არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება ეთნიკური სიძულვილის გამართლება?

შეიძლება ეთნიკური სიძულვილის გამართლება?

ბიბლიის თვალსაზრისი

შეიძლება ეთნიკური სიძულვილის გამართლება?

როგორ იგრძნობდით თავს, თუ გაიძვერად, მოძალადედ, სულელად ან უზნეო ადამიანად მიგიჩნევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებით? * ცხადია, ეს აღგაშფოთებდათ და გაგანაწყენებდათ. გულსატკენია, რომ მილიონობით ადამიანი მსგავს მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი დაუჩაგრავთ და მოუკლავთ კიდეც მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც რასას ან ეროვნებას მიეკუთვნებოდა. რაც შეეხება დღევანდელ სისხლიან კონფლიქტებს, მათი უმეტესობაც ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზეა აღმოცენებული. ბევრი ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს ასეთ ძალადობას, აცხადებს, რომ სწამს ღმერთი და ბიბლია; ამავე დროს ამბობს, რომ რასიზმი მუდმივად იარსებებს, ვინაიდან ის ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია.

ამართლებს ბიბლია ეთნიკურ სიძულვილს? არსებობს იმ ადამიანისადმი სიძულვილის გამამართლებელი გარემოებები, რომელიც სხვა კულტურას ან რასას მიეკუთვნება? არსებობს იმედი იმისა, რომ მომავალში ეთნიკურ სიძულვილს ბოლო მოეღება? როგორია ამის შესახებ ბიბლიის თვალსაზრისი?

საქმეებით გასამართლებულნი

თუ ზედაპირულად განვიხილავთ იმას, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ადამიანებს წინათ, შეიძლება არასწორ დასკვნამდე მივიდეთ — სახელდობრ, ვიფიქროთ, რომ ღმერთი მხარს უჭერდა ეთნიკურ სიძულვილს. განა რამდენიმე ბიბლიური ეპიზოდი ღმერთს მთელი ტომებისა და ერების დამსჯელად არ წარმოგვიდგენს? მართალია, მაგრამ ამ ეპიზოდებს თუ საგულდაგულოდ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ღმერთმა ეს ადამიანები გაასამართლა არა მათი ეთნიკური წარმოშობის, არამედ ღვთის კანონების აშკარა უგულებელყოფის გამო.

მაგალითად, იეჰოვა ღმერთმა ქანაანელები გახრწნილი სექსუალური და დემონური რიტუალებისთვის გაასამართლა. ისინი ბავშვებსაც კი წვავდნენ ცეცხლში, რომ ცრუ ღმერთებისთვის შეეწირათ! (მეორე რჯული 7:5; 18:9—12). ცალკეულ შემთხვევებში, ქანაანელთაგან ზოგიერთი ღვთისადმი რწმენას ავლენდა და წარსულში ჩადენილ ცოდვებს ინანიებდა, რის გამოც იეჰოვამ დაინდო ისინი და აკურთხა (იესო ნავეს ძე 9:3, 25—27; ებრაელთა 11:31). ერთი ქანაანელი ქალი, რახაბი, აღთქმული მესიის, იესო ქრისტეს წინაპარიც კი გახდა (მათე 1:5).

ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონი უჩვენებს, რომ ღმერთი არ არის მიკერძოებული. პირიქით, ის ნამდვილად დაინტერესებულია ყველა ერის კეთილდღეობით. ლევიანების 19:33, 34-ში ვპოულობთ თანაგრძნობით სავსე მითითებას, რომელიც იეჰოვამ ისრაელებს მისცა: „როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი. როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს თქვენთან ხიზანი და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი“. მსგავს მითითებებს ვხვდებით ბიბლიურ წიგნებში „გამოსვლა“ და „მეორე რჯული“. აშკარაა, რომ იეჰოვა არ ამართლებს ეთნიკურ სიძულვილს. მისი მოთხოვნაა, რომ ერებს შორის თანხმობა იყოს.

იესო — ეთნიკური შემწყნარებლობის მომხრე

იესოს დედამიწაზე ყოფნისას იუდეველებსა და სამარიელებს სძულდათ ერთმანეთი. ერთხელ, სამარიის ერთ-ერთ სოფელში იესო არ მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იერუსალიმისკენ მიმავალი იუდეველი იყო. როგორ რეაგირებას მოახდენდით ასეთ მოპყრობაზე? როგორც ჩანს, იესოს მოწაფეებმა იმ დროს არსებული წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზროვნება გამოავლინეს, როდესაც იესოს უთხრეს: „უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი“ (ლუკა 9:51—56). მოახდინა გავლენა იესოზე მოწაფეების ასეთმა გაბოროტებამ? პირიქით, ის გაუწყრა მათ, მშვიდობიანად განაგრძო გზა და ღამის გასათევი სხვა სოფელში მოძებნა. ამ შემთხვევიდან მცირე ხნის შემდეგ იესომ მოჰყვა იგავი კეთილი სამარიელის შესახებ, რომელშიც ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანის წარმოშობა არ ხდის მას მტრად. ის შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდეს!

ეთნიკური ჯგუფები ქრისტიანულ კრებაში

დედამიწაზე მსახურებისას იესოს ძირითადად ყურადღება გადატანილი ჰქონდა მოწაფეების მომზადებაზე თავისივე ერიდან; თუმცა მან აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში სხვებიც გახდებოდნენ მისი მიმდევრები (მათე 28:19). ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისთვის იქნებოდა ღია ქრისტიანული კრების კარი? დიახ! მოციქულმა პეტრემ განაცხადა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). მოგვიანებით პავლე მოციქულმაც დაუჭირა მხარი ამ აზრს, როდესაც ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ქრისტიანულ კრებაში ადამიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა (კოლასელთა 3:11).

ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდანაც“ ჩანს, რომ ღმერთი ყველა ეთნიკური ჯგუფიდან იღებს ხალხს. ღვთისგან მოცემულ ხილვაში იოანე მოციქულმა დაინახა „უამრავი ხალხი . . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, რომლებმაც ხსნა მიიღეს ღვთისგან (გამოცხადება 7:9, 10). ეს „უამრავი ხალხი“ გახდება ახალი საზოგადოების ბირთვი, საზოგადოებისა, რომელშიც ღვთის სიყვარულით გაერთიანებული ყველა წარმოშობის ადამიანი მშვიდობიანად იცხოვრებს.

დღეს კი ქრისტიანებმა არავინ უნდა განსაჯონ ეთნიკური წარმოშობის გამო. ისინი სამართლიანად მოიქცევიან და სიყვარულს გამოავლენენ, თუ ისე შეხედავენ ყველას, როგორც მათ ღმერთი უყურებს და ადამიანში დაინახავენ პიროვნებას და არა მხოლოდ მის ეთნიკურ წარმომავლობას. განა არ გსურთ, რომ სხვებმა თქვენში პიროვნება დაინახონ? ამიტომაც შეგვაგონებს იესო: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ნამდვილად სასიამოვნოა ცხოვრება ეთნიკური სიძულვილის გარეშე. მას მოაქვს სულიერი სიმშვიდე და მშვიდობა სხვებთან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვექნება მშვიდობა ჩვენს მიუკერძოებელ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან. ამისთვის კი ნამდვილად ღირს, არ დავუშვათ, რომ გულში ეთნიკური სიძულვილი განგვივითარდეს!

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სტატიაში გამოყენებული ფრაზა „ეთნიკური ჯგუფი“ მსგავსი რასობრივი, ეროვნული, ტომობრივი ან კულტურული წარმოშობის ადამიანებზე მიუთითებს.