არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდე ტრაგედიას?

როგორ გავუმკლავდე ტრაგედიას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე ტრაგედიას?

„რატომ მომიკლეს ტერორისტებმა დედა?“ (კევინი) *.

„[11 სექტემბრამდე] მიყვარდა მეტროთი მგზავრობა. ახლა კი სულ იმის შიში მაქვს, რომ მას ააფეთქებენ და ნანგრევებში ჩავიმარხები“ (პიტერი).

კევინის დედა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ–იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა. თუმცა პიტერს ასეთი საშინელი დანაკლისი არ განუცდია, მასზე ძალიან იმოქმედა მაშინდელმა მოვლენებმა.

ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „ნიუ–იორკში მცხოვრები ათასობით ბავშვი ებრძვის ფსიქიკურ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია 11 სექტემბრის მოვლენებთან. ბევრ მათგანს ეს პრობლემები სრულწლოვანებამდე გაჰყვება“. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ემოციური ტრავმის სიმპტომები შეინიშნებოდა „არა მხოლოდ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდნენ და ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდნენ, არამედ მათშიც, ვინც მოვლენების ეპიცენტრიდან შორს იყო“ *.

იგივე შედეგებს იწვევს სხვა ტრაგედიებიც: იქნება ეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ისრაელში მოწყობილი აფეთქება თუ ბრმად გასროლილი ტყვია. ტრავმების შედეგების შემსწავლელმა ერთმა ექსპერტმა ასეთი შემთხვევების შესახებ თქვა: „თუნდაც [ბავშვები] 2 000 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ იმ ადგილიდან, სადაც ტყვიების ზუზუნი ისმის, მაინც ძალიან შეშინებული არიან“.

რა არის ამის მიზეზი? კატასტროფული მოვლენების დროს მასმედია, შეიძლება ითქვას, „ბომბავს“ საზოგადოებას, და მათ შორის ახალგაზრდებსაც, მოვლენების ამსახველი ცოცხალი კადრებით. ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებების, სკოლებში მომხდარი სროლებისა თუ სტიქიური უბედურებების ამსახველ შემზარავ კადრებს წამდაუწუმ იმეორებენ, რის გამოც ბევრ ახალგაზრდას უჭირს გონებიდან ნანახი სურათების ამოშლა. ყოველივე ამის შემდეგ არცაა გასაკვირი, რომ ნიუ–იორკის სკოლების ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ შემდეგი ფაქტი გამოავლინა: „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევიდან ექვსი თვის შემდეგ 8 266 გამოკითხული მოსწავლიდან 76 პროცენტს გონებაში მაინც ხშირად უტივტივდებოდა ტერორისტული თავდასხმების სცენები“.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია „საზარელ ჟამს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5). როგორ შეიძლება გაუმკლავდე ტრაგედიას ამ მძიმე დროში *?

რატომ ხდება ამდენი უბედურება?

მოჭარბებულ ემოციებთან გამკლავების ერთ–ერთი საშუალებაა „წრფელი აზრის“ გაღვიძება, ანუ საღად აზროვნება (2 პეტრე 3:1). ეცადე საღად შეაფასო მოვლენები და ყველაფერს ისე შეხედო, როგორც ღმერთი უყურებს. შეიძლება დაგჭირდეს საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ ბევრი ტრაგიკული მოვლენა, უბრალოდ, „დროისა და შემთხვევის“ შედეგია (ეკლესიასტე 9:11, სსგ). იესო ქრისტემ ამის მაგალითი მოიყვანა, როდესაც სილოამის კოშკის ჩამონგრევის შესახებ საუბრობდა. იმ ტრაგედიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. იესომ ნათლად დაანახვა ყველას, რომ დაღუპულები ღვთისგან არ ყოფილან დასჯილი. ისინი მხოლოდ იმიტომ დაიხოცნენ, რომ არახელსაყრელ დროს არახელსაყრელ ადგილას აღმოჩნდნენ (ლუკა 13:1—5). ამ ფაქტზე დაფიქრება ტრაგედიების ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარება.

საღად აზროვნება იმისგანაც დაგიცავს, რომ ‘უფალზე არ გაწყრე’ და მომხდარ უბედურებაში იეჰოვა არ დაადანაშაულო (იგავები 19:3). ჩვენს ტანჯვასა და ტკივილში იეჰოვას არავითარი ბრალი არ მიუძღვის. პირიქით, ის „ყოველი ნუგეშის ღმერთია“ (2 კორინთელთა 1:3). თუკი თავს უბედურება დაგვატყდა, კი არ უნდა განვრისხდეთ და ზურგი ვაქციოთ მას — უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ. დაფიქრდი ბიბლიაში, კერძოდ კი იაკობის 1:13–ში, ჩაწერილ სიტყვებზე: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ *.

