არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

კვლავ უსაფრთხოა ფრენა? მე ათი წლისა ვარ. ვცხოვრობ კალიფორნიის შტატში (აშშ). დიდი მადლობა, რომ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდეთ სტატიები თემაზე „კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?“ (8 დეკემბერი, 2002). ჩვენი სკოლიდან 47 კაცი აპირებდა სან-დიეგოდან საკრამენტოში გამგზავრებას. მეშინოდა, ვაითუ თვითმფრინავი ჩამოვარდეს ან ტერორისტებმა გაიტაცონ-მეთქი, მაგრამ თქვენმა სტატიებმა დამამშვიდა, უსაფრთხოების ახალი ზომების შესახებ მეტის გაგებამ კი გამბედაობა შემმატა. ვეცდები, ეს ჟურნალი მივცე ყველა ჩემს თანაკლასელს, ვისაც ფრენის ეშინია.

ვ. მ. (შეერთებული შტატები).

სასიკვდილო მისია ჩემზე ძალიან იმოქმედა ტოსიაკი ნივას ბიოგრაფიამ, რომელიც მოთხრობილი იყო სტატიაში „სასიკვდილო მისიიდან მშვიდობიან მიზნამდე“ (8 დეკემბერი, 2002). მე ფილიპინებზე დავიბადე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ოჯახის წევრები ომის ამბებს, მათ შორის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ, მიყვებოდნენ. მე კი ბავშვური გულუბრყვილობით ვეკითხებოდი მათ: „ნეტა, რა აკეთებინებდათ ამას?“ იმან, რაც ძმა ნივას გადახდა თავს, უკეთესად გამარკვია ბევრ რამეში. მადლობა ასეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის. მის ცხოვრებაში მომხდარი ძირეული ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იეჰოვა განუმეორებელი და საოცარი ძალითაა მოსილი.

ა. კ. (შეერთებული შტატები).

თანატოლების ზეგავლენა დიდი მადლობა რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ გამოქვეყნებული სტატიისთვის „ნამდვილად ძლიერია თანატოლების გავლენა?“ (8 დეკემბერი, 2002). ვფიქრობდი, რომ თანატოლები ჩემზე ვერ ახდენდნენ გავლენას. იქ, სადაც მე ცხოვრობ, ბევრი ახალგაზრდა ძალიან ადრეულ ასაკში ქორწინდება. ყოველთვის მინდოდა, გარკვეული ხნის განმავლობაში დაუქორწინებელი ვყოფილიყავი და ეს დრო იმისთვის გამომეყენებინა, რომ სულიერად მოწიფული ახალგაზრდა ქალი გავმხდარიყავი. გარშემომყოფნი კი სულ იმას მეკითხებოდნენ, ჰა, როდის თხოვდებიო? (მე მხოლოდ 16 წლისა ვარ). თანდათან იმაზე ფიქრი დავიწყე, იქნებ არასწორად ვიქცევი, ჯერ რომ არ ვთხოვდები-მეთქი! ამ სტატიამ დამანახვა, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თანატოლებს.

ე. ა. (შეერთებული შტატები).

გენეტიკური კოდი ყურადღება მივაქციე იმას, თუ რა მნიშვნელობითაა გამოყენებული ტერმინი „გენეტიკური კოდი“ თქვენს პუბლიკაციებში. მაგალითად, სტატიაში „როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე“ (8 ივნისი, 2002), თქვენ საუბრობთ „ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფვრაზე“. როგორც ბიოლოგმა, უნდა გითხრათ, რომ მსგავს კონტექსტებში ამ ტერმინის გამოყენება სწორი არ არის.

ე. რ. (რუსეთი).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ფაქტობრივად, ჩვენი მკითხველი მართალია. ტერმინს „გენეტიკური კოდი“ მეცნიერები არ იყენებენ თვითონ გენების აღსანიშნავად. კოდში, სინამდვილეში, იგულისხმება ის მექანიზმი, ანუ წესების სისტემა, რომელიც უჯრედს გენების „წაკითხვის“, ანუ გაშიფვრისა და ცილების წარმოქმნის, საშუალებას აძლევს. მაგრამ „გამოიღვიძეთ!“-ი გამოიცემა არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ — ყველასთვის. ხალხი კი ტერმინს „გენეტიკური კოდი“, ხშირად, უფრო ფართო, არამეცნიერული გაგებით იყენებს.

ქარვა ძალიან, ძალიან მომეწონა სტატია „ოქროს ცრემლის ტყვეობაში“ (8 ოქტომბერი, 2002). უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქარვით აქამდე საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მისადმი სულ სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა. ახლა, როდესაც საიუველირო მაღაზიას ჩავუვლი ხოლმე, თავს ვერ ვიკავებ, რომ ამ საოცარ ნაკეთობას — რომელიც ჩემთვის უწინ ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იყო — უფრო ახლოდან არ შევავლო თვალი.

ფ. ლ. (საფრანგეთი).

მშობიარობის შემდგომი დეპრესია როდესაც წავიკითხე სტატია „როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ (8 აგვისტო, 2002), დიდი სურვილი გამიჩნდა წერილი მომეწერა თქვენთვის. მშობიარობის შემდეგ ჩემშიც უჩვეულო ცვლილება მოხდა და ზუსტად ისეთი გრძნობები დამეუფლა, რომლებიც თქვენს სტატიაში იყო აღწერილი. ძალიან მრცხვენოდა სხვებთან ამაზე საუბრის. მეშინოდა, რომ ქმარიც ვერ გამიგებდა. ასე რომ, მარტო ვიტანჯებოდი და ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი და თქვენი ამ დახმარებისთვის! თუმცა დეპრესიამ დროდადრო შეიძლება კვლავაც შემახსენოს თავი, ახლა გაცილებით ადვილად გავუმკლავდები მას.

ფ. ლ. (ბელარუსი).