არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?

რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?

რატომ არის პორნოგრაფია ასე ფართოდ გავრცელებული?

სექსუალური აღგზნების გამოწვევის მიზნით ავხორცული სცენების გამოსახვა საუკუნეების წინათ დაიწყეს. მაგრამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება რთული იყო და მასზე, ძირითადად, მდიდრებსა და მმართველ კლასს მიუწვდებოდა ხელი. მასობრივი ბეჭდვის, აგრეთვე ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის განვითარებამ კი ყველაფერი ძირეულად შეცვალა. პორნოგრაფიული პროდუქცია საზოგადოების ნაკლებად შეძლებული ფენისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

ვიდეომაგნიტოფონების გამოჩენამ უფრო დააჩქარა პორნოგრაფიის გავრცელება. კინოფირებისა და ძველი დროის ფოტოსურათებისგან განსხვავებით, ვიდეოკასეტების შენახვა, რეპროდუქცია და გავრცელება გაცილებით ადვილი იყო. გარდა ამისა, მათი ყურება სახლშიც შეიძლებოდა. ბოლო წლებში ძალიან გაფართოვდა საკაბელო ტელევიზიისა და ინტერნეტის ქსელი, რის გამოც პორნოგრაფიული მასალის ნახვა კიდევ უფრო გაადვილდა. თუ ვინმეს ეშინია, პორნოგრაფიული ფილმის შეძენისას ნაცნობმა არ დაინახოს, ახლა მას შეუძლია „სახლიდან გაუსვლელად, საკაბელო თუ სატელიტური ტელევიზიით, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ნახოს სასურველი პროგრამა“, — ამბობს მასმედიის ანალიტიკოსი დენის მაკალპენი. მისი აზრით, ასეთი პროგრამების ადვილად ნახვის შესაძლებლობა ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც განაპირობა ის, რომ პორნოგრაფიას „დღეს გაცილებით მეტი ადამიანი მიიჩნევს დასაშვებ და ნორმალურ მოვლენად“.

პორნოგრაფია საყოველთაოდ მიღებული ხდება

რადგან პორნოგრაფია დღეს საზოგადოების ფართო მასებშია მიღებული, ბევრში ის დაბნეულობასა და ორჭოფობას იწვევს. „დღეს ის გაცილებით დიდ გავლენას ახდენს კულტურაზე, ვიდრე ოპერა, ბალეტი, თეატრი, მუსიკა და სახვითი ხელოვნება ერთად აღებული“, — ამბობს პუბლიცისტი ჯერმეინ გრირი. პორნოგრაფიისადმი თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულებას კარგად ირეკლავს დღეს არსებული ტენდენცია: მეძავებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით ბევრი პოპულარული ვარსკვლავი იწონებს თავს, მუსიკალურ კლიპებში სულ უფრო ხშირდება სექსუალური შინაარსის კადრები, ხოლო სარეკლამო რგოლებში სისტემატურად ჩნდება ეროტიკული სცენები. მაკალპენი ასკვნის: „საზოგადოება იმას ისისხლხორცებს, რითაც მის გონებას კვებავენ . . . დროთა განმავლობაში ხალხს უყალიბდება წარმოდგენა, რომ პორნოგრაფია მისაღებია“. რა არის შედეგი? ის, რომ „ადამიანებს აღარ აშფოთებთ უხამსობა, — სინანულით შენიშნავს პუბლიცისტი ანდრეა დოურკენი. — ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათთვის ყველაფერი სულერთია“.

რა დგას პორნოგრაფიის უკან

მსგავს აზრს გამოთქვამს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი როჯერ იანგიც. როგორც ის ამბობს, ბევრი „ვერ ჭვრეტს იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც უხამსობას მოაქვს“. ზოგი შეცდომაში შეჰყავს პორნოგრაფიის მომხრეებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პორნოგრაფია ადამიანებზე საერთოდ არ ახდენს უარყოფით გავლენას. „პორნოგრაფია ხომ ფანტაზიაა და მეტი არაფერი, — ამბობს ფერელ კრისტენსენი. — აი, რა რჩებათ მხედველობიდან მის მოწინააღმდეგეებს“. მაგრამ თუ ფანტაზია გავლენას არ ახდენს ადამიანთა გონებაზე, მაშ რაზეა მთელი სარეკლამო ინდუსტრია დაფუძნებული? განა დახარჯავდნენ კომპანიები მილიონობით დოლარს ტელე-რადიო, საგაზეთო და სხვა სახის რეკლამაზე, ღრმა კვალს რომ არ ტოვებდეს ხალხის ცნობიერებაზე?