ამას კარგად ჰფენს ნათელს საუკუნეების წინათ ახლო აღმოსავლეთში დატრიალებული ტრაგედია. უბედურებას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანის პირით ბიბლია მოგვითხრობს იმაზე, თუ რა მოხდა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი“ (იობი 1:16). რა საშინელი უბედურებაა! ეს თავზარდაცემული მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მომხდარში ღვთის ხელი ერია, მაგრამ ის ცდებოდა. იობის 1:7—12–ში ჩანს, რომ სინამდვილეში ციდან ცეცხლი დაუშვა არა ღმერთმა, არამედ მისმა მოწინააღმდეგემ — სატანა ეშმაკმა!

ეს განსაკუთრებული სიტუაცია იყო: ამ შემთხვევის დროს იეჰოვამ სატანას იმის ნება დართო, რომ იობის ერთგულება გამოეცადა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტიქიურ უბედურებებს, მაგალითად ქარიშხალს ან წყალდიდობას, უშუალოდ სატანა იწვევს *. თუმცა, არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რასაც ბიბლია ამბობს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19, აქ). ამიტომაც, უბედურებების დატრიალების მიზნით მას შეუძლია ადამიანები გამოიყენოს.

მიუხედავად ამისა, თავი უმწეოებად არ უნდა ვიგრძნოთ. დავფიქრდეთ ბიბლიაში, 3 მეფეთა 22:12—23–ში, აღწერილ სხვა შემთხვევაზე. ამ მუხლებში მოთხრობილია ერთგული მღვდლებისა და მათი ოჯახების უმოწყალო ამოჟლეტის შესახებ. უეჭველია, ამ ისტორიაში სატანის ხელი ერია, რადგან სწორედ ის აღძრავდა გაბოროტებულ მეფეს ამ მხეცური მოქმედებისკენ. მიუხედავად ამისა, ერთგულმა დავითმა, რომელიც მოგვიანებით თავადაც გამეფდა, 51–ე ფსალმუნში გამოხატა რწმენა იმისა, რომ ღმერთი მოსპობს ბოროტ ადამიანებს, რომელთა ხელებიც სისხლშია გასვრილი (ფსალმუნები 51:7).

დღესაც, დავითის მსგავსად, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მარადიულად არ მოითმენს ეშმაკის გავლენით ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობის აქტებს. ბიბლია გვპირდება, რომ თავისი ძის, იესოს ხელით ღმერთი ‘დაარღვევს ეშმაკის საქმეებს’! (1 იოანე 3:8). საბოლოო ჯამში, სატანის მიერ გამოწვეული ზიანის ყოველგვარი კვალი გაქრება. აღდგომის წყალობით ღმერთი მათაც დაუბრუნებს სიცოცხლეს, ვინც ძალადობის ან ტერორიზმის მსხვერპლი გახდა (საქმეები 24:15).

როგორ შეძლებ ტკივილთან გამკლავებას?

იმედი, რომელსაც ბიბლია გვაძლევს, დაგეხმარება შიშის დაძლევაში. აგრეთვე შეგეძლო რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა. ავიღოთ, მაგალითად, იგავების 12:25–ში მოცემული ბიბლიური პრინციპი. თუკი სხვებს შენს ტკივილს გაუზიარებ, შეიძლება მათი „კეთილი სიტყვით“ გამხნევდე. ეს იმასაც დაგანახვებს, რომ განსაცდელში მარტო არა ხარ. ასე რომ, თუკი რამე გაწუხებს, ეცადე გული გადაუშალო მშობლებს ან ქრისტიანული კრების რომელიმე მოწიფულ წევრს *.

კიდევ ერთი რჩევა: ეცადე ნაკლებად უყურო ტრაგიკული მოვლენების ამსახველ კადრებს. თუ ხშირად უყურებ შემზარავ სცენებს, გაგიჭირდება გონებიდან მათი ამოშლა (ფსალმუნები 118:37).

