არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ზვიგენებს ამპუტაციას უკეთებენ

მოვაჭრე მეთევზეები ზვიგენების ძიებისას ოკეანეებში ადგილს არ ტოვებენ. დაჭერილ ზვიგენებს ისინი ფარფლებს აცლიან, ლეშს კი წყალში აგდებენ. „ამ საშინელი ქმედების მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა დიდი მოთხოვნილება [ზვიგენის ფარფლის] ძვირადღირებულ სუპზე“, — იტყობინება ჟურნალი „საიენს ნიუსი“. 2002 წლის აგვისტოში აშშ-ის სანაპირო დაცვამ მექსიკის სანაპიროსთან დააკავა ჰავაიდან გამოსული გემი, რომელიც 32 ტონა ფარფლით იყო დატვირთული. ფარფლის გარდა გემზე ზვიგენის სხეულის არავითარი სხვა ნაწილი არ იყო. „ეს უაზრო ტვირთი, სულ მცირე, 30 000 ზვიგენის მოკვლასა და დაახლოებით 580 ტონა თევზის გადაყრაზე მოწმობს“, — ნათქვამია ჟურნალში. „როგორც ვარაუდობენ, მთელ მსოფლიოში თევზსაჭერი გემები ყოველწლიურად 100 მილიონ ზვიგენს ხოცავენ“. მოთხოვნილება ზვიგენის ფარფლზე, რომლის 450 გრამი ბაზარზე 200 აშშ დოლარზე მეტი ღირს, განუწყვეტლივ იზრდება; ამ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი შეუძლებელია.

ინდოეთში დიაბეტიკების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული დიაბეტით. გაზეთი „დეკან ჰერალდი“ იტყობინება, რომ ყველაზე მეტი დიაბეტიკი — 32 მილიონი — ინდოეთშია, და მოსალოდნელია, რომ 2005 წლისთვის დაავადებულთა რიცხვი 57 მილიონს გადააჭარბებს. შრი-ლანკაში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ეხებოდა დიაბეტის გავრცელებას აზიაში, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ დაავადების სწრაფი გავრცელება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია არასწორი კვებითა და ცხოვრების წესის შეცვლით. დაავადების განვითარებას ასევე ხელს უწყობს სტრესი, შთამომავლობითი მიდრეკილება და ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ახალშობილის ნორმაზე ნაკლები წონა ან მისი გადაჭარბებული კვება. ინდოეთი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დიაბეტის მკურნალობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, დიაბეტით გამოწვეული გართულებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია. ნაწილობრივ, ეს იმით აიხსნება, რომ ხალხს არც საკმარისი ცოდნა აქვს ამ დაავადების შესახებ და დიაგნოზსაც გვიან უსვამენ. ინდოეთის დიდ ქალაქებში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ზრდასრული მოსახლეობის 12 პროცენტი დიაბეტით იყო დაავადებული, ხოლო 14 პროცენტის ორგანიზმი კარგად ვერ ამუშავებდა გლუკოზას, რაც ხშირად წინ უსწრებს დიაბეტით დაავადებას.

ემოციურად ტრავმირებული სამხედრო კორესპონდენტები

„[სამხედრო კორესპონდენტთა] საკმაოდ დიდი რიცხვი საშინლად ტრავმირებული იყო ნანახისა და განცდილის გამო“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. გაზეთი კომენტარს უკეთებდა „იმ [140] უცხოელი კორესპონდენტის გამოკითხვის შედეგებს, რომლებიც ექვსი მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ეს ჟურნალისტები რეგულარულად გადასცემდნენ ინფორმაციას ომებისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ“. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „სამხედრო კორესპონდენტები ბევრად უფრო ხშირად ვარდებოდნენ დეპრესიაში და განიცდიდნენ ტრავმისშემდგომ სტრესულ აშლილობას, ვიდრე [107 სხვა ჟურნალისტი], რომლებიც ცხელ წერტილებში არ მუშაობდნენ“. სამხედრო კორესპონდენტებს „ტანჯავთ მოგონებები და განუწყვეტელი ღამის კოშმარები, ეფანტებათ ყურადღება, გაღიზიანებულები ხდებიან და გამუდმებით საფრთხის მოლოდინში არიან“. გარდა ამისა, „მათ უჭირთ სხვებთან ურთიერთობა . . . ვერ ეწყობიან რიგით მოქალაქეებს, არა აქვთ მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი, ვერ ამყარებენ სხვებთან კარგ კონტაქტს და ალკოჰოლს ეძალებიან, რომ თავდავიწყებას მიეცენ“. იმ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც გამოკვლევაში მიიღეს მონაწილეობა, „საშუალოდ, 15 წელი ჰქონდათ გატარებული კონფლიქტურ ზონებში — მათ შორის ბოსნიაში, რუანდაში, ჩეჩნეთში, სომალისა და ავღანეთში“.

ასაკოვანი ევროპელები

„ძველი ევროპა მართლაც რომ ამართლებს თავის სახელს“, — იტყობინება ესპანური გაზეთი „პაისი“. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 20 პროცენტი 60 წელზე მეტი ხნისაა. დემოგრაფები წინასწარმეტყველებენ, რომ 2050 წლისთვის ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ავსტრიაში, იტალიასა და ესპანეთში, ყოველი ათი მოქალაქიდან ოთხი 60 წელს იქნება გადაცილებული. დაბერების პროცესთან დაკავშირებით მადრიდში (ესპანეთი) ჩატარებულ მეორე მსოფლიო ასამბლეაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის ასეთი შეუქცევადი დაბერება მომავალში ცვლილებებს გამოიწვევს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. გართულდება პენსიებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება. დამსაქმებლებს, მაგალითად, მოუწევთ უფრო ასაკოვანი მუშების დაქირავება, მათთვის მოქნილი განრიგების შედგენა ან ისეთი განრიგის შემუშავება, როცა ერთი ადამიანის საქმეს ორი ან მეტი ადამიანი შეასრულებს. აგრეთვე, მოუწევთ ინდივიდუალური საპენსიო ასაკის დადგენა. გარდა ამისა, „ვინაიდან ახალგაზრდების რიცხვი შემცირდება, კომპანიებმა, რომლებსაც წარმატების მიღწევა ენდომებათ, თავიანთი მომსახურება ასაკოვან ხალხს უნდა შესთავაზონ და პროდუქციაც მათზე უნდა გათვალონ“, — შენიშნავს ესპანელი ბიზნესმენი ხოსეპ მარია რიერა.