არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩემი სულიერი წყურვილი დაკმაყოფილდა

ჩემი სულიერი წყურვილი დაკმაყოფილდა

ჩემი სულიერი წყურვილი დაკმაყოფილდა

მოგვითხრო ლუჩია მიუსანეტმა

იტალიის ჩრდილო–დასავლეთით, შვეიცარიის ალპებთან და საფრანგეთის მონბლანთან ახლოს, მდებარეობს ვალე–დ’აოსტას ოლქი. აქ, 1941 წელს, პატარა დასახლება შალანტ–სენტ–ანსელმში დავიბადე.

ოჯახში ხუთი დედმამიშვილი ვიყავით. უფროსი მე ვიყავი და მყავდა კიდევ ოთხი ძმა. დედა ძალიან შრომისმოყვარე ქალი და თავგამოდებული კათოლიკე იყო. მამაც მორწმუნე ოჯახში იყო აღზრდილი. მისი ორი და მონაზონი გახდა. მშობლებმა ბევრი რამ მოიკლეს ჩემ გამო, რომ სხვა ყველაფერთან ერთად განათლების მიღებაც შემძლებოდა. ჩვენს დასახლებაში არ იყო სკოლები, ამიტომაც, როცა 11 წლის გავხდი, მშობლებმა გამგზავნეს სკოლა–ინტერნატში, რომელსაც მონაზვნები ხელმძღვანელობდნენ.

სხვა საგნებთან ერთად, აქ ლათინურ და ფრანგულ ენებს ვსწავლობდი. მოგვიანებით, 15 წლის ასაკში, სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მემსახურა ღვთისთვის. ვფიქრობდი, რომ ამის საუკეთესო საშუალება მონაზვნად აღკვეცა იქნებოდა. ჩემს მშობლებს ეს იდეა არ მოეწონათ, ვინაიდან დედას მარტო მოუწევდა ჩემს ძმებზე ზრუნვა. მშობლები იმედოვნებდნენ, რომ განათლების მიღების შედეგად კარგ სამსახურს ვიშოვიდი და ოჯახს ეკონომიკურად დავეხმარებოდი.

მშობლების რეაქციამ დამანაღვლიანა, მაგრამ ძალიან მინდოდა, ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი ჰქონოდა და ვთვლიდი, რომ ღმერთი პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა. ამიტომაც, 1961 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის ქალთა მონასტერში დავიწყე მსახურება.

მონაზვნობის წლები

პირველი თვეების განმავლობაში საეკლესიო წესებსა და კანონებს ვსწავლობდი და ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებდი. 1961 წლის აგვისტოში მონაზვნობისთვის დავიწყე მზადება და სპეციალური ტანსაცმლის ტარებაც დავიწყე. გადავწყვიტე, ახალი სახელი მეტარებინა; მინდოდა, დედაჩემის სახელი, ინესი, მრქმეოდა. როდესაც ამის ნებართვა მივიღე, და ინესის სახელით გავხდი ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ დამწყებთა უმრავლესობა მონასტერში ფიზიკურად შრომობდა, მიღებული განათლების გამო, მე დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ვმუშაობდი. ორი წლის შემდეგ, 1963 წლის აგვისტოში, აღთქმა დავდე და აოსტაში (იტალია) არსებულ სან–ჯუზეპეს ქალთა ორდენის წევრი გავხდი. მოგვიანებით, მონასტერმა ხელი შემიწყო დამატებითი განათლების მიღებაში და სასწავლებლად გამგზავნა რომში, მარია სანტისიმა ასუნტას უნივერსიტეტში.

1967 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, დავბრუნდი აოსტაში და საშუალო სკოლის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. 1976 წელს სკოლის დირექტორობა შემომთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვატარებდი გაკვეთილებს, სკოლის დირექტორად დავინიშნე და ვალე–დ’აოსტას პედაგოგთა რეგიონალური საბჭოს წევრიც გავხდი.