ქრისტიანი ხარ? მაშინ მტკიცედ განაგრძე ქრისტიანული მსახურება, რომელშიც თანამორწმუნეებთან ერთად კრების შეხვედრებზე დასწრება და სხვებისთვის შენი რწმენის გაზიარებაც შედის (ფილიპელთა 3:16; ებრაელთა 10:23—25). ეს დაგეხმარება იმაში, რომ უარყოფითი აზრები არ მოგეძალოს. განმარტოება მხოლოდ ზიანს მოგიტანს — როგორც ემოციურად, ასევე სულიერად (იგავები 18:1, აქ).

ბიბლიის ყოველდღიური კითხვა განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესული სიტუაციების დროს. ერთი ახალგაზრდა გოგონას, ლორეინის, დედა სიმსივნით კვდებოდა. აი, რამ გააძლებინა მას ამ რთულ პერიოდში: «მახსოვს, ჩემთვის ამ მძიმე ჟამს რამდენჯერმე გადავიკითხე წიგნი „იობი“. ძალიან მეხმარებოდა აგრეთვე ფსალმუნების წიგნი. როდესაც ბიბლიიდან მანუგეშებელ სიტყვებს ვკითხულობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვა გულში მიკრავდა». მისი უმცროსი და, მიშელი, იხსენებს: „თუ დღე ისე გავიდოდა, რომ ბიბლიას ვერ წავიკითხავდი, ამის შედეგს მაშინვე ვგრძნობდი. გონებით ავტომატურად უარყოფით აზრებს ვუბრუნდებოდი. ბიბლიის კითხვით იმ სულიერ საზრდოს ვიღებდი, რომელიც ყოველი დღის გადასატანად მესაჭიროებოდა“.

თუკი შენც განიცდი საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას, შეიძლება დიდად განუგეშოს ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ * კითხვამ. გამოყავი დრო ყველა მოყვანილი მუხლის წასაკითხად და მათზე დასაფიქრებლად. იფიქრე აღდგომის იმედზეც. «უკვე წარმომიდგენია, როგორ დამიბრუნდება დედა აღდგომის დროს, — ამბობს ლორეინი, — და როგორ იტყვის: „მე დავბრუნდი. აბა რა გაამზადეთ სადილად?“. ამის წარმოდგენა ღიმილს მგვრის ხოლმე».

იეჰოვასადმი ლოცვით მინდობა მოგცემს ძალას, რომელიც უდიდეს უბედურებასაც კი აგატანინებს. ლორეინი იხსენებს: „ოთახში ვიყავი, როდესაც დედას უკანასკნელი სუთქვა აღმოხდა. მაშინვე ვთხოვე იეჰოვას, მოეცა ჩემთვის ძალა, რომ ეს საშინელება ამეტანა. იმ წუთშივე ვიგრძენი ღვთის მშვიდობა“. ლოცვისას იყავი კონკრეტული. დაწვრილებით უთხარი იეჰოვას, რას განიცდი. „თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე!“ — მოგვიწოდებს ბიბლია (ფსალმუნები 61:9).

დროის სვლასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ცხოვრება უფრო მძიმე და სტრესული სიტუაციებით აღსავსე გახდება (2 ტიმოთე 3:13). მაგრამ ბიბლია გვპირდება: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან . . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:9—11, 29). ამ იმედზე ჩაჭიდება ნებისმიერ ტრაგედიას გადაგატანინებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები შესაძლოა მთელი რიგი სიმპტომებით გამოიხატებოდეს. მათ შორის: აპათიით, ღამის კოშმარებით, ხალხისგან განცალკევებით, ყოველდღიური საქმიანობების შეწყვეტით, დანაშაულის გრძნობითა და რისხვით.

^ აბზ. 9 თუმცა ეს სტატია ძირითადად დიდი მასშტაბის კატასტროფებს ეხება, აქ მოცემული რჩევების გამოყენება შეიძლება პირადი ტრაგედიების, მაგალითად საყვარელი ადამიანის სიკვდილის დროსაც.

^ აბზ. 12 იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, იხილე მე–7 თავი წიგნში „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 14 იხილე „მკითხველთა შეკითხვები“ 1974 წლის 1 დეკემბრისა (ინგლ.) და 2003 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკებში“.

^ აბზ. 18 უკიდურესი ემოციური დაძაბულობის ან დეპრესიის დროს შეიძლება აუცილებელი იყოს სამედიცინო ჩარევა.

^ აბზ. 22 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 28 გვერდზე]

შესაძლოა ჯობდეს, ნაკლებად უყურო ტრაგიკული მოვლენების ამსახველ კადრებს.