რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ლანგუსტები „სახლს აგნებენ“
«ლანგუსტებს იმის არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, რომ „სახლში“ დასაბრუნებელი გზა მოძებნონ, თუნდაც თვალები აუხვიონ, სატვირთო მანქანით „გაასეირნონ“ და ბოლოს მათთვის უცნობ ადგილას ჩაუშვან წყალში» — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „ნეშნლ პოსტში“. მკვლევარებმა რამდენიმე ათეული ლანგუსტი დაიჭირეს ფლორიდა-კისის კუნძულების მახლობლად, ბნელ ბაკებში ჩასვეს და დაჭერის ადგილიდან 37 კმ-ის მოშორებით გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ახვეული ჰქონდათ, ლანგუსტებმა თავიანთი „დატყვევების“ ადგილისკენ აიღეს გეზი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ უხერხემლო ცხოველებში აღმოჩენილი ნავიგაციის ყველა ფორმიდან, ლანგუსტების უნარი, უშეცდომოდ მიაკვლიონ თავიანთ კერას, ყველაზე გამორჩეულია. „რაც არ უნდა გაგვეკეთებინა მათ დასაბნევად, ლანგუსტები ყოველთვის პოულობდნენ იმ მიმართულებას, რომლითაც სახლს მიაკვლევდნენ, — თქვა დ-რ კენეთ ლომენმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოკვლევას. — რომ დაფიქრდეთ, ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი აღმოჩენაა: ეს პატარა არსებები რაღაცნაირად არკვევენ თავიანთ ადგილსამყოფელს ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ადამიანს სრულიად აებნეოდა თავგზა“.
ევროკავშირის გაფართოება
„ცივი ომის შედეგად ევროპის ორად გახლეჩის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას . . . რომ ცენტრალური და დასავლეთი ევროპა გააერთიანონ“, — ნათქვამია პარიზში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“. ევროკავშირის წინადადებაზე გამოხმაურებით 2004 წელს ათი სახელმწიფო — ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა — მთლიანობაში 75-მილიონიანი მოსახლეობით ამ გაერთიანების წევრი გახდება. ამგვარად, „450 მილიონი ადამიანისთვის შეიქმნება ერთიანი ბაზარი“, რომელზეც 10, 7 ტრილიონი აშშ დოლარის ერთობლივი შიდა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ეს თანხა თითქმის უტოლდება შეერთებული შტატების მიერ წარმოებული პროდუქციის და მომსახურების საერთო ღირებულებას, რაც 11, 5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „პირველად ისტორიაში ევროპა გამთლიანდება“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ. სხვა ურიცხვი სირთულის გარდა, რაც გაფართოებულ კავშირს ელის, ერთ-ერთია 21 ოფიციალურ ენაზე საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.
იაპონური ქორწილები დასავლურ ყაიდაზე
როგორც იაპონიაში გამომავალი გაზეთი „ჯაპან ტაიმზი“ იუწყება, თუმცა იაპონიის მოსახლეობის მხოლოდ 0,8 პროცენტი აღიარებს თავს ქრისტიანად, დასავლური ყაიდის საქორწინო რიტუალი — თეთრი საქორწილო კაბით, თაიგულითა და ეკლესიაში გავლის საზეიმო ცერემონიით — სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იძენს. ერთი ჟურნალის რედაქციის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ 2001 წელს დაქორწინებული 4 132 წყვილიდან 61, 2 პროცენტი დასავლურ ყაიდაზე შეუღლდა, 20,1 პროცენტმა სინტოისტურად იქორწინა, ხოლო 0, 9 პროცენტი ბუდისტური ცერემონიალის დაცვით დაქორწინდა. დასავლური ქორწინების ცერემონიალის ჩასატარებლად საქორწინო სააგენტოები, ჩვეულებრივ, ქირაობენ „ევროპული წარმოშობის უცხოელ არასასულიერო პირებს“, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ კლიენტებს ურჩევნიათ, რომ სწორედ მათ ჩაატარონ ცერემონიალი. „ბევრი ახალგაზრდა წყვილი თვლის, რომ უცხოელს შეუძლია, უფრო მეტი სილამაზე შესძინოს მათ საქორწინო რიტუალს და საზეიმო ატმოსფეროც კი შექმნას“, — თქვა ერთი საქორწინო სააგენტოს წარმომადგენელმა ქალმა. ეს „საშაბათ-კვირაო მოძღვრები“, უბრალოდ, ისმენენ საქორწინო აღთქმებს და შეკრებილი ხალხის წინაშე ბიბლიიდან ზოგ მუხლს კითხულობენ.
სახიფათო ბალახები
„საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ რაკი ბალახები ბუნებრივ მასალას წარმოადგენს, ისინი სრულიად უვნებელია, მცდარია“, — იუწყება მეხიკოში გამომავალი გაზეთი „ფინანსიერო“. როგორც მექსიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტიტუტის თანამშრომელი აბიგაილ აგილარ კონტრერასი ამბობს, ბალახებით თვითმკურნალობა შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. „სამკურნალო ბალახების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ავნოს ორგანიზმს ან სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს, ვინაიდან მათ შემადგენლობაში შედის ძლიერმოქმედი ნივთიერებები ან ნარკოტიკები“, — ნათქვამია გაზეთში. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ყვითელი ოლეანდრი, რომელსაც წონაში დასაკლებად იყენებენ. ამ მცენარეს დიარეისა და პირღებინების გამოწვევა შეუძლია, მან შეიძლება გულსაც ავნოს. ამიტომ, სანამ ბალახებით მკურნალობას გადაწყვეტდეთ, უმჯობესია, გამოცდილ ფიტოთერაპევტს ჰკითხოთ რჩევა.