ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გერმანიინ, ავსტრიიდან, მექსიკიდან და კორეიდან
გასულ 2002 წელს მრავალ ქვეყანაში სტიქიური ატმოსფერული მოვლენები განვითარდა. ევროპაში რამდენჯერმე განმეორდა დამანგრეველი წყალდიდობა. მექსიკას გამანადგურებელი ქარიშხალი დაატყდა, კორეას კი — ტაიფუნი. თუმცა ეს მოვლენები ტრაგიკული იყო, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარული.
2002 წელს ევროპაში მომხდარი წყალდიდობების შემდეგ გერმანიის ყოფილ კანცლერს, ჰელმუტ შმიდტს, ჰკითხეს, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებდნენ დაზარალებულები. მან უპასუხა: „ხალხს საკვები, თავშესაფარი და ფულადი დახმარება სჭირდება და ამ ყველაფერთან ერთად — სულიერი მხარდაჭერაც“. იეჰოვას მოწმეებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს კატაკლიზმის მსხვერპლთათვის მატერიალური თუ სულიერი დახმარების გასაწევად. ქვემოთ მოგითხრობთ გერმანიაში, ავსტრიაში, მექსიკასა და კორეაში მათ მიერ ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შესახებ.
მოხალისეთა მზადყოფნა გერმანიაში
როდესაც ცნობილი გახდა, რომ წყალდიდობა გარდაუვალი იქნებოდა, გერმანიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სხვებთან ერთად შეუდგნენ სამუშაოებს, რომელთა მიზანიც მოსალოდნელი ნიაღვრის შეკავება იყო. აი, რას ამბობს დრეზდენში მცხოვრები 19 წლის კატლინი: „გულხელდაკრეფილი ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. როცა გავიგე, რომ ზოგს შეიძლებოდა მთელი სარჩო-საბადებელი დაეკარგა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათ დავხმარებოდი“.
გერმანელი იეჰოვას მოწმეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საჭირო დახმარების აღმოჩენას. მათ, როგორც ქრისტიანებმა, თავიანთ უპირველეს მოვალეობად სულიერი ძმებისა და დების დახმარება მიიჩნიეს, თუმცა არც სხვა ადამიანებს აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს (მარკოზი 12:31). 2 000-ზე მეტი მოხალისე 8—12 კაცისგან შემდგარ ჯგუფებად დაყვეს და თითოეულ ბრიგადას კონკრეტული დავალება მისცეს სტიქიური უბედურების ზონაში. ზელტერსში არსებულ იეჰოვას მოწმეების ფილიალში 13 სატელეფონო ხაზი გამოყვეს, ათასობით ზარზე პასუხის გაცემა რომ ყოფილიყო შესაძლებელი — ბევრს მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღება ან დახმარების შეთავაზება სურდა.
რონი და დინა სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი მეგობრებსა და სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარებიან. როდესაც მოახლოებული წყალდიდობის შესახებ გაიგეს, თავდაპირველად
ქალაქ დრეზდენის ცენტრს მიაშურეს სხვების დასახმარებლად, სადაც გაცხოველებული სამუშაოები მიდიოდა ისტორიული შენობების გადასარჩენად. როდესაც წყალმა დაიკლო, რონი და დინა იეჰოვას სხვა მოწმეებთან ერთად ფრატელში არსებული, ჭუჭყიანი წყლით დატბორილი, სამეფო დარბაზის დასუფთავებას შეუდგნენ. როდესაც იქ ყველაფერს მორჩნენ, მეზობლების დახმარება დაიწყეს. დარბაზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორნის მფლობელმა შვებით ამოისუნთქა, როცა მოწმეებმა შენობის სარდაფი და პირველი სართული ქვა-ღორღისა და ტალახისაგან გაწმინდეს.ზიგფრიდი და ჰანელორა დრეზდენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 40 კილომეტრში მდებარე სოფელ კოლმიტზში ცხოვრობენ. პატარა მდინარე, რომელიც მათ სოფელს ჩაუდის, ღვართქაფად გადაიქცა და მათი სახლი და ბაღი დატბორა. როდესაც წყალმა დაიკლო, მეზობლები გაოცებულები დარჩნენ მათთვის უცხო 30 იეჰოვას მოწმის დანახვაზე, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ, რათა ზიგფრიდსა და ჰანელორას კარ-მიდამოს მოწესრიგებაში მიხმარებოდნენ. შემდეგ ამ ჯგუფმა მეზობელი ბაღების დასუფთავება დაიწყო. სოფლის რამდენიმე მკვიდრმა მათ ჰკითხა, თუ რამ წამოიყვანა ისინი 100 კილომეტრზე უცხო ადამიანების დასახმარებლად. ასე რომ, მოწმეებს საშუალება მიეცათ, კოლინცში წყალდიდობით დაზარალებულთათვის სულიერი დახმარებაც აღმოეჩინათ.
