არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სანკტ-პეტერბურგი რუსეთის „ფანჯარა ევროპაში“

სანკტ-პეტერბურგი რუსეთის „ფანჯარა ევროპაში“

სანკტ-პეტერბურგი რუსეთის „ფანჯარა ევროპაში“

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან

„პეტრეს ხელთქმნილო — ო, რარიგ გეტრფი! და რარიგ მიყვარს შენი მკაცრი, კენარი სახე, ნევის დინება გრაციოზული, ერთობ ნარნარი, გარს რომ არტყია უჩვეულო გრანიტის ქვები“. (ალექსანდრე პუშკინი).

პუშკინის ცნობილი პოემიდან აღებული ეს სიტყვები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგს ეძღვნება, ყურადღებას ამახვილებს ქალაქის დამაარსებელსა და მის მდებარეობაზე შორეულ ჩრდილოეთში — იქ, სადაც მდინარე ნევა ფინეთის ყურეს ერთვის. კი მაგრამ, რატომ გააშენეს მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჩრდილოეთის ჭაობიან მიწებზე?

XVII საუკუნის მიწურულს რუსეთის განვითარებას ძლიერ აფერხებდა ის გარემოება, რომ მას ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა. რუსეთის ახალგაზრდა მეფე, პეტრე დიდი, ოცნებობდა, რუსეთისთვის „ფანჯარა გაეჭრა“ ევროპისკენ და გამოსავალს ზღვაზე გასასვლელის მოპოვებაში ხედავდა. სამხრეთით, შავი ზღვისკენ გზა ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა გადაჭრილი. ამიტომაც პეტრემ ყურადღება გადაიტანა ჩრდილოეთით, ბალტიის ზღვის მიმდებარე მიწებზე, რომლებიც იმ დროს შვედეთის მფლობელობაში იმყოფებოდა.

ნატვრა რეალობად რომ ექცია, 1700 წლის აგვისტოში პეტრემ ომი გამოუცხადა შვედეთს. შვედებმა თავდაპირველად მოიგერიეს შეტევა, მაგრამ პეტრე დანებებას ასე ადვილად არ აპირებდა. ბოლოს, 1702 წლის ნოემბერში, მან აიძულა შვედი მეომრები, ლადოგის ტბიდან უკან დაეხიათ. ევროპის ეს უდიდესი ტბა ბალტიის ზღვიდან დაახლოებით 60 კილომეტრით არის დაშორებული და მას მდინარე ნევით უკავშირდება. იმ ადგილას, სადაც ნევა ლადოგის ტბიდან გამოედინება, პატარა კუნძული მდებარეობს. უკან დახეული შვედები სწორედ ამ კუნძულზე არსებულ ციხესიმაგრეში გამაგრდნენ. პეტრემ შეძლო ამ ციხესიმაგრის ხელში ჩაგდება და მას ახალი სახელი, შლისელბურგი, უწოდა.

მოგვიანებით შვედები წინააღმდეგობას უწევდნენ რუსებს ნიენშანცად წოდებული ციხესიმაგრიდან, რომელიც ნევის შესართავთან ახლოს მდებარეობდა. 1703 წლის მაისში შვედების გარნიზონი საბოლოოდ დამარცხდა და რუსები მდინარის მთელ დელტას დაეპატრონნენ. მდინარის შესართავი რომ დაეცვა, პეტრემ დაუყოვნებლივ დაიწყო ახლომდებარე კურდღლის კუნძულზე ციხესიმაგრის მშენებლობა. ასე რომ, დაახლოებით 300 წლის წინათ, 1703 წლის 16 მაისს, პეტრე I–მა საძირკველი ჩაუყარა შენობას, რომელიც დღეს ცნობილია როგორც პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე. ეს თარიღი სანკტ-პეტერბურგის დაარსების თარიღადაა მიჩნეული. ქალაქს ეს სახელი ეწოდა მოციქულ პეტრეს პატივსაცემად, რომელსაც მეფე თავის მფარველ წმინდანად მიიჩნევდა.

