არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბარსელონა მრავალფეროვანი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ბარსელონა მრავალფეროვანი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ბარსელონა მრავალფეროვანი მუზეუმი ღია ცის ქვეშ

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ესპანეთიდან

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარ მუზეუმში იმყოფებით. აქ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები მომენტალურად იპყრობს თქვენს ყურადღებასა და ფანტაზიას. საითაც კი გაიხედავთ, თვალს გტაცებთ გამაოგნებელი, უჩვეულო ფორმებისა და ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნება. საინტერესოა, რომ სამუზეუმო ექსპონატთა ეს საოცარი კოლექცია არც შენობაშია მოთავსებული და არც სასახლეში. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ამ უზარმაზარი მუზეუმის როლში წარმოგვიდგება ქალაქი ბარსელონა — განსაკუთრებით კი მისი „კვადრატ დ’ორი“ * (ოქროს კვადრატი). აქ წარმოდგენილი შედევრები არც ფერწერული ტილოებია და არც ქანდაკებები — ისინი თვით შენობებია, რომლებიც მნახველებს სტილისა და ორნამენტების უჩვეულო სიუხვეს წარმოუდგენს.

ესპანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბარსელონა, რომელიც სულ რაღაც 160 კილომეტრითაა დაშორებული საფრანგეთის საზღვრიდან, ესპანეთის ქალაქებიდან, ალბათ, ყველაზე უფრო ევროპულია. ბოლო საუკუნეების განმავლობაში ის არქიტექტურული ნოვატორობისა და ხელოვნების სხვადასხვა სტილის სინონიმად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად სხვადასხვა დამპყრობლის — რომაელების, ვესტგუთების, მავრებისა თუ ფრანკების — ხელში იყო, ბარსელონა დროთა განმავლობაში უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ქალაქი გახდა. XIV საუკუნისთვის ის ესპანეთის უმსხვილეს სამრეწველო ცენტრად და ხმელთაშუაზღვისპირეთის საზღვაო მიმოსვლის კვანძად იქცა. გოტიკური ნაგებობები და საკათედრო ტაძარი, რომლებიც დღეს ქალაქის ცენტრს ამშვენებს, იმავე საუკუნით თარიღდება. გოტიკური სტილის ნაგებობებისთვის (1) დამახასიათებელი გრანდიოზულობა, რომელიც რთული და დახვეწილი სამშენებლო მეთოდების გამოყენებას მოითხოვდა, იმაზე მეტყველებს, რომ იმ პერიოდში ბარსელონა საკმაოდ მდიდარი, ეკონომიკურად აყვავებული ქალაქი იყო.

XVI საუკუნეში ესპანეთმა ყურადღება გადაიტანა ამერიკაზე, რადგან კოლონიებთან სავაჭრო ურთიერთობები უფრო დიდ მოგებას უქადდა. XIX საუკუნეში მომხდარი სამრეწველო გადატრიალების შედეგად კი ბარსელონა ესპანეთის საფეიქრო მრეწველობის დედაქალაქი გახდა, რის წყალობითაც კიდევ ერთხელ განიცადა ეკონომიკური აღმასვლა.

ასპარეზზეა ახალი ქალაქი

XIX საუკუნის სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ქალაქს კეთილდღეობა მოუტანა, მაგრამ, ამასთანავე, გარკვეული პრობლემებიც შეუქმნა. ამ საუკუნის მეორე ნახევარში საოცრად იმატა ქალაქის მოსახლეობის რაოდენობამ, მაშინ როდესაც საცხოვრებელი ადგილები საკმარისი არ იყო. დემოგრაფიული ზრდის გამო საჭირო გახდა გარკვეული ზომების მიღება. ინჟინერ–მშენებელ ილდეფონს სერდას დაევალა ისეთი გეგმის შემუშავება, რომლის საფუძველზეც, გარშემო ტერიტორიების განაშენიანების წყალობით ქალაქი უნდა გაფართოებულიყო.

სერდას მიერ 1859 წელს შემუშავებულ პროექტს ეწოდა „ეშამპლე“, ანუ გაფართოება. ამჟამად ეს ქალაქის ცენტრალური უბნის სახელწოდებაა. სერდას გეგმის მიხედვით, პირდაპირი ქუჩები და ოთხკუთხა კვარტალები მაქსიმალურად სიმეტრიულად უნდა განლაგებულიყო და უჯრედებიანი ბადის ფორმა შეექმნა. განახლებული ბარსელონა უფრო დიდებულ იერს შეიძენდა და ახალშენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახებოდა.