გულწრფელად მსურდა ღარიბების დახმარება. მათ მთელი გულით თანავუგრძნობდი. ამის გამო სოციალური დახმარების რამდენიმე პროგრამას გავუწიე ორგანიზება. ერთ–ერთი პროგრამა იმ სასიკვდილოდ დაავადებულების დასახმარებლად იყო გათვალისწინებული, ვისაც ნათესავები არ ჰყავდა. აგრეთვე შევიმუშავე პროგრამა, რომლის მიხედვითაც კერძო მასწავლებლები იმიგრანტთა შვილებს სწავლაში უნდა დახმარებოდნენ. გარდა ამისა, ხელმოკლეთათვის სამუშაოსა და საცხოვრებელს ვშოულობდი და მათ სამედიცინო დახმარებაზე ვზრუნავდი. ვცდილობდი, მთლიანად ეკლესიური პრინციპებით მეცხოვრა.

დროთა განმავლობაში გავითავისე კათოლიკური ღვთისმეტყველება ისეთი საეკლესიო სწავლებების ჩათვლით, როგორიცაა სწავლება სამებასა და სულის უკვდავებაზე, აგრეთვე კათოლიკური შეხედულებები ადამიანის მარადიული მომავლის შესახებ. იმ დროისათვის კათოლიკურმა ეკლესიამ სხვა რელიგიათა სწავლებების გაზიარება და აღმსარებლობათა თანაარსებობა დაუშვა.

ზოგი რამ მაფიქრებს

ეკლესიის ზოგი ტრადიცია ძალიან მაფიქრებდა. მაგალითად, მონათვლამდე და მირონცხებამდე მშობლებისა და შვილებისთვის სავალდებულო იყო იმის სწავლა, თუ რა მნიშვნელობას ატარებდა ეს რიტუალები, მაგრამ უმრავლესობა არასოდეს ესწრებოდა ასეთ გაკვეთილებს, სხვები კი (ვინც ესწრებოდა) თავსაც არ იწუხებდნენ სწავლისთვის. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი, ვისაც ერთ ეკლესიაში მონათვლასა და მირონცხებაზე უარს ეუბნებოდნენ, უბრალოდ, სხვა ეკლესიაში მიდიოდა. იქ მათ ნათლავდნენ კიდეც და მირონსაც სცხებდნენ. ჩემს თვალში ასეთი მოქმედებები ფორმალური და თვალთმაქცური იყო.

ზოგჯერ მიფიქრია და სხვა მონაზვნებისთვისაც მიკითხავს: „განა არ უნდა ვიქადაგოთ სახარება ნაცვლად იმისა, რომ თავი სხვა საქმიანობებს მივუძღვნათ?“. „ჩვენ კეთილი საქმეების კეთებით ვქადაგებთ“, — მესმოდა პასუხად.

გარდა ამისა, ვერ ვიჯერებდი იმას, რომ ცოდვების საღიარებლად მღვდელთან უნდა მივსულიყავი. ვფიქრობდი, რომ ასეთ პირად საკითხებზე ღმერთთან უნდა შემძლებოდა ლაპარაკი. ისიც ძნელად მისაღები იყო ჩემთვის, რომ ლოცვები უნდა დამეზეპირებინა და ერთი და იგივე სიტყვები მემეორებინა. მიჭირდა იმის დაჯერებაც, რომ პაპი შეუმცდარი იყო. დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯობდა საკუთარი შეხედულებები მქონოდა ამ საკითხებზე და, უბრალოდ, განმეგრძო რელიგიური ცხოვრება.

მინდა ჩავწვდე ბიბლიას

ყოველთვის ძალიან ვაფასებდი ბიბლიას და მინდოდა მისი ღრმად გაგება. როცა კი რამე გადაწყვეტილება მქონდა მისაღები, ან ვგრძნობდი, რომ ღვთის დახმარება მჭირდებოდა, ყოველთვის ბიბლიას მივმართავდი. მართალია, მონასტერში ბიბლიას არ გვასწავლიდნენ, მაგრამ ჩემით მაინც ვკითხულობდი. ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა ესაიას 43:10—12–ში ჩაწერილი ფრაზა, სადაც იეჰოვა ღმერთის სიტყვები იყო მოცემული: „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“. იმ დროს ჯერ სრულად არ მესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა.

