არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პორნოგრაფია ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები

პორნოგრაფია ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები

პორნოგრაფია ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები

„ის უკუღმართ სურვილებს ბადებს ადამიანში, ის აღვივებს ავხორცულ ვნებას, რომლის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია“ (ტონი პარსონზი, მიმომხილველი).

ჯონი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე „ინტერნეტ-სექსი“ გაიტაცებდა *. მსგავსად სხვა მრავალი ადამიანისა, რომლებიც შემთხვევით აწყდებიან პორნოგრაფიულ ვებ-საიტებსა და ინტიმურ ვებ-ჩეთებს, ჯონიც სულ სხვა ინფორმაციას ეძებდა ინტერნეტში და მოულოდნელად წააწყდა საიტს, რომელიც ინტიმურ საუბრებს სთავაზობდა. მალე ის მთელი არსებით გაიტაცა ვირტუალურმა ინტიმურმა ურთიერთობებმა. „როგორც კი ცოლი სამსახურში წავიდოდა, მაშინვე წამოვხტებოდი ხოლმე ლოგინიდან და კომპიუტერთან საათობით ვიჯექი“, — იხსენებს ის. ამ ხანგრძლივი სეანსების დროს ჭამა-სმა არც კი ახსენდებოდა. „შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი“, — ამბობს იგი. ჯონი ატყუებდა ცოლს და ფარულ ურთიერთობებს უმალავდა. იგი გულს ვეღარ უდებდა სამუშაოს და უნდობლობა და შიში დასჩემდა. მათ ცოლ-ქმრობას ბზარი გაუჩნდა, ხოლო როცა ჯონმა, ერთხელაც, შეხვედრა დაუთქვა ინტერნეტით გაცნობილ პარტნიორს, ცოლი ყველაფერს მიუხვდა. დღეს ჯონი მკურნალობის კურსს გადის, ამ ავადმყოფური დამოკიდებულებისგან რომ გათავისუფლდეს.

პორნოგრაფიის მოწინააღმდეგეებს მსგავსი შემთხვევები იმის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავთ, რომ პორნოგრაფია ხალხის დეგრადაციას იწვევს. მათი თქმით, ის ანგრევს ურთიერთობებს, ლახავს ქალთა ღირსებას, ხელს უწყობს ბავშვებზე ძალადობას და საზოგადოებას ინტიმურ ურთიერთობაზე დამახინჯებულ და საზიანო შეხედულებას უნერგავს. პორნოგრაფიის მომხრეების აზრით კი, პორნოგრაფია ნების თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა და მისი მოწინააღმდეგეები ზნეობრიობის მეტისმეტად მკაცრი დამცველები არიან. აი, რას წერს ერთ-ერთი მხარდამჭერი: „ადამიანებს არ უნდა რცხვენოდეთ თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ მიდრეკილებების. პორნოგრაფიული მასალა შესანიშნავი საშუალებაა ინტიმურ თემებზე გულახდილი საუბრის დასაწყებად“. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ პორნოგრაფიის დაუბრკოლებელი გავრცელება თავისუფალი და ჯანსაღი საზოგადოების განმასხვავებელი ნიშანია. „საზოგადოება, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ აუღელვებლად ხვდება ორ სრულწლოვანი ადამიანის (მათივე თანხმობით) ინტიმური ურთიერთობის დაუფარავად ასახვას, უფრო შემწყნარებლურად მოეკიდება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს და უფრო ადვილად აღიარებს ქალების თანასწორუფლებიანობასაც“, — ამბობს პუბლიცისტი ბრაიენ მაკნეარი.

ნიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების არსებობა იმას, რომ პორნოგრაფია მისაღებია? რატომაა ის ასე ფართოდ გავრცელებული? ნამდვილად სახიფათოა პორნოგრაფიით გატაცება? ამ საკითხებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.