როგორ დავძლიო მაქსიმალიზმი?
ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ დავძლიო მაქსიმალიზმი?
„მთელს ჩემ ცხოვრებას, ძირითადად, მაქსიმალიზმი მართავს“ (კარლი).
მაქსიმალიზმი — ანუ სწრაფვა იმისკენ, რომ რასაც ხელს ჰკიდებ, ყველაფერი სრულყოფილებამდე მიიყვანო — მრავალი ახალგაზრდის აზროვნებაზე მოქმედებს.
წიგნში „მაქსიმალიზმი — რა არის ცუდი იმაში, რომ თითით საჩვენებელი იყო?“ ნათქვამია: „რაიმე საქმის მაღალ დონეზე შესრულებისკენ სრულიად ნორმალურ სწრაფვასა და მიუღწეველი სიმაღლეებისკენ არაგონივრულ მისწრაფებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ადამიანებს, რომლებიც საქმის მაღალ დონეზე შესრულებას ცდილობენ, შესაძლოა, მოწესრიგებულობისა და ორგანიზებულობის ძლიერი მოთხოვნილება ჰქონდეთ და საკუთარ თავსაც დიდ მოთხოვნებს უყენებდნენ; მაგრამ ისინი იმასაც ითვალისწინებენ, რომ შეიძლება შეცდომები დაუშვან და ცდილობენ, დადებითი თვალსაზრისით გამოასწორონ ისინი . . . მაქსიმალისტები კი განუწყვეტლივ შიშობენ, ვაითუ რამე შეეშალოთ. ისინი უზომოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს“.
ამ აღწერილობაში შენი თავი ხომ არ ამოიცანი? თუ საკუთარ თავს უზომოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებ, შესაძლოა, რაიმე საქმის შესრულებაზე ადვილად ჩაიქნიო ხელი, ან აღმოაჩინო, რომ შენთვის რაღაც ახლისთვის ხელის მოკიდებას თავს არიდებ. ანდა, შეიძლება, წარუმატებლობის შიშის გამო ბოლო წუთამდე გაურბიხარ მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებას. შესაძლოა, ვერ ეგუები ვერავის, ვინც შენ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება და ამიტომაც ვერავის უმეგობრდები.
თუკი ზემოთქმული ასე თუ ისე შეგესაბამება, დაფიქრდი ეკლესიასტეს 7:16-ში ჩაწერილ სიტყვებზე: «ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად — რად უნდა იყო შეწუხებული [„დაიღუპო საკუთარი თავი“, აქ]?». მაქსიმალიზმმა შეიძლება მართლაც „დაგღუპოს“! ხშირ შემთხვევაში, მაქსიმალიზმი ისეთ საშიშ კვებით მოშლილობებსაც კი უკავშირდება, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია *.
ამიტომაც, შეიძლება იკითხო: „როგორ დავძლიო მაქსიმალიზმი?“ უნდა ვაღიაროთ, რომ აზროვნებაში ამ მხრივ ცვლილების მოხდენა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ღვთის დახმარებით ამის მიღწევა შესაძლებელია. ვნახოთ, რა თვალსაზრისი აქვს მაქსიმალიზმზე ღმერთს.
სრულყოფილება — შესაძლებელია მისი მიღწევა?
უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდი: შესაძლებელია თუ არა, რომ იყო სრულყოფილი ამ სიტყვის სრული გაგებით? ბიბლიის თანახმად, ეს შეუძლებელია. ნახე, რა წერია ბიბლიაში: „არავინ არის მართალი . . . ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება“ (რომაელთა 3:10—12). დამაფიქრებელი სიტყვებია, არა? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ვინც არ უნდა ცდილობდეს ყველაფერში სრულყოფილების მიღწევას, წარუმატებელი იქნება.
დავფიქრდეთ პავლე მოციქულზეც, რომელიც სულიერობის უდავოდ არაჩვეულებრივ მაგალითს იძლეოდა. მასაც კი არ შეეძლო ღვთისთვის უნაკლოდ მსახურება. ის აღიარებდა: „კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი გვერდით მიწევს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:21—23). პავლეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დახმარებით შეეძლო ერთგულ ქრისტიანად ყოფნა.
საბედნიეროდ, ღმერთი არც მოითხოვს და არც მოელის ჩვენგან აბსოლუტურ სრულყოფილებას. „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნები 102:14). ადამიანები მხოლოდ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მიაღწევენ სრულყოფილებას.