ძალიან მალე დაიწყო ქალაქის განაშენიანება სერდას პროექტის მიხედვით. თითოეული კვარტალი გამოირჩეოდა უნიკალური დიზაინით, რაც დღეს მნახველებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ისიამოვნონ არქიტექტურული მრავალფეროვნებითა და სილამაზით. პროექტში ფეშენებელური ქუჩებისა და გამზირების გაყვანაც შედიოდა. რობერტ ჰიუზი თავის წიგნში „ბარსელონა“ შენიშნავს, რომ «გამორჩეული არქიტექტურის გამო [„ეშამპლე“] ევროპის, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო დასახლებული რაიონია».

ბარსელონას ეკონომიკურმა კეთილდღეობამ ხელი შეუწყო იმას, რომ მას 1888 წელს მსოფლიო გამოფენისთვის ემასპინძლა. ქალაქის ცენტრში აღმართული „არკ–დე–ტრიუმფი“ (2) (ტრიუმფული თაღი) სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის უკვდავსაყოფად აღიმართა. ამასთანავე, ეს უჩვეულო მონუმენტი მეტყველებს ახალი მხატვრული მიმართულების დამკვიდრებაზეც, მიმართულებისა, რომელიც მსოფლიოს ქალაქებს შორის ბარსელონას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.

ახლებურად „შემოსილი“ ქალაქი

XX საუკუნის დასაწყისში ევროპასა და შეერთებულ შტატებში გავრცელდა დეკორატიული ხელოვნების სტილი „მოდერნი“, რომელიც ბუნებაში არსებული ფორმების ასახვას ცდილობს. ბარსელონას საკმაო კაპიტალი ჰქონდა საიმისოდ, რომ ქალაქი გაეფართოებინა და ახალ–ახალი შენობები წამოეჭიმა. ამის განსახორციელებელი პროექტიც მზად იყო და ნოვატორ არქიტექტორებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის მისცემდნენ გასაქანს თავიანთ ფანტაზიას. ასე რომ, მათმა იდეებმა ხორცი შეისხა და მოდერნულმა სტილმა ქალაქს განუმეორებელი იერი შესძინა. ანტონიო გაუდიმ (1852—1926), რომელიც ხელოვნების ამ ახალი მიმართულების გამოჩენილი წარმომადგენელი იყო, წარუშლელი კვალი დააჩნია ბარსელონას საცხოვრებელი შენობების არქიტექტურას.

გაუდის საუკეთესო ქმნილებებიდან უმეტესობა ბარსელონაშია თავმოყრილი. ამ არქიტექტურული ძეგლებიდან რამდენიმე მსოფლიოს ხელოვნების საგანძურის სიაშია შეტანილი. „კასა მილა“ (3), ანუ იგივე „ლა–პედრერა“, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს, გრასიას გამზირზე მდებარეობს, ერთ–ერთი ასეთი ღირსშესანიშნავი მაგალითია. ამ ნაგებობაში ვერსად იპოვით სწორად აღმართულ კედელს. ტალღოვანი ფასადი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ქვიშაქვისგან იყოს გამოქანდაკებული. ფასადს ამშვენებს ნაჭედი რკინისგან დამზადებული მოაჯირები, რომლებიც კონებად შეკრულ ფოთლებსა და მაყვალს მოგვაგონებს. შენობის შიგნით კი მორკალული ჭერი და სვეტები ათასნაირ ფორმებს ქმნის.

გაუდის უსაზღვრო ფანტაზიის სხვა ბრწყინვალე ნიმუშია „კასა ბატლო“ (4), რომელიც აგრეთვე გრასიას გამზირზე მდებარეობს. 1904—1906 წლებში მსხვილი მეწარმის, ჟოზე ბატლო–ი–კასანოვასის სახლის რეკონსტრუქციის შედეგად გაუდიმ შექმნა ნაგებობა, რომელიც ფანტასტიკური სამყაროდან გადმოსულს ჰგავს. ტალღისებური სახურავი დინოზავრის ზურგს წააგავს, ხოლო კრამიტი — თევზის ქერცლს. ეს იმდენად უჩვეულო შენობაა, რომ მისი შემხედვარე ზოგჯერ გგონია, რომ თვალი გატყუებს.

გაუდის დაუმთავრებელი შედევრი „საგრადა ფამილიას ეკლესია“ (5) მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, ალბათ, ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია. შენობის ჩრდილოეთ მხარეს აღმართული ოთხი სამრეკლო გაქვავებული ცვილის წვეთებს წააგავს, რომლებიც თითქოს ოთხ კოშკისებრ შანდალზე ჩამოღვენთილა. ეს მაღლა აზიდული კოშკები, რომლებიც სხვა შენობებს ზემოდან გადმოსცქერის, ბარსელონას სიმბოლოდ იქცა.

