მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
„გამოიღვიძეთ!“-ის შექება. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემით თქვენ შესანიშნავ საქმიანობას ეწევით. თქვენ იმედს უნერგავთ ხალხს. პირველად ამ ჟურნალის ორი ნომერი მომცა მეზობელმა, როდესაც ქმარი დამეღუპა. თავს საშინლად ვგრძნობდი, არავის დანახვა აღარ მინდოდა, მაგრამ თქვენი ჟურნალების წაკითხვის შემდეგ დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ცხოვრება არ დამთავრებულა. მოგვიანებით, ჩემმა ქალიშვილმაც მომიტანა კიდევ ორი ნომერი, რომლებიც მას საავადმყოფოში ყოფნისას მედდამ მისცა. სხვა დროს, ქუჩაში შემხვდნენ იეჰოვას მოწმეები და ჟურნალის რამდენიმე ნომერი მომცეს. „გამოიღვიძეთ!“-ის სულ რამდენიმე ნომერი მაქვს, მაგრამ როგორც კი თავს გულდამძიმებულად ვიგრძნობ, ხელახლა ვკითხულობ მათ. თქვენი ჟურნალები ასწავლის ხალხს, რა არის მათთვის სასარგებლო და ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა განაპირობებს ჩვენს ქცევებს.
ი. ი. ა. (რუსეთი).
სისუსტეები. გმადლობთ სტატიისთვის „ხუჭავს ღმერთი თვალს ჩვენს სისუსტეებზე?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 ნოემბერი, 2002). ამ სტატიამ საუკეთესო დახმარება გამიწია. მისი მეშვეობით გავიგე, თუ როგორ უყურებს ღმერთი ჩვენს სისუსტეებს.
ი. კ. (შეერთებული შტატები).
პირადი პრობლემის შესახებ ლოცვით მივმართავდი იეჰოვას და ვიმედოვნებდი, რომ ის მიპასუხებდა. ზუსტად მაშინ დაიბეჭდა ეს სტატია. როდესაც ის ჩავიკითხე, იეჰოვას მადლობა გადავუხადე ლოცვაში.
მ. ი. (იაპონია).
კლავიშებიანი ინსტრუმენტები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ამჩნევთ განსხვავებას?“ (8 ნოემბერი, 2002), რომელშიც კლავიშებიანი ინსტრუმენტების შესახებ მოგვითხრობდით. ყოველთვის მიყვარდა მუსიკა, განსაკუთრებით კი — საფორტეპიანო. მინდა ვისწავლო რამდენიმე სიმღერის დაკვრა, რომლებსაც სამეფო დარბაზში ვმღერივართ. ვაპირებ დავიწყო მეცადინეობა სინთეზატორზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოთახის კუთხეში მიდგას.
ვ. ტ. (შეერთებული შტატები).
ძალიან მიყვარს მუსიკა. თავად მე კლარნეტისტი ვარ, მაგრამ მინდოდა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლითაც გამეღრმავებინა ცოდნა მუსიკალურ სფეროში. ექვსი წლის წინ დავიწყე სწავლა, და რაკი ფინანსურად არ მქონდა იმის საშუალება, რომ ფორტეპიანო შემეძინა, დაკვრას ვსწავლობდი სინთეზატორზე, რომელიც პიანინოსა და კლავესინის ხმებს ჰბაძავს.
ს. ტ. (შოტლანდია).
მუსიკას სკოლაში ვსწავლობდი. ცოტა რამ ნასწავლი მქონდა უშუალოდ კლავიშებიანი ინსტრუმენტების შესახებ, მაგრამ ის კი არ მესმოდა, თუ როგორ იყო ისინი გაკეთებული ან რით გამოირჩეოდა. ეს სტატია, რომელიც ძალიან გასაგები ენით იყო დაწერილი და საინტერესო სურათებიც ჰქონდა დართული, დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. უღრმესი მადლობა.
ა. მ. (იაპონია).
რელიგიის თავისუფლება. იეჰოვას ერთ-ერთმა მოწმემ მომცა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 ივლისის ნომერი, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია „შემწყნარებელი სამეფო შეუწყნარებლობის ეპოქაში“. მან, ვინც ეს ჟურნალი შემომთავაზა, იცოდა, რომ უნიტარი ვიყავი და იფიქრა, ეს სტატია დამაინტერესებდა. ის მართალი აღმოჩნდა. შეერთებულ შტატებში კოლეჯში სწავლის პერიოდში პირადად გავიცანი დ-რი ერლ მორს უილბური (მოხსენიებულია სტატიაში). უნიტარიების ისტორიის შესახებ გამართულ ბევრ ლექციასაც დავსწრებივარ, მაგრამ ვერც კი მოვახერხებდი ამ თემაზე ასეთი შინაარსიანი სტატიის დაწერას!
მ. მ. (ჩეხეთი).
უჩვეულო შეხვედრა. ეს-ესაა წავიკითხე სტატია „უჩვეულო შეხვედრა 30 წლის შემდეგ“ (8 ნოემბერი, 2002) და მომიზღვავდა მადლიერებისა და სიხარულის გრძნობები, ამასთანავე გულისტკივილიც ვიგრძენი. ძალიან მიხარია, რომ მარკ რუჯმა და დენის შიცმა იპოვეს იეჰოვა. გული ტკივილით კი იმიტომ მევსება, რომ ჩემი ხუთი შვილიდან ზოგმა ზურგი აქცია ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებად იყვნენ აღზრდილი. რამდენ ტკივილსა და მწუხარებას აირიდებდნენ ისინი, ღმერთთან რომ დაბრუნებულიყვნენ! ყოველთვის ვლოცულობ იმაზე, რომ მათ ეს შეძლონ. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. ის ნამდვილად საჭირო იყო.
მ. ო. (შეერთებული შტატები).