სტიქიას ვერც ქალაქ ვიტენბერგის გარეუბნები გადაურჩა. იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი ფრანკი და ელფრიდე წყალდიდობამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, მეზობლებთან ერთად ქვიშით ავსებდნენ ტომრებს და მდინარის სანაპიროზე აწყობდნენ, წყალს
რომ არ გადმოეხეთქა. როდესაც წყლის დონემ დაიწია, ფრანკი და ელფრიდე დაზარალებულების მოსანახულებლად მიდიოდნენ; მათთან საჭმელი მიჰქონდათ და ანუგეშებდნენ. ფრანკი იხსენებს: „ერთი მანდილოსანი, რომელსაც მე და ჩემი ცოლი ვეწვიეთ, ვერ იჯერებდა, რომ უცხო ადამიანებმა მას საჭმელი მოუტანეს და გასამრჯელოდ არაფერს ითხოვდნენ. მან გვითხრა, რომ მისი ეკლესიიდან არავის მოუკითხებია და ორგანიზაცია, რომელსაც მისთვის საჭმელი მოჰქონდა, ყოველთვის ფულს ახდევინებდა. ხალხი გაკვირვებული უყურებდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც ბიბლიური ლიტერატურის ნაცვლად ცხელ-ცხელი საჭმელები დაჰქონდათ“.ავსტრია — დროული დახმარება
წყალდიდობამ მეზობელ ავსტრიასაც დიდი ზარალი მიაყენა. შეიქმნა სამი კომიტეტი, რომლებსაც მეთვალყურეობა უნდა გაეწიათ სამაშველო სამუშაოებისთვის. გადაწყდა, რომ პირველ რიგში ყველაზე მეტად დაზიანებული სამი სამეფო დარბაზი შეეკეთებინათ. გარდა ამისა, წყალდიდობამ იეჰოვას მოწმეთა 100-მდე ოჯახი დააზარალა, ხოლო 50 სახლი დატბორა. ზოგმა ყველაფერი დაკარგა, გარდა იმ ტანსაცმლისა, რომელიც ეცვათ. ავსტრიის ფილიალმა ადგილობრივ კრებებს არსებული ვითარების შესახებ შეატყობინა. შეიქმნა დახმარების ფონდი. სექტემბრისთვის ფონდში 34 000 დოლარზე მეტი იყო შეწირული.
ერთმა დედამ დაწერა: „ჩემი რვა წლის ბიჭუნა ძალიან მომჭირნეა. მან 14 დოლარი შეაგროვა. მაგრამ როცა შეიტყო, რომ ზოგმა ძმამ მთელი ქონება დაკარგა, თავისი დანაზოგი დაზარალებულთა დახმარების ფონდს შესწირა“.
