ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობაზე აისახება
ჩვევები, რომლებიც ჯანმრთელობაზე აისახება
სწორად კვება და ჯანმრთელობის შენარჩუნება ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. დღევანდელი დაძაბული ცხოვრების გამო ბევრს უფრო მოსახერხებლად მიაჩნია საკვებად მზა ნახევარფაბრიკატების გამოყენება, ვიდრე ახალი პროდუქტებით კერძის მომზადება. მათ ურჩევნიათ, თავისუფალ დროს ტელევიზორს ან კომპიუტერს მიუჯდნენ, ვიდრე ფიზიკურად იაქტიურონ. ასეთი ჩვევების გამო ბევრ ხნიერსა თუ ახალგაზრდას ჯანმრთელობა შეიძლება სერიოზულად შეერყეს.
ჟურნალ „ეიშაუიკში“ ნათქვამია, რომ აზიაში „ზედმეტად ტკბილი ან ცხიმიანი საკვების მიღება და უმოძრაო ცხოვრების წესი ხელს უწყობს დიაბეტის ეპიდემიურ გავრცელებას“. დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს დაავადება პატარებსაც არ ინდობს. კანადაშიც „მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 12 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვიდან მხოლოდ ერთი ჭამს საკმარისი რაოდენობის ხილსა და ბოსტნეულს და 50 პროცენტზე ოდნავ მეტი თუ თამაშობს ოფლის მოდენამდე“, — იუწყება „გლოუბ ენდ მეილი“. ცხოვრების ასეთი წესი ახალგაზრდებს იმით ემუქრება, რომ „30 წლისთვის შეიძლება გული დაუავადდეთ“, — ნათქვამია გაზეთში.
სომნოლოგები (ძილის პროცესის მკვლევარები) ამბობენ, რომ მოზრდილებს ყოველღამე დაახლოებით რვა საათი უნდა ეძინოთ, ახალგაზრდებს კი, შესაძლოა, უფრო მეტი დრო სჭირდებოდეთ გამოსაძინებლად. მართლაც, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებსაც ზედიზედ ექვსი ღამის განმავლობაში ოთხ საათზე მეტი არ სძინებიათ, გამოკვლევის დასასრულს ხანდაზმულთათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები შეენიშნებოდათ. სამუშაოს, სკოლასა თუ გართობას ბევრი ადამიანი ძილის ძვირფას საათებს სწირავს, რის გამოც მათ შეიძლება ერთობ არასახარბიელო შედეგები მოიმკან. „ერთია, მექანიკურად აკეთებდე რაიმეს, — აღნიშნავს ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომელი, სომნოლოგი ჯეიმზ მაასი, — ხოლო სულ სხვაა იყო ფხიზლად, დაკავდე შემოქმედებითი საქმიანობით და საჭესთან არ თვლემდე“.
რასაკვირველია, ჩვენს ჯანმრთელობაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, დადებითი გუნება-განწყობილება შეიძლება ძალიან სასიკეთოდ აისახოს მასზე. და თუ ცხოვრებაში ღირებული მიზანი გვამოძრავებს, ეს აღგვძრავს, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.