მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ურთიერთობა
მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ურთიერთობა
დედამიწის ქმნილებებიდან მხოლოდ ადამიანები არ კმაყოფილდებიან ერთმანეთთან ურთიერთობით. განსხვავებული ეროვნების, სოციალური მდგომარეობის, სქესისა თუ განათლების დონის მიუხედავად, ადამიანები ავლენენ თანდაყოლილ მისწრაფებას იმისკენ, რომ ურთიერთობა იქონიონ უზენაეს პიროვნებასთან — სახელდობრ, ღმერთთან.
იქნებ ეს მხოლოდ უგუნური ცრურწმენაა? სულაც არა! როგორც წინა სტატიაში იყო ნახსენები, ღმერთმა ადამიანები თავის ხატად შექმნა. მან ჩვენში სულიერი მოთხოვნილებები ჩადო. ეს გულისხმობს სურვილს, რომ ურთიერთობა ვიქონიოთ მასთან, ჩვენს ზეციერ მამასთან (დაბადება 1:27; მათე 5:3). სინამდვილეში, ღმერთი თავისთან ურთიერთობას იმდენად მნიშვნელოვნად თვლის, რომ ბიბლიაში ის „ლოცვების მომსმენად“ მოიხსენიება (ფსალმუნები 64:3, სსგ).
რაოდენ დიდი პატივია ყოვლისშემძლე ღვთისადმი ლოცვით მიმართვა! ადამიანთა უმრავლესობა დიდ პატივად ჩათვლიდა გავლენიან პირთან, მაგალითად, პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან პირად საუბარს. იეჰოვა ღმერთი კი უზენაესი პიროვნებაა მთელ სამყაროში! მასთან სასაუბროდ არ გვჭირდება წინასწარი შეთანხმება. ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია მას ლოცვით მივმართოთ. ღმერთს გულშიც კი შეგვიძლია უსიტყვოდ ვესაუბროთ (1 მეფეთა 1:12—15). თავის მხრივ, იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, რომ ვიყოთ გულწრფელები და მორჩილად ვუსმინოთ მას (მიქა 6:8; მათე 6:5—13). ბოლოს და ბოლოს, კარგი ურთიერთობა ხომ ორმხრივ პროცესს გულისხმობს?!
უსმენთ ღმერთს?
როგორ შეუძლია ადამიანს უსმინოს ღმერთს? უპირველეს ყოვლისა, წერილობით გადმოცემული მისი სიტყვის, წმინდა ბიბლიის, კითხვითა და მასში მოცემული სწავლებების გამოყენებით (2 ტიმოთე 3:16; 2 პეტრე 1:20, 21). „კაცმა . . . უნდა იცოცხლოს . . . იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“, — თქვა იესომ (მათე 4:4, აქ). უსმენთ ღმერთს წმინდა წერილების კითხვითა და წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენებით?
ისინი, ვისაც იეჰოვასთან რეგულარული ურთიერთობა აქვთ, მის მოწონებას იმსახურებენ და ახარებთ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილიპელთა 4:6, 7; იგავები 1:33). მათ ასევე აქვთ იმედი, რომ მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, სადაც ყოველგვარი წუხილი და ტანჯვა, რასაც დღეს განვიცდით, წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნები 36:29; იოანე 17:3). რა შესანიშნავი ჯილდოა ეს მათთვის, ვინც საუკეთესოდ იყენებს ურთიერთობის საოცარ უნარს!
[სურათი 10 გვერდზე]
ღმერთთან ურთიერთობა ბიბლიის კითხვასა და ლოცვას გულისხმობს.