„იეჰოვაა ჩემი ნუგეში“
„იეჰოვაა ჩემი ნუგეში“
ასე ითარგმნება შვედეთის მეფის, კარლ IX-ის ოფიციალური დევიზი. ლათინურად ის შემდეგნაირად ჟღერს: „იეჰოვა სოლატიუმ მეუმ“ (Iehovah solatium meum). ეს მეფე შვედ მონარქთა იმ რამდენიმე თაობის წარმომადგენელია, რომლებიც თავიანთი მმართველობის წლებში (1560—1697 წწ.) ღვთის სახელს ებრაული თუ ლათინური ასოებით გამოსახავდნენ მონეტებზე, მედლებსა თუ გერბებზე. კარლ IX-მ იეჰოვას სამეფო ორდენიც კი ჩამოაყალიბა. 1607 წელს თავისი კორონაციის დღეს კარლს კისერზე ეკეთა ყელსაბამი, რომელსაც „იეჰოვას ჯაჭვი“ ეწოდებოდა.
რა აღძრავდა ამ მონარქებს ასეთი მოქმედებებისკენ? მეცნიერები თვლიან, რომ ბიბლიისადმი ღრმა პატივისცემის გარდა მათზე გავლენა იქონია იმ დროის ევროპაში გავრცელებულმა კალვინისტურმა მოძრაობამ. როგორც აღორძინების ხანის განათლებულმა მონარქებმა, მათ, ცხადია, იცოდნენ ღვთის პირადი სახელის, იეჰოვას, ლათინური ვარიანტი. ზოგისთვის, უეჭველია, ცნობილი იყო, რომ ბიბლიის ებრაული დედნის ტექსტში ეს სახელი ათასობით ადგილას იყო გამოყენებული.
საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ XVI—XVII საუკუნეებში, ევროპის სხვადასხვა ნაწილში იეჰოვას სახელი ხშირად ჩნდებოდა მონეტებსა და მედლებზე გაკეთებულ წარწერებში, აგრეთვე საზოგადოებრივი დაწესებულებებისა თუ ეკლესიების დეკორში. როგორც ჩანს, იმ დროს ყველასათვის ცნობილი იყო გამოსვლის 3:15-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებსაც პატივისცემით ეკიდებოდნენ. ეს მუხლი ბიბლიის მრავალ თარგმანში ასე იკითხება: „იეჰოვა . . . ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი“.
[სურათები 31 გვერდზე]
იეჰოვას სამეფო ორდენის ჯაჭვი და ემბლემა 1606 წ., დამზადებულია ოქროს, მინანქრის, მთის ბროლისა და ძოწისგან.
მეფე ერიკ XIV 1560—1568 წწ.
მეფე კარლ IX 1599—1611 წწ. (ერიკ XIV-ის ძმა)
მეფე გუსტავ II ადოლფი 1611—1632 წწ. (კარლ IX-ის ვაჟი)
დედოფალი კრისტინა 1644—1654 წწ. (გუსტავ II ადოლფის ქალიშვილი)
[საავტორო უფლებები]
Chain: Livrustkammaren, Stockholm Sverige; coins: Kungl. Myntkabinettet, Sveriges Ekonomiska Museum