რეგიონალური სამშენებლო კომიტეტების ხელმძღვანელობით — რომლებიც სხვა დროს, როგორც წესი, სამეფო დარბაზების მშენებლობას მეთვალყურეობენ, — ჩამოყალიბდა ბრიგადები, რომლებსაც წყალდიდობით დანგრეული სახლები უნდა აღედგინათ. „რასაც თქვენ აკეთებთ, გაზეთებშია დასაწერი“, — თქვა ერთმა ქალმა, რომელიც მათ საქმიანობას შეესწრო. ზოგს შეხედულებაც კი შეეცვალა იეჰოვას მოწმეებზე. აი, რას ამბობს ერთი მოწმე მშობელი: „ჩემი შვილები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, დღემდე ყოველთვის ცივად მხვდებოდნენ, როცა მათთან საკუთარი რწმენის შესახებ საუბარს ვცდილობდი. მაგრამ ახლა პირველად მოხდა, რომ მომისმინეს!“
დახმარება მათაც აღმოუჩინეს, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე. მაგალითად, ერთი ქალი აღფრთოვანდა, როცა დილის რვის ნახევარზე იეჰოვას მოწმემ მიაკითხა და დახმარება შესთავაზა. ქალი იძულებული იყო, იქაურობას
გასცლოდა, რადგან სახლი ნელ-ნელა იტბორებოდა. როდესაც უკან დაბრუნდა, ეზოს ჭიშკარზე მოწმეების მიერ დატოვებული მოკლე წერილი დახვდა: „თუ დახმარება დაგჭირდებათ, მაშინვე შეგვატყობინეთ“. იეჰოვას მოწმეები მას სახლის ტალახისა და ნაგვისგან გასუფთავებაში დაეხმარნენ.ქალაქ აუში იეჰოვას მოწმეების 100 კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რათა ადგილობრივ მოწმეებსა და მათ მეზობლებს მიხმარებოდნენ. ჯგუფის ზედამხედველები კარდაკარ დადიოდნენ და მობინადრეებს ეკითხებოდნენ, დახმარებას თუ საჭიროებდნენ. ხალხს აოცებდა იმის დანახვა, რომ იეჰოვას მოწმეებს თან წყლის საქაჩავი ტუმბოები, გრძელტარიანი ცოცხები და ნიჩბები წამოეღოთ. სამუშაო, რომლის შესასრულებლადაც ადგილობრივ მოსახლეობას ერთი კვირა დასჭირდებოდა, სულ რამდენიმე საათში დასრულდა. ხალხი ცრემლმორეული უყურებდა მოხალისეების საქმიანობას.
სამაშველო სამუშაოებში 400-მდე ადგილობრივმა მოწმემ მიიღო მონაწილეობა. ისინი, ხშირად, დღედაღამ შეუსვენებლივ მუშაობდნენ. იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ადევნებდა თვალს, ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობას დიდი ძალა აქვს.
ქარიშხალი „ისიდორი“ მექსიკაში
„ისიდორი“ თავდაპირველად ვენესუელის ჩრდილოეთით წარმოიქმნა ტროპიკული ციკლონის სახით. 2002 წლის 22 სექტემბერს ქარიშხალი „ისიდორი“ მექსიკაში იუკატანის ნახევარკუნძულს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევდა, თავსხმას კი ბოლო არ უჩანდა. ქარიშხალმა იუკატანისა და კამპეჩეს შტატებს მანამდე არნახული ზიანი მიაყენა. სტიქია კინტანა-როოს შტატსაც შეეხო. მხოლოდ იუკატანის შტატში სტიქიურმა უბედურებამ დაახლოებით 95 000 სახლი დააზიანა სერიოზულად და, მთლიანობაში, 500 000 ადამიანი დააზარალა.
იუკატანში იეჰოვას მოწმეები იმდენად აქტიურად მონაწილეობდნენ სამაშველო სამუშაოებში, რომ მექსიკის ჩრდილოეთში გამომავალ ერთ გაზეთში ასეთი სათაური გამოჩნდა: „იეჰოვას მოწმეები დასახმარებლად მიიჩქარიან“. დახმარების კომიტეტი მანამდე შეიქმნა, ვიდრე სტიქიური უბედურება მოხდებოდა. ასობით ადგილობრივი მოწმის დასაბინავებლად კომიტეტმა სასწრაფოდ მიიღო ზომები. ახლომდებარე კრებებმა დახმარების ფონდს გაუწიეს ორგანიზება. ქარიშხლით დაზარალებულებს — მათ შორის ბევრ მათგანს, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო — ტანსაცმელი, მედიკამენტები და 22 ტონაზე მეტი საკვები გაუნაწილეს. ადგილობრივი უხუცესები დაზარალებულებს აკითხავდნენ და ამხნევებდნენ.