როდესაც 1960–იან წლებში რომში თეოლოგიის ოთხწლიან კურსს გავდიოდი (ამ კურსს ვატიკანი უწევდა ორგანიზებას), სახელმძღვანელოებს შორის ბიბლია არ იყო. აოსტაში დაბრუნების შემდეგ ბევრ ეკუმენიკურ კონფერენციას დავესწარი, ისეთებსაც კი, რომლებიც რელიგიათშორის თანამშრომლობისა და არაკათოლიკური ორგანიზაციების მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამ ღონისძიებებმა სულიერი წყურვილი ვერ დამიკმაყოფილა; კიდევ უფრო ძალიან მინდოდა ბიბლიის სწავლებების გაგება. ამ რელიგიურ ჯგუფებს შორის არანაირი თანხმობა არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ავტორიტეტად ერთსა და იმავე წიგნს, ბიბლიას ასახელებდნენ!

ბიბლიის შესახებ მეტს ვიგებ

1982 წელს იეჰოვას ერთ–ერთმა მოწმემ შემოიარა ცენტრში, სადაც სოციალურ საქმიანობას ვეწეოდი და სურდა ბიბლიის შესახებ გამსაუბრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ვიყავი, ბიბლიის შესახებ უფრო მეტის გაგების იდეამ ძალიან დამაინტერესა და ვუთხარი: „გთხოვთ, სკოლაში მომაკითხოთ და როდესაც თავისუფალი დრო მექნება, ვისაუბროთ“.

მართალია, მან მომაკითხა, მაგრამ განრიგში „თავისუფალი დრო“ არ აღმომაჩნდა. მერე დედაჩემს სიმსივნე დაუდგინეს და მის დასახმარებლად შვებულების აღება მომიწია. 1983 წლის აპრილში დედა გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემს საქმეს დავუბრუნდი, მაგრამ ამ დროისთვის იეჰოვას მოწმეებმა დაკარგეს ჩემთან კონტაქტი. არ გასულა დიდი დრო და სხვა ახალგაზრდა მოწმემ მომაკითხა. ის ბიბლიის შესახებ მესაუბრა. იმ დროს ჩემით ვკითხულობდი ბიბლიის წიგნ „გამოცხადებას“ და მას ვკითხე: „ვინ არიან გამოცხადების მე–14 თავში მოხსენიებული 144 000?“

ნასწავლი მქონდა, რომ ზეცაში ყველა კარგი ადამიანი წავიდოდა, ამიტომაც გამიჭირდა ლოგიკური პარალელის გავლება 144 000–თან, რომლებიც აშკარად გამოცალკევებული იყვნენ სხვებისგან ზეცაში საცხოვრებლად. მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ეს 144 000 და რას აკეთებდნენ. ეს კითხვები ყოველთვის თავში მიტრიალებდა. იეჰოვას მოწმე შემდგომშიაც ცდილობდა ჩემს ნახვას, მაგრამ ყოველთვის სხვაგან ვიყავი, ამიტომაც ვერ მხვდებოდა.

ბოლოს, მან ჩემი მისამართი გადასცა თავისი კრების უხუცესს, სახელად მარკოს. მან, როგორც იქნა, 1985 წლის თებერვალში მნახა. კვლავ დაკავებული ვიყავი, ამიტომაც სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, მაგრამ მომავალ შეხვედრაზე შევთანხმდით. ამის შემდეგ ის და მისი მეუღლე, ლინა, რეგულარულად მაკითხავდნენ და ბიბლიის გაგებაში მეხმარებოდნენ. მოკლე ხანში დავინახე, რომ ისეთი კათოლიკური სწავლებები, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ცეცხლი, აშკარად არაბიბლიური იყო.

ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან

როდესაც იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას დავესწარი მათ სამეფო დარბაზში, დავინახე, რომ კათოლიკური ეკლესიისგან ბევრი რამ განსხვავდებოდა. მღეროდა ყველა, და არა მხოლოდ გუნდი. შემდეგ ისინი შეხვედრაში მონაწილეობდნენ. იმასაც დავაკვირდი, რომ მთელი ორგანიზაცია შედგებოდა „ძმებისა“ და „დებისგან“. ყველანი გულწრფელად ზრუნავდნენ ერთიმეორეზე. ამ ყოველივემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაშინ შეხვედრებს მონაზვნის ტანსაცმლით ვესწრებოდი. სამეფო დარბაზში მონაზვნის დანახვაზე ზოგი ვერ მალავდა საკუთარ გრძნობებს. სიხარულითა და კმაყოფილებით მევსებოდა გული, რადგან დიდი ოჯახის სიყვარულს ვგრძნობდი. ბიბლიის შესწავლის პროცესში ისიც დავინახე, რომ ბევრი პრინციპი, რომლებზეც ცხოვრება მქონდა აგებული, არ ეთანხმებოდა ღვთის სიტყვას. მაგალითად, ბიბლია არ ამბობს იმას, რომ ღვთის მსახურებმა განსაკუთრებული ტანსაცმელი უნდა ატარონ. საეკლესიო იერარქია და პომპეზურობა სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ბიბლია ასწავლის თავმდაბალ უხუცესებზე, რომლებიც კრებას ხელმძღვანელობენ.

ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების 24 წელი მცდარ მრწამსზე ავაგე. მაგრამ ამჯერად ცხადად დავინახე ბიბლიური ჭეშმარიტება. მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ 44 წლის ასაკში ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. მაგრამ განა შეიძლებოდა კვლავ თვალდახუჭულს მევლო, როდესაც უკვე დავინახე, რას ასწავლიდა ბიბლია სინამდვილეში?

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

ვიცოდი, მონასტრის დატოვების შემთხვევაში ეკონომიკურად გამიჭირდებოდა, მაგრამ მახსოვდა დავითის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ‘მართალი კაცი არასოდეს არის მიტოვებული, და მისი მოდგმა — პურზე ხელგაწვდილი’ (ფსალმუნები 36:25). ვიცოდი, რომ სოციალურად ნაკლებად დაცული ვიქნებოდი, მაგრამ მთლიანად ღმერთს მივენდე და ჩემთვის ვთქვი: „განა რის უნდა მეშინოდეს?“.

ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ ჭკუიდან შევიშალე. ამან გული დამწყვიტა, მაგრამ მახსოვდა იესოს სიტყვები: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:37). თანაც, იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი სითბო მამხნევებდა და მაძლიერებდა. როდესაც მონაზვნის ტანსაცმლით ქუჩას მივუყვებოდი, ჩემს დანახვაზე ისინი ჩემკენ გამოემართებოდნენ ხოლმე და მესალმებოდნენ. მათი ასეთი ქცევა კიდევ უფრო მაახლოებდა საძმოსთან და თავს მათი ოჯახის ნაწილად მაგრძნობინებდა.

ბოლოს, მივედი ჩვენი მონასტრის წინამძღვართან და ავუხსენი, რატომ გადავწყვიტე მონასტრის დატოვება. თუმცა შევთავაზე, ბიბლიით დამესაბუთებინა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, მან მოსმენა არ მოინდომა და მითხრა: „თუკი ბიბლიიდან რამის გაგება დამაინტერესებს, თეოლოგს შევეკითხები!“.

