცვლება ერთმანეთს და წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი სილამაზით წარდგება მნახველთა წინაშე.

[რუკა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფინეთი

შვედეთი

ნორვეგია

ოსლო

საზღვაო მარშრუტი

▿ ▵ ბერგენი

▿ ▵ ფლურე

▿ ▵ მოლეი

▿ ▵ ოლესუნი

▿ ▵ მოლდე

▿ ▵ ტრონჰეიმი

ჩრდილოეთის პოლარული წრე

მონუმენტი ჩრდილოეთის პოლარულ წრეზე.

▿ ▵ ბუდე

▿ ▵ ლოფოტენის კუნძულები

ტროლ-ფიორდი

▿ ▵ ტრომსე

▿ ▵ ჰამერფესტი

▿ ▵ ჰონინგსვოგი

▿ ▵ კირკენესი

[საავტორო უფლება]

Based on map: Hurtigruten

[სურათი 15 გვერდზე]

გემი მთებით გარშემორტყმულ ტროლ-ფიორდში მიიკვლევს გზას.

[საავტორო უფლება]

TO-FOTO AS, Harstad

[სურათები 15 გვერდზე]

ლოფოტენის კუნძულებზე ზღვის მრავალი ფრინველი ბინადრობს. მათ შორის: თოლიები, მსხვილნისკარტა კაირები და ცულთავები.

[სურათი 16 გვერდზე]

№1 მაგისტრალი ბერგენში იწყება.

[სურათი 16 გვერდზე]

მონუმენტი ჩრდილოეთის პოლარულ წრეზე.

[სურათი 16 გვერდზე]

შუაღამის მზე.

[საავტორო უფლება]

TO–FOTO AS, Harstad

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

შვიდი დობილი

[საავტორო უფლება]

Per Eide

[სურათი 17 გვერდზე]

სანაპირო სოფელი ზამთრის ბინდბუნდში.

[სურათი 17 გვერდზე]

ჩრდილოეთის ციალი.

[საავტორო უფლება]

© TO-FOTO AS, Harstad

[სურათი 17 გვერდზე]

მოგზაურობა კირკენესში მთავრდება.

[საავტორო უფლება]

Hallgeir Henriksen

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

Nancy Bundt