ქარიშხლის გადავლის შემდეგ ჩამოყალიბდა დახმარების ადგილობრივი კომიტეტები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოწმეებს ეძებდნენ. ზოგიერთი მათგანი იპოვეს დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულ ადგილებში, სადაც სამი დღე გაეტარებინათ საჭმლისა და წყლის გარეშე. ზოგ ადგილას წყალმა იმდენად აიწია, რომ ლამპიონის ბოძები დაფარა! ამიტომ,
დაზარალებულების მოსაძებნად, საკვებით მოსამარაგებლად და ტრანსპორტირებისთვის ძრავიან ნავებს იყენებდნენ.იეჰოვას მოწმეებს ისეთ რეგიონებშიც სურდათ დასახმარებლად წასვლა, სადაც ერთეულებმა თუ გაბედეს გამგზავრება. ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნავები და სხვა აუცილებელი აღჭურვილობა გამოუყო მათ. ერთი სამხედრო მოხელე თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, რომ მოწმეებს ასეთი სახიფათო ძებნა დაეწყოთ, მაგრამ როცა მათი შეუპოვრობა დაინახა, თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საჭიროა, ვერტმფრენებითაც კი გაფრინდებით თქვენი ხალხის გადასარჩენად. ჩვენი ტრანსპორტი თქვენს განკარგულებაშია და სადაც გსურთ, იქ წაიყვანეთ თქვენები“.
ერთი მაღაზიის მფლობელი დაინტერესდა, თუ რატომ ყიდულობდა დიდი რაოდენობით ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს იეჰოვას ზოგი მოწმე. მათ აუხსნეს, რომ წყალს თავიანთი სულიერი ძმებისა და სხვა ხალხისთვის ყიდულობდნენ. ამის მოსმენაზე მეპატრონემ ყველა ბოთლი უფასოდ მისცა მოწმეებს. მეორე დღეს მან კვლავ აჩუქა დიდი რაოდენობით წყალი. სხვა მაღაზიაში კი ერთმა მყიდველმა მოწმეებს ჰკითხა, თუ რატომ ყიდულობდნენ ამდენ საკვებს. როდესაც უთხრეს, რომ საკვები წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად უნდოდათ, მან ფული აჩუქა მათ, რათა უფრო მეტი ეყიდათ.
ქარიშხალმა იეჰოვას მოწმეთა 3 500 ოჯახს მიაყენა მატერიალური ზარალი, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაღუპულა და არც უგზო-უკვლოდ დაკარგულა. რადგან სტიქიამ მოწმეთა 331 სახლი დააზიანა ან მთლიანად დაანგრია, საჭირო იყო აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება. მშენებლობაში გამოცდილების მქონე მოწმეები თითოეულ სახლსა და სამეფო დარბაზს ინახულებდნენ, დაზიანების ხარისხი რომ განესაზღვრათ. დღეისათვის დაახლოებით 258 სახლი შეაკეთეს, ხოლო 172 ახლიდან ააშენეს. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს 19 სამეფო დარბაზის აღდგენა.
იუკატანის შტატის ერთი კრების უხუცესმა თქვა: „ჩვენს პუბლიკაციებში არაერთხელ წამიკითხავს სხვა ქვეყნებში ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შესახებ, მაგრამ, თურმე, სულ სხვა ყოფილა, როცა ამას საკუთარ თავზე გამოცდი. მე და სხვა მრავალ ძმას ძალიან განგვიმტკიცდა რწმენა, როცა დავინახეთ, როგორ დროულად და როგორი მზრუნველობით ამოგვიდგნენ მხარში იეჰოვას ორგანიზაცია და ჩვენი საყვარელი ძმები“.
ერთმა ქალმა თქვა: „ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი ეკლესიის წევრებიც რომ ისევე დახმარებოდნენ ხალხს, როგორც თქვენ, იეჰოვას მოწმეები“. სხვა ქალმა კი, რომელიც მოწმეებმა გადაარჩინეს, თქვა: „ცოცხლები რომ ვართ, იეჰოვას მოწმეებს უნდა ვუმადლოდეთ. როდესაც ჩვენი სახლი წყლით იყო დაფარული, მათ სიყვარული გამოავლინეს და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, ჩვენ რომ გადავერჩინეთ“.