კათოლიკური ეკლესიის მსახურები გაოგნებული იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით. უზნეობას მწამებდნენ და ჭკუიდან გადასულს მეძახდნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიცნობდნენ და იცოდნენ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეეფერებოდა. ისინი, ვისთანაც ვმუშაობდი, სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ. ზოგი თვლიდა, რომ ვაჟკაცურად მოვიქეცი. სხვებს გული სტკიოდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მცდარ გზას დავადექი. ზოგს ვებრალებოდი კიდეც.

1985 წლის 4 ივლისს დავტოვე კათოლიკური ეკლესია. იეჰოვას მოწმეებმა იცოდნენ, რომ ბევრს, ვინც მსგავსად მოიქცა, დამუქრებიან, და ეშინოდათ, ჩემთვის არაფერი დაეშავებინათ, ამიტომაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მმალავდნენ. ისინი მანქანით მატარებდნენ შეხვედრებზე და სახლშიც ასევე მაბრუნებდნენ. სანამ მითქმა–მოთქმა ცოტა არ დაცხრა, თვალს მოფარებული ვიყავი. შემდეგ კი, 1985 წლის 1 აგვისტოდან, იეჰოვას მოწმეებს შევუერთდი სამქადაგებლო მსახურებაში.

როდესაც იმავე თვეში საოლქო კონგრესს ვესწრებოდი, საინფორმაციო საშუალებებმა შეიტყვეს, რომ ეკლესია დავტოვე და ჩემ შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. და შემდეგაც, როცა 1985 წლის 14 დეკემბერს მოვინათლე, ადგილობრივი ტელეკომპანიის თანამშრომლებმა და გაზეთების კორესპონდენტებმა ჩემი შემთხვევა იმდენად უჩვეულოდ ჩათვალეს, რომ ის კვლავ გააშუქეს, რათა ყველას გაეგო ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯის შესახებ.

როდესაც მონასტერი დავტოვე, აბსოლუტურად არაფერი მებადა. არც სამსახური მქონდა და არც სახლი, პენსიასაც არ ვიღებდი. ამიტომაც დაახლოებით ერთი წლის მანძილზე დამბლადაცემული ქალის მომვლელად ვმუშაობდი. 1986 წლის ივლისში დავიწყე მსახურება პიონერად (ასე ეწოდებათ სრული დროით მსახურ იეჰოვას მოწმეებს). გადავედი ტერიტორიაზე, სადაც ახალი ჩამოყალიბებული იყო პატარა კრება. ადრე მიღებულმა განათლებამ კარგი სამსახური გამიწია: ბავშვებს ვამზადებდი ენასა და სხვა საგნებში. ამის შედეგად თავისუფალი განრიგი მქონდა.

ვმსახურობ უცხო ქვეყანაში

ახლა, როცა უკვე ბიბლიური ჭეშმარიტება გავიგე, მინდოდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა ის. რაკი ფრანგული ვიცოდი, ვფიქრობდი მემსახურა აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ 1992 წელს მეზობელ ქვეყანაში, ალბანეთში, იეჰოვას მოწმეებმა ოფიციალური აღიარება მოიპოვეს და წლის ბოლოსთვის იქ იტალიელი პიონერების მცირე ჯგუფი დაინიშნა. მათ შორის იყვნენ ჩემი კრების წევრები — მარიო და კრისტინა ფაციოები. მათ დამპატიჟეს ალბანეთში და იქ მსახურების შესაძლებლობაზე დამაფიქრეს. ბევრი ფიქრისა და ლოცვის შემდეგ, 52 წლის ასაკში, კვლავ უარი ვთქვი შედარებით მშვიდ ცხოვრებაზე და სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი.

ეს იყო 1993 წლის მარტი. მართალია, სამშობლოდან არ ვიყავი შორს, მაგრამ ჩასვლისთანავე ვიგრძენი, რომ სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ხალხი ყველგან ფეხით დადიოდა; ისინი ლაპარაკობდნენ ალბანურად — ჩემთვის სრულიად გაუგებარ ენაზე. ქვეყანაში პოლიტიკური გარდატეხის პერიოდი იყო; ის ერთი წყობიდან მეორეში გადადიოდა. ხალხს სწყუროდა ბიბლიური ჭეშმარიტება. მათ უყვარდათ კითხვა და სწავლა. ბიბლიის შემსწავლელები სულიერად სწრაფად მიიწევდნენ წინ. ეს გულს მითბობდა და ამ ახალ გარემოსთან შეგუებაში მეხმარებოდა.

