არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოდის ცვალებადობა

მოდის ცვალებადობა

მოდის ცვალებადობა

ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებაზე, თუ რა ჩავიცვათ, გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს მოდა. მოდა იმასაც განსაზღვრავს, თუ უმეტესწილად რა სტილის სამოსი და აქსესუარები გაიყიდება.

ჩვენი სამოსის ცალკეული ელემენტებიც კი, რომლებსაც დღესდღეობით განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ, ერთ დროს უკანასკნელ მოდად ითვლებოდა. მაგალითად, მამაკაცის პერანგი და ჰალსტუხი (რა სახითაც დღეს არსებობს), საუკუნეზე მეტი ხნის წინათ შემოვიდა მოდაში და ულტრამოდურ ატრიბუტებად იქცა. ქალის სვიტერი XX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს გაჩნდა და მანდილოსნების გარდერობში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

მოდის ინდუსტრიას ორი ძირითადი მისწრაფება წარმართავს — მისწრაფებები სიახლისა და იმისკენ, რომ სხვებს ვგავდეთ. თითქმის ყველას მოსწონს რაიმე ახლით შემოსვა. ამიტომაც ზოგჯერ ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ — ვყიდულობთ არა იმიტომ, რომ ძველი უკვე გაგვიცვდა, არამედ უბრალოდ იმ მიზეზით, რომ გარდერობში ცვლილების შეტანა გვსურს. ამავე დროს, არ გვინდა შეუფერებლად გამოვიყურებოდეთ, რის გამოც ვყიდულობთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც გარშემო მყოფთა ჩაცმულობის სტილს ასე თუ ისე შეესაბამება. საუკუნეების განმავლობაში ტანსაცმლის ინდუსტრია აკმაყოფილებდა — ზოგჯერ კი მწარმოებლების პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა — მისწრაფებებს სიახლისკენ და სხვებთან მსგავსებისკენ.

ცოტა რამ მოდის ისტორიიდან

გარკვეული სტილის შესაქმნელად დიზაინერები ხუთ ძირითად ელემენტს ეყრდნობიან: ფერს, სილუეტს, ქსოვილის ფაქტურას, ხაზების ვიზუალურ შერწყმას (ანუ მათ განლაგებას) და ქსოვილის დანაოჭებას. დროთა განმავლობაში მოდელიერებსა და მკერავებს ამ ხუთივე სფეროში სულ უფრო და უფრო დიდი გასაქანი ეძლეოდათ. ძველ ეგვიპტეში, მაგალითად, ადგილობრივად წარმოებული გამჭვირვალე სელი საუკეთესო ქსოვილად ითვლებოდა, და ის მართლაც იდეალური იყო თბილი ჰავისთვის. იმ მიზეზით კი, რომ სელი ადვილად არ იღებებოდა, ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ერთი ფერის იყო — თეთრი. მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, იმ დროის ეგვიპტელი მოდელიერები ქსოვილს ნაკეცებს უკეთებდნენ, რის წყალობითაც მათი სამოსი სასიამოვნოდ ნაოჭდებოდა და კოხტა სილუეტს იძენდა. ასე წარმოიშვა ერთ-ერთი იმ სტილთაგანი, რომელმაც მსოფლიო მოდის ისტორიაში ძალიან დიდხანს იარსება.

ახ. წ. პირველი საუკუნისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ქსოვილები, ახალი ფერები. მდიდარ რომაელებს ჩინეთიდან თუ ინდოეთიდან შემოჰქონდათ აბრეშუმი. ისინი არ ეპუებოდნენ იმას, რომ ნაქსოვი აბრეშუმის ტრანსპორტირება ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ქსოვილის ფასი ოქროს ფასს უტოლდებოდა. სხვა მოდურ ქსოვილად ითვლებოდა ტვიროსიდან ჩამოტანილი შეღებილი შალი, რომლის ერთი კილოგრამი ჯდებოდა 2 000 დინარი — ჩვეულებრივი მუშის ექვსი წლის გასამრჯელოს ტოლფასი თანხა. ახალი ქსოვილებითა და საღებავებით ტანსაცმლის ახალი მოდელები იქმნებოდა. მაგალითად, მდიდარი რომაელი ქალები შეიმოსნენ ინდოეთიდან შემოტანილი ლურჯი ბამბის ქსოვილისგან თუ ჩინური ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი გრძელი, განიერი ზედა სამოსლით — სტოლათი.

მართალია, ახალი სტილები პერიოდულად ვითარდებოდა, მაგრამ წარსულში ეს პროცესი არც ისე სწრაფად ხდებოდა. თანაც, ცვლილებები მოდის სამყაროში, ჩვეულებრივ, ეხებოდა მხოლოდ არისტოკრატებს, რომლებსაც შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სტილის მდიდრული სამოსით ევლოთ. სამრეწველო გადატრიალების შემდეგ კი უბრალო ხალხისთვისაც შესაძლებელი გახდა მოდურად ჩაცმა.

XIX საუკუნეში შეიქმნა მთელი რიგი სამრეწველო საწარმოები, რომლებიც მოსავდნენ როგორც მდიდრებს, ისე ღარიბებს. მომრავლდა ბამბისა და შალის სართავი ფაბრიკები, რის წყალობითაც ქსოვილების ფასმა იკლო. საკერავი მანქანების გამოგონებამაც საგრძნობლად გააიაფა ტანსაცმლის წარმოების პროცესი. ახალი სინთეტიკური საღებავების წყალობით კი ქსოვილები ათასგვარი ფერით დამშვენდა.

საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ტექნოლოგიაში მომხდარმა ცვლილებებმა კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულა მასების შემოსვაში. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხალხს უფრო მეტი სახარჯო ფული გაუჩნდა. XIX საუკუნის 50-იან წლებში გაიხსნა მანდილოსნებისთვის განკუთვნილი პირველი მაღაზიები. ცოტა ხანში უნივერმაღებმაც დაიწყეს მომხმარებლისთვის სტანდარტული ზომების მზა ტანსაცმლის შეთავაზება. ამავე საუკუნეში ჩარლზ ფრედერიკ ვორტმა წამოიწყო ახალი ტანსაცმლის დემონსტრირება ცოცხალი მოდელების მეშვეობით, რითაც კლიენტებს იზიდავდა.

XX საუკუნეში ისეთი ახალი სინთეტიკური ნივთიერებებისგან, როგორიცაა ვისკოზა, ნეილონი და პოლიესტერი, მეწარმეებმა ათასგვარი ქსოვილების შექმნა დაიწყეს. კომპიუტერის მეშვეობით შექმნილმა ესკიზებმა უფრო გააიოლა ახალი მოდური ტენდენციების წარმოშობა, ხოლო გლობალიზაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ ტოკიოს, ნიუ-იორკის, პარიზისა თუ სან-პაულუს ქუჩებში თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ უკანასკნელ მოდაზე შემოსილი ქალ-ვაჟები. ამასობაში, დიზაინერები და მეწარმეები თავიანთი საქონლის გასაღების ახალ გზებს პოულობდნენ.

დღესდღეობით, მოდის ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები არიან ახალგაზრდები, და არა მაინცდამაინც მდიდრები. მილიონობით ახალგაზრდა ყოველთვიურად ყიდულობს ახალ ტანსაცმელს. ტანსაცმლის ინდუსტრიაც ყოველწლიურად უშვებს და უშვებს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამოსს *. მაგრამ ხომ არ იმალება აქ რამე მახე?

[სქოლიო]

^ აბზ. 12 მხოლოდ გასულ წელს წარმოებული ტანსაცმელი 335 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

[ჩარჩო⁄სურათები 4, 5 გვერდებზე]

მოდების კანონმდებლები

საუკუნეების განმავლობაში ჩაცმულობის სტანდარტებს ადგენდნენ მეფეები და დიდებულები. XVII საუკუნეში საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII-მ თავისი სიმელოტის დასამალავად პარიკის ტარება გადაწყვიტა. არ გასულა დიდი დრო და ევროპელმა დიდებულებმაც გადაიპარსეს თავები და პარიკების ტარება დაიწყეს — ამ მოდურმა მიმდინარეობამ საუკუნეზე მეტხანს გასტანა.

XIX საუკუნეში, ქალთა ჟურნალებში მანდილოსნებს მოდურ ტენდენციებს აცნობდნენ და იაფფასიან თარგებსაც კი ურთავდნენ, რათა თავადვე შეძლებოდათ სასურველი სამოსის შეკერვა. XX საუკუნეში კი, რაც უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭდა ტელევიზია და კინოინდუსტრია, ტელე- და კინოვარსკვლავები მსოფლიოსთვის სათაყვანებელი კერპები ხდებოდნენ და მოდის დამკვიდრებაშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ისინი ამბობდნენ. პოპულარული მუსიკოსები რადიკალური სტილის ტანსაცმლით იმოსებოდნენ, ბევრი ახალგაზრდა კი სწრაფადვე ჰბაძავდა მათ ჩაცმულობაში. დღეისათვის თითქმის არაფერი შეცვლილა: ახალ ტანსაცმელზე მოთხოვნის გასაზრდელად სარეკლამო სააგენტოები ეფექტურად იყენებენ მოდების ჩვენებებს, სარეკლამო დაფებს, პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილ ჟურნალებს, ვიტრინებსა და სარეკლამო რგოლებს.

[სურათი]

მეფე ლუდოვიკო XIII.

[საავტორო უფლება]

From the book The Historian’s History of the World

[სურათი 4 გვერდზე]

სელისგან დამზადებულმა ამ ძველმა ეგვიპტურმა სამოსმა მსოფლიო მოდის ისტორიაში ძალიან დიდხანს იარსება.

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum

[სურათი 4 გვერდზე]

ძველ რომში ქალები სტოლას იცვამდნენ.

[საავტორო უფლება]

From the book Historia del Traje, 1917

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

კიმონომ ახ. წ. დაახლოებით 650 წლიდან დაიწყო არსებობა და დღემდე მოაღწია.

[საავტორო უფლება]

From the newspaper La Ilustración Artística, Volume X, 1891

[სურათი 5 გვერდზე]

წარსულში არისტოკრატებს შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სტილის მდიდრული სამოსით ევლოთ.

[საავტორო უფლება]

EclectiCollections

[სურათი 5 გვერდზე]

სამრეწველო გადატრიალებამ უბრალო ხალხს მოდურად ჩაცმის საშუალება მისცა.

[საავტორო უფლება]

EclectiCollections