მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
უზენაესი სასამართლო. გმადლობთ სტატიების სერიისთვის „აშშ-ის უზენაესი სასამართლო და სიტყვის თავისუფლება“ (8 იანვარი, 2003). ამ სტატიებში კარგად იყო ნაჩვენები, რომ უმრავლესობის წინასწარ შექმნილ აზრებს ზოგჯერ უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნევენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, სწამდეს რაც სურს, მაგრამ რწმენაზე საუბარს მიუღებლად თვლიან. ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, უფრო თამამად ველაპარაკო სხვებს ჩემს რწმენაზე.
ს. ო. (იაპონია).
სტრატონის (ოჰაიოს შტატი, აშშ) სასამართლო საქმე სიტყვის თავისუფლების ნამდვილი ტრიუმფი იყო. იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ ხალხსაც შეაცვლევინოს აზრი. იმედია, ეს მოხდება ჩვენთანაც, ფილიპინებზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგან ხელს უშლიან იეჰოვას მოწმეებს და მოითხოვენ, რომ კარდაკარ ქადაგებისთვის მათ ნებართვა აიღონ. ამ მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ დიდად გაგვახარა.
ნ. ე. (ფილიპინები).
რწმენის გამოცდა. დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატია „რწმენის გამოცდა სლოვაკეთში“ (8 იანვარი, 2003). როგორც კი სტატიის კითხვა ჩავამთავრე, ამ წერილის წერა დავიწყე. იან ბალის მსგავსად, რომელმაც ამდენი განსაცდელი გადაიტანა, ჩვენც უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება. სტატიაში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის ადგილი, სადაც იან ბალი იხსენებს 1924 წელს გამოცემულ წიგნში „გზა სამოთხემდე“ აღწერილ წარმოსახვით სურათს. ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა, რადგან იქ ახალი ქვეყნიერების შესახებ იყო საუბარი. მე ცხრა წლისა ვარ.
ე. კ. (უნგრეთი).
ორსულობა გართულებების გარეშე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „იზრუნეთ თქვენი ორსულობის უსაფრთხოებაზე“ (8 იანვარი, 2003). ამ სტატიამ ნათლად დამანახვა, თუ რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ფეხმძიმობა. 32 წლის ვარ და ნამდვილად მესაჭიროებოდა ეს სტატია. ახლა მესმის, თუ რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ფეხმძიმობამ გართულებების გარეშე ჩაიაროს და უფრო დავაფასო ეს შესანიშნავი ძღვენი.
ბ. კ. (იტალია).
სტატიაში ნახსენებია, რომ მომავალ დედას B ჯგუფის სტრეპტოკოკებზე ანალიზის აღება შეუძლია ორსულობის 26—28 კვირის განმავლობაში. ამ შემოწმებისთვის ამჟამად მიზანშეწონილად მიიჩნევენ ორსულობის არა 26—28, არამედ 35—37 კვირას. სტატიის მკითხველებმა შეიძლება ჰკითხონ ექიმებს, თუ რატომ არ უღებენ ანალიზს 26—28 კვირის პერიოდში. შედეგად კი ექიმებმა შეიძლება დაიწუნონ „გამოიღვიძეთ!“–ში მოცემული რჩევა და ჟურნალის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენონ.
ლ. ს. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ“–ის პასუხი: ჟურნალში მოცემული მასალა გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე მზადდება, რათა ის დროულად ითარგმნოს 80–ზე მეტ ენაზე. იმ დროისთვის, როცა იწერებოდა სტატია უსაფრთხო ფეხმძიმობის შესახებ, სტრეპტოკოკებზე შემოწმების შესაფერის ვადად ბევრი 26—28 კვირას მიიჩნევდა. 2002 წლის აგვისტოში კი ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გამოაქვეყნა აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიწოდებული განახლებული ინფორმაცია. ამჟამად, როგორც მკითხველმა სწორად შენიშნა, შემოწმებისთვის რეკომენდებულ ვადად ითვლება ორსულობის 35—37 კვირა.
მე–12 გვერდზე მოცემულ სქოლიოში ნათქვამია, რომ რკინა და ფოლიუმმჟავა მოიპოვება ღვიძლსა და თხილში, მაგრამ ღვიძლში ძალიან დიდი რაოდენობითაა ვიტამინი A, რომელიც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, შეიძლება ბავშვისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ბ. ჯ. (დიდი ბრიტანეთი).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: გმადლობთ გაფრთხილებისთვის.
თანატოლების ზეგავლენა. მე 15 წლის გოგონა ვარ. მიჭირს თანატოლების ზეგავლენასთან ბრძოლა. ძალიან მომეწონა სტატია „როგორ გავუმკლავდე თანატოლების ზეგავლენას?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 იანვარი, 2003). როდესაც ვკითხულობ სხვა ახალგაზრდებზე, რომლებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც მე, ვგრძნობ, რომ მარტო არა ვარ ასეთ მდგომარეობაში და ვმშვიდდები. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი ყოვლისშემძლე ღვთის დახმარებით შეგვიძლია თანატოლების ზეგავლენის დაძლევა. უღრმესი მადლობა ამ დროული ინფორმაციისთვის.
კ. რ. (ავსტრალია).
[სურათის საავტორო უფლება 30 გვერდზე]
Photo by Josh Mathes, Collection of the Supreme Court of the United States