არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გავიკეთო სვირინგი?

გავიკეთო სვირინგი?

ახალგაზრდების შეკითხვები

გავიკეთო სვირინგი?

„ზოგი სვირინგი ლამაზია. იგი ხელოვნების ნიმუშია“ (ჯეილინი) *.

„ორი წელი ვოცნებობდი იმაზე, რომ პირველი სვირინგი გამეკეთებინა“ (მიშელი).

ტატუირების ნახვა ყველგან შეიძლება. როკ–​ვარსკვლავები, გამოჩენილი სპორტსმენები, მოდელები და კინოვარსკვლავები თავს იწონებენ სვირინგით. მრავალმა თინეიჯერმა მიბაძა მათ მაგალითს. ისინი ამაყად აჩვენებენ მხრებზე, ხელებზე, წელსა და წვივებზე გამოსახულ სვირინგს. ენდრიუ დაბეჯითებით ამბობს: «სვირინგი ძალიან „მაგარია“. მისი გაკეთება თავად პიროვნების გადასაწყვეტია».

ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ტატუირება სხეულზე ისეთი გამოსახულებების გამოყვანაა, რაც მუდმივად რჩება. იგი შემდეგნაირად კეთდება: წაწვეტებულ ჯოხს, ძვალს ან ნემსს აწობენ ბუნებრივ საღებავში და კანს ჩხვლეტენ“.

თუმცა ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება რთულია, ერთი წყაროს თანახმად, შეერთებულ შტატებში 15–დან 25 წლამდე ახალგაზრდების 25 პროცენტი ტატუირებულია. „სვირინგის გაკეთება პოპულარულია“ — ამბობს სენდი. რატომ იზიდავს სვირინგი ასე ძალიან ზოგიერთ ახალგაზრდას?

რატომაა ასეთი პოპულარული?

ზოგიერთისთვის ტატუირება რომანტიკული გრძნობების გამოხატვის შთამბეჭდავი საშუალებაა. „ჩემს უფროს ძმას წვივზე იმ გოგონას სახელი აქვს გამოსახული, რომელსაც ადრე ხვდებოდა — ჰყვება მიშელი. — პრობლემა ისაა, რომ ის აღარ ხვდება მას“. როგორც ჟურნალ „ტინშია“ ნათქვამი, „ექიმების შეფასების თანახმად, სვირინგის მოცილების 30 პროცენტზე მეტი გოგონებს უკეთდებათ. მათ ყოფილ შეყვარებულთა სახელების მოშორება სურთ“.

ზოგიერთი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ სვირინგი ხელოვნების ნიმუშია. სხვები კი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევენ მას. „საკუთარი თავის ბატონ–პატრონი მე ვარ“ — ამბობს ჯოზი. ის ამატებს: სვირინგის გაკეთება „ერთადერთი მნიშვნელოვანი პირადი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში“. ტატუირების გაკეთება ზოგიერთ ახალგაზრდას საშუალებას აძლევს, გამოსცადოს რაღაცა ახალი და იგრძნოს, რომ მხოლოდ მას აქვს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის უფლება. ტატუირება შეიძლება ანტისაზოგადოებრივი განწყობის ან ალტერნატიული ცხოვრების წესის სიმბოლოც იყოს. ზოგ სვირინგზე უწმაწური სიტყვები, გამომწვევი ნახატები ან პროვოკაციული მოწოდებებია გამოსახული.

ახალგაზრდების უმრავლესობა შეიძლება უბრალოდ მოდას აჰყვეს. რადგან ყველა იკეთებს სვირინგს, განა ეს იმას ნიშნავს, რომ შენც უნდა გაიკეთო?