სატახტო ქალაქის დაბადება

სხვა მრავალი დედაქალაქისგან განსხვავებით, სანკტ-პეტერბურგს თავიდანვე იმ განზრახვით გეგმავდნენ და აშენებდნენ, რომ ის შთამბეჭდავ სატახტო ქალაქად ქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის შერჩეული ადგილი შორეულ ჩრდილოეთში მდებარეობდა — იმავე განედზე, რომელზეც დღეს ქალაქი ანკორიჯი (ალასკა) მდებარეობს — პეტრე შეუპოვრად განაგრძობდა მშენებლობას. ხე-ტყე ლადოგის ტბისა და ნოვგოროდის მხრიდან მოჰქონდათ. საკმარისი სამშენებლო ქვა რომ ჰქონოდა, პეტრემ განსაკუთრებული გადასახადი დააწესა. ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები, რომელიც სანკტ-პეტერბურგში რაიმე საქონელს შემოიტანდა, ვალდებული იყო, თან ქვების გარკვეული რაოდენობაც მოეტანა. ამასთან ერთად, პეტრემ თავიდან მოსკოვში, ხოლო შემდეგ მთელ თავის იმპერიაში, ქვის სახლების მშენებლობა აკრძალა. უმუშევრად დარჩენილი კალატოზები კი სანკტ-პეტერბურგს მიაწყდნენ.

როგორც „დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაშია“ ნათქვამი, ქალაქის მშენებლობა „იმ დროისათვის მეტად ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა“. სულ მალე გაიყვანეს სადრენაჟო არხები, ჩასვეს საყრდენი ძელები, გაიყვანეს ქუჩები, ააშენეს სახლები, ეკლესიები, საავადმყოფოები და სამთავრობო შენობები. ქალაქის დაფუძნების წელს მშენებლობა დაიწყო საადმირალოდ წოდებული გემთსაშენის ტერიტორიაზეც, სადაც დროთა განმავლობაში რუსეთის საზღვაო ფლოტის მთავარი სამმართველო განთავსდა.

1710 წელს საზაფხულო სასახლის — მეფის საზაფხულო რეზიდენციის — მშენებლობა დაიწყეს. 1712 წელს მოსკოვის ნაცვლად რუსეთის სატახტო ქალაქად სანკტ-პეტერბურგი გამოცხადდა და მრავალმა სამთავრობო დაწესებულებამაც აქ გადმოინაცვლა. პირველი ქვის სასახლის მშენებლობა, რომელიც დღემდეა შემონახული, 1714 წელს დასრულდა. ის განკუთვნილი იყო ქალაქის პირველი გუბერნატორისთვის — ალექსანდრე მენშიკოვისთვის. იმავე წელს, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, პეტრე-პავლეს ტაძრის მშენებლობას შეუდგნენ. მისი ცადაზიდული შპილი ქალაქის სიმბოლოდ იქცა. ნევის სანაპიროზე ააშენეს ზამთრის სასახლე, რომელიც რამდენჯერმე გადააკეთეს. მოგვიანებით აშენდა თითქმის 1 100-ოთახიანი ზამთრის სასახლე, რომელმაც დღემდე მოაღწია. სწორედ ქალაქის ცენტრში მდებარე ამ უზარმაზარ სასახლეშია განთავსებული საქვეყნოდ ცნობილი მუზეუმი — სახელმწიფო ერმიტაჟი.

სანკტ-პეტერბურგის არსებობის პირველი ათი წელი გასაოცარი ზრდით გამოირჩეოდა. როგორც ამბობენ, 1714 წლისთვის ქალაქში დაახლოებით 34 500 შენობა იყო! სასახლეებისა და სხვა შთამბეჭდავი ნაგებობების მშენებლობა შეუჩერებლივ მიმდინარეობდა. ქალაქის მრავალი შენობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა დიდი გავლენა ჰქონდა რელიგიას რუსეთის ისტორიაში.