როდესაც 1993 წელს ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში ჩავედი, მთელ ალბანეთში მხოლოდ ერთი კრება იყო და იეჰოვას მოწმეთა რიცხვიც 100–ს ოდნავ აღემატებოდა. იმ თვეში, ტირანაში ჩატარებულ პირველ სპეციალურ ერთდღიან კონგრესს 585 ადამიანი დაესწრო და 42 მოინათლა. და თუმცა არაფერი მესმოდა, ძალიან მსიამოვნებდა მოწმეების გულწრფელი ინტერესის დანახვა და იმის მოსმენა, თუ როგორ მღეროდნენ ისინი. აპრილში ჩატარდა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, რომელსაც 1 318 ადამიანი დაესწრო! იმ დროიდან მოყოლებული ალბანეთში საოცარი ტემპით ვითარდება ქრისტიანული საქმიანობა.

მეოთხე სართულის აივნიდან ხშირად გადავცქეროდი ხოლმე ტირანას და ვფიქრობდი: „ნეტავ, როდის შევძლებთ ყველა ამ ადამიანის მონახულებას?“. ამაზე იეჰოვა ღმერთმა იზრუნა. ტირანაში ამჟამად იეჰოვას მოწმეთა 23 კრებაა. მთელ ქვეყანაში 68 კრება და 22 ჯგუფია, რომლებშიც 2 846 მოწმეა. ასეთი ზრდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში მოხდა! 2002 წლის გახსენების საღამოს კი 12 795 ადამიანი დაესწრო!

ძალიან მიხარია, რომ ალბანეთში გატარებული ათი წლის მანძილზე, სულ მცირე, 40 ადამიანს დავეხმარე ნათლობამდე მისვლაში. ამჟამად რამდენიმე მათგანი პიონერად მსახურობს ან სრული დროით მსახურების სხვა რომელიმე სფეროში მონაწილეობს. წლების განმავლობაში იტალიელი პიონერების ექვსი ჯგუფი დაინიშნა ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობაში დასახმარებლად. ყოველი ჯგუფი ენის შესასწავლ სამთვიან კურსს გადიოდა. ბოლო ოთხ კლასში მასწავლებლად ვიყავი მიწვეული.

თავიდან ჩემი მეგობრები ძალიან აღაშფოთა იმის გაგებამ, რომ ეკლესიის დატოვება გადავწყვიტე. განვლილმა წლებმა კი ცოტათი შეარბილა მათი დამოკიდებულება, რადგან დაინახეს, რომ მშვიდად და წყნარად ვცხოვრობ. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები, 93 წლის მამიდის ჩათვლით, რომელიც ჯერაც მონაზონია, უფრო მეტად მიჭერენ მხარს.

იმ დროიდან მოყოლებული, რაც იეჰოვა გავიცანი, ის ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე უამრავი რთული ვითარების დროს! მან მომიყვანა თავის ორგანიზაციაში. როდესაც უკან ვიხედები, ვიხსენებ ჩემს გულწრფელ სურვილს, დავხმარებოდი ღარიბებსა და გაჭირვებულებს და სრულიად დავკავებულიყავი ღვთის მსახურებით. ამიტომაც ვმადლობ იეჰოვას, რომ დამიკმაყოფილა სულიერი წყურვილი.

[სურათი 21 გვერდზე]

ალბანური ოჯახი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი. ოჯახის თერთმეტი წევრი მონათლულია.

[სურათი 21 გვერდზე]

მათგან, ვისაც ალბანეთში ბიბლიას ვასწავლიდი, უმრავლესობა ამჟამად სრული დროით მსახურობს.