ტატუირების უძველესი ხელოვნება

ტატუირება თანამედროვე ჩვეულება არ არის. ეგვიპტესა და ლიბიაში იპოვნეს ტატუირებული მუმიები, რომლებიც ჩვ. წ. აღ–მდე ასობით წლის წინათ ცხოვრობდნენ. ტატუირებული მუმიები სამხრეთ ამერიკაშიც აღმოაჩინეს. მათზე დასვირინგებული მრავალი გამოსახულება უშუალოდ წარმართული ღმერთების თაყვანისცემას უკავშირდებოდა. მკვლევარ სტივ გილბერტის სიტყვების თანახმად „ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ტატუირება წარმოგვიდგენს კონკრეტულ და არა აბსტრაქტულ ნახატს, რომელზეც გამოსახულია ღმერთი ბესი. ეგვიპტურ მითოლოგიაში იგი წარმოდგენილია ღრეობისა და აღვირახსნილობის ღმერთად“.

საყურადღებოა, რომ მოსეს რჯული უკრძალავდა ტატუირებას ღვთის ხალხს. ლევიანების 19:28–ში წერია: „არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი“. წარმართული ღმერთების თაყვანისმცემლებს, მაგალითად ეგვიპტელებს, თავიანთი ღმერთების სახელები ან სიმბოლოები ჰქონდათ ტატუირებული მკერდზე ან ხელებზე. თუ ისრაელები იეჰოვას მიერ ტატუირებასთან დაკავშირებულ აკრძალვას დაემორჩილებოდნენ, სხვა ერებისგან განსხვავებულნი და გამოცალკევებულნი იქნებოდნენ (მეორე რჯული 14:1, 2).

დღეს ქრისტიანები მოსეს რჯულის ქვეშ არ იმყოფებიან, თუმცა ტატუირებასთან დაკავშირებული აკრძალვა გამომაფხიზლებელია მათთვის (ეფესელთა 2:15; კოლასელთა 2:14, 15). თუ ქრისტიანი ხარ, რა თქმა უნდა არ ისურვებდი სხეულზე სვირინგის თუნდაც დროებით გაკეთებას, რაც წარმართული ან ცრუ თაყვანისმცემლობის ანარეკლი იქნებოდა (2 კორინთელთა 6:15—18).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი

ასევე არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უნდა გაითვალისწინო. ექიმი–დერმატოლოგი, პროფესორი რობერტ ტომსიკი ამბობს: „სვირინგის გაკეთებისას კანს იზიანებთ და სხეულში უცხო საღებავი ნივთიერება შეგყავთ. თუმცა ნემსი ოდნავ შედის კანში, მაინც აზიანებთ მას, რის გამოც ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის საშიშროების წინაშე დგებით. ვფიქრობ, ტატუირება ნამდვილად სარისკოა. ექიმი ტომსიკი განაგრძობს: „როცა საღებავი ნივთიერება კანში ხვდება, ამან ინფექციაც რომ არ გამოიწვიოს, შესაძლებელია ალერგიის, დერმატიტისა და ალერგიული რეაქციის წარმოშობა. ამან შეიძლება კანის შეწითლება, შესივება, გამონაყარი და ქავილი გამოიწვიოს“.

ტატუირებას იმ მიზნით იკეთებენ, რომ მუდმივად დარჩეს, თუმცა არსებობს მისი მოსაცილებელი სხვადასხვა მეთოდიც: ლაზერით მოცილება (ტატუირების მოშორება ამოწვით), ქირურგიული მეთოდით მოცილება (ტატუირების ამოკვეთა), დერმაბრაზიო (კანის ხეხვა ლითონის ჯაგრისით ეპიდერმისისა და დერმის მოცილების მიზნით), სალაბრაზიო (კანის ტატუირებული ნაწილის სპეციალური მარილხსნარით გაჟღენთა) და სკარიფიკაცია (ტატუირების მოშორება მჟავას ხსნარით, რის შემდეგაც მის ადგილზე ნაიარევი რჩება). ასეთი მეთოდები ძვირი ჯდება და შეიძლება მტკივნეულიც იყოს. „ლაზერის სხივით ტატუირების ამოწვა უფრო მტკივნეულია, ვიდრე მისი გაკეთება“ — ნათქვამია ჟურნალ „ტინში“.

რას იფიქრებენ სხვები შენზე?

