რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
მგლები თევზაობას იწყებენ
წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ მგლების „კვების რაციონი“ მხოლოდ და მხოლოდ ხმელეთზე მობინადრე ისეთი ცხოველებისგან შედგებოდა, როგორიცაა, მაგალითად, ირემი. მაგრამ, როგორც კანადაში გამომავალ გაზეთ „ვანკუვერ სანში“ ვკითხულობთ, შეამჩნიეს, რომ ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალური სანაპირო ზოლის ნოტიო ტყეებში მობინადრე მგლები მოლუსკებს, კიბორჩხალებსა და ორაგულებსაც კი შეექცევიან — თანაც „საათში 20 ცალს მაინც სანსლავენ“. ისინი ჯერ მალულად უთვალთვალებენ თევზს, მერე კი „სხარტი და ზუსტად გათვლილი ნახტომით ოთხივე თათით წყალში ერჭობიან და მსხვერპლს თავს ესხმიან“. 10 ასეთი მცდელობიდან, საშუალოდ, 4 წარმატებით მთავრდება. თევზიჭერია მგელს ერთი უცნაური ზნე სჭირს, რაც თავსატეხს უჩენს მკვლევარებს — ის ორაგულის მხოლოდ თავს ჭამს, ტანს კი ტოვებს. მკვლევარი კრის დერიმონტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თევზის თავი შეიძლება მგლის საყვარელ საკვებ ნივთიერებებს შეიცავდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ორაგულის ტანში მავნე პარაზიტები ცხოვრობდნენ. „მგლები ახალ-ახალ სიურპრიზებს არ გვილევენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს კანადის ნოტიო ტყე . . .“, — ამბობს დერიმონტი.
შ.პ.ს. „ოჯახის დამნგრევები“
როგორც ტოკიოში გამომავალი გაზეთი „IHT ასაჰი“ იუწყება, ქორწინებით იმედგაცრუებული ზოგი იაპონელი მიმართავს სპეციალურ სააგენტოებს, რომლებიც კლიენტებს განქორწინებაში ეხმარება. თუ ქმარს ცოლთან გაყრა სურს, მაგრამ ამისთვის საფუძველი არ გააჩნია, მას შეუძლია, დაწესებული თანხა გადაუხადოს სააგენტოს, რის შემდეგაც სააგენტო საგანგებო დავალებით „მიავლენს“ ლამაზ მამაკაცს, რომელიც „შემთხვევით“ შეხვდება კლიენტის ცოლს და მასთან რომანს გააბამს. ცოტა ხანში ცოლი თანხმობას აცხადებს განქორწინებაზე, ხოლო დაქირავებული საყვარელი, რომელმაც თავისი საქმე უკვე გააკეთა, სადღაც უჩინარდება. როდესაც ცოლს სურს ქმრის თავიდან მოშორება, ფირმა მომხიბვლელ ქალს აგზავნის მის ქმართან, რათა როგორმე შეაცდინოს. სააგენტოში მომუშავე ერთი 24 წლის ქალის თქმით, მამაკაცები, რომლებთანაც მას აგზავნიან, „თითქმის არასდროს ამბობენ უარს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიზანს შემთხვევათა 85—90 პროცენტში ვაღწევ“. გაზეთის ცნობით, ერთ-ერთი სააგენტოს პრეზიდენტი სამუშაოდან ითხოვს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ვერ შეძლეს დაკისრებული მისიის შესრულება. „მათ უნდა შეეძლოთ დავალების შესრულება . . . ეს ბიზნესია“, — ამბობს ის.
მისიონერები ქველმოქმედებას ამჯობინებენ
„იესოს ძალიან ბევრი მისიონერი უგულებელყოფს“, — ასეთი ციტატა მოიყვანეს ამას წინათ იტალიურ გაზეთ „სტამპაში“. ქრისტეზე ქადაგების ნაცვლად, ეს მისიონერები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობას, რომელთა მიზანიც სიღარიბისა და ტანჯვის შემცირებაა. ვატიკანის ოფიციალური ვებ-საიტის თანახმად, ხალხთა ევანგელიზაციის ვატიკანის კონგრეგაციის პრეფექტმა, კარდინალმა კრეშენციო სეპემ, კათოლიკე მისიონერებზე ასეთი რამ თქვა: «ბოლო ათწლეულებში ბევრს გაუჩნდა დიდი ცდუნება იმისა, რომ . . . უგულებელყოს ქრისტეს შესახებ ქადაგების კონკრეტული დავალება და ხალხის სულიერი განსწავლა, რასაც მისია ad gentes [ხალხისაკენ] ითვალისწინებს. ზოგი მისიონერი ამან იქამდე მიიყვანა, რომ მათი საქმიანობა ყოველგვარ სულიერ შინაარს მოკლებულ ქველმოქმედებად გადაიქცა. ისინი საზოგადოებრივ მოღვაწეობას უფრო ეწევიან, რომელიც მართალია სასარგებლოა, მაგრამ მოკლებულია მოციქულების მიერ გამოვლენილ სულისკვეთებას, რომელიც ასე კარგად არის ასახული „მოციქულთა საქმეებში“».
პლასტმასის ვალუტა
2002 წლის ოქტომბერში მექსიკა იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც პლასტმასისაგან დამზადებულ ვალუტას იყენებენ. ქაღალდის ბანკნოტები თანდათანობით შესაბამისი ღირებულების პლასტმასის კუპიურებით იცვლება. გაზეთ „უნივერსალის“ ცნობით, პლასტმასის ვალუტა უკვე მიმოქცევაშია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ბრაზილიასა და რუმინეთში. ქაღალდის ფულის გამოჩენას ჩინელებს უნდა ვუმადლოდეთ, ხოლო ის პოლიმერი, რომლისგანაც ახალ ბანკნოტებს ამზადებენ, ავსტრალიელებმა შეიმუშავეს. პლასტიკურ კუპიურას რამდენიმე უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ გაცილებით სუფთაა, „ქაღალდის ფულთან შედარებით ის ოთხჯერ უფრო დიდხანს ძლებს და ყოველდღიური ხმარებისას ნაკლებად ზიანდება . . . მისი გაყალბება უფრო ძნელია და ხმარებიდან ამოღების შემდეგ შესაძლებელია მისი გადამუშავება“.