სიმდიდრით გვაკურთხებს ღმერთი?
ბიბლიის თვალსაზრისი
სიმდიდრით გვაკურთხებს ღმერთი?
„უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“ (იგავები 10:22).
გულისხმობს ზემოთ ციტირებული ბიბლიური მუხლი იმას, რომ ღმერთი სიმდიდრით აკურთხებს თავის მსახურებს? ზოგიერთები ასე ფიქრობენ. აი, რას ამბობს ერთი ავსტრალიელი მქადაგებელი, რომელიც ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ეკუთვნის: „[ჩემს] წიგნში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რატომ გჭირდებათ ბევრი ფული და როგორ შეძლებთ მის შოვნას . . . თუ აზროვნებაში ცვლილებას მოახდენთ და ფულისადმი სათანადო დამოკიდებულებას განავითარებთ, მჯერა, რომ ღმერთი არც წყალობასა და სიმდიდრეს მოგაკლებთ და არც ფული გამოგელევათ“.
ასეთი განაცხადი იმას ნიშნავს, რომ ღარიბები მოკლებულნი არიან ღვთის კეთილგანწყობას. ნუთუ მატერიალური სიმდიდრით გამოიხატება ღვთის კურთხევა?
გარკვეული მიზნით გამდიდრებულნი
ბიბლია მოგვითხრობს ღვთის ერთგულ მსახურებზე, რომლებიც ღმერთმა სიმდიდრით აკურთხა. მაგალითად, იაკობი ერთი ჯოხის ამარა წავიდა სახლიდან, 20 წლის შემდეგ კი ორ ბანაკად — უამრავი ცხვარ-ძროხითა და სახედრით — დაბრუნდა უკან. როგორც ბიბლიიდან ჩანს, იაკობის მატერიალური კეთილდღეობა ღვთისგან ბოძებული ძღვენი იყო (დაბადება 32:10). მეორე მაგალითი: იობმა ყველაფერი დაკარგა, რაც კი გააჩნდა, მაგრამ იეჰოვამ მოგვიანებით აკურთხა იგი ‘თოთხმეტი ათასი ცხვრით, ექვსი ათასი აქლემით, ათასი უღელი ხარითა და ათასი სახედრით’ (იობი 42:12). მეფე სოლომონს კი იეჰოვამ იმდენი სიმდიდრე მისცა, რომ ეს დღემდე არ მისცემია დავიწყებას (3 მეფეთა 3:13).
მეორე მხრივ, ბიბლიაში მოხსენიებულია ღვთის მრავალი ერთგული და მორჩილი მსახური, რომლებიც ღარიბები იყვნენ. ღმერთი არ სჯიდა ზოგიერთებს სიღარიბით, მაშინ როცა სხვებს სიმდიდრით აკურთხებდა. მაშ, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს, როცა ზოგ შემთხვევაში ამდიდრებდა თავის მსახურებს?
თითოეულ შემთხვევაში ღმერთს სხვადასხვა მიზანი ჰქონდა. იაკობის მატერიალურმა კეთილდღეობამ საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ ჩამოყალიბებულიყო ერი, რომელიც მზად იქნებოდა აღთქმული თესლის მისაღებად (დაბადება 22:17, 18). იობის კეთილდღეობამ გაფანტა ნებისმიერი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაატეხა მას უბედურება, რითაც იეჰოვას სახელი განიწმინდა (იაკობი 5:11). სოლომონმა კი ღვთისგან ბოძებული სიმდიდრის დიდი ნაწილი დიდებული ტაძრის მშენებლობისთვის გამოიყენა (3 მეფეთა 7: 47—51). საინტერესოა, რომ სოლომონმა, იეჰოვას ნებით, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე დაწერა, რომ სიმდიდრეს არც ისე დიდი ფასი აქვს (ეკლესიასტე 2:3—11; 5:10; 7:12).
როგორ გვაკურთხებს ღმერთი
იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ გონივრული დამოკიდებულება ჰქონოდათ ფულის მიმართ. მან უთხრა მათ, ‘აღარ შეწუხებულიყვნენ’ (აქ) მატერიალურზე ზრუნვით. იესომ დაარწმუნა ისინი, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ველის შროშანები. მან თქვა: „თუკი მინდვრის ბალახს . . . ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ იესო არწმუნებდა ქრისტიანებს, რომ თუკი ისინი ღვთის სამეფოსა და სიმართლეს პირველ ადგილზე დააყენებდნენ, საზრდო და ტანსაცმელიც ექნებოდათ და თავშესაფარიც (მათე 6:25, 28—33). როგორ სრულდება ეს დანაპირები?
როცა ბიბლიურ რჩევა-დარიგებებს მივყვებით, უმთავრესად, სულიერ კურთხევებს ვიმკით (იგავები 10:22). ასეთი რჩევების გათვალისწინებას სხვა სარგებლობაც მოაქვს. მაგალითად, ღვთის სიტყვა ქრისტიანებს ასწავლის: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს“ (ეფესელთა 4:28). ის ასევე აღნიშნავს, რომ „გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს“ (იგავები 10:4). პატიოსან, შრომისმოყვარე ქრისტიანებს, რომლებიც ამ რჩევას მიჰყვებიან, ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, როგორც კარგ მუშაკებს. ეს კი შეიძლება კურთხევა იყოს.
ბიბლია იმასაც ასწავლის ქრისტიანებს, რომ მოერიდონ ფულზე თამაშს, თამბაქოს წევასა და ლოთობას (1 კორინთელთა 6:9, 10; 2 კორინთელთა 7:1; ეფესელთა 5:5). ვინც ამ რჩევას მიჰყვება, ხარჯებიც უმცირდება და ჯანმრთელობაც უუმჯობესდება.
ოქროსა და ვერცხლზე ძვირფასი
ღვთის მოწონება და კურთხევა მაინცდამაინც მატერიალური კეთილდღეობით არ გამოიხატება. მაგალითად, იესომ ზოგი ლაოდიკელი ქრისტიანის სულიერად „ღატაკი“ მდგომარეობა გამოააშკარავა, როცა მათ უთხრა: „შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი“ (გამოცხადება 3:17). სმირნაში მცხოვრებ მატერიალურად ღარიბ, მაგრამ სულიერად მდიდარ ქრისტიანებს კი მან უთხრა: „ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, — თუმცა შენ მდიდარი ხარ“ (გამოცხადება 2:9). როგორც ჩანს, ეს ქრისტიანები სიღარიბის გამო იტანჯებოდნენ, ვინაიდან თავიანთი ერთგულების გამო შევიწროებას განიცდიდნენ მდევნელების მხრიდან, რომლებიც მათ ქონებას იტაცებდნენ. თუმცა, ისეთი სიმდიდრე გააჩნდათ, რაც ვერცხლსა და ოქროზე ძვირფასი იყო. (იგავები 22:1; ებრაელთა 10:34).
იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს (ფსალმუნები 1:2, 3). ის იმის ძალასა და საშუალებასაც აძლევს მათ, რომ რწმენის გამოცდებს გაუმკლავდნენ, შეძლონ ოჯახის შენახვა და უპირველესად ღვთის სამეფო ეძიონ (ფსალმუნები 36:25; მათე 6:31—33; ფილიპელთა 4:12, 13). მაშასადამე, იმის მაგივრად, რომ მატერიალური კეთილდღეობა ღვთის ძირითად კურთხევად მიიჩნიონ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ „გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით“. შემოქმედთან ახლო ურთიერთობის განვითარებით ქრისტიანები ‘იუნჯებენ საუნჯეს მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის’ (1 ტიმოთე 6:17—19; მარკოზი 12:42—44).