კორეას თავს ატყდება ტაიფუნი
2002 წლის 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ტაიფუნმა „რუსამ“ კორეის დიდი ნაწილი გააჩანაგა. აი, რა თქვა სონგ–ფილ ჩომ, ერთი კრების უხუცესმა: „გეგონება შხაპს იღებო! თავსხმას არა და არ უჩანდა ბოლო“. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში 870 მმ–ზე მეტი ნალექი მოვიდა წვიმის სახით. ერთი დღის განმავლობაში ამდენი ნალექი მანამდე არასდროს მოსულა კორეაში.
როგორც გაზეთი „კორია ჰერალდი“ იუწყებოდა, მთელ ქვეყანაში 28 100 სახლი და 85 000 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწები დაიტბორა. 70 000–მდე ადამიანს სახლ–კარის დატოვება მოუწია. ტაიფუნის გამო 301 000 სული პირუტყვი მოკვდა, ჩაიძირა 126 გემი და წაიქცა ელექტროგადამცემი ხაზის ასობით საყრდენი. როგორც იტყობინებოდნენ, 180–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის ორი იეჰოვას მოწმე იყო.
ისევე როგორც ევროპასა და მექსიკაში, იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულებს კორეაშიც უმალ გაუწოდეს დახმარების ხელი. კორეის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მოწმეებმა უხვად გაიღეს შეწირულობა. მათ შორის იყო ტანსაცმელი, საბნები და პირველი საჭიროების სხვა საგნები. კრების ზოგი წევრი ისეთ მხარეებში ცხოვრობდა, რომლებიც სტიქიურმა უბედურებამ დანარჩენ გარემოს მოსწყვიტა. ამ რეგიონებამდე მისასვლელი გზები და ხიდები დანგრეული იყო. მათ არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ტელეფონებიც არ მუშაობდა. ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფები, რომლებსაც დაზარალებულები უნდა მოეძებნათ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ მათ. სონგ–ფილ ჩო, რომელიც ასეთ ჯგუფში მუშაობდა, იმ მხარის შესახებ მოგვითხრობს, სადაც სამაშველო სამუშაოები ტარდებოდა: „შვიდი ხიდი და გზის საკმაოდ დიდი მონაკვეთი დანგრეული იყო. ბოლოს, როდესაც ქალაქამდე როგორღაც მივაღწიეთ, იქ მხოლოდ დაზიანებული ან მთლიანად დანგრეული სახლები დაგვხვდა. ჰაერში საშინელი სუნი ტრიალებდა და მიწა მკვდარი ცხოველებით იყო მოფენილი. მაგრამ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ექვს ქრისტიან დასა და ძმას შევხვდით! მათ ყველაფერი დაეკარგათ, რაც კი ებადათ. სამაგიეროდ ცოცხლები და ჯანმრთელები იყვნენ“.
სტიქიურ უბედურებას იეჰოვას მოწმეები კარგად მომზადებულები შეხვდნენ. რადგან წვიმების სეზონისას წყალდიდობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, სეულის რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი სამაშველო სამუშაოებისთვის. 1997 წლიდან მოყოლებული, ის ყოველწლიურად ატარებდა სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომელთა მიზანიც მოხალისეების საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადება იყო.
რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის მოხალისეები 2 სექტემბერს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ კანგნინგში ჩავიდნენ და იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში სამუშაოების საკოორდინაციო ცენტრი მოაწყვეს. მათი უმთავრესი საზრუნავი დაზარალებულების სუფთა სასმელი წყლით მომარაგება იყო. როდესაც დიდი წყალდიდობა ხდება, წყალგაყვანილობის სისტემა, როგორც წესი, ზიანდება, ხოლო ნიაღვრის წყალი ძალიან დაბინძურებულია. კომიტეტის ხელმძღვანელობით, დაზარალებულ მხარეებში წყლით სავსე დიდი ავტოცისტერნები გაიგზავნა.