დაისახე რეალური მიზნები
დღესდღეობით კი არარეალურია ფიქრი იმაზე, რომ შეძლებ ყველაფერში აბსოლუტური სრულყოფილების მიღწევას. სინამდვილეში, უნდა მოელოდე, რომ დროდადრო შეცდომებს დაუშვებ (რომაელთა 3:23). ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რომ რაღაცაში ვცდებით! ფსალმუნების 18:13-ში ნათქვამია: „ვერავინ ხედავს საკუთარ შეცდომებს“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). ახალგაზრდა მეთიუ ამბობს: „არც შენ არა ხარ სრულყოფილი, და არც სხვა ნებისმიერი ადამიანი დედამიწაზე. თუ საკუთარ თავს ყველაფერში სრულყოფილებას სთხოვ, არასოდეს იქნები ბედნიერი . . . სრულყოფილებას ვერ მიაღწევ — ეს არარეალურია, ეს შეუძლებელია“.
კარგი იქნება, გახსოვდეს ეს და ეცადო, ცოტა სხვა თვალით შეხედო შენს მიზნებსა და საკუთარი თავისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. მაგალითად, როდესაც გინდა, რომ რაიმე საქმე საუკეთესოდ შეასრულო, არაქათს ხომ არ აცლი საკუთარ თავს? ბიბლია გვეუბნება, რომ ასეთი ქანცგამწყვეტი ძალისხმევა სინამდვილეში შეიძლება „ამაოება და ქარის დევნა“ აღმოჩნდეს (ეკლესიასტე 4:4). რეალობა კი ისაა, რომ ცოტას თუ შეუძლია საუკეთესო შედეგების მიღწევა. და მაშინაც კი, როცა ვინმე ასეთ წარმატებას აღწევს, რამოდენიმე ხანში ჩნდება სხვა, ვინც იმავეს მასზე უკეთესად აკეთებს.
პავლე მოციქული გვირჩევს: «თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად [„ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“, აქ]» (რომაელთა 12:3). რეალურად შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, რას მოელი საკუთარი თავისგან. გაითვალისწინე შენი უნარი და შესაძლებლობები. ისწრაფე გაუმჯობესებისკენ და არა მიუღწეველი სრულყოფისკენ. დაისახე კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევასაც შეძლებ.
მაგალითად, პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს, ყოფილიყო „შეურცხვენელი მუშაკი, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემი“ (2 ტიმოთე 2:15). პავლეს სიტყვებში ისმის მოწოდება გაუმჯობესებისკენ, და არა მიუღწეველი სრულყოფისკენ. ამის მსგავსად, შენც შეგიძლია გონივრული მიზნების დასახვა. და თუ ზუსტად არ იცი, რა არის შენთვის „გონივრული“, გაესაუბრე მშობლებს ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანს, რომელსაც ენდობი.
ზოგმა შეიძლება ისიც კი შემოგთავაზოს, რომ შეუდგე შენთვის რაიმე ახლის შესწავლას, მაგალითად სპორტის რომელიმე სახეობას დაეუფლო ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლო. როდესაც რაიმე ახალს სწავლობ, შეცდომებს გვერდს ვერ აუვლი, რაც სავსებით ნორმალურია. შესაძლოა, ამან დაგანახვოს, რომ შეცდომების დაშვება ყოველთვის თან ახლავს სწავლის პროცესს.
რაც უნდა გქონდეს გასაკეთებელი — სკოლაში დავალებული თემის დაწერა თუ საფორტეპიანო სონატის შესრულება — დაფიქრდი პავლე მოციქულის მიერ მოცემულ სხვა რჩევაზე: „იბეჯითეთ“ (რომაელთა 12:11). დიახ, ნუ გადადებ და ნუ გააჯანჯლებ შენს გასაკეთებელ საქმეს მხოლოდ იმის შიშით, რომ სათანადო დონეზე ვერ შეასრულებ.
ერთ ახალგაზრდას ჩვევად ჰქონდა სასკოლო დავალებების ბოლო წუთში შესრულება და თავს იმით იმართლებდა, რომ სამუშაოსთვის უნდა „განწყობილიყო“. თუმცა ცუდი არაფერია იმაში, რომ გქონდეს სამუშაო განწყობა, მაგრამ საქმის გაჯანჯლების გამამართლებელ არგუმენტად ეს არ გამოდგება. ეს გოგონა ბოლოს ასეთ დასკვნამდე მივიდა: როდესაც ყოყმანობ, ჩააბარო თუ არა შენი აზრით არცთუ ისე კარგად შესრულებული საშინაო დავალება, ყოველთვის უმჯობესია, ჩააბარო.
