დედამიწის ბიოსფეროსთვის აუცილებელი ურთიერთობა
დედამიწის ბიოსფეროსთვის აუცილებელი ურთიერთობა
ჯული ძალიან პატარა იყო და მისი მშობლები სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის წამოსცდებოდა მას პირველი სიტყვები. «ჩვილის ბაგეებიდან მოწყვეტილი სიტყვების — „დედა“ და „მამა“ — მოსმენა ისეთ აღტაცებას იწვევს, რომ ვერც ერთი მშობელი ამას სრულად ვერ გადმოსცემს, — იხსენებდა ჯულის დედა. — ჯულიმ პირველად რომ „დედა“ მიწოდა, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მან თავისი პაწაწინა ხელები მომხვია და მითხრა: „შენ ჩემი დედიკო ხარ. მე შენ მიყვარხარ და მინდა, გელაპარაკო“. ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება ეს განსაკუთრებული წუთები». ურთიერთობის უნარი მართლაც რომ ძვირფასი ძღვენია!
ურთიერთობის უნარით, რასაკვირველია, მხოლოდ ადამიანები არ არიან დაჯილდოებულნი. მართალია, ცხოველების ქცევებს ძირითადად ინსტინქტები მართავს, მაგრამ მათაც აქვთ ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო ფორმები. მაგალითად, ყინულოვანი ანტარქტიდის ბინადარი იმპერატორის პინგვინები ყოველწლიურად „ტრფობის“ წინასაზამთრო რიტუალს ასრულებენ: სერიოზული განზრახვების ნიშნად, და არა გასართობად, ისინი ყვირილით მოუხმობენ ერთურთს. როდესაც პინგვინებს ბარტყები უჩნდებათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორ?
მას შემდეგ, რაც დედალი პინგვინი კვერცხს დებს, დედის მოვალეობას მამალი კისრულობს და სანამ დედა პინგვინი გამოსაკვებად ზღვისკენ მიემართება, მამალი თავისი მუცლის ტყავის ნაკეცით კვერცხს ზემოდან ეფარება. დაახლოებით 65 დღის შემდეგ დედალი, რომელმაც უკან 150 კილომეტრი უნდა გამოიაროს, ყინულზე ბაჯბაჯითა და მუცელზე სრიალით ბრუნდება. თვითონ ის ფაქტი, რომ დედალი კოლონიას აგნებს, თავისთავად სასწაულია, მაგრამ როგორ პოულობს ის მამალსა და ახლად გამოჩეკილ ბარტყს ათიათასობით მყვირალა პინგვინთა შორის? ტრფობის პერიოდში თითოეული ფრინველი იმდენად კარგად იმახსოვრებს მეორის ხმას, რომ მრავალთვიანი განშორების შემდეგაც კი პოულობენ ერთმანეთს!
ხმების ამ არაჩვეულებრივი მრავალგვარობის გარდა, ცხოველები ჟესტებით, თვალისმომჭრელი ფერებით, მოციმციმე ნათებებითა და სუნის მეშვეობითაც ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. და რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჩანდეს, როგორც დავინახავთ, მცენარეებიც კი „ესაუბრებიან“ ერთმანეთსა და ზოგიერთ ცოცხალ არსებას. დიახ, ურთიერთობა ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე არსებული უაღრესად რთული და ურთიერთდამოკიდებული ბიოსფეროსთვის.
გინდათ, მეტი გაიგოთ ურთიერთობის ზოგ იმ საოცარ ფორმაზე, რომლებიც ჩვენს გარემომცველ სამყაროში არსებობს? გსურთ, უფრო დააფასოთ ურთიერთობის უნარი, რითაც თავად ხართ დაჯილდოებული და კიდევ უფრო დახვეწოთ ის? მომდევნო სტატიები შეიძლება ამ მხრივ დაგეხმაროთ.
[სურათი 3 გვერდზე]
როგორ პოულობს დედალი იმპერატორის პინგვინი მამალს?