როდესაც წყალდიდობის შემდეგ წყალი იკლებს, ყველაფერი აუტანელი სუნის მქონე სქელი ტალახითაა დაფარული. მაგრამ, საბედნიეროდ, გაწმენდის საკმაოდ ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. სტიქიური უბედურების ზონაში თითქმის ყველა სახლი ცემენტითაა აშენებული. ამიტომ, მათი გაწმენდა ადვილი იქნება, თუ ოთახის კედლებიდან შპალერს ააძრობენ, იატაკიდან ლინოლეუმს აიღებენ, შემდეგ კი შლანგის გამოყენებით წყლის ძლიერი ჭავლით გარეცხავენ.
წყალდიდობას მწყობრიდან გამოჰყავს ელექტრომოწყობილობების უმეტესობა. მაგრამ თუ ისეთ მოწყობილობებს, როგორიცაა მაცივარი და ბოილერი, გამოცდილი ელექტროტექნიკოსი რამდენიმე დღეში დაშლის, კარგად გაწმენდს, გააშრობს და ხელახლა ააწყობს, უმრავლეს შემთხვევაში ისინი კვლავ იმუშავებს. რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტში მომსახურენი მომზადებულნი არიან ამ სამუშაოს შესასრულებლად. დაუზიანებელ ბოილერებს კი ამასობაში სახლების გასაშრობად იყენებენ. ამ სამუშაოებს ორი-სამი კვირა სჭირდება.
წყალდიდობის დროს დასვრილი ტანსაცმელი და საბნებიც რამდენიმე დღეში საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოუსადეგარი იქნება. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი კრებიდან მრავალი მოხალისე დაეხმარა დაზარალებულ ქრისტიან ძმებს ლაფში დასვრილი ტანსაცმლისა თუ სხვა პირადი ნივთების შეგროვებაში. ტანსაცმელში ჭუჭყი იმდენად იყო გამჯდარი, რომ ლაქების ამოყვანას დიდი შრომა სჭირდებოდა. რეცხვა კი ხელით უწევდათ — თანაც ყინულივით ცივ მდინარის წყალში. სიყვარულის ამგვარმა გამოვლენამ ერთი კორესპონდენტის ყურადღება მიიპყრო და ადგილობრივ გაზეთში მალე გამოჩნდა დიდი სურათი, რომელზეც რეცხვაში გართული იეჰოვას მოწმეები იყვნენ აღბეჭდილნი.
ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გამანადგურებელმა წყალდიდობებმა მიწასთან გაასწორა სახლები, წალეკა ქონება და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი ტრაგიკული მოვლენები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება თანამედროვე სისტემის „უკანასკნელ დღეებში“, რისი მიზეზიც ის არის, რომ „საზარელი ჟამი“ დგას (2 ტიმოთე 3:1). მეორე მხრივ კი, მსგავსი სტიქიური მოვლენების დროს ყოველთვის თვალსაჩინო ხდება, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს უყვართ როგორც ერთმანეთი, ისე თავიანთი მოყვასი. ასეთ უანგარო სიყვარულს სტიქია ვერაფერს აკლებს.
[სურათი 16 გვერდზე]
გერმანია ქარიშხლით განადგურებული სახლი.
[სურათები 17 გვერდზე]
გერმანია 2 000-ზე მეტი მოხალისე დაუყოვნებლივ ჩაება აღდგენით სამუშაოებში.
[სურათები 18 გვერდზე]
ავსტრია ოტენსჰაიმში არსებული სამეფო დარბაზის შეკეთებაზე გულმოდგინედ შრომობენ.
მარცხნივ: მოხალისეების ჯგუფი ქალაქ აუდან ბრუნდება. იქ მათ დახმარება აღმოუჩინეს იეჰოვას მოწმეებსა და მათ მეზობლებს.
[სურათები 19 გვერდზე]
მექსიკა მარჯვნივ: დახმარების კომიტეტი სასმელი წყლით ამარაგებს ქარიშხლის დროს დაზარალებულებს.
ქვემოთ: ახალი სახლის მშენებლობა.
[სურათები 21 გვერდზე]
კორეა მარცხნიდან მარჯვნივ: ქალაქის დატბორილი უბანი; სახლს წყლის ძლიერი ჭავლით ასუფთავებენ; ტანსაცმელს ახლომდებარე მდინარეში რეცხავენ.