უკუაგდე უარყოფითი აზრები!
ცხადია, შეიძლება არც ისე ადვილი იყოს იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მთლად კარგად არ გამოგდის. ამის გამო შეიძლება კრიტიკული, უარყოფითი აზრები მოგიზღვავდეს. რა უნდა იღონო? უარყოფითი აზრებით გონების კვება საშიშია. ამიტომაც, შეგნებულად უკუაგდე საკუთარ თავზე შექმნილი არასწორი აზრები. შეცდომებს იუმორით შეხედე. ბოლოს და ბოლოს, არსებობს „ჟამი სიცილისა“ (ეკლესიასტე 3:4). ისიც გახსოვდეს, რომ იეჰოვას არ სიამოვნებს შეურაცხმყოფელი სიტყვები — თუნდაც მათ საკუთარი თავის მისამართით ვიყენებდეთ (ეფესელთა 4:31).
ნაცვლად იმისა, რომ განუწყვეტლივ ლანძღო საკუთარი თავი, ყური დაუგდე იგავების 11:17-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს, სასტიკი კი თავის ხორცს აღიზიანებს“. აბა, ამაზეც დაფიქრდი: გაგიადვილა მაქსიმალიზმისკენ სწრაფვამ სხვებთან დამეგობრება? ალბათ, არა. შესაძლოა, არც კი გსურდა მათთან ურთიერთობა იმის გამო, რომ სრულყოფილებისგან შორს იყვნენ. მაშ, როგორ უნდა მოიქცე?
ყურად იღე ბიბლიაში მოცემული მითითება: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს“ (კოლასელთა 3:13). მართლაც, როდესაც სხვებს ბევრს არ მოსთხოვ, გაგიადვილდება მათთან დამეგობრება!
„კი მაგრამ, თუ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ მექნება ძალიან მაღალი მოთხოვნები, სხვები რატომღა უნდა მერიდებოდნენ?“, — შეიძლება იკითხო. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება მოქმედებდეს სხვებზე ის, რომ საკუთარ თავს ბევრს სთხოვ. ერთ წიგნში, რომელიც მაქსიმალიზმის პრობლემას ეძღვნება, ნათქვამია: «თუკი გამოცდაზე ფრიადზე ნაკლები ნიშანი მიიღე და ამაზე გადამეტებულად წუწუნებ, შეიძლება გაანაწყენო მეგობრები, რომლებსაც დიდი შრომის ფასად უჯდებათ „სამიანისა“ თუ „ოთხიანის“ მიღება» (When Perfect Isn’t Good Enough). ამიტომ ეცადე, უფრო დადებითად შეაფასო ყველაფერი და ნაკლები ყურადღება გაამახვილო საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში, სხვებისთვის უფრო სასიამოვნო იქნება შენთან ურთიერთობა.
ახალგაზრდა კარლის ასეთი დასკვნა გამოაქვს: „უნდა შევწყვიტო ყველაფერში სრულყოფილებისკენ სწრაფვა“. როგორ შეიძლება ამას მიაღწიო? იფიქრე, ღმერთს რა თვალსაზრისი აქვს ამ საკითხზე. თუ ატყობ, რომ გიჭირს ამ მხრივ აზროვნების გამოსწორება, გაესაუბრე მშობლებს ან რომელიმე მოწიფულ ქრისტიანს შენს კრებაში. მიმართე ღმერთს ლოცვით და სთხოვე, დაგეხმაროს აზროვნების შეცვლაში. ლოცვას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მაქსიმალიზმთან ბრძოლაში (ფსალმუნები 54:23; ფილიპელთა 4:6, 7).
ყოველთვის გახსოვდეს, რომ იეჰოვა არავისგან მოითხოვს სრულყოფილებას. ის მხოლოდ იმას მოელის ჩვენგან, რომ მისი ერთგულები ვიყოთ (1 კორინთელთა 4:2; აფ). თუკი ძალ-ღონეს არ იშურებ იმისთვის, რომ ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნო, არასრულყოფილების მიუხედავადაც კი შეგიძლია კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილე ამ ჟურნალის 2003 წლის 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატია „რატომ ვთხოვ ყველაფერში საკუთარ თავს მაქსიმუმს?“
[სურათი 17 გვერდზე]
წარუმატებლობის შიშმა შეიძლება ხალისი წაგართვას.
[სურათი 18 გვერდზე]
ახალი რამის შესწავლა შეცდომებთან შეგუებაში დაგეხმარება.