მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ბავშვთა პროსტიტუცია. სიტყვებით რთულია მადლიერების გამოხატვა, რაც სტატიათა სერიის „ბავშვთა პროსტიტუცია — მწარე სინამდვილე“ წაკითხვის შემდეგ დამეუფლა (8 თებერვალი, 2003). ამ სტატიებში მთელი სიცხადით იყო წარმოდგენილი აღნიშნული პრობლემის საშინელება. ჩემი აზრით, ეს სტატიები სხვა გამომცემლობებმაც უნდა დაბეჭდონ, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს მონობის ასეთი ფორმის არსებობის შესახებ.
მ. კ. (ჩეხეთის რესპუბლიკა).
სირია. დიდი მადლობა სტატიისთვის „სირია — საინტერესო წარსულის ნაკვალევზე“ (8 თებერვალი, 2003). გულახდილად რომ ვთქვა, ისტორიით დაინტერესებული არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ამ სტატიამ თვალწინ წარმომისახა გზები, რომლებზეც მოციქული პავლე დადიოდა და ქალაქები, რომლებსაც მოციქული სწვევია. მსგავსი სტატიები გვეხმარება, გავიფართოოთ თვალთახედვა და გავიგოთ, თუ რა სიტუაციებთან უწევდათ წარსულში ღვთის მსახურებს გამკლავება.
ტ. ს. (შეერთებული შტატები).
ღიმილი. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მეტსახელად „ღიმილი“ შემარქვეს იმის გამო, რომ სულ ვიღიმოდი. ერთხელაც საკუთარი ფოტოსურათი მომცეს წარწერით: „თუ ოდესმე ნახავ ისეთ ვინმეს, ვინც არ იღიმის, მას აჩუქე შენი ღიმილი“. სამწუხაროდ, არც ისე დიდი ხნის წინ ჩემს ოჯახს უბედურებები დაატყდა თავს, რის გამოც დეპრესიაში ჩავვარდი. სტატიამ „ღიმილის ძალა“ (8 თებერვალი, 2003) ჩემზე ძალიან იმოქმედა და შემცვალა. ახლა კვლავ შემიძლია ღიმილით სხვებისთვის ბედნიერების მინიჭება. დიდად ვემადლიერები იეჰოვას სტატიისთვის, რომელმაც კვლავ დამიბრუნა ადრინდელი ხასიათი.
ო. ფ. (ნიგერია).
ნაგავი. სტატიათა სერიაში „ნაგავი — არსებობს გამოსავალი?“ (8 ოქტომბერი, 2002) მოყვანილი გქონდათ იტალიის გარემოს დაცვის საზოგადოების მიერ გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანი სჭირდება ზღვაში გადაგდებულ ამა თუ იმ ნივთის დაშლას. მათი გამოთვლის თანახმად, კონსერვის ქილების დაშლას 500 წელი სჭირდება, რაც ვფიქრობ, არასწორია. ფლორიდის „პელიკან–აილენდის“ ნაკრძალის მლაშე წყლებში არაერთხელ მინახავს ალუმინისა და თუნუქის კონსერვის ქილები, რომლებიც, როგორც კი ფეხს ვადგამდი, იფშვნებოდა. შეუძლებელია ეს კონსერვის ქილები იქ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფილიყო, შესაძლოა, არც კი იყო ამდენი ხანი. ყველამ, ვისაც ალუმინის ნავი აქვს, კარგად იცის, რომ მლაშე წყალი ალუმინის კოროზიას იწვევს.
ს. ს. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: მართალია, სხვა გამოთვლების თანახმად, ეს რიცხვი შედარებით მცირეა, მაგრამ რ. ვ. ტეიტისა და ფ. ა. დიპერის წიგნის „ზღვის ეკოლოგიის საფუძვლების“ თანახმად, ალუმინის ქილები შეიძლება 80—100 წლის განმავლობაში დაიშალოს, ხოლო თუნუქისა — 50—100. მეტალის ქილები, რომლებზეც ატმოსფერული ჰაერი ახდენს გავლენას, უფრო ადრე იშლება, ვიდრე ისინი, რომლებზეც მხოლოდ წყალი მოქმედებს.
გადაწერა. ვარ 11 წლის. ძალიან მომეწონა სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები . . . რა დაშავდება, რომ გადავიწერო?“ (8 თებერვალი, 2003). თუმცა სახლში ყოველთვის კარგი ნიშნები არ მომაქვს, ვიცი, რომ პატიოსნად დავიმსახურე ის შეფასება, რაც დამიწერეს. ჩემი ზოგიერთი თანაკლასელი, რომელიც იწერს, უფრო დაბალ ნიშანს იღებს, ვიდრე მე. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სინდისიც სუფთა მაქვს.
ზ. ტ. (ავსტრია).
გადაწერას მივეჩვიე. ალბათ იმიტომ, რომ ეს საკითხი ამდენად სერიოზული არ მეგონა. თქვენი სტატია დამეხმარა, დამემახსოვრებინა გარკვეული ბიბლიური მუხლები; მაგალითად, ებრაელთა 13:18; ეს კი მომავალში გადაწერის ცდუნების წინაშე აღმოჩენისას დიდ დახმარებას გამიწევს.
ნ. ი. (იტალია).
ვარ მეათე კლასელი. ზოგჯერ ვცდილობდი, გამოცდების დროს გადამეწერა და არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ქურდობის ტოლფასი იყო. ეს სტატია ძალიან დამეხმარა და ვეცდები, სუფთა სინდისი შევინარჩუნო.
კ. გ. (ესტონეთი).