მოხერხებულად შედგენილი სხვა ნებისმიერი რეკლამის მსგავსად, პორნოგრაფიის მთავარი მიზანიც ადამიანში მანამდე არარსებული სურვილის გაღვიძებაა. „პორნოგრაფია მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი, — წერენ მკვლევარები სტივენ ჰილი და ნინა სილვა. — მის ქაოსურ ბაზარზე ყველაფერი იყიდება, უმთავრესად კი ქალის სხეული და ინტიმური ურთიერთობები“. ჯერმეინ გრირი პორნოგრაფიას ადარებს ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელ, სწრაფი კვების პროდუქტებს, რომლებიც მადის გამაძლიერებელ ქიმიურ დანამატებს შეიცავს და ამბობს: «„სწრაფი სექსი“, რომელსაც მასმედია სთავაზობს ხალხს, მხოლოდ ილუზიაა . . . საკვების რეკლამა ყალბ საკვებს უწევს პროპაგანდას, სექსის რეკლამა კი — ყალბ სქესობრივ ურთიერთობებს“.

ზოგიერთი ექიმის აზრით, პორნოგრაფიამ ადამიანი შეიძლება იმდენად გაიტაცოს, რომ მისგან განკურნება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე — ნარკომანიისგან. ნარკომანის მკურნალობას, ჩვეულებრივ, დეტოქსიკაციით იწყებენ, რაც მისი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას გულისხმობს. მაგრამ პორნოგრაფიით გატაცება, როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დრ. მერი-ენ ლეიდენი განმარტავს, „იწვევს ცოცხალი აზრობრივი სურათების წარმოქმნას, რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება ადამიანის გონებაში და ტვინის ბიოქიმიური სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი ხდება“. აი რატომაა, რომ ზოგს წლების შემდეგაც კი შეუძლია მსგავსი კადრების გონებაში ნათლად აღდგენა. დრ. ლეიდენი ასკვნის: „[პორნოგრაფია] არის ერთადერთი ნარკოტიკი, რომლის ორგანიზმიდან გამოყვანაც შეუძლებელია“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეუძლებელია პორნოგრაფიის გავლენისგან გათავისუფლება? რა ზიანი მოაქვს მას?

[ჩარჩო 5 გვერდზე]

პორნოგრაფია ინტერნეტში

▪ ინტერნეტში არსებული პორნოგრაფიის თითქმის 75 პროცენტი შეერთებულ შტატებში მზადდება, დაახლოებით 15 პროცენტი კი — ევროპაში.

▪ გამოკვლევის თანახმად, პორნოგრაფიულ ვებსაიტებს კვირაში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ნახულობს. მათგან 20 მილიონი კანადასა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

▪ ახლახან ჩატარებულმა ერთთვიანმა გამოკვლევამ ნათელყო, რომ ევროპაში პორნოგრაფიული საიტებით მოსარგებლეთა ყველაზე დიდი რიცხვი გერმანიაში ცხოვრობს. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი იყო. შემდეგ მოდიოდა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

▪ გერმანიაში პორნოგრაფიით გატაცებულები თვეში, საშუალოდ, 70 წუთს უთმობენ პორნოგრაფიული საიტების ყურებას.

▪ ინტერნეტ-პორნოგრაფიით გატაცებულ ევროპელებს შორის, უხამსი ვებ-საიტების ყურებას ყველაზე მეტ დროს 50-ს გადაცილებულნი უთმობენ.

▪ ერთი გამოცემის თანახმად, პორნოგრაფიული საიტების მონახულების 70 პროცენტი დღის საათებზე მოდის.

▪ ზოგიერთი შეფასების თანახმად, ინტერნეტში არსებული 100 000 ვებ-საიტი შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას.

▪ ინტერნეტში მოგების მიზნით განთავსებული ბავშვთა პორნოგრაფიის დაახლოებით 80 პროცენტი იაპონიაში მზადდება.

[სურათები 4 გვერდზე]

პორნოგრაფია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.