არანაკლებ მომხიბლავია გაუდის მიერ შექმნილი „გუელის პარკი“ (6), რომელიც ქალაქის დასავლეთ მხარეს, გორაკზე მდებარეობს. დაკლაკნილი ქანდაკებები და სვეტები, ათასფერი მოზაიკა და უჩვეულო შენობები თავისი საკვამურებით აშკარა კონტრასტს ქმნის იმ მიმზიდველ ბაღებთან, რომლებიც მათ გარშემო აკრავს. კიდევ ერთი ადგილი, სადაც ფერებისა და ფორმების ზეიმია, არის „პალაუ–და–ლა–მუსიკა–კატალანა“ (7) (საკონცერტო დარბაზი), რომელიც გაუდის თანამედროვეს, არქიტექტორ დუმენეკ–ი–მუნტანეს მიერ არის შექმნილი.

მთებსა და ზღვას შორის

თავისი მდებარეობა, ისევე როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობა, ბარსელონას განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს და თავისებურ გარემოს უქმნის. ქალაქს დასავლეთით კოლსეროლას მთები აკრავს, აღმოსავლეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. ბარსელონა სწორედ რომ ზღვას უნდა უმადლოდეს თავის კეთილდღეობას, რადგან მისი წყალობით იქცა ის ესპანეთის მთავარ სავაჭრო პორტად. და არცაა გასაკვირი, რომ ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება (8), რომელიც ნავსადგურის ახლოსაა აღმართული, ზღვისკენ იყურება.

მთებისა და ზღვის წყალობით აქ რბილი კლიმატია, ეს კი სასიამოვნოს ხდის გარეთ ყოფნას. მთელი წლის მანძილზე, გათენებიდან გვიანობამდე, ქუჩები სავსეა ხალხით. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ღია ცის ქვეშ მოწყობილ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებიც გამვლელებს ახალდაფქული ყავის სუნით იზიდავს ან ადგილობრივი სამზარეულოს კერძების გასინჯვას სთავაზობს. ისეთ ბაზრებში, როგორიცაა დიდ და ფართო გამზირ „ლას–რამბლასზე“ მდებარე ცნობილი „ლა–ბოკერია“, თითქმის ყველანაირი ხილ–ბოსტნეული თუ თევზია.

თქვენი მოგზაურობა ბარსელონაში არ იქნება სრული, თუკი არ ინახულებთ ზღვის მახლობლად აღმართულ ციცაბო გორაკ „მონჟუიკს“. აქ განთავსებულია მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, აქედან ქალაქისა და ხმელთაშუა ზღვის შთამბეჭდავი ხედები იშლება. „მონჟუიკზე“ მდებარეობს ის მთავარი სპორტული ნაგებობებიც, რომლებიც 1992 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იყო განკუთვნილი. იეჰოვას მოწმეები აპირებენ ესტუმრონ ბარსელონას საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ამ ღონისძიებისთვის მოწვეული ყველა დელეგატის დასატევად დაქირავებულია უზარმაზარი საფეხბურთო სტადიონი „ნოუ–კამპი“.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ბარსელონასაც აქვს თავისი პრობლემები, მნახველებს მაინც ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს მისი ხმელთაშუაზღვისპირული იერი. „ლას–რამბლასზე“ ჩამწკრივებული ყვავილების ჯიხურებითა და კაფეებით, გოტიკური კვარტალის ვიწრო ქუჩებითა და არქაული ბრწყინვალებით თუ ქალაქის შთამბეჭდავი არქიტექტურით, ბარსელონა ღია ცის ქვეშ აგებული მდიდარი და მრავალფეროვანი მუზეუმია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ეს კატალანური სახელწოდებაა. კატალანური ენა ბარსელონისა და მთლიანად კატალონიის ოფიციალური ენაა. ის მიეკუთვნება რომანული ენების ჯგუფს და ესპანურისა და ფრანგულის მონათესავეა. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს როგორც ესპანურად, ისე კატალანურად.

[რუკა 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბარსელონა

მადრიდი

სევილია

[სურათი 16 გვერდზე]

„კასა მილას“ სავენტილაციო მოწყობილობები და საკვამურები.

[საავტორო უფლება]

Godo-Foto

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Top photos: Godo-Foto

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Sandra Baker/Index Stock Photography

Godo-Foto