სერიოზულად დაფიქრდი, თუ როგორი გრძნობა შეიძლება დაეუფლოს სხვებს შენი სვირინგის გამო, რადგან ამ მხრივ ბევრი უარყოფითად არის განწყობილი (1 კორინთელთა 10:29—33). ტაივანელმა ქალმა ლიმ სვირინგი 16 წლის ასაკში ახირების გამო გაიკეთა. ამჟამად იგი 21 წლისაა და ოფისში მუშაობს. „უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა თანამშრომლები სვირინგზე მაკვირდებიან“ — აღიარებს ლი. როგორც ბრიტანელი ფსიქოლოგი თეოდორ დალრიმფლი ამბობს, მრავალი ადამიანის ცნობიერებაში სვირინგი „იწვევს იმის ასოციაციას, რომ ის, ვისაც სვირინგი აქვს გაკეთებული . . . მიეკუთვნება მძვინვარე, შეუბრალებელ, ანტისაზოგადოებრივ და კრიმინალურ დაჯგუფებას“.

ამერიკაში გამომავალ ჟურნალში „ემერიკენ დემოგრეფიკზ“ ასევე ნათქვამი იყო: «ცხადია, რომ ამერიკელთა უმრავლესობა სარისკოდ მიიჩნევს სხეულის ხილულ ადგილებზე სვირინგის გაკეთებას. ახალგაზრდების 85 პროცენტი ეთანხმება შემდეგ სიტყვებს: „ვისაც ხილული სვირინგი აქვს . . . უნდა გაანალიზოს, რომ ასეთი სახის მორთულობამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამსახურის შოვნასა და ადამიანებთან ურთიერთობაში“».

იმაზეც დაფიქრდი, აამაღლებს თუ შელახავს სვირინგის გაკეთების გადაწყვეტილება შენს ქრისტიანულ ავტორიტეტს? ხომ არ „ვაძლევთ დაბრკოლების საბაბს“ სხვებს? (2 კორინთელთა 6:3). ზოგიერთი ახალგაზრდა ტანსაცმლით დაფარულ ადგილზე იკეთებს სვირინგს. შესაძლოა მშობლებმაც კი არაფერი იცოდნენ ამ საიდუმლო სვირინგის შესახებ. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ! უკიდურესი საჭიროებისას ექიმის ჩარევამ ან სკოლაში შხაპის მიღებამ შეიძლება გამოააშკარაოს შენი საიდუმლო! უმჯობესია „ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ“ და თავი ავარიდოთ სხვების მოტყუებას (ებრაელთა 13:18, სსგ).

ტატუირებამ, როგორც მოდის მორიგმა სენმა, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაკარგოს თავისი ხიბლი. განა გაქვს ისეთი ტანსაცმელი — ჯინსი, პერანგი, კაბა ან ფეხსაცმელი — რომელიც ისე გიყვარს, რომ მთელი ცხოვრება გეცმევა? რა თქმა უნდა, არა! სტილი, ფასონი და ფერები იცვლება. ტანსაცმლისგან განსხვავებით სვირინგის მოცილება ძნელია. გარდა ამისა, რაც შენთვის მოდურია 16 წლის ასაკში, შესაძლოა 30 წლის ასაკში აღარ იყოს მიმზიდველი.

ბევრი ნანობს, როცა მუდმივი ცვლილება შეაქვს საკუთარ გარეგნობაში. „სვირინგი იეჰოვას გაცნობამდე გავიკეთე — ამბობს ემი. — ყველანაირად ვცდილობ მის დაფარვას. თუ კრებაში ვინმე შემთხვევით თვალს მოჰკრავს სვირინგს, თავს უხერხულად ვგრძნობ“. რას ვსწავლობთ აქედან? „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ნუ მიიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რასაც მოგვიანებით ინანებ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 26 გვერდზე]

ტატუირება ხშირად ანტისაზოგადოებრივი განწყობის სიმბოლოდ აღიქმება.

[სურათი 26 გვერდზე]

მოგვიანებით ბევრი ნანობს, რომ ტატუირება გაიკეთა.

[სურათი 27 გვერდზე]

„ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.