ერთ-ერთია ყაზანის ტაძარი, რომელსაც წინიდან ნახევარწრიული კოლონადა ამშვენებს. მისმა შთამბეჭდავმა ფასადმა, რომლის ნახვაც ქალაქის მთავარ ქუჩაზე, ნევის პროსპექტზე, შეიძლება, თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ამ პროსპექტს მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებს შორის მოიხსენიებენ. მოგვიანებით ისააკის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. ჭაობიან ნიადაგში თითქმის 24 000 ძელი ჩასვეს, შენობას რომ საყრდენი ჰქონოდა, ხოლო მისი მასიური გუმბათის მოოქრვაზე 100 კილო წმინდა ოქრო დაიხარჯა.

სანკტ-პეტერბურგის შემოგარენშიც არნახული მშენებლობა იყო გაჩაღებული. 1714 წელს დიდი სასახლის, პეტრეს რეზიდენციის, მშენებლობა დაიწყო პეტერგოფში, დღევანდელ პეტროდვორეცში. იმავდროულად კი ცარსკოე-სელოში, რომელსაც დღეს პუშკინი ეწოდება, მეფის ცოლისთვის მდიდრული ნაგებობა — ეკატერინეს სასახლე — აშენდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის სამხრეთ გარეუბნებში, პავლოვსკსა და გატჩინაში, ორი დიდებული სასახლე აშენდა.

ახლად გაშენებულ ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებდა უამრავ შენაკადსა თუ არხზე გადებული ასობით ხიდი. სანკტ-პეტერბურგს ხშირად სწორედ ამიტომ უწოდებენ „ჩრდილოეთის ვენეციას“. ფრანგი, გერმანელი და იტალიელი არქიტექტორები ნიჭიერი რუსი ხუროთმოძღვრების მხარდამხარ მუშაობდნენ იმ ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ეწოდება „ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ჰარმონიული ქალაქი“.

სიმტკიცე ძნელბედობის მიუხედავად

პეტრეს მოწინააღმდეგენი ვერ ხვდებოდნენ, თუ რა დიდი შეუპოვრობით დაიცავდნენ რუსები თავიანთ „ფანჯარას ევროპაში“. წიგნში „პეტრე დიდი — მისი ცხოვრება და გარემოცვა“ ნათქვამია: „იმ დღიდან მოყოლებული, რაც პეტრე დიდმა ნევის შემოგარენში დააბიჯა, ეს მხარე და აქ გაშენებული ქალაქი ყოველთვის რუსეთის მფლობელობაში რჩებოდა“.

მართლაც, როგორც ზემოთ მოხსენიებულ წიგნში ვკითხულობთ, „საუკუნეების განმავლობაში რუსეთში დიდი ჯარით შეჭრილმა ვერც ერთმა დამპყრობმა  — ვერც კარლ XII-ემ, ვერც ნაპოლეონმა და ვერც ჰიტლერმა — ვერ შეძლო ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პეტრეს საპორტო ქალაქის დაპყრობა. და ეს მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ჯარს ქალაქი 900 დღე ჰყავდა ალყაში მოქცეული“. ამ ხანგრძლივ ალყას ქალაქის მილიონამდე მცხოვრები ემსხვერპლა. ბევრი სიცივისა და შიმშილისაგან დაიღუპა 1941—1942 წლების ზამთარში, როცა ყინვა -40 გრადუსამდე დაეცა. ეს ის ტემპერატურაა, როცა ცელსიუსისა და ფარენჰაიტის სკალები ერთსა და იმავეს უჩვენებს.

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ქალაქს სახელი შეუცვალეს და პეტროგრადი, უწოდეს. 1924 წელს, საბჭოთა კავშირის პირველი მეთაურის ვლადიმერ ლენინის სიკვდილის შემდეგ, ქალაქს ლენინგრადი უწოდეს. 1991 წელს კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქალაქს კვლავ თავდაპირველი სახელი, სანკტ-პეტერბურგი, დაუბრუნეს.

მსოფლიო საგანძურში შეტანილი წვლილი

1724 წელს, 52 წლის ასაკში პეტრეს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მისი ბრძანებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა, ხოლო 1757 წელს ქალაქში სამხატვრო აკადემია გაიხსნა. XIX საუკუნის რუსი მხატვრები, კარლ ბრიულოვი და ილია რეპინი, ამ აკადემიაში სწავლობდნენ და მოგვიანებით მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.

სანკტ-პეტერბურგი თავიდანვე განთქმული იყო უმაღლესი სასწავლებლებით, უპირველეს ყოვლისა კი — სახელმწიფო უნივერსიტეტით. XIX საუკუნის მიწურულს სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ნობელის პრემიის ლაურეატმა რუსმა ფიზიოლოგმა ივანე პავლოვმა პირობითი რეფლექსის თეორია შეიმუშავა. რუსმა ქიმიკოსმა დიმიტრი მენდელეევმა სწორედ აქ შეადგინა ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელსაც მენდელეევის ცხრილსაც უწოდებენ.

უცხოელების ყურადღებას ქალაქის კულტურული ცხოვრებაც იპყრობდა. 1738 წელს გაიხსნა საბალეტო სასწავლებელი, რომლის ბაზაზეც მსოფლიოში სახელგანთქმულ მარიამის თეატრის საბალეტო დასს მიეცა დასაბამი. ქალაქი მალე სხვა მრავალმა საკონცერტო დარბაზმა და თეატრმა დაამშვენა. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ გამოჩენილი კომპოზიტორები — მათ შორის, პეტრე ჩაიკოვსკი. მის გენიალურ შედევრებს განეკუთვნება ისეთი კლასიკური საბალეტო ნაწარმოებები, როგორიცაა „მძინარე მზეთუნახავი“, „გედის ტბა“ და „მაკნატუნა“, ასევე ცნობილი საზეიმო უვერტიურა „1812 წელი“.

გარდა ამისა, სანკტ-პეტერბურგმა გამოჩენილი რუსი პოეტებისა და მწერლების მთელი პლეადა აღზარდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ალექსანდრე პუშკინი რუსეთის „უდიდესი პოეტი და თანამედროვე რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი“ იყო. შექსპირის მსგავსად, პუშკინმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ლიტერატურის განვითარებაზე და მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ამ ნაწარმოებებს შორისაა ის პოემაც, რომლის ნაწილიც დასაწყისში იყო ციტირებული. აქ ცხოვრობდა აგრეთვე თედორე დოსტოევსკი, რომელიც ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, „მსოფლიოს ერთ-ერთ უშესანიშნავეს პროზაიკოსადაა მიჩნეული“.

უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც თავისი არსებობის პირველ დღეებში სანკტ-პეტერბურგმა ევროპისაგან მიიღო, ვალად არ დასდებია — მან ასწილად გადაუხადა სანაცვლო. პეტერბურგის მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაამდიდრეს მსოფლიო კულტურის საგანძური.

ჟამი ფიქრისა

24 მაისიდან 1 ივნისამდე, მთელი ერთი კვირის განმავლობაში, სანკტ-პეტერბურგს მრავალი სტუმარი ეწვია, რათა მონაწილეობა მიეღოთ ქალაქის 300 წლისთავის საზეიმო აღნიშვნაში. ბევრი მათგანი სიამოვნებით ათვალიერებდა კოლოსალური წინასაიუბილეო სამუშაოების შედეგებს და ქალაქის სილამაზესა და უჩვეულო ისტორიაზე ფიქრობდა.

ისე დაემთხვა, რომ ამ მოვლენამდე ერთი კვირით ადრე სანკტ-პეტერბურგს სხვა მრავალი სტუმარი ეწვია, რათა დასწრებოდნენ პროგრამას, რომელიც იეჰოვას მოწმეების რუსეთის ფილიალის (მდებარეობს ქალაქგარეთ) გაფართოებას ეძღვნებოდა. მეორე დღეს სანკტ-პეტერბურგის კიროვის სახელობის სტადიონზე 9 817-მა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც მათ წინა დღის პროგრამის მიმოხილვა მოისმინეს. დამსწრეებმა აგრეთვე სიხარულით მოისმინეს გამამხნევებელი ცნობები სხვა ქვეყნებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ.

უსასრულო მრავალფეროვნება

სანკტ-პეტერბურგში სტუმრად ჩამოსულებს ღირსშესანიშნაობების სიმრავლე, ხშირად, იმდენად აბნევს, რომ აღარ იციან, საიდან დაიწყონ დათვალიერება. ასეთი დილემის წინაშე დგებიან მნახველები ერმიტაჟშიც. ამბობენ, რომ მუზეუმის ასობით დარბაზში გამოფენილი თითოეული ექსპონატის წინ თუნდაც ერთი წუთი რომ შევჩერებულიყავით, რამდენიმე წელი დაგვჭირდებოდა მთლიანი მუზეუმის მოსავლელად.

ზოგს ყველაზე მეტად პეტერბურგის საბალეტო თეატრები იზიდავს. მაგალითად, თუ საქვეყნოდ ცნობილ მარიამის თეატრს ეწვევით, აუცილებლად მოგხიბლავთ მდიდრული ბროლის ჭაღები და ნაზი ფასადი და კედლები, რომელთა მოოქრვაზე 400 კილო ოქრო დაიხარჯა. ამ შთამბეჭდავ ატმოსფეროში თქვენ წილად გხვდებათ ბედნიერება, მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი საბალეტო დასის წარმოდგენა იხილოთ.

ამ ხუთმილიონიან ქალაქში უბრალო გასეირნებასაც კი თავისი ხიბლი აქვს — ნევის სანაპიროზე ჩამწკრივებული მოხდენილი შენობები მზერას ატკბობს. ქალაქის არაჩვეულებრივი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეტროთი მგზავრობაც კი მუზეუმში ყოფნის ტოლფასია. მეტროთი დღეში ორ მილიონზე მეტი ადამიანი მგზავრობს. მის 50-ზე მეტ სადგურს 98 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზი აკავშირებს. ზოგიერთი სადგური მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესია. 1955 წელს, როდესაც მეტროპოლიტენი გაიხსნა, „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ მის სადგურებს „მეოცე საუკუნის მიწისქვეშა სასახლეების კომპლექსი“ უწოდა.

დიახ, შეუძლებელია არ მოგხიბლოთ სანკტ-პეტერბურგმა — მისი დაფუძნებისა და განვითარების საოცარმა ისტორიამ, მემკვიდრეობად დატოვებულმა მისმა სილამაზემ, ხელოვნებამ, კულტურამ, განათლებამ და მუსიკამ. იმისდა მიუხედავად, თუ რა შედის პეტერბურგში ჩამოსულთა ინტერესების სფეროში, ისინი, ალბათ, ერთსულოვნად დაეთანხმებიან ერთ წიგნში გამოთქმულ აზრს, რომ ის „ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია“.

[სურათი 23 გვერდზე]

პეტრე I, ქალაქის დამაარსებელი.

[სურათი 24 გვერდზე]

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე და პეტრე-პავლეს ტაძარი; სანკტ-პეტერბურგს აქ ჩაეყარა საძირკველი.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

ზამთრის სასახლე ნევის სანაპიროზე. აქ განთავსებულია ერმიტაჟი (ერთ-ერთი დარბაზის ინტერიერი იხილეთ მარჯვნივ).

[საავტორო უფლება]

The State Hermitage Museum, St. Petersburg

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

დიდი სასახლე

[სურათი 25 გვერდზე]

სანკტ-პეტერბურგს ჩრდილოეთის ვენეციას უწოდებენ.

[სურათები 26 გვერდზე]

საქვეყნოდ ცნობილი მარიამის თეატრი.

[საავტორო უფლებები]

Steve Raymer/National Geographic Image Collection

Photo by Natasha Razina

[სურათები 26 გვერდზე]

სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს „მიწისქვეშა სასახლეებს“ უწოდებენ.

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Top picture: Edward Slater/Index Stock Photography; painting and emblems: The State Hermitage